ვინ არის გურიის ახალი გუბერნატორი და რატომ აფინანსებდა პრემიერის სიმამრი?!

raddis

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მთავრობას განმეორებით გამოუცხადა ნდობა, გურიის მხარის გუბერნატორად დაინიშნა ყოფილი პოლიტპატიმარი, გია სალუქვაძე. „ქრონიკა+“-თან მოძრაობა „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი, ნატალია ხოხიაშვილი იხსენებს გაჩინოსნებულ სალუქვაძესთან მუშაობის პერიოდს და არც სკანდალური განცხადებების გაკეთებას ერიდება გურიის ახალ გუბერნატორზე.

ნატალია ხოხიაშვილი:

_ საკადრო პოლიტიკაში ხელისუფლებას უჭირს. რამდენიმე კვირის წინ დანიშნულ გურიის გუბერნატორს, გია სალუქვაძეს, მავანი ხელისუფლების მიღწევად მიიჩნევს, თუმცა ახლა რასაც მოგიყვებით, დარწმუნდებით, რომ ასე არ არის:

როცა სალუქვაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააპატიმრეს, „სახალხო კრების“ წევრი იყო. მისივე თქმით, თურმე, ბათიაშვილზე ინფორმაციას სთხოვდნენ და ამიტომ აიყვანეს. იგი ზურაბ ნოღაიდელის პარტიაში _ „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ გავიცანი, სადაც თავიდან თერჯოლის ორგანიზაციას ვხელმძღვანელობდი, სალუქვაძე კი _ ვაკე-საბურთალოს ორგანიზაციას. მოგვიანებით, მის ადგილზე გადმომიყვანეს და სალუქვაძე გახდა ჩემი უშუალო უფროსი. ამავდროულად, იგი პარტიის სარევიზიო კომისიის წევრიც იყო. როცა პოლიტიკაში და პარტიაში მიდიხარ, უნდა ცდილობდე, პარტიამ წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ, რატომღაც, ნოღაიდელის პარტიაში ბევრი არ ფიქრობდა ასე. ნოღაიდელი ენდობოდა მეგობრებს, მაგრამ, საბოლოოდ, მათ უღალატეს. ცხადია, ვგულისხმობ რამდენიმე ადამიანს, რომელთა შორის გია სალუქვაძე და სერგო ჯავახიძეც არიან. სწორედ ჯავახიძე გახდა შემდგომ მისი პარტიის ხელმძღვანელი.

_ გია სალუქვაძესთან თავიდანვე ცუდი ურთიერთობა გქონდათ და ახლა ასე ამიტომ ლაპარაკობთ?

_ არა, რას ამბობთ? როცა საბურთალოს ორგანიზაციაში გადავედი, მაშინ „კარდაკარის“ გამოკითხვა ტარდებოდა, რასაც პარტიამ კარგად გაართვა თავი. მერე თვითმმართველობის არჩევნები მოახლოვდა. ორგანიზაციის მუშაობისთვის საკმაოდ დიდი თანხა გამოიყო, მაგრამ მხოლოდ ნაწილი ხმარდებოდა საქმეს, დანარჩენი ვიღაცების ჯიბეებში მიდიოდა. საეჭვო ფაქტების აღმომჩენები ავიდნენ კიდევაც პარტიის ცენტრალურ ოფისში და დეტალურად ილაპარაკეს, თუმცა მაშინ მიმაჩნდა, რომ არჩევნების წინ ასეთ რამეზე საუბარი არ შეიძლებოდა.

ზურაბ ნოღაიდელს უნდოდა, რომ წინასაარჩევნოდ, თითოეულ უნბანზე, 10 აგიტატორს ემუშავა. მათი ხელფასი იქნებოდა თვეში 100 ლარი. ამ საკითხს მე ვკურირებდი და ჩემ გარეშე აგიტატორს ვერავინ ვერსად გაუშვებდა. ერთხელ ჩემთან მოვიდა ოფისის ერთ-ერთი თანამშრომელი და მითხრა: გია სალუქვაძემ გთხოვა, მართალია, ათკაციან სიებს ვამზადებთ, მაგრამ სამი-ოთხი კაცი ამუშავე უბანზე, 10 ადამიანის საქმე შეასრულონ, დარჩენილი თანხა კი არჩევნების შემდეგ გავინაწილოთო. მე სალუქვაძესთან უარი დავაბარე, თუმცა მოხდა ისე, რომ მერე ნოღაიდელმა ათკაციანი სიები აღარ დააფინანსა, რაც მისი გადაყენების მიზეზი გახდა. ფულის დაზოგვა და შემდგომ მითვისება მხოლოდ სალუქვაძის გადაწყვეტილება არ ყოფილა. ჯავახიძე ისანი-სამგორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, სადაც უბნები 10-10 აგიტატორით დაკომპლექტდა. ამ რაიონში მიღებული ხმები დავითვალეთ და ის აგიტატორების რაოდენობასაც ვერ აჭარბებდა. ეტყობა, ნოღაიდელი მიხვდა, რომ მისი ფულით სხვები სარგებლობდნენ და ამიტომ აღარ გაიღო ფინანსები. სხვათა შორის, პირველად სწორედ სალუქვაძისგან გავიგონე, რომ თურმე პოლიტიკაში არ არსებობს მეგობრობა და იქ არიან მხოლოდ პარტნიორები. ის ნოღაიდელის პარტიის შემდეგ „სახალხო კრებაში“ წავიდა, თუმცა იქიდანაც მოდიოდა მის შესახებ მსგავსი ხმები.

_ აგიტატორები არ ითხოვდნენ დაპირებულ თანხას?

_ ამ თანხებს მუდმივად ითხოვენ. ნოღაიდელის პარტიის დაშლის მერე მეც „სახალხო კრებაში“ მივედი. ერთხელაც ბახმაროდან სერგო ჯავახიძე დამიკავშირდა, რომელიც გია სალუქვაძესთან იყო და მითხრა, რომ ყველას აწუხებდა აგიტატორთა ანაზღაურება. ამ საქმეში მათ გვერდით დგომას მთხოვდა, რომ გვეიძულებინა ნოღაიდელი, ჩაეტარებინა რიგგარეშე ყრილობა და მისთვის თანხა მოგვეთხოვა. ნოღაიდელმა ყრილობის ჩატარებაზე უარი განგვიცხადა და დაგვპირდა, რომ შემოდგომით ფულს გადაიხდიდა, მაგრამ არ გააკეთა. სალუქვაძე მუდმივად მთხოვდა ნოღაიდელის გადაყენებაში გვერდით დგომას. ვფიქრობდი, რადგან პარტიას დაფინანსება ჰქონდა, მისი გადაყენების შემდეგ შესაძლებელი გახდებოდა ვალის გადახდა.

_ როგორ მახსოვს, მაშინ პირადად გამოდიოდით კიდევაც ნოღაიდელის წინააღმდეგ და ახლა ამბობთ, რომ ამას სალუქვაძის თხოვნით ვაკეთებდიო?

_ დიახ, ამაზე ახლა პირველად ვლაპარაკობ: იმ ტექსტებისა და ინფორმაციის უკან, რომელსაც მაშინ ვახმოვანებდი და ეხებოდა პარტიის შიდა სამზარეულოს, გია სალუქვაძე იდგა. ამის გამო ნოღაიდელმა ვანო მერაბიშვილის აგენტად მომნათლა, თუმცა სალუქვაძეს ამ ინფორმაციების გაჟღერებაზე იმიტომ დავთანხმდი, რომ ყოფილი აგიტატორების დაუფასებლობა ძალიან მაწუხებდა. ისინი ქარსა და წვიმაში დადიოდნენ კარდაკარ, რაშიც ანაზღაურება არ მიუღიათ. 325 ათას ლარზე გაცილებით მეტი იყო გადასახდელი. გიას ვეუბნებოდი, _ ეს ნაბიჯი რომ გადავდგა და ნოღაიდელის წინააღმდეგ რამე ვთქვა, ის აუცილებლად გამოვა და საპირისპიროს იტყვის, ხალხი კი მას დაუჯერებს, რადგან ყოფილი პრემიერია-მეთქი. როცა ისეთ ფიგურაზე იწყებ ლაპარაკს, როგორიც მაშინ ნოღაიდელი იყო, ვინმე ზურგსაც უნდა გიმაგრებდეს. სალუქვაძის ბიძგი და შეგულიანება რომ არ მქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ ნოღაიდელისგან „გადაგდებული“ ხალხის ბედი ძალიან მაწუხებდა, მსგავს ნაბიჯს მაინც არ გადავდგამდი. ბოლოს საქმე სასამართლომდე მივიდა და ნოღაიდელმა აღსრულების წესით ეს ფული გადაიხადა, თუმცა აგიტატორებს კუთვნილი თანხა არ დარიგებია.

_ ნოღაიდელმა თუ გადაიხადა, ვინ წაიღო თანხა?

_ ექსკლუზიურად გეუბნებით: იმ აგიტატორებიდან, რომლებიც ანაზღაურების გარეშე დატოვეს, ბევრი ჩემი მეგობარი იყო და მათ წინაშე თავს საშინლად ვგრძნობდი. იმ ყრილობის წევრი მეც ვიყავი, რომელზედაც ნოღაიდელი გადავაყენეთ. თავმჯდომარე კი სერგო ჯავახიძე გახლდათ. ახლა ძალიან ვნანობ, ამ ადამიანს გვერდით რომ დავუდექი. თანხების საკითხზე სასამართლო ორ წელს გაგრძელდა, რასაც მოყვა ნიღაიდელის ქონების აღსრულების წესით გაყიდვა და 2012 წლის აგვისტოში 2000019 ლარი სერგო ჯავახიძის პარტიის ანგარიშზე დაჯდა. ეს ფული მას უნდა დაერიგებინა, მაგრამ არ დარიგებულა. ამ საკითხზე პროკურატურაში წერილებისა და განცხადებების წერით დავიღალე. ჯავახიძემ, ალბათ, 2012 წლის არჩევნებისთვის გამოიყენა ეს ფული.

_ რასაც ახლა ამბობთ, _ ნოღაიდელის ყოფილი პარტიის ყოფილ აგიტატორებს ეს თანხები დღემდე არ მიუღიათო, ამას ეს ხალხი თუ დაადასტურებს?

_ ნათქვამზე პასუხს ვაგებ! ეს თანხები არ აუღიათ: თერჯოლის, ვაკის, საბურთალოს, გორის, საჩხერის, ჭიათურის, ისნის, სამგორის, კრწანისის, გურიის ორგანიზაციის ყოფილ აგიტატორებს. ბოლო მიმართვა 2015 წლის 6 მარტს გაკეთდა და ხელისუფლებას ჯავახიძის მიმართ გამოძიების დაწყებისკენ მოვუწოდეთ. მანამდე სალუქვაძე მეუბნებოდა, რომ რაონებიდან მასაც უკავშირდებოდნენ და სთხოვდნენ ფულს. ახლა რატომ არ უკავშირდებიან და რატომ არ ლაპარაკობს დღეს ამაზე, მით უფრო გურიის გუბერნატორი გახდა და ამ რაონშიც ბევრი დაზარალებული ჰყავს პარტიას? 2012 წლის არჩევნების შემდეგ სალუქვაძეს ეს თანხა აღარ მოუკითხავს.

_ რას ფიქრობთ, რატომ გაჩუმდა ამ საკითხზე სალუქვაძე? 

_ ახლა კიდევ უფრო საინტერესო ამბავს გავიხსენებ გურიის ამჟამინდელი გუბერნატორის ირგვლივ და რასაც ვფიქრობ, ბოლოს ვიტყვი: ახალი ხელისუფლების პერიოდში პოლიტპატიმრებმა სპორტის სასახლეში ჩაატარეს ყრილობა _ „სამართლიანობა უნდა აღდგეს, რეჟიმი უნდა გასამართლდეს“. „ქრონიკა+“-ში ცოტა ხნის წინათ დაიბეჭდა ნანა კაკაბაძის ინტერვიუ, სადაც მან ხელი დაადო გია სალუქვაძეს და განაცხადა, რომ მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი სალუქვაძეს სთხოვდა ყრილობის ჩაშლას. ერთ-ერთი მე ვარ, ვისაც მაშინ სალუქვაძემ კაკაბაძის ოფისში ასეთი რამ მითხრა: ნანა გენდობა, შენთან კარგი ურთიერთობა აქვს, ამ ყრილობის ჩატარება ხელისუფლებას არ უნდა და იქნებ, დაიყოლიო, რომ ყრილობა არ შედგესო. მას ვუთხარი, რომ ეს იყო ხალხის მოთხოვნა და მათ მეც ვეთანხებოდი. სალუქვაძემ მიპასუხა, _ ხელისუფლებასთან მქონდა შეხვედრები და ეს აზრიც მათგან მოდის, ახალ ორგანიზაციას ვაკეთებ, სადაც შენც მყავხარ ნაგულისხმებიო. ასე უნდოდა ჩემი მოთაფვლა, მაგრამ მას როგორ დავუჯერებდი? ფაქტი ის არის, რომ მას ხელისუფლებისგან დავალებული ჰქონდა, ყრილობა ჩაეშალა. ყრილობა მაინც ჩატარდა, სადაც სალუქვაძე არ მოსულა.

_ ამ ყრილობის წინ ნანა კაკაბაძემ დამირეკა და მთხოვა, მის ოფისში მივსულიყავი. იქ მან მითხრა, რომ ოფისს უთვალთვალებდნენ და იმ ავტომანქანის ფოტოსურათიც გადმომცა, საიდანაც სავარაუდოდ ხდებოდა თვალთვალი. მაშინ კაკაბაძეც შს სამინისტროს ადებდა ხელს. ე. ი თვალთვალის ვერსიაც სიმართლე იყო?

_ დიახ. ოფისში სათვალთვალო კამერებიც ვიპოვეთ, საიდანაც ამ ყრილობის დეტალები მათთვის წინასწარ გახდა ცნობილი და სალუქვაძეც ამიტომ მოგზავნეს. ჩნდება კითხვა: ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობის დაპირებით მოვიდა ქვეყნის სათავეში, რატომ ცდილობდა ასეთი ყრილობის აღკვეთას? ხელისუფლების დამსახურებით მოხდა ისიც, რომ პოლიტპატიმრების ჯგუფები დაიქსაქსნენ და დღემდე ერთად არ არიან. ალბათ ესეც მომავალ კოჰაბიტაციას უკავშირდებოდა. ამის შემდეგ სალუქვაძის ნათქვამი გამართლდა ახალი ორგანიზაციის შემქნაზე. ყაზბეგის ქუჩაზე იქირავა ოფისი, მოაწყო და აიყვანა სტაფი.

მანამდე, როცა სალუქვაძე დააპატიმრეს, მის ამბებს გამუდმებით ვკითხულობდი. მას 4 პატარა შვილი ჰყავს და მამის გარეშე მეცოდებოდნენ. მეუღლე და და მეუბნებოდნენ, რომ ძალიან უჭირდათ, თუმცა პოლიტპატიმრის სტატუსით გამოსულმა საკმაოდ ძვირადღირებული „მერსედესი“ შეიძინა და როგორც გითხარით, ოფისიც მოაწყო. ის არც მალავდა ღარიბაშვილთან კავშირებს. საერთო ნაცნობებისგან ხმები მოდიოდა, _ ჯიპი პირადად ღარიბაშვილმა მაჩუქა, ორგანიზაციას კი თამაზაშვილის მეგობარი მიფინანსებსო. ვიკვლევთ `ნაციონალური მოძრაობის~ არამიზნობრივ ხარჯებს, ვსაუბრობთ სამართლიანობის აღდგენაზე, ვითვლით სააკაშვილის პალტოებს, ბაჩო ახალაიას ბენზინის ხარჯებს და რატომ იმის გარკვევით არავინ ინტერესდება, შსს გია სალუქვაძეს რა თანხებით აფინანსებდა?! თუ სალუქვაძე ღარიბაშვილ-თამაზაშვილთან კავშირებს უარყოფს, ე. ი. სერგო ჯავახიძემ გაუნაწილა ის ფული, რომელიც ნოღაიდელისგან მიიღო? ალბათ ჯავახიძეც იმიტომ გრძნობს თავს მშვიდად, რომ სალუქვაძის სახით ხელისუფლებაში კაცი ჰყავს. ჩემი განცხადების გამოც ამიტომ არავინ იწუხებს თავს და ჯავახიძეს კი არა, არც მე მიბარებენ დაკითხვაზე. ჩემი განცხადება აწერია ვინმეს თორნიკე ნადირაძეს პროკურატურის ფინანსურ განყოფილებაში, მაგრამ სამი თვის მანძილზე ერთხელაც ვერ მოვახერხე მასთან დაკავშირება. სერგო ჯავახიძემ პარტიის საბიუჯეტო თანხები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და ეს დოკუმენტურად წარვადგინე. სამი წლის განმავლობაში 2 მილიონ ლარამდეა ამ პარტიის ანგარიშებზე ბიუჯეტიდან გადარიცხული…

_ ზურაბ ნოღაიდელი რატომ არ კითხულობს, აგიტატორების თანხა რომ გადამახდევინეს, მიზნობრივად რატომ არ წავიდაო?

_ ნოღაიდელმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა და გამოძიებაც დაწყებულია. წესით, უნდა დავკითხულიყავი, მაგრამ ამის გამოც არავის დავუბარებივარ. ჩემი ეჭვია, რომ სალუქვაძეს ის ფული, რომელიც ციხიდან გამოსვლის მერე გაუჩნდა, ან ღარიბაშვილისგან აქვს, რადგან ამბობს, რომ მის სიმამრთან ერთად იჯდა ციხეში და მეგობრობდნენ, ანდაც ჯავახიძემ გაუყო.

გია სალუქვაძეს ვეუბნები: თუ ჩემს ნათქვამში ერთი სიტყვა მაინც არის ტყუილი, თავად შეარჩიოს სატელევიზიო ეთერი, ორივე დავსხდეთ და იქ გავარჩიოთ მტყუან-მართალი. გული მტკივა, რომ გურიას ჰყავს მხოლოდ ფულზე ორინტირებული გუბერნატორი. წარმომიდგენია, სალუქვაძის ხელში გურიას რაც ელოდება. აუცილებლად გავაკონტროლებ ყველა მის ქმედებას და ამჯერად არაფერს ვაპატიებ.

რაც შეეხებას ვინმეს აგენტობას: ძალიან მაინტერესებს, რა ჰქვია იმ ხალხს, ვინც დღეს შსს-დან ფინანსდება? მერაბიშვილის „ნასედკობა“ სამარცხვინო და დამამცირებელი თუ იყო, „ოცნების“ აგენტურა პრიორიტეტული რატომ არის? ნოღაიდელის პარტიის წევრი რომ ვიყავი, მთელ ქალაქში ავტობუსით დავდიოდი და დღემდე გამომყვა ავტობუსის ჯარიმის სამი გადაუხდელი ქვითარი. თეა წულუკიანი გაახარა ღმერთმა, ასეთ ჯარიმებზე ამნისტია რომ გამოსცა და ჩამომაწერეს. სალუქვაძე იმ დროს ფულს იპარავდა, დღეს კი ჯიპით დადის, ხოლო მე კვლავ ავტობუსით და ვინ არის „ნასედკა“ და ვინ „კარგი ტიპი“, ხალხმა განსაჯოს.

„ქრონიკა+“ გია სალუქვაძეს დაუკავშირდა და ნატალია ხოხიაშვილის  ბრალდებები გააცნო.

„არ ვაპირებ და არც სურვილი მაქვს, ხოხიაშვილის ნათქვამზე კომენტარი გავაკეთო. ეს თემა ჩემს დღევანდელ სტატუსს არ შეესაბამება. თითიდან გამოწოვილ ბრალდებებზე არაფერი მაქვს სათქმელი“.

ცხადია, სერგო ჯავახიძესთანაც გვინდოდა გასაუბრება. მისი ტელეფონი გამორთული დაგვხვდა, რის შემდეგაც „ფეისბუკზე“ მივწერეთ, რომ ნატალია ხოხიაშვილის ბრალდებებზე მისგან კომენტარი გვსურდა. იგი ამ დროს „ფეისბუკით“ სარგებლობდა და იმედია, წაიკითხა ჩვენი მესიჯი, თუმცა პასუხი არ დაუბრუნებია

 

                                                                                               ნელი ვარდიაშვილი