შალვა ხაჭაპურიძე: „მაქვს უტყუარი ინფორმაციები ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ დაგეგმილი ფარული თუ ღია აქციების შესახებ!“

ter56

მართლმსაჯულების მთავარი გამოწვევების თაობაზე დისკუსიები მიმდინარეობს. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტებს, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დახვეწას, „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეშევრდომებად და მათი სურვილების უსიტყვო შემსრულებლებად ცნობილი მოსამართლეები ეწინააღმდეგებიან. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილითაც იმუქრებიან.

ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე „ქრონიკა+“-სთან ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას აანონსებს და აცხადებს, რომ სასამართლო სისტემიდან ასეთი ხალხის ჩამოშორებისთვის იბრძოლებენ.

ამ და სხვა საკითხებზე შალვა ხაჭაპურიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა და ექსკლუზიური ინფორმაციები მიაწოდა.

_ მართლმსაჯულების მთავარი გამოწვევების თაობაზე უკვე რამდენიმე დისკუსია გაიმართა. ერთ-ერთ შეხვედრაში მონაწილეობდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე; იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე, სხვადასხვა დონის სასამართლოთა თავმჯდომარეები, იუსტიციის საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვ. ყველა ეს დისკუსია, თითქოსდა, შეეხებოდა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტებს, მიმართულს სასამართლო სისტემის დახვეწისკენ, სინამდვილეში კი იქცა სასამართლოში ჩაბუდებულ, შავბნელ ძალთა კარგად დადგმულ ნამდვილ შოუდ და ბენეფისად, გლდანის იზოლატორის მომავალ ბინადართა მქუხარე გამოსვლების ტრიბუნად (იგულისხმება ცერცვაძე, მურუსიძე, ჩინჩალაძე), რაც მათივე მომავალი თანამესაკნეების ასევე მქუხარე ტაშისა და ოვაციების ფონზე მიმდინარეობდა. ამ შოუს მთავარი მიზანი იყო _ ეჩვენებინათ ნინო გვენეტაძისთვის და საზოგადოებისთვისაც, რომ ეს ის ძალაა, რომელიც მართავდა და კვლავაც მართავს სასამართლოს, რომ მათ სერიოზული მფარველები ჰყავთ დღევანდელი ხელისუფლების უმაღლეს რგოლებში, „ნაცბანდის“ დასავლეთელ მფარველებს ფეხზე დააყენებენ, საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლებენ, ერთი სიტყვით, არ დაემორჩილებიან ახალ თავმჯდომარეს და გააგრძელებენ პარპაშს. საჯაროდ ვაცხადებ: ამ ჯალათების დაუსჯელობის უკან დგანან სერიოზული მფარველები, რის შესახებაც არაერთხელ განმიცხადებია და ეს მფარველები მოკალათებულნი არიან ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში! სწორედ ამით არიან გათავხედებულნი და აკეთებენ იმას, რაც მოესურვებათ და რასაც აკეთებდნენ `ნაციონალების~ ეპოქაში. ისეთი კრიმინალები, როგორებიც არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე; უზენაესი სასამართლოს პალატის თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე; იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე; იუსტიციის საბჭოს წევრები: მერაბ გაბინაშვილი და თამარ ალანია; ქუთაისისა და ბათუმის სასამართლოთა თავმჯდომარეები: გოგოხია, მამისეიშვილი, თევზაძე და კიდევ უამრავი ბალასტი, რომელიც პროკურატურის ნიჩბითაა გასატანი სასამართლოდან და ეს გასაკეთებელია სასწრაფოდ, თავზე ხელის გადასმისა და მათთან ენის მოჩლექის გარეშე. პირდაპირ ვაცხადებ: იქმნება ახალი მოძრაობა, რომლის ერთადერთი ფუნქცია იქნება სასამართლოში და ასევე სამართალდამცველ ორგანოებში, კერძოდ, პროკურატურასა და შს სამინისტროში არსებული კადრების, მთლიანი საკანონმდებლო ბაზის რეფორმა. იგი მიიღებს დიდი საზოგადოებრივი მოძრაობის სახეს. რაც დღეს ხდება, ამის ასე ყურება აღარ შეიძლება! რაც მოხდა ამ დღეებში სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი რომ ვერ გამოაცხადეს, ეს არის კატასტროფა და მინდა გითხრათ, ამაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება ვახტანგ ხმალაძეს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს! ჩვენ არაერთხელ ვაცხადებდით, რომ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი არის აბსოლუტურად უვარგისი, შესაცვლელი, მაგრამ ამაზე ყური არავინ შეიბერტყა, ეს სხვა თემაა და ახლა ნუ ავურევთ.

_ დავუბრუნდეთ ისევ სასამართლო სისტემის საკითხს…

_ უნდა შევისწავლოთ თითოეული მოსამართლის მიერ განხილული საქმეები, ამ საქმეში ჩავაბათ საზოგადოება, ყველამ ნახოს, თუ რასთან გვქონდა და ჯერ კიდევ გვაქვს საქმე, რისი ჩამდენები ყელყელაობენ და აქეთ აშინებენ სხვებს. დავახარისხოთ ისინი ჩადენილი ქმედების სიმძიმის მიხედვით. კერძოდ, დანაშაულის ჩამდენები, ანუ წინასწარი შეცნობით უკანონო განაჩენების თუ გადაწყვეტილებების გამომტანი ნაძირალები მივაბრძანოთ ციხეში, პირადი ქონებით ვაზღვევინოთ უდანაშაულო ხალხისთვის მიყენებული მორალური თუ ქონებრივი ზიანი, დანარჩენს კი მივცეთ იმაზე მეტი დამოუკიდებლობა, რაც აქამდე ჰქონდათ. ამასთან, თუ ამგვარი შემოწმებისას გამოჩნდება, რომ იმ ავადსახსენებელ ეპოქაშიც არსებობდნენ მოსამართლეები, რომლებიც პრინციპულად და მაღალპროფესიონალურად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ისინი უნდა დავაწინაუროთ, მადლობა გადავუხადოთ, დავუფასოთ, რაც გააკეთეს, რომ ბოროტ ძალას ქედი არ მოუხარეს. ასეთებიც არიან და, სხვათა შორის, ბლომად, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ მეტი უნდა გაიგოს და მათი ნამოქმედარი თავგანწირვად უნდა შეფასდეს, თუ გვინდა, რომ მათ მაგალითზე ახალგაზრდა მოსამართლეთა ღირსეული თაობა გაიზარდოს. ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! ეს ადამიანები გმირები არიან, რადგან მაშინდელი მათი ყველა გადაწყვეტილება იძლეოდა იმის შანსს, რომ ისინი თავად გაეშვათ ციხეში. ეს ხალხი ამ ყველაფერს არ შეუშინდა და გამოჰქონდათ კანონიერი გადაწყვეტილება.

დავუბრუნდეთ იმ შეკრებას, სადაც, როგორც გითხარით, ოდიოზური ფიგურები ყელყელაობდნენ და მათი ლეკვები, რომელთაც აქამდე მუხლები და ნამუსის ძარღვგაწყვეტილი შუბლები ჰქონდათ გადატყავებული, ამჯერად ხელისგულებს იტყავებდნენ მონური ტაშისცემით. ეს იყო ამაზრზენი სანახაობა, რაც იქ დამსწრე არაერთმა არასამთავრობომ დამიდასტურა. ეს იყო ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ კარგად დადგმული და მომზადებული დემარში, რიხიანი და გაბედული გამოსვლებით, ცოცხალ დეკორაციებად მოწვეული მეტაშეებითა და ა. შ. დარწმუნებული ვარ, ამ სპექტაკლის შედეგებით კმაყოფილია მისი ამჟამად უკრაინაში თავშეფარებული რეჟისორი (იგულისხმება ზურაბ ადეიშვილი), რომელსაც ნამდვილად დაუფასეს გარჯა და ამაგი შეგირდებმა. მისი პირადი ადიუტანტი, ჩინჩალაძე, ოთხჯერ გამოვიდა სიტყვით და, შეიძლება ითქვას, „ამხილა“ გვენეტაძე, რომ მათი თავიდან მოშორება აქვს განზრახული და იმიტომ იგონებს ამ საკანონმდებლო ცვლილებებს. ეტყობა, საფრთხე იგრძნო ქართული სასამართლოს მთავარმა დამანგრეველმა და მომავალმა უპირობო მატროსოველმა, ვალერი ცერცვაძემ, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ათი წლის განმავლობაში არც ერთი საქმე არ განუხილავს და ვერც ვერავინ აიძულებს, რომ განიხილოს, რომ ის მენეჯერია და შესაბამისი საქმეებითაა დაკავებული. მე კარგად ვიცი, თუ რით იყო დაკავებული ცერცვაძე წლების განმავლობაში და, სამწუხაროდ, დღემდე იგივეს აგრძელებს. ეს პროკურატურამაც ასევე კარგად იცის, მაგრამ აუცილებლად გავარკვევთ, თუ ვისი მფარველობით ახერხებს და უსხლტება მართლმსაჯულებას, ვისი დავალებით შეწყვიტეს მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები?! მოვუწოდებ პროკურატურას, გააკეთოს განმარტებები, იგივეს მოვუწოდებ პრემიერ ღარიბაშვილსაც, რადგან მოარული ხმები მას ან მის საახლობლოს უკავშირებს ვალერი ცერცვაძის მფარველობას! გაფრთხილებთ, ის საშიში დამნაშავეა, რომელიც დროზე უნდა აილაგმოს, თორემ დაინახავთ, რა შედეგებსაც მივიღებთ! აქვე მინდა მივმართო მთელ საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, პრესას, ადვოკატთა კორპუსს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სამართალი და სამართლიანობა, დაინტერესდნენ, თუ რა ვითარებაში შეწყდა საქმეები ვალერი ცერცვაძის მიმართ და რა საფუძვლით? ეს საქმეები გამოირჩევა დიდი საჯარო ინტერესით მთელ იურიდიულ სპექტრში, ამიტომ კეთილი ინებოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და სასწრაფოდ გვიპასუხოს ამ კითხვებზე!

სხვათა შორის, მეტად საინტერესო ფაქტს წავაწყდი, როცა დავინტერესდი იმით, თუ რა საფუძვლით გაუგრძელდა ვალერი ცერცვაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეობის უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა, რომელიც მას 2012 წლის დეკემბრის ბოლოს ეწურებოდა? ამ ფაქტს პირველად თქვენი გაზეთის მეშვეობით ვაჟღრებ. გაირკვა, რომ ვალერი ცერცვაძემ, იყო რა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებიდან ოთხ დღეში _ 2012 წლის 5 ოქტომბერს, მოიწვია საბჭო და სასამართლოს თავმჯდომარეობის ვადა გაიგრძელა კიდევ 5 წლით. ეს მან გააკეთა ისე, რომ უფლებამოსილების ვადა არ ჰქონდა ამოწურული, ანუ ორნახევარი თვით ადრე, რასაც აშკარად თანამდებობრივი დანაშაულის ელფერი დაჰკრავს და არა მარტო მისი მხრიდან, არამედ მაშინდელი შემადგენლობის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდანაც. ეს აუცილებელ გამოძიებას მოითხოვს, რისთვისაც მივმართავ საქართველოს პროკურატურას და, იმავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო გვენეტაძეს _ დაინტერესდნენ ამ საკითხით, სასწრაფოდ დაიწყონ მოკვლევა და გამოძიება. ჩემი ინფორმაციით, იგივე გააკეთა ვალერი ცერცვაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას პალატის თავმჯდომარედ ხელახლა დანიშვნასთან დაკავშირებით. ესეც ადეიშვილის მიერ თავის დროზე პროკურატურიდან სასამართლოში „კარგი საქმეების“ საკეთებლად მოვლენილი კადრია, რომელსაც, ცერცვაძის მსგავსად, არც ერთი საქმე არ განუხილავს. წარმოგიდგენიათ?! ვადა ჰქონდა ამოწურული და თვითონ გაიგრძელა! მივმართავ პროკურატურას: სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტებზე! თუ პროკურატურა არ დაიწყებს გამოძიებას, ჩემთვის უკვე გაცემულია პასუხი კითხვაზე, _ არის თუ არა ცერცვაძე დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გარიგებაში? დანაშაულის კონკრეტულ ფაქტს ვეუბნები! რა შეფასება უნდა გავაკეთო იმაზე, რომ ქუთაისის სასამართლოს თავმჯდომარე გოგოხია წარმოუდგენელი თავხედობით მიმართავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, _ თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ყურებს აგვიწევთო? ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის თავმჯდომარე გვრიტიშვილის გამოსვლაზე, რომელმაც მკაცრი პასუხი მოსთხოვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რატომ ქუთაისში არ გვეახელით მოსამართლეებს გასაცნობადო? ხედავთ, რაებს კადრულობენ?!

შეხვედრებზე მკაფიოდ გამოიკვეთა ერთი პოზიცია _ სასამართლოს თავმჯდომარეები და იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ერთად დაუპირისპირდნენ უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს. კერძოდ, ლევან მურუსიძე, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია და ზაზა მეიშვილი უმწვავესად გამოვიდნენ მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ და, იმავდროულად, დაუპირისპირდნენ ნინო გვენეტაძეს. მეტიც, პირდაპირ მუქარაზეც კი გადავიდნენ, _ საელჩოებთან შეხვედრას მოვითხოვთ, საკონსტიტუციო სარჩელს შევიტანთ, თუ ეს კანონპროექტი გავა და ასე შეგიჩერებთ ნორმის მოქმედებასო. დასახელებული ვაიმოსამართლეებისა და მათი დამქაშების დემარში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და საზოგადოების წინაშე არის ის, რომ ეს დამნაშავე პირები, რომლებიც ამოფარებულნი არიან მოსამართლის იმუნიტეტს, იბრძოლებენ ბოლომდე და არ დათმობენ თავიანთ პოზიციებს სასამართლო სისტემაში. შეგახსენებთ, რომ ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, თამარ ალანია, ზაზა მეიშვილი, ასევე უამრავი ადამიანისთვის მიწების უკანონოდ ჩამომრთმევი მოსამართლე აჭარაში დავით მამისეიშვილი, მოსამართლე ლევან თევზაძე, ის მოსამართლეები არიან, რომელთა მიერ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებებზე სტრასბურგის სასამართლომ არაერთი განაჩენი დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევაზე მითითებით. ესენი არის: გირგვლიანის (განმხ. მეიშვილი), გვანცა ყუფარაძის, მერაბ რატიშვილის (განმხ. ალანია), სულხან მოლაშვილის (განმხ. მურუსიძე) საქმეები და სხვა უამრავი. ხელვაჩაურში ჩადით, ვისაც მიწა აქვს ჩამორთმეული, ყველა გეტყვით, ვინ არის თევზაძე! მოსამართლე ახვლედიანს, ჩადით გუდაურში და ნახეთ, რამხელა სასტუმრო აქვს! მოსამართლის თანაშემწედ რომ მივიდა და აპარატის უფროსი იყო, მაშინდელი დეკლარაცია ნახეთ, ერთი თეთრი არ გააჩნდა, ახლა ნახეთ, რამხელა სასტუმრო გახსნა! იმ სასტუმროში ტაშფანდურია ყოველ შაბათ-კვირას ქუჩის ქალებთან და ჭკუაზე აღარ არიან `ზნეობრივი~ მოსამართლეები! თავშივე ვაცხადებ: ამ საკითხს მხოლოდ ნინო გვენეტაძის იმედზე ვერ დავტოვებთ, ეს უკვე საზოგადოებას გვეხება! ეს არ არის შიდაუწყებრივ შპს-ში, ან სიპ-ში არსებული რაღაც დაპირისპირება! ნინო გვენეტაძე დღეს ჩვენი ხალხის რჩეულია და საზოგადობას გვადგება. ამათ რა ჰგონიათ, დასხდნენ და იღებენ გადაწყვეტილებებს თავიანთ ჭკუაზე! ეს დამნაშავე პირები, რომლებიც ამოფარებული არიან მოსამართლის იმუნიტეტს, ასე იდგებიან ბოლომდე და არ დათმობენ თავიანთ პოზიციებს სასამართლო სისტემაში! ეს არის დემარში! ეს ხალხი გვასწავლის ჭკუას და ნინო გვენეტაძეს კინაღამ თვალები ამოთხარეს!

_ ამბობთ, რომ ეს ყველაფერი მიმართულია მხოლოდ ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ?

_ ხაზს ვუსვამ: ეს ყველაფერი მიმართულია მხოლოდ ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ! ექსკლუზიურად გეუბნებით, მაქვს უტყუარი ინფორმაციები ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ დაგეგმილი ფარული თუ ღია აქციების შესახებ, სადაც მთავარი მოქმედი პირები იგივე ოდიოზური ფიგურები იქნებიან. ეტყობა, იგრძნეს, რომ მოახლოვდა მათი აღსასრული და შეტევაზე გადასვლის განკარგულება მიიღეს. ეს ის პირები არიან, რომლებიც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ თავჩაქინდრულნი და თვალებზე ცრემლმომდგარნი უხმაუროდ დააბიჯებდნენ, კოლეგებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, ბევრი საზღვარგარეთ გაქცევასაც ფიქრობდა, მაგალითად, ცერცვაძე, მაგრამ მალე დარწმუნდნენ, რომ მფარველებმა დანაპირები შეუსრულეს, ახალ პატრონებს გადააბარეს, მომავლის რწმენაც ჩაესახათ და შედეგებსაც ვიმკით, თუმცა, სულ მალე მოეღება ბოლო მათ პარპაშს! მანამდე, ვაფრთხილებ ნინო გვენეტაძის გუნდს: უახლოეს დღეებში უმთავრდება ვადა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრს, გიორგი შავლიაშვილს, რომლის ადგილზე კრიმინალები თავისივე კლანის წევრის გაყვანას აპირებენ, რისთვისაც თავდაუზოგავად მუშაობენ მოსამართლეთა კორპუსებთან, ასევე მუშაობენ და თითქმის გარანტირებული აქვთ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის თავმჯდომარედ კვლავ `ნაცბანდის~ წევრის, როინიშვილის არჩევა. იმოქმედეთ გაბედულად, ხალხი თქვენთანაა!

დაბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი _ საინტერესო კითხვა მაქვს, _ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავდა კანონპროექტი, იგივე სასამართლოს თავმჯდომარეებთან დაკავშირებით და სხვა საკითხები? დავაკვირდეთ, ეს შეიმუშავა იუსტიციის სამინისტრომ. როცა კანონი შემუშავდება, უნდა გადაეცეს პარლამენტს და იმათ იმსჯელონ, მიიღებენ თუ არა. რა შუაში იყო აქ საერთოდ გვენეტაძე?! რატომ არის გვერდზე გაწეული თეა წულუკიანი და რატომ შეაჩეჩეს ნინო გვენეტაძეს მურუსიძეები და მთელი ეს ბანდა?! მაშინ, როდესაც თეა წულუკიანისა და ნინო გვენეტაძის სტატუსი ერთმანეთთან ვერ დადგება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის დონის სტატუსის მქონე პირია და ის არ უნდა ელაპარაკებოდეს ვინმე მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, ცერცვაძეს და სხვა კრიმინალებს! რატომ არ აქტიურობს აქ თეა წულუკიანი?! თუ წულუკიანმა გაითამაშა ეს ყველაფერი, რომ გვენეტაძეს შეაჩეჩოს და გადაჩეხოს?! წულუკიანს იდიოტები ვგონივართ და ფიქრობს, რომ პოლიტიკურ ინტრიგებში და თამაშებში ვერ ვერკვევით?! მან მიიღო ეს კანონპროექტი და თუ სურს, დაუჯდეს იმ მოსამართლეებს და ელაპარაკოს! ნინო გვენეტაძემ კიდევ თავი დაანებოს ამ უღირს ხალხთან ლაპარაკს და მიხვდეს, რომ პროვოკაციას უწყობენ! არ ვაპირებთ ამ ყველაფერზე თვალების დახუჭვას და დადუმებას! ამიტომ იწყება დიდი საზოგადოებრივი მოძრაობა, რომ სასამართლო სისტემა გაიწმინდოს ასეთი მოსამართლეებისგან, გარე ძალებმა კიდევ თავი დაანებონ პროვოკაციებს სასამართლოს წინააღმდეგ!

 

                                                                                                         თამარ ბატიაშვილი