მამუკა ნოზაძე: „გორის სასამართლოს თავმჯდომარეს სამართლიანობის აღდგენა შენობაში ძაღლის ყეფა ჰგონია!“

jjujjjj

„ქრონიკა+“ აგრძელებს რუბრიკას `მხილების გვერდი~, რომელშიც ადვოკატი მამუკა ნოზაძე მკითხველს გააცნობს გორის სასამართლოს თავმჯდომარეს, ნიკოლოზ მარსაგიშვილს. რა ხდება გორში, რას საქმიანობს ბატონი მარსაგიშვილი და რატომ ფიქრობენ გორელები, რომ სასამართლო პროცესებზე ტრაგიკომიკური სპექტაკლები უფრო იმართება?

კონკრეტული ფაქტები კი იმ ინტერვიუში, რომელსაც მამუკა ნოზაძე „ქრონიკა+“-ს აძლევს:

_ საქართველოში დიდ პრობლემას წარმოადგენს მოსამართლეების შერჩევა, რადგან ამისთვის არ არის დადგენილი წესი, კრიტერიუმები და პირობები, რომელსაც მოსამართლეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. მარტო ის, რომ მას უმაღლესი განათლება ჰქონდეს, ჩააბაროს მოსამართლის გამოცდები და გაიაროს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, არასაკმარისია. მოსამართლეობა საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა და იქ უნდა ინიშნებოდეს პირი, რომელიც შინაგანად არის დამოუკიდებელი, აქვს კრიტიკული აზროვნების უნარი და, აქედან გამომდინარე, ვერ გახდება მხოლოდ გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი ნორმების გადამწერი.

ასევე მას უნდა ჰქონდეს ფართო ცოდნა და შეფასების უნარი. ჩვენთან კი რა ხდება?! _ მოსამართლეების 99%-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად ფაქტის, სიტუაციის შეფასება. ჩემი საადვოკატო პრაქტიკიდან მხოლოდ რამდენიმე მოსამართლე შემიძლია დავასახელო, რომელთაც შეძლეს შესაბამისი ანალიზის გაკეთება. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში იყო მოსამართლე ნათია წკეპლაძე, რომელმაც შრომით დავებზე _ საჯარო სამსახურიდან ადამიანების განთავისუფლებაზე _ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გამოიტანა, გააკეთა კრიტიკული ანალიზი ისტორიულ-სამართლებრივ-ეკონომიკურ-სოციალურ ჭრილში და მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ქვემდგომმა სასამართლოებმა. უმრავლეს შემთხვევაში კი მოსამართლეები წერენ ტრაფარეტულ გადაწყვეტილებებს.

ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილებების გადამწერი მოსამართლეა გორის სასამართლოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ მარსაგიშვილი, რომელსაც, ბევრი კოლეგის მსგავსად, განსჯის უნარი არ გააჩნია და მონური მორჩილებით გამოირჩევა. გადაწყვეტილებები ისე გამოაქვს ზოგად არგუმენტებზე დაყრდნობით, რომ რეალობასთან ახლოსაც კი არ დგას. ეს ადამიანი 2008 წლიდან გორის სასამართლოს თავმჯდომარეა, მანამდე კი მუშაობდა გორის რაიონის პროკურატურაში. სხვათა შორის, ბოლო წლებში გაჩნდა ტენდენცია, რომ მოსამართლეებად ინიშნებოდნენ პროკურატურაში ნამუშევარი კადრები.

 

_ ეს ტენდენცია რას ემსახურებოდა?

_ ასეთი იყო სახელმწიფოებრივი მიდგომა, რადგან ფიქრობდნენ, რომ პროკურატურასთან დაახლოებული მოსამართლე ამ სისტემის ინტერესებს უკეთ გაითვალისწინებდა. სასამართლოში ფორმალურად არსებობს შეჯიბრებითობის პრინციპი, თორემ ფაქტი და რეალობა არის ის, რომ მოსამართლეების უმრავლესობა პროკურატურის კადრია და ისინი მიდრეკილნი არიან პროკურატურის ინტერესების გატარებისკენ. პროკურორებს საოცრად დაუსაბუთებელი შუამდგომლობები შემოაქვთ, თუმცა მოსამართლეები მაინც მათ ინტერესებს ითვალისწინებენ. სახელმწიფო ნება რომ არ ყოფილიყო, მარსაგიშვილი და მისი მსგავსი ადამიანები მოსამართლეები ვერ გახდებოდნენ. პროკურატურის კადრების სასამართლოში დანიშვნა უშუალოდ ზურაბ ადეიშვილთან შეთანხმებით ხდებოდა და ისინიც დაუღალავად ასრულებდნენ და ხელს აწერდნენ იმ უკანონობებს, რაც 9-წლიანი რეჟიმის დროს ხდებოდა. საკმაოდ ბევრი სასამართლოს თავმჯდომარეა ყოფილი პროკურორი და ეს ჩემს ნათქვამს ასაბუთებს. პროკურორად არის ნამუშევარი მცხეთის სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძეც და ისინი მართლაც ასრულებდნენ პროკურატურის დავალებებს.

არც ერთ დემოკრატიულ სასამართლო სისტემაში მოსამართლე ნორმების გადამწერი არ არის. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში შეიმჩნევა, რომ იქ უწვრილმანეს დეტალებსაც კი აფასებენ, მტკიცებულებები თუ ექსპერტიზის დასკვნები რამდენად შეესაბამება რეალობას, აქ კი ასეთი რამ არავის აინტერესებს. საქართველოში ნახავთ მოსამართლეთა გადაწყვეტილებებს, სადაც მხოლოდ მოყვანილია მოწმის გამონათქვამები და ექსპერტიზის დასკვნა. საქმის დეტალებს არ წვდებიან და ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება გადაწყვეტილება თუ განაჩენი. ამ დროს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები არის ვრცელი, სადაც დაწვრილებითაა გაცემული პასუხი ბრალდებისა და დაცვის მხარეების არგუმენტებზე. არც ერთ მხარეს არ რჩება შეგრძნება, რომ სასამართლომ რომელიმეს უპირატესობა მიანიჭა. საქართველოში კი სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განაჩენების დასაბუთების პრობლემაც დგას. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეებს უტარდებათ ტრენინგები, ამისთვის იწვევენ უცხოელ სპეციალისტებს და იხარჯება დიდი თანხა, მათი ინტელექტუალური დონე მაინც ვერ ამაღლდა.

ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და კონვენციის მე-5 მუხლი მოითხოვს, რომ პირს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა შეეფარდოს პატიმრობა აღკვეთის ღინისძიების სახით. თუ დანაშაული არ არის ძალადობრივი, არ შეიძლება ყველაფერზე დაპატიმრება. ასეთ დროს მიიჩნევა, რომ სასამართლო ადამიანს სწირავს სამომავლო პატიმრობისთვის, რადგან შემდგომში მოსამართლეს უკვე ეშინია პატიმრობაში მყოფი ადამიანის დარბაზიდან განთავისუფლება. ევროპული სასამართლო პირდაპირ ეუბნება მოსამართლეებს და მათი გამოტანილი გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ ცხადყოფს, რომ არ შეიძლება, ადამიანს ყოველთვის შეუფარდო წინასწარი პატიმრობა, მაგრამ მოსამართლეები ნიკოლოზ მარსაგიშვილი, ნინო გერგაული და სხვები ამ პრინციპებს არ ითვალისწინებენ და პროკურატურის ნება-სურვილების ტყვეებად არიან ქცეული. თუ აღკვეთის ღონისძიების დროს პროკურატურა გირაოდ 5 ათას ლარს ითხოვს, მოსამართლეები ფორმალურად 1000 ლარს უკლებენ, მაინც პროკურატურის მხარეს იხრებიან და პიროვნებებს არაგონივრულად უფარდებენ გირაოს თანხას.

_ ფაქტებით ვისაუბროთ, რა გადაცდომები აქვთ კონკრეტულ მოსამართლეებს? რა სახის უსამართლობები ხდება ქართულ  სასამართლოებში?

_ ნიკოლოზ მარსაგიშვილს არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანია. წარმოუდგენელია, 6-7 წელი იყო მოსამართლე და პროკურატურის გამოძიებული ყველა საქმე ისეთი გამართული გეჩვენებოდეს, კითხვის ნიშნები არ გაგიჩნდეს.

ახლა უცნაურ და ცოტა კომიკურ სიტუაციაზე მოგიყვებით: გორის სასამართლოს შენობაში ჰყავთ მეცხვარის ჯიშის ძაღლი. გაირკვა, ძაღლები ჰყავთ სასამართლოს კიდევ რამდენიმე შენობაში და ეს ცხოველები იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელების კუთვნილებაა. მათი გაზრდა-პატრონობა რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეებმა ითავესო. სასამართლო არის სახელმწიფო დაწესებულება, ის მიიჩნევა მესამე ხელისუფლებად და იქ ძაღლის ყოფნა როგორ შეიძლება?! წარმოგიდგენიათ, რომ პარლამენტში, მთავრობის კანცელარიაში, ან რომელიმე სამინისტროში, სახელმწიფო ბალანსზე არსებულ შენობაში, ძაღლები ჰყავდეთ? ეს იქნება ნონსენსი და ცხადია, ამ შემთხვევაშიც ასეა. გორის სასამართლოში, პროცესების დროს, ეს ძაღლი გამუდმებით ყეფს და მისი ხმა დარბაზებში შემოდის. დავინტერესდი, რა სამართლებრივი საფუძვლით ჰყავდათ ძაღლი სასამართლოს შენობაში და ვინ უზრუნველყოფდა მის კვებას? წარმოუდგენელია ევროპის _ გერმანიისა და საფრანგეთის _ სასამართლოების შენობებში ძაღლი რომ ჰყავდეთ. მას შესაბამისი მოვლა-პატრონობა და მცოდნე ადამიანი სჭირდება და ეს შტატიც უნდა არსებობდეს. თუ ასე არ არის, ე. ი. სხვა პირის შრომას იყენებს სასამართლოს თავმჯდომარე ძაღლის მოსავლელად, რაც დაუშვებელია.

2015 წლის 15 აპრილს მივმართე გორის სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ სასამართლოს შენობაში ხშირად მიწევდა ყოფნა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად, რა დროსაც შემოდიოდა ძაღლის ყეფა. ეს არის შემაწუხებელი და საქმიანობაში ხელის შემშლელი-მეთქი. მოწმის დაკითხვის დროს, ან პროცესზე საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებისას ძაღლის მონოტონური ყეფა ძალიან არასერიოზულია. მარსაგიშვილისგან ასევე მოვითხოვე განემარტა, თუ ვინ უზრუნველყოფდა ძაღლის კვებას და ეს ყველაფერი რა სამართლებრივ საფუძველს ემყარებოდა. ერთი თვის განმავლობაში არ მიპასუხეს და როცა მეორედაც მივმართე იგივე მოთხოვნით, არაადეკვატური პასუხი გამომიგზავნეს: სასამართლოს შენობის ფანჯრები გადის გარეთ და ბუნებრივია, რომ ხმაურმა შეიძლება შემოაღწიოს სხდომათა დარბაზში. ასეთი შემთხვევებისგან არავინ არის დაზღვეულიო. მე ვუხსნი, ძაღლის ყეფა მაწუხებს-მეთქი და სასამართლოს მენეჯერი, ვინმე დიოგენე დოლიძე, მპასუხობს, შეიძლება ხმაური გარედანაც შემოვიდესო. მათ ისიც მითხრეს, რომ, თითქოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი პუნქტის `ბ~ ქვეპუნქტის მიხედვით ჩემ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია საჯარო არ არის. არ ვიცი, რამდენად შეიძლება სასამართლოს შენობაში მყოფი ძაღლის შესახებ ინფორმაცია საიდუმლო იყოს, მაგრამ მაინც ასე მომწერეს.

_ თქვენ მითხარით, რომ სასამართლოს შენობებში მყოფი ძაღლები იუსტიციის საბჭოს წევრების არისო და ხომ ვერ დაასახელებთ კონკრეტულად, ვის გულისხმობთ?

_ ძაღლი ჰყავთ ბათუმის სასამართლოს შენობაშიც. ჩემი წყაროებით გავიგე, რომ ეს ძაღლები იუსტიციის საბჭოს თანამშრომლების არის. საჯარო დაწესებულებაში ცხოველის ყოფნას სჭირდება სამართლებრივი საფუძველი და ცხადია, თანხებიც, რომელიც მის მოვლას მოხმარდება. უნდა გაირკვეს, რა სახსრებს ხარჯავენ ამ ძაღლების მოვლა-პატრონობისთვის. ვინ ბანს, კვებავს, ჰაერზე ვინ დაასეირნებს, ვის სცალია სასამართლოში ამისთვის, როცა უამრავი დაუსრულებელი საქმე აქვთ და საშველი ვერ დაუყენებიათ?! ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესაც მივმართე, რომელიც არის იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიმიღია.

_ ტრაგიკომიკური ფაქტებიდან, იქნებ, უფრო სერიოზულ ბრალდებებზე გადავინაცვლოთ?!

_ მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა განიხილა აღკვეთის ღინისძიების საკითხი არაძალადობრივ დანაშაულთან მიმართებით. ეს იყო მრავალბრალდებულიანი საქმე, სადაც ერთ-ერთი პირის ინტერესებს ვიცავდი. პროკურატურამ საერთოდ ვერ დაასაბუთა შუამდგომლობა, თუ რატომ უნდა მიეცათ ეს პიროვნება პასუხისგებაში. პასუხისგებაში მიცემა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ცნობილია, რომ ის ხელს შეუშლის გამოძიებას სამართლიანობის დადგენაში, ან დაემალება სამართალს. პროკურორის მოთხოვნაც უნდა იყოს დასაბუთებული, მაგრამ ასე არ ყოფილა. ამის გამო მოსამართლეს მიუთითეს კიდეც სხდომაზე ევროპულ სასამართლოში არსებულ პრაქტიკაზე, მაგრამ მან მაინც დააპატიმრა ეს ადამიანი.

სხვათა შორის, მარსაგიშვილი გახლავთ სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარე, რომელიც წინააღმდეგობას უწევს უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს სისტემური რეფორმების გატარებაში. მოგეხსენებათ, ნინო გვენეტაძეს უნდა, რომ შემოიღოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების სუბიექტი გახდება და მოსამართლეების მხრიდან დარღვევების დროს განახორციელებს მოსამართლეების შესაბამის დევნას. გვენეტაძეს ასევე უნდა, რომ სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნა კი არა, მათი არჩევა ხდებოდეს, რაზედაც ზოგიერთი ასევე ეწინააღმდეგება და ნიკოლოზ მარსაგიშვილიც წარმოადგენს სასამართლო სისტემის იმ აგრესიულ უმრავლესობას, რომელიც სიახლეებს ხელს უშლის. მათ არ უნდათ, რომ სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს ის პირი, რომელსაც მოსამართლეები თავად აირჩევენ. ის მოსამართლეები, რომლებიც ხელისუფლების დაკვეთების შესასრულებლად არიან დანიშნული ამ პოსტებზე, საზოგადოებისთვის წარმოადგენენ საშიშროებას. რამდენიმე დღი წინ გორის რაონის სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძემ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის 260-ე და 231-ე მუხლებით მოქალაქე კუკური ნოზაძე. 260-ე მუხლი გულისხმობს ნარკოტიკული ნივთიერების  გადატანას, 231-ე კი იარაღის ტარებას, მაგრამ საქმის მასალებიდანაც მტკიცდება, რომ მას მარიხუანა და ხელყუმბარა, რისთვისაც ასეთი სასჯელი გამოუტანეს, ჩაუდეს.

_ საიდან მტკიცდება, რომ ნარკოტიკული ნივთიერება და იარაღი პოლიციამ ჩაუდო?

_ საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პოლიციელმა დაწერა პატაკი, თითქოს მიიღო ინფორმაცია: კუკური ნოზაძეს, რომელიც იმ პერიოდში გადაადგილდებოდა ხაშური-საჩხერის მიმართულებით, ჰქონდა იარაღი და ნარკოტიკი. პოლიციაში უნდა დაფიქსირდეს ასეთი პატაკის შესვლის დრო, მერე უნდა დააწერონ კონკრეტულ გამომძიებელს, შემდეგ დაკითხონ ის პირი, ვინც პატაკი შეადგინა, შექმნან ჯგუფი, რასაც უნდა გარკვეული დრო. ამ პერიოდში ეს კაცი თუ გორიდან მიდიოდა ხაშურში, აუცილებლად მოასწრებდა ადგილზე ჩასვლას, მაგრამ მოსამართლეს ამ დეტალებზე ყურადღება არ გაუმახვილებია, თუმცა აქედანაც ჩანს, რომ სინამდვილეში აქ რაღაც სხვა მოხდა.

სინამდვილე კი არის ის, რომ კუკური ნოზაძე გააჩერეს, ჩაუდეს ფეთქებადი ნივთიერება ხელყუმბარის სახით, ნედლი მარიხუანა და შემდეგ ეს ნივთმტკიცებებად თავადვე ამოიღეს. დაკავების დროს ნოზაძეს მანქანაში ედო მედიკამენტები აბების სახით, რომელიც, რატომღაც, არ ამოუღიათ. საქმე ის არის, რომ არც ჩხრეკის ოქმში მიუთითეს ნოზაძის ავტომანქანაში აბების არსებობა. ეს პიროვნება არის ავად და თან ამიტომაც ჰქონდა მედიკამენტები, მაგრამ ჩხრეკის დროს ისიც აუცილებლად უნდა ამოეღოთ. სასამართლოზე ეს დარღვევა იმით ახსნეს, რომ მედიკამენტები აბების ფორმის იყო და ნარკოტიკზე, თურმე, ამიტომ არ შეეპარათ ეჭვი, მაგრამ „სუბუტექსი“ აბის ფორმის არ არის?! ხომ შეიძლებოდა, ეს სწორედ „სუბუტექსი“ ყოფილიყო და ექსპერტიზა ხომ უნდა ჩაეტარებინათ? აქედან ნათელია, რომ რაც ჩაუდეს, ის ამოიღეს. ჩხრეკა დროულად არც დაკავებულის საცხოვრებელში ჩაუტარებიათ. ადამიანი, რომელიც ნარკოტიკის გადატანაშია შემჩნეული, შეიძლება ნარკოტიკს სახლშიც ინახავდეს. პროცესზე პოლიციელს ვკითხე, _ ნოზაძეს რომ მისდევდით, მას ხომ შეეძლო, ის ნივთი მოეცილებინა, რომელიც უკნონოდ მიჰქონდა-მეთქი? მიპასუხა, _ რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჰქონდაო.

საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ამ ადამიანს ხელმყუმბარა ჰქონდა და ის ამოიღეს, მაგრამ მასზე ხომ უნდა ჩატარებულიყო დნმ-ის ანალიზი? ვაზაგაშვილის საქმეც ასე არ გახსნეს? თუმცა მოწმე-გამომძიებელმა და პროკურორმა განაცხადეს, ჩვენ არ გვაინტერესებდა ექსპერტიზაო. სისხლის სამართლის პრინციპი გახლავთ ის, რომ მარტო პირის გამამტყუნებელი გარემოებები კი არ ეძებო, არამედ მისი გამამართლებელი ფაქტებიც. გამოძიების ვალდებულებაა, საქმეზე დაადგინოს ობიექტური ჭეშმარიტება. მაგრამ მოსამართლემ სხდომაზე განაცხადა, პოლიციელის ჩვენება სასამართლო პრაქტიკით უტყუარად ითვლება, ის ნდობით სარგებლობს და მისი ჩვენების კრიტიკა არ შეიძლებაო. ამ კომენტარებს სჭირდებოდა მოსამართლისგან კრიტიკული ანალიზი, რაც არ მომხდარა. ამიტომ ვაცხადებ: ასეთ სასამართლოში მე, თქვენ თუ ნებისმიერი პირი განწირული ვართ უსამართლო მსხვერპლშეწირვისთვის. ღმერთს უნდა ვევედრებოდეთ, რომ პოლიციელმა არაფერი დაგვაბრალოს, თორემ მერე მოსამართლე უაპელაციოდ მიიღებს უტყუარ მტკიცებულებად. საქართველოში მოწმის ინსტიტუტიც აღარ არსებობს, რომ ვინმემ დაადასტუროს ჩვენი სიმართლე. თუ არაფერი შეიცვალა, განწირულები ვართ!

 

                                                                                                 ნელი ვარდიაშვილი