ვის ინტერესებს შეეწირა მიუკერძოებელ მოსამართლედ ცნობილი ზურაბ ყვავაძე?!

9პოტგ

ყოფილი მოსამართლე, ზურაბ ყვავაძე, ოთხი წელია, შელახული ღირსების აღდგენას ითხოვს. მან არაერთხელ მიმართა ყველა იმ ინსტანციას, რომელსაც ხელეწიფება მის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა, მაგრამ ამაოდ.

ვის ინტერესებს შეეწირა მიუკერძოებელ მოსამართლედ ცნობილი ადამიანი? რატომ დაიწყეს დისციპლინური დევნა მოსამართლეზე, რომლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არასოდეს გასაჩივრებულა? რატომ არ ცდილობს მოქმედი ხელისუფლება წინამორბედის შეცდომების გამოსწორებას? ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ზურაბ ყვავაძის მეუღლე, მაია შავლაძე:

_ იმის გარდა, რომ ზურაბ ყვავაძის მეუღლე გახლავართ, ასევე ვარ მისი ოფიციალური წარმომადგენელი. იმ ამბის შემდეგ, რაზედაც თქვენთან მსურს საუბარი, ზურა ძალიან ავად არის, გადაადგილება და მეტყველება უჭირს, ამიტომ მე მოგახსენებთ, როგორ გახდა ის მაღალჩინოსნის მიერ განხორციელებული ზეწოლის მსხვერპლი. ჩემი მეუღლე ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო, რომელიც სამართლიანობის აღდგენას, სამწუხაროდ, დღესაც ელოდება. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ყველა ინსტანციას, ვისაც ხელეწიფებოდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა იმ იმედით, რომ საქმის ირგვლივ დაინტერესდებოდნენ, რადგან მოსამართლე ასეთ ფაქტებს თითქმის არ ასაჯაროებდა. მოგეხსენებათ, მოსამართლეების უმრავლესობა, ძირითადად, კუბლაშვილისა და მათი გუნდისგან იმართებოდა სასამართლო სისტემაში დანერგილი მანკიერი პოლიტიკის გამო. შერჩევით სამართალს, უსამართლობის განცდასა და უღირსი მეთოდებით ბრძოლას ვგულისხმობ. ზურაბ ყვავაძე არ იყო ის მოსამართლე, რომელსაც შრომის წიგნაკი მოსამართლეობიდან ეხსნებოდა. პოლიციაში, პროკურატურასა და შემდეგ სასამართლოში მისი საქმიანობა არავისში იწვევდა ეჭვს. როგორც ჩანს, ღირსეული თვისებების მქონე მოსამართლეები, რომლებიც იყვნენ კანონ-სამართლის მორჩილნი და არა რომელიმე კლანის, წინა ხელისუფლებისთვის საშიში ფენომენი აღმოჩნდა, რის გამოც შეთითხნილი ბრალდებებით და ყოველგვარი კანონდარღვევით იგი სამოსამართლეო უფლებამოსილებას ჩამოაშორეს, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ მზადდებოდა.

2008 წლის აგვისტოში ჩემი მეუღლე სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებას ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოში შეუდგა. ის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ. სასამართლოში მისვლისთანავე ცუდი მდგომარეობა დახვდა როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ისე ხელოვნურად გაჭიანურებული, ვადაგადაცილებული საქმეებით. პოლიციის, პროკურატურის, საკრებულოს, გამგეობისა და სასამართლოს მიერ კლანური შეთანხმებებით მიიღებოდა გადაწყვეტილებები. ზურა ამ ყველაფერს წინ აღუდგა, ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა და იქ მუშაობის პერიოდში თითქმის ყველა მანკიერების აღმოფხვრა შეძლო, რამაც მაღალჩინოსნები გააღიზიანა, მაგრამ, ამავდროულად, ხალხის დიდი სიყვარული და ნდობა დაიმსახურა.

_ კონკრეტულად, რა მოხდა?

_ 2011 წლის დასაწყისში, სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შემდეგ, მოსამართლის მიერ უნდა შერჩეულიყო სამი კადრი. სხდომის მდივნის, თანაშემწისა და კანცელარიის მუშაკის მოვალეობა უნდა შეესრულებინა ერთ ადამიანს, ასევე იყო მანდატური და დამხმარე მუშაკი. სხდომის მდივნად ზურამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარსაგზავნად შეარჩია მაია ყალიჩავას კანდიდატურა, რომელიც წლების მანძილზე მივლინებული იყო ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და გახლდათ ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს კადრი. სწორედ ჩემს მეუღლესთან ერთად გარკვეული დროის მანძილზე მუშაობამ და მისმა შესაძლებლობებმა განაპირობა მისი შერჩევა. ზურამ მანდატურად შეარჩია კახა კვარაცხელიას კანდიდატურა, ხოლო დამხმარე მუშაკად, მისივე თანხმობით, მამელი თოდუა, რაც განპირობებული იყო მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიით, _ ახალი გარდაცვლილი ჰყავდა მეუღლე და ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. შერჩეული კანდიდატები მოსამართლემ გააფრთხილა, რომ შესაძლებელი იყო მათი მოვალეობები შეცვლილიყო, რადგან ყალიჩავას არ ჰქონდა დიპლომი და მისი დანიშვნა საეჭვო გახდებოდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს პოზიციები ასე გადაანაწილა: მამელი თოდუა _ სხდომის მდივანი, მაია ყალიჩავა _ დამხმარე და კახა კვარაცხელია _ მანდატური. რამდენიმე დღის შემდეგ, მაღალჩინოსნებისთვის შეუფერებელი საქციელით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელმა დეპარტამენტის უფროსმა, თამარ სულაქველიძემ, უმიზეზოდ მოითხოვა მანდატურის შეცვლა თავისი სასურველი კანდიდატით, ინგა ჯალაღონიათი; მაია ყალიჩავას (დამლაგებლად მუშაობდა) ჩანაცვლება მამელი თოდუათი იმ მარტივი მიზეზით, რომ ყალიჩავას დიპლომი არ ჰქონდა; ხოლო მალინა ჩიტაიას სხდომის მდივნად დანიშვნა. მალინა ჩიტაია გახლდათ ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს კადრი და მივლინებული იყო ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. ის ასევე გახლდათ ხელოვნურად გაჭიანურებული ორასამდე საქმის თანაავტორი, რომელიც ზურაბ ყვავაძეს სასამართლოში მისვლისას დახვდა. წინა წლებში ჩიტაია შემჩნეული იყო ბინძურ გარიგებებში და ეს გახდა მოსამართლის უარის მიზეზი მის დანიშვნაზე. ჩიტაიას უარყოფით მახასიათებლებზე ზურამ იმთავითვე ჩააყენა საქმის კურსში ქალბატონი სულაქველიძე, ჯერ სატელეფონო საუბრებით, შემდეგ კი იუსტიციის საბჭოში მივიდა და აუხსნა, თუ რა მიზეზით არ უნდა შერჩეულიყო ჩიტაია. ჯალაღონია მანდატურად დანიშნა, რადგან მისი საწინააღმდეგო მოსამართლეს არაფერი ჰქონდა და მაღალჩინოსნის სურვილი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ქალბატონმა სულაქველიძემ ახლა უკვე მოითხოვა ახალი კანდიდატების გაგზავნა. შეირჩა ნანა მიქაია და ისევ მამელი თოდუა. იუსტიციის საბჭოში წარგზავნილებს იქ დახვდათ დამოუკიდებლად მისული მალინა ჩიტაია, რომლის უპირატესობა ქალბატონ სულაქველიძის მხრიდან იქვე გამოიკვეთა. შერჩეული კანდიდატები ამაზე ძალიან გაღიზიანდნენ, რადგან კარგად იცოდნენ ჩიტაიას „კომპეტენტურობა“ და სხვა უარყოფითი მახასიათებლები. რაიონში დაბრუნებულებმა დაასკვნეს, რომ მოსამართლე ირაკლი აბშილავა, რომელიც იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს კადრი და მიავლინეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, მასთან მუშაობდა მალინა ჩიტაია და ლობირებდა ამ უკანასკნელს. აბშილავა მოიაზრებოდა სულაქველიძის მეგობრად და მის ინტერესებშიც იყო ჩიტაიას დანიშვნა. ისინი მიზანმიმართულად, გუნდური პრინციპით მოქმედებდნენ ზურას წინააღმდეგ, რასაც მიაღწიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი მაღალჩინოსნის დახმარებით, რომლებიც დღესაც მუშაობენ თავის პროტეჟეებთან ერთად ღირსეული კადრების გაძევების ხარჯზე.

ქალბატონ სულაქველიძის დიდი ძალისხმევითა და ზეწოლით მოსამართლე დათმობაზე წავიდა _ დროებით ჩემინავას სამუშაოდ გამოსვლამდე ჩიტაია დაინიშნა. ჩემინავა დეკრეტულ შვებულებაში იყო. ამ მოტივით, მოსამართლე იძულებული გახდა, ჩემინავას შემცვლელად დაენიშნათ მალინა ჩიტაია, რაც წინასწარ კარგად დაგეგმილი შეთანხმება იყო, რადგან ჩემინავა ზუგდიდში ცხოვრობდა და ყოველდღე ჩხოროწყუში სიარულს ვერ შეძლებდა, ამიტომ, თავისთავად, დარჩებოდა ჩიტაია. ჩიტაიას დროებით დანიშვნის გაჟღერებამ რაიონის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. მათ მოსამართლის სახელზე საპროტესტო წერილებიც გამოაგზავნეს, სადაც მიუთითებდნენ, რომ ჩიტაია იყო საეჭვო რეპუტაციის ადამიანი, ასევე ეჭვებს იწვევდა მისი დიპლომი და ითხოვდნენ ძველი კადრის, მამელი თოდუას დაბრუნებას, რომელმაც უარი განაცხადა ჩიტაიასთან ერთად სასამართლოში მუშაობაზე. მოსახლეობის აზრს იზიარებდნენ თანამშრომლები და აცხადებდნენ, რომ ჩიტაიას უმაღლეს სასწავლებელში არასოდეს უვლია, დიპლომი ახლობელმა საჩუქრად მიართვა. ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, მაგრამ გამოძიება შეგნებულად გაჭიანურდა. თამარ სულაქველიძემ ჩემინავას დეკრეტული შვებულების დამთავრების შემდეგ კატეგორიული ტონით მოითხოვა ჩიტაიას ბრძანებით დანიშვნა, რასაც ზურა შეეწინააღმდეგა. ჩიტაიას უარყოფით მახასიათებლებს დაემატა მისი არაკომპეტენტურობა, რომელიც დროებითი მუშაობის პერიოდში გამოავლინა. ქალბატონი სულაქველიძე პრინციპულად მაინც ითხოვდა ჩიტაიას დანიშვნას. ჩნდება კითხვა, _ რატომ? ზურაბ ყვავაძემ თამარ სულაქველიძეს აუხსნა, რომ თუ გააგრძელებდა ზეწოლას სასამართლოსთვის მიუღებელი კადრის დანიშვნაზე, ის სასამართლოს დატოვებდა, ფაქტს კი გაასაჯაროებდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ზურას, როგორც მოსამართლის გზიდან ჩამოშორება.

_ ეს ყველაფერი როგორ განხორციელდა და ვინ მონაწილეობდა ამ საქმეში?

_ გაიხსენეს მიძინებული დისციპლინური დევნის საქმე, რომელიც კარგად შეკერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ჩხოროწყუს სასამართლოში მივლინებულმა მარიონეტულმა კომისიამ. ეს უკანასკნელი მისვლისთანავე მოსამართლის მიმართ არაკეთილგანწყობილი გახლდათ, რაც განპირობებული იყო კომისიის წევრების უადგილო შეკითხვებით. მაგალითად, რამდენი წლის იყო ზურა, რამდენი წელი მუშაობდა მოსამართლედ და ა. შ. ეს ყველაფერი ზურასა და მის თანამშრომლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. აქტი, რომელიც კომისიამ შეადგინა, მოსამართლემ გაცნობის მიზნით მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო. როგორც გითხარით, სადისციპლინო საქმე მიძინებული იყო, რადგან ამ საქმის განხილვა დაიწყო, ჯერ კიდევ, 2010 წლის ნოემბერში და ორ თვეში უნდა დამთავრებულიყო. მასალების კოლეგიაში შესვლის დღიდან (საქართველოს კანონის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ 31-ე მუხლი) კანონით დადგენილი ვადის ამოწურვის გამო კოლეგია ვალდებული იყო, შეეწყვიტა საქმის წარმოება ზემოთ დასახელებული კანონის 36-3 მუხლის საფუძველზე, ან შეეჩერებინა ამავე კანონის 37-ე მულით, რაც მოსამართლისთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი, ასეთი კი არ მომხდარა. ჩემი ქმარი სამოსამართლეო უფლებამოსილებას ჩამოაცილეს ექვსი თვის შემდეგ, ცხრა თვის შემდეგ კი გაათავისუფლეს, რაც დარღვევაა! საქმის განხილვის დროს ზურამ კოლეგიას სამართლებრივად გამართული არგუმენტები წარუდგინა, მაგრამ იმთავითვე იგრძნობოდა, რომ გადაწყვეტილება წინასწარ ჰონდათ მიღებული. ზურამ პირდაპირ, იქვე გააჟღერა შესაძლო გადაწყვეტილებისა და აგრეთვე არალეგიტიმური კოლეგიის შესახებ, რამაც კომისია ძალზე გააღიზიანა. საქართველოს საერთო სასამართლოების, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ 24-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები არ შეიძლება იყვნენ კოლეგიის წევრებიც კი. კოლეგიის თავმჯდომარე, რომელმაც განიხილა ზურაბ ყვავაძის დისციპლინური დევნის საქმე, იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ლაშა კალანდაძე. იმ სასამართლოსი, სადაც თავმჯდომარე ბრძანდებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმჟამინდელი მდივანი, ვალერი ცერცვაძე, რაც თავისთავად დარღვევა იყო. საქმე, რომელზედაც ზურას ედავებოდნენ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, პასუხისმგებლობას კი, რატომღაც, ამას აკისრებდნენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო თუ მიიჩნევდა, რომ ამ საქმეზე დარღვევა მოხდა, მიემართა პროკურატურისთვის! ხსენებული საქმის გარდა ზურას არ ჰქონია გამოტანილი გადაწყვეტილება საქმეებზე, რომელიც პროკურატურამ, ან მხარემ გაასაჩივრა. ის საქმეც, როგორც გითხარით, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

_ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არ გიცდიათ, სამართალი გეპოვათ?

_ „ნაციონალური“ ავტორიტარული რეჟიმის, მათი მაღალჩინოსნების გულგრილობითა და უსამართლობით იმედგაცრუებულმა, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მივმართეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს, მთავარ პროკურორს, რომლის არაადეკვატური პასუხებით გავოცდით. ბუნებრივად ისმის კითხვა, _ არ იცოდნენ, თუ არ უნდოდათ ჭეშმარიტების დადგენა? ახალი ხელისუფლების მოსვლამდე მივმართეთ სახალხო დამცველს, მისი პასუხიც არაადეკვატური იყო, როგორც დანარჩენთა შემთხვევაში. გადავწყვიტეთ შეხვედრა ეკა ბესელიასთან. ჩვენს წერილს 6 თვე ბლოკავდა მისივე კომიტეტის თანამშრომელი, ქეთევან ლემსიწვერიძე. ეკა ბესელია ერთადერთი მაღალჩინოსანი აღმოჩნდა, რომელთანაც შეხვედრა მოხერხდა. ამ საქმეზე მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წერილი გააგზავნა, მაგრამ მის პასუხს წელიწადზე მეტია, უშედეგოდ ველოდებით. კარგი იქნებოდა, ქალბატონ ეკას გაეთვალისწინებინა, რომ ეს ის საბჭოა, რომელიც დაკომპლექტებულია უმეტესად ძველი კადრებით. ისინი უსიტყვოდ ასრულებდნენ კუბლაშვილისა და მისი გუნდის დაკვეთებს. კერძოდ, ლევან მურუსიძე ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია ზურაბ ყვავაძის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის რანგში ლევან მურუსიძეს რამდენჯერმე მივმართეთ. ერთ-ერთ მიმართვაში ვითხოვდით განემარტათ, რა კვალიფიკაცია შეიძლებოდა მიცემოდა როგორც მაღალჩინოსნის, თამარ სულაქველიძის მიერ მოსამართლეზე განხორციელებულ იმ ქმედებას, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ? აგრეთვე განემარტათ რამდენად სამართლიანი და კანონიერი იყო არალეგიტიმური კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც საბჭომ რეაგირების გარეშე და უპასუხოდ დატოვა? იუსტიციის საბჭოს საქმისადმი გულგრილობა და ინერტულობა გასაგებია, იმ ტოტს ხომ არ მოჭრიან, რომელზედაც სხედან?! ლევან მურუსიძის წარსულს შავ ლაქად გასდევს უამრავი უსამართლო დაკვეთის შესრულება. მისი ბიოგრაფია ნამდვილად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა მოინდომა და საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. ეს, უბრალოდ, ხალხის დაცინვაა.

ცოტა უხერხულია, ქვეყანას, რომელსაც სამართლიანობის აღდგენის პრეტენზია აქვს, კომპეტენტურ და პრინციპულ მოსამართლეზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი და რიგი უსამართლობები რეაგირების გარეშე რჩებოდეს. თუ ქვეყანაში სამართალი და ჭეშმარიტება ღირებულებას წარმოადგენს, მაშინ, როცა მოსამართლეები, რომლებიც კუბლაშვილებისა და მათი გუნდის უკანონო დაკვეთებს ასრულებდნენ და მიიჩნევიან დანაშაულის თანამონაწილეებად (გავიხსენოთ თუნდაც გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილისა თუ 200-მდე პოლიტპატიმრის საქმეზე გამოტანილი უკანონო განაჩენები), ხელშეუხებელნი არიან. საინტერესოა, რა იმუნიტეტი იცავს როგორც კუბლაშვილს, ისე მის მარიონეტ მოსამართლეებს?! არჩევნების პერიოდში კახა კალაძესაც შევხვდი, მოვუყევი ამ ყველაფერზე და წერილი გადავეცი, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. სამწუხაროდ, ნაოცნებარები დავრჩით, ეს არის რეალობა და სამართლიანობის აღდგენის ოთხწლიანი უშედეგო მცდელობა ყოფილი მოსამართლისგან, რომელიც უსამართლობის მსხვერპლი გახდა. ზურა ყველასთვის კარგად ცნობილი მოსამართლე იყო, რომელიც მიუკერძოებლობით, კომპეტენტურობითა და პრინციპულობით გამოირჩეოდა. სადაც იმუშავა, ყველგან თავისი კვალი დატოვა. მოსამართლედ მუშაობდა ქუთაისში, ცაგერში, ბაღდათში, ჩხოროწყუში… ელემენტარული სამართლებრივი ნორმაა, ადამიანს არ უნდა გაუუარესო პირობები. ღირსებაშელახული, ჯანმრთელობისა და ყოფითი პირობების გაუარესებით, ძირძველი ქუთაისელი, ახლა ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევში ცხოვრობს იმის გამო, რომ მამისეული სახლი ბანკში ჰქონდა ჩადებული, რომელიც მის ჯანმრთელობასა და ყოფით პირობებს შეეწირა. ადამიანს, როდესაც ნაადრევად უსწრაფებენ სიცოცხლეს, არ აქვს მნიშვნელობა, ტყვიას ესვრიან, ტერაქტს მოუწყობენ თუ მის მიმართ უსამართლო ქმედებით სიკვდილის პირას მიიყვანენ. როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას ასახელებდნენ, ჩამოთვლილი იყო აუცილებელი თვისებები, რომელიც მოსამართლეს უნდა ახასიათებდეს. მოსამართლე, რომელიც ამ ყველა თვისებით გამოირჩეოდა, უსამართლობამ და გულგრილობამ ინვალიდად აქცია!

 

                                                                                                            თამარ ბატიაშვილი