ვინ გაუგზავნა ციხეში „ქურდული გრევი“ ნანა კაკაბაძეს?

kaka

ისტორიის მკვლევრებმა საქართველოს უახლესი ისტორიის დეტალების დასაწერად ჯერ ვერ მოიცალეს.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისი საქართველოში ნამდვილად ეპოქალური მოვლენაა. ადამიანური ისტორიები, ფაქტები და მოვლენები ისევ თაროზე და იმ ხალხის მეხსიერებაში დევს, რომლებსაც ამ თემებზე სასაუბროდ ჯერ არ მოუცლიათ.

„ქრონიკა+“ იწყებს ინტერვიუების ციკლს და ვეცდებით, მკითხველამდე მივიტანოთ აქამდე უცნობი ფაქტები და მოვლენები, შევხვდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ამბების უშუალო მონაწილეები იყვნენ, მოვისმინოთ განსხვავებული პოზიციები.

ჩვენი პირველი სტუმარია ორგანიზაცია „პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე. ის დღეს პირველად იხსენებს წარსულს და „ქრონიკა+“-ს აქამდე უცნობ ფაქტებს უმხელს:

_ მინდა, მადლობა გითხრათ. პირველები ხართ, ვინც ამ თემებით დაინტერესდით. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა რეჟიმი დაემხო, სათანადოდ არ შეფასდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის არც როლი და ამოცანები. ზვიად გამსახურდიამ ვერც მოასწრო ამ თემის წამოწევა. შევარდნაძემ საერთოდ გვერდის ავლა მოინდომა. ჩემთვის ეს გასაგები გახლდათ, რადგან ის თავად იყო საბჭოთა რეჟიმის შემოქმედი და ამ საკითხებს მტკივნეულად აღიქვამდა, მაგრამ ჟურნალისტებისა და საზოგადოების მხრიდან ასევე მოხდა თემის სრული იგნორირება. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, დამოუკიდებლობის იდეამ მაინც კრახი განიცადა, ქვეყანამ რეალური დამოუკიდებლობა ვერ მიიღო. არც ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ გვაქვს უკეთესი მდგომარეობა და,  რეალურად, არც მედია განთავისუფლებულა.

_ ნანა, როდის გაიგე, რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად აზროვნებდნენ და ჰქონდათ არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი?

_ ჩემს ცხოვრებაში ეს ძალიან სპონტანურად მოხდა. ჩემი შინაგანი მდგომარეობა მუდმივად იყო პროტესტისკენ მიმართული. ეს ხდებოდა ჩემი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, იმის მიუხედავადაც, რომ ქვეყანაში არავინ ხმამაღლა არ საუბრობდა პრობლემებზე, რომ ჩვენ ვიყავით დამონებულები და არ ვიყავით თავისუფალი სახელმწიფო. ჩემი პირველი პროტესტი ასე გამოიხატა _ სკოლის პერიოდში დავიწყე ინტენსიური სიარული ეკლესიაში და საბოლოოდ ჩამოვყალიბდი, რომ მევლო სიონში. ეს დაემთხვა იმ პერიოდს, როცა აქტიურად და ხმაურიანად გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე ზვიად გამსახურდია. ის დააკავეს, შემდგომ გაათავისუფლეს; იყო 14 აპრილი, ენის დღისთვის ბრძოლა; ციხეში დარჩნენ მერაბ კოსტავა და სხვა თანამოაზრეები. განთავისუფლების შემდეგ ზვიადმა სიონში დაიწყო სიარული და იქ გავიცანი. თამრიკო ჩხეიძე, რომელიც იმ დროისათვის აქტიურ დისიდენტურ მოღვაწეობას ეწეოდა, ასევე აღმოჩნდა სიონის მრევლი. ცოტა ხანში გამოიკვეთა, რომ სიონი იყო სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანების თავშეყრის ადგილი. ეს დაემთხვა იმ პერიოდს, როცა ილია მეორე აკურთხეს საქართველოს პატრიარქად. ამ პერიოდიდან კიდევ უფრო ძლიერდება ეროვნული მოძრაობა და სიონის ჯგუფი გამოიკვეთა, როგორც ერთ-ერთი მძლავრი დისიდენტური რგოლი. ჯგუფის აქტიური წევრები ვიყავით მარიკა ბაღდავაძე, მარინა კოშკაძე, თამრიკო ჩხეიძე და მე. ამ პერიოდში ციხიდან ახალი გამოსულია ზვიად გამსახურდია და იწყება კიდეც რეპრესიები.

_ გარდა იმისა, რომ სიონში იკრიბებოდით, რას საქმიანობდით?

_ ვავრცელებდით სხვადასხვა ინფორმაციას, ვბეჭდავდით პროკლამაციებს, ფურცლებს ვტოვებდით სადარბაზოებში, საფოსტო ყუთებში, ღამით ქუჩებში ვაკრავდით. სწორედ ამ დროს ჩვენ გავახმაურეთ ცნობილი საქმე _ ჟურნალისტ ნაზი შამანაურის მკვლელობა. შემთხვევით გავიგე, რომ ჟურნალისტი სასტიკად იყო ნაცემი და ნაწამები. ჩვენი მოძრაობის წევრი გახლდათ მეცხრე საავადმყოფოს ექიმი  თამრიკო. სამწუხაროდ, გვარი აღარ მახსოვს, ინგილო თამრიკოს ვეძახდით. მირეკავს სახლში, _ ნანა, შენ და თამრიკო ჩხეიძე სასწრაფოდ მოდით მეცხრე საავადმყოფოსთანო, მივედით. გოგონებო, აქ ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მოიყვანეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც აპარატზეა მიერთებული, მართალია, მე არ მაკარებენ, მაგრამ ამბობენ, რომ ნაწამებია და სიკვდილის პირას მიიყვანეს ცემითო, – გვითხრა ინგილო თამრიკომ. მთავარი იყო, არავის გაეგო, საიდან ვიცოდით ეს ამბავი, როგორმე უნდა მოგვეხერხებინა, სხვა დეტალების გარკვევა. მე მეცხრე საავადმყოფოსთან დავრჩი. ერთი ნაცნობი ექიმი შემხვდა, რომელსაც გამოველაპარაკე და გამოვკითხე, _ გავიგეთ, ჩვენი ნაცნობი მოიყვანეს, ცუდად ყოფილაო. _ რომელი, ვაჟაობაზე რომ დააკავეს, ის ჟურნალისტი თქვენი ნაცნობიაო? – წამოცდა ექიმს. მერე

მოვნახეთ ადამიანები, რომლებიც ვაჟაობაზე იყვნენ. მათ გვითხრეს, რომ ეს გოგო ჩარგალში, ვაჟაობაზე, სიტყვით გამოსულა, ანტისაბჭოთა ლექსი წაუკითხავს და მერე კგბ-ს გაუქრია. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე შევარდნაძესთან გარკვეული კოორდინაცია გვქონდა. პირველი, ვისაც დავუკავშირდით, იყო სოლიკო ხაბეიშვილი და ვუთხარით, რომ მეცხრე საავადმყოფოში ნაწამები ჟურნალისტია მიყვანილი ფსიქიატრიული საავადმყოფიდანო. სანამ სოლიკო ხაბეიშვილი ამ საქმეში ჩაერთო, გავიგეთ, რომ ნაზი გარდაიცვალა! პარალელურად, ცნობილი გახდა ისიც, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებული იყო ნაზის დედა, სარა ინაშვილიც. გავვარდით ფსიქიატრიულში, რომ გვენახა, რა მდგომარეობაში იყო ნაზი შამანაურის დედა. სოლიკო ხაბეიშვილის უშუალო ჩარევით მივიღეთ პირობა, რომ ქ-ნი სარა იმ შემთხვევაში განთავისუფლდებოდა, თუ გამოჩნდებოდა ნათესავი, რომელიც მასზე მზრუნველობას საკუთარ თავზე აიღებდა. სხვაგვარად ფსიქიატრიულიდან მისი გამოყვანა შეუძლებელი იყო. ფეხით შემოვიარეთ მთელი დუშეთი, მაგრამ ადამიანი ვერ ვიპოვეთ, რომელიც ფორმალურად აიღებდა საკუთარ თავზე სარა ინაშვილის ფსიქიატრიულიდან გამოყვანას. ბოლოს ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და ჩვენი ხელწერილით გამოუშვეს ფსიქიატრიულიდან. ამის მერე მას საერთოდ აუკრძალეს ჩვენთან კომუნიკაცია, მაგრამ სარა ინაშვილმა მოასწრო და გადმოგვცა მისი ქალიშვილის  დღიურები. თამრიკო ჩხეიძემ დაამუშავა ჩანაწერები და ჩვენი ქსელის მეშვეობით, არალეგალურად გავავრცელეთ ქალაქში. გვინდოდა ჩაგვეტარებინა სამოქალაქო პანაშვიდი, რაზედაც დედამისმა უარი განაცხადა. მასზე სერიოზული ზეწოლები იყო, სწორედ ამიტომ აღარ მივიჩნიეთ საჭიროდ დიდი საპროტესტო მანიფესტაციის ჩატარება. გავაგებინეთ სრულიად საქართველოს, თუ როგორ იყენებდნენ კომუნისტები ფსიქიატრიულ კლინიკებს განსხვავებული პოზიციის ადამიანების წინააღმდეგ. ჩვენმა მეგობარმა დათო ხიდაშელმა დაამზადა პროკლამაციები. ისინი ფოტოსურათებად გავამრავლეთ და გავავრცელეთ სტუდენტობაში. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია და გაზეთი დისიდენტებისთვის არ არსებობდა, საბჭოთა რეჟიმის პირობებშიც კი ნაზი შამანაურის საქმე მალე გახმაურდა.

იყო სერიოზული კავშირები პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე კონტაქტები გვქონდა უცხოელ დიპლომატებთან. კოლეგა დისიდენტების რეკომენდაციებით მათ ვხვდებოდით ქვეყნის გარეთაც. სწორედ ამიტომ, ჩვენი პირველი დაპატიმრების მომენტში, მცხეთაში, ყველა ქვეყნის უცხოური რადიოსადგურები ამ ფაქტს აშუქებდნენ.

_ რა მოხდა მცხეთაში, რასაც თქვენი პირველი დაპატიმრება მოყვა?

_ მცხეთაში დაგვაკავეს მე, თამარ ჩხეიძე, მარიკა ბაღდავაძე, მარიკა კოშკაძე და ირაკლი წერეთელი. ირაკლი იმის გამო დააკავეს, რომ სვეტიცხოვლის ეზოში იდგა და ხელმოწერებს აგროვებდა ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვის მოთხოვნით. ირაკლი ხალხმა გადაარჩინა, სამაგიეროდ, დაგვაკავეს ჩვენ. ისე გამოიყვანეს, რომ თავს დავესხით და ვცემეთ… 120 პოლიციელი. ერთ-ერთი ჩვენი წევრი, მარიკა ბაღდავაძე, არასრულწლოვანი იყო და რაკი ყველასთვის ერთნაირად უნდა მოესაჯათ, გამოგვიტანეს პირობითი სასჯელი ხუთი წელი. მართალია, კომუნისტური წყობა ზენიტში იყო, 1981 წელია, მაგრამ საზოგადოებას მაინც აღარ ეშინოდა. ეს აღარ იყო 30-იანი წლები, ჩვენი ადვოკატები გმირობის ტოლფას საქციელს სჩადიოდნენ ჩვენი დაცვით, _ ქალბატონი ხარატიშვილი და ბატონი ხარშილაძე. (სამწუხაროდ, სახელები არ მახსოვს)

_ რა რეაქცია ჰქონდათ ოჯახში, როცა გაიგეს, რომ თქვენ ხართ დისიდენტი და დაგაკავეს?

_ ეს იყო ტრაგედია. მოგეხსენებათ, რას ნიშნავდა მაშინ გოგოს დაპატიმრება, მით უფრო, რომ ჩემი ოჯახი ქალაქში ცნობილი ოჯახი გახლდათ. სერიოზული დარტყმა იყო მათთვის, მაგრამ ოჯახიც გადაეწყო იმ რელსებზე, რომ დავეცავით. ყველაზე  დიდ დაცვას ახორციელებდა თამრიკოს მამა, რეზო ჩხეიძე. ის ნამდვილი ეტალონი იყო, შესაძლებლობებიც მეტი ჰქონდა.

_ ანუ ხმები, რომ რეზო ჩხეიძე გაემიჯნა ქალიშვილის საქმიანობას, სიმართლეს არ შეესაბამებოდა?

_ ეს ხმები „კგბ“-მ გაავრცელა, რომელსაც არანაირი საერთო არ ჰქონდა რეალობასთან. რეზო ჩხეიძე ბრძანდებოდა იდეალური მამა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ციმბირში არ გადაგვასახლეს.

_ რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე?

_ სასამართლო პროცესი ჩაატარეს მცხეთაში. მთელი ქალაქი გადაკეტეს, არანაირი მანქანა არ მოძრაობდა. როგორ მოახერხეს ამხელა ქალაქის  პარალიზება, დღემდე არ ვიცი, ტანკები მოიყვანეს და სასამართლოს შენობასთან დააყენეს. ძალის დემონსტრირება ხდებოდა, პროცესი იყო დახურული, არავის უშვებდნენ. რეზო ჩხეიძემ მოახერხა და პროცესზე დასწრების უფლება მისცეს მწერალ რეზო ჯაფარიძეს და რეჟისორ ნანა მჭედლიძეს. დარბაზი სავსე იყო უშიშროებით, ცეკას თანამშრომლებით. ჩემი მშობლები ძლივს შემოუშვეს. კანონი ითვალისწინებდა საზოგადოებრივ დამცველსა და საზოგადოებრივ ბრალმდებელს. ბრალმდებელი იყო ქალბატონი, სკოლის დირექტორი, რომელსაც პროცესზე უნდა დაეგმო ჩვენი საქციელი. ამის ნაცვლად, ეს ქალბატონი ადგა და თქვა, _ ახლა ილია ჭავჭავაძე ცოცხალი რომ იყოს, პროცესზე ამ სიტყვებს იტყოდა: `ღმერთო, ისმინე ქართლის ვედრება, ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ უძღოდეს ჭეშმარიტება, უკან რჩეს კვალი განათლებული~. ეს იყო იმდენად ემოციური გამოსვლა, რომ დარბაზი გაისუსა, ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა

_ სახელი და გვარი არ გახსოვთ?

_ სამწუხაროდ, სახელსა და გვარს ვერ ვიხსენებ. მახსოვს, როცა პროცესიდან გამოვდიოდით, ბატონმა რეზო ჩხეიძემ მამაჩემს უთხრა, _ ისე არ წავიდეთ, ამ ქალბატონის ვინაობა არ გავიგოთ, პროცესის მერე რამე არ მოწიონ ან მას, ან მის ოჯახსო. როგორც ვიცი, რეზო ჩხეიძე მუდმივად პატრონობდა და ამოწმებდა მის მდგომარეობას. პედაგოგმა, რომელსაც ჩვენი გაკიცხვა დაავალეს, გმირობის ტოლფასი საქციელი ჩაიდინა. მან ზუსტად იცოდა, რომ მეორე დღეს სამსახური აღარ ექნებოდა და შეიძლებოდა ისიც იმ სკამზე აღმოჩენილიყო, სადაც ჩვენ ვისხედით. ასეთი ადამიანები ქმნიდნენ იმ დროს ისტორიას და ასეთი ადამიანების დეფიციტია დღეს.

სამი წლის შემდეგ ქალებზე ამნისტია გამოვიდა და მოგვეხსნა დარჩენილი პირობითი სასჯელი, კაცებს ამნისტია არ შეხებია და ირაკლი წერეთელმა ბოლომდე მოიხადა პირობითი სასჯელი.

1983 წელს კი, ახალი ისტორია დაიწყო!

_ 1983 წელი გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის იუბილეა.

ირაკლი წერეთელმა გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით გაავრცელა პროკლამაციები. ეს იყო ამონარიდები ივანე ჯავახიშვილის მეხუთე ტომიდან. როდესაც ირაკლი დააკავეს, ჩვენ გენერალურ პროკურატურაში დავდიოდით და მოვითხოვდით ირაკლი წერეთლის განთავისუფლებას. ვეუბნებოდით გენერალურ პროკურორს: ეს არ დაუწერია ირაკლი წერეთელს, ივანე ჯავახიშვილმა დაწერა, ადამიანი გარდაცვლილია, მაშინ თქვით, რომ  მეხუთე ტომი აკრძალულია, თორემ თქვენი კანონებითაც კი, ეს დასჯადი ქმედება არ არის-მეთქი. რა თქმა უნდა, ირაკლი წერეთლის განთავისუფლებას ვერ მივაღწიეთ, სამაგიეროდ მივაღწიეთ იმას, რომ ერთ-ერთი აქციის დროს ჩვენც დაგვიჭირეს: მარიკა ბაღდავაძე, თამრიკო ჩხეიძე, მე და გია ჭანტურია. ლუიზა შაკიაშვილი და ზურაბ ცინცაძე, „ბამბურა“, თვითონ ჩაბარდნენ ხელისუფლებას, _ თუ ამ ბავშვებს იჭერთ, ჩვენც იქ ვიყავით და უნდა დაგვიჭიროთო. საბოლოოდ, პროცესი გაყვეს, _ მე, თამრიკო და მარიკა ერთად გაგვასამართლეს, პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩაატარეს. მიუხედავად იმისა, რომ საქმე საქალაქო სასამართლოს ქვემდებარე იყო. პროცესამდე მოგვათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში „კაპეზეში“, რომელიც ბებელის ქუჩაზე, ამჟამინდელი საპატრიარქოს გვერდით მდებარეობდა. დათო სალარიძე იყო სამმართველოს უფროსი. დათო ვახსენე და მინდა ვთქვა ხალხზე, რომლებიც მიუხედავად რეჟიმისა, არ კარგავდნენ ადამიანურ სახეს _ ასეთი იყო ვახტანგ გვარამია, იმ პერიოდში „უგროზისკის“ უფროსი. 1981 წელს, როცა პირველად დაგვაკავეს, ინსცენირება მოაწყვეს, რომ ზვიად გამსახურდიას იჭერდნენ. მე და ზვიად გამსახურდია სვეტიცხოვლის გარეთ ვლაპარაკობდით, გენერალი გივი კვანტალიანი მოვიდა, ხელკავი გაუყარა ზვიადს და კიბეებისკენ წაიყვანა. მანქანაში ჩასმისას ვიფიქრე, რომ ზვიადსაც აკავებდნენ. არაადამიანური ხმით ვიყვირე: „ზვიადს იჭერენ!“ ამ დროს ტაძრიდან გამოვარდნენ თამრიკო და მარიკა ბაღდავაძე, მარიკა გაუსხლტა პოლიციას და გივი კვანტალიანის დაქოქილ მანქანას ბორბლებში ჩაუწვა, ვახტანგ გვარამიამ მხრებში სტაცა ხელი მარიკა ბაღდავაძეს და ბორბლებიდან გამოათრია, წამებში მოხდა ეს ყველაფერი. მეგონა, მარიკას მანქანამ გადაუარა. ასეთი ადამიანებიც იყვნენ თანამდებობაზე. დათო სალარიძე ჩემს ბიძაშვილებთან მეგობრობდა. მახსოვს მისი ფერი, როდესაც ცეკადან დაურეკეს, რომ ჩვენ უნდა დავეპატიმრებინეთ. მან ვერ შეძლო ამის გაკეთება და პოლიციის შენობიდან საერთოდ წავიდა. მახსოვს რომან გვენცაძე, მის სახე, დილით დაგვაკავეს და საღამომდე რომან გვენცაძის კაბინეტში ვისხედით. ღამის სამი საათია, ტელეფონმა დარეკა. როცა გვენცაძემ ტელეფონი აიღო, რამდენიმე წუთის შემდეგ დავინახე, რომ წელში მოიხარა _ მივხვდი, ვიღაცამ `ზემოდან~ დარეკა. დაჯდა სკამზე ნახევრად მოხრილი, ჩვენკენ ზურგით, სახე წაშლილი აქვს, მაგიდასთან მივედი და ვკითხე, _ რა იყო, გვიჭერენ-მეთქი? _ კიო, _ თავი დამიქნია. მარიკას და თამრიკოს მე ვუთხარი, რომ დაგვაკავეს. ბრძანება იყო, ცალ-ცალკე საკნებში უნდა შევეყვანეთ. ერთმანეთს ვემშვიდობებით, თამრიკოს ვეუბნები, _ შეიძლება ეს იყოს ჩვენი შეხვედრისა და თავისუფლების ბოლო წუთები-მეთქი. რომანი ამას ისმენს. ამასობაში კაბინეტი გაივსო „კგბ“-ს თანამშრომლებით. ჩაგვიყვანეს „კაპეზეში“. რომანი მეუბნება, რომ რამდენიმე საათი მოგიწევთ აქ ყოფნა, მერე იზოლატორში გადაგიყვანენო. მე სულაც არ ვფიქრობ, რომ ციხეში მოვხვდები, რადგან ნაზი შამანაურის მაგალითი წინ გვაქვს. მგონია, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაგვიყვანენ. გამოაცხადეს საკნების ნომრები, მოვტრიალდი და, _ ცალ-ცალკე უნდა შეგვიშვათ-მეთქი? _ ვიკითხე. ბოლო მომენტია, თამრიკო ხელს არ მიშვებს, სწორედ ამ დროს რომანი ეუბნება „კაპეზეს“ უფროსს, _ ნანა და თამრიკო ერთად შეუშვი, ჩემს თავზე ვიღებო. ეს მისი მხრიდან გმირობის ტოლფასი საქციელი იყო. იქ დამთავრდა ჩემს გონებაში შეხება გარე სამყაროსთან, მივხვდი, რომ თავისუფლებაც დასრულდა!!!

როდესაც ციხეში გადაყვანის დრო დადგა, ციხის უფროსსაც კი არ გაუმხილეს სიმართლე, უთხრეს, რომ კომისია ჩამოდის მოსკოვიდანო. სამმართველოში მოვიდნენ ვარლამ შადური, გივი კვანტალიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილეებით, ცეკას ინსტრუქტორები, ესკორტით გადაგვიყვანეს იზოლატორში.

_ ნანა, სად მდებარეობდა მაშინ იზოლატორი?

_ მეხუთე საპყრობილის ტერიტორიაზე, ორთაჭალაში. პირველ სართულზე იყვნენ „მალალეტკები“, მეორეზე იყო „ბალნიჩკა“ და მესამეზე _ ქალები. მე აღქმაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვარ. 139-ე საკანში შემიყვანეს. ვუყურებ ამ ქალებს, მგონია, რომ გიჟებთან ვარ, იმათ კიდევ მოსკოვის კომისიის წევრი ვგონივარ. იზოლატორის უფროსი გაბუნიაც შემოვიდა. ვდგავარ ამ რკინის ნართან, სიცივეს ვგრძნობ, ქალები ყურადღებით მათვალიერებენ, ვერც ბედავენ რამის თქმას. ერთი ქალბატონი იყო, შამპანურის ქარხნის მთავარი ბუღალტერი, _ ხომ არ დაბრძანდებითო? _ სად-მეთქი? _ ვიკითხე., _ მაგიდასთან მობრძანდითო. ნართან ჩამოჯდომა ვარჩიე. ვფიქრობ, აქ უფრო ნაკლები ადამიანი მცემს-მეთქი. კარგა ხნის განმავლობაში გაგრძელდა ეს ურთიერთდაზვერვა. ამასობაში გათენდა. ვიკითხე, _ რამდენი ხანია, რაც აქ ხართ-მეთქი? ერთი მეუბნება, რომ ორი თვის დაპატიმრებული ვარო, მეორემ, სასამართლოს ველოდებიო. _ რატომ მოგიყვანეს აქ, თქვენც რამე ანტისაბჭოთა საქმიანობას ეწეოდით-მეთქი? _ ეგ რა შუაშიაო? _ გაოცებულებმა მიპასუხეს. ბოლოს და ბოლოს, ამიხსნეს, რომ დაპატიმრებული ვიყავი. ძალიან თბილად შემხვდნენ საკნის ქალები…

დილით, ათი საათი იქნებოდა, დაბლა ჩამიყვანეს. ვარლამ შადური და გივი კვანტალიანი გაბუნიას კაბინეტში დამხვდნენ. იზოლატორის უფროსს უნდა, როგორმე შეალამაზოს ციხეში ჩვენი მიყვანის ფაქტი და მეუბნება, _ იცით, ნანა, ისეთ კარგ დროს დაემთხვა თქვენი მოყვანა, ისეთი კარგი ხალხი გვიზის ციხეში, ისეთი წესიერი ხალხიო, შამპანურის ქარხნიდანო, პროფესორ-მასწავლებლებიო, პედაგოგებიო, კიდევ სპეკულანტები გვიზისო, მაგრამ არც ისინი არიან ცუდი ხალხიო. გაბუნიას ამ მცდელობაზე ვერც უშიშროების თანამშრომლები იკავებდნენ სიცილს. მალევე ამიყვანეს ჩემს საკანში. როცა დაგვაპატიმრეს, ციხის პერიმეტრის დაცვა მთლიანად გაათავისუფლეს და მერვე პოლკი შემოიყვანეს. ქალების სართულზე ბადრაგები იყვნენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, 139-ე საკანი ცოტა მოშორებით იყო, გზაში ბადრაგი მეუბნება, _ ნანა, თქვენ „გრევი“ გამოგიგზავნესო. ვიფიქრე, ეს „გრევი“ რაღა ჯანდაბაა. _ რა-მეთქი? _ რაო და „პადაგრევი“ გამოგიგზავნესო. ვერც ეს გავიგე, მაგრამ არ შევიმჩნიე, _ ვინ გამოგიგზავნიდა „გრევსო“? _ მეკითხება ბადრაგი. „ვასმოი პოლკი“ დგას, ბუზი არ შემოფრინდება ტერიტორიაზე. _ ვინ გამომიგზავნიდა მამაჩემის მეტი-მეთქი, _ გულუბრყვილოდ ვუპასუხე, _ როგორ, მამა ქურდი გყავსო? _ დამიბრუნა შეკითხვა. _ მამაჩემი გეოლოგია, რას ჰქვია, ქურდია-მეთქი! _ ავუწიე ხმას. შემიყვანა საკანში, ქალები ყურში მეჩურჩულებიან, _ ნანა, შენთან „გრევია“ მოსული, სანამ არ დაღამდება, ვერ გაჩვენებთ, „ადეალის“ ქვეშ დევსო. როგორც იქნა, დაღამდა, ცვლა შეიცვალა, შუქები ჩაქრა, გახსნეს ჩემი „გრევი“, ყუთში იყო ტორტი და შოკოლადები. გაგიჟდნენ პატიმრები. ბოლოს მეუბნება ერთი, _ იცი, ეს „კანონიერმა ქურდებმა“ გამოგიგზავნესო. დავიბენი, _ რატომ-მეთქი? _ აქ სხვა ვერავინ ვერაფერს შემოიტანდაო. ეს იყო ჩემი პირველი შეხება ციხესთან.

_ ნანა, ვინ იყო გამომგზავნი?

_ არ ეწერა,

_ არც გაიგე?

_ ისე წამოვედი, არც არავის გაუმხელია, ვინ გამოგზავნა. მთელი კორპუსი იყო დაინტერესებული, მაგრამ ვერავინ გაიგო, ბოლომდე საიდუმლოდ შეინახეს გამომგზავნის ვინაობა. _ გაუგონარი რამ მოხდა, თქვენი შემოსვლის მომენტიდან ციხეში ამას ვერც ერთი რეჟიმით ვერ მივაღწევდითო, _ გვეუბნებოდა მერე იზოლატორის უფროსი. როცა მსჯავრდადებულებმა დაინახეს, რომ პოლიტიკურები შეგვიყვანეს, მომენტალურად შეიცვალა სიტუაცია. იმ წუთშივე შეწყდა ციხეში გინება, კორპუსიდან კორპუსში გადაძახილები, კრიმინალებმაც კი ჩვენზე მოარგეს საკუთარი რეჟიმი, ცდილობდნენ,  ჩვენთვის ციხე ასატანი ყოფილიყო. 21 წელი იზოლატორში შემისრულდა.

 

გაგრძელება იქნება

 

                                                                                                                    ელისო კილაძე