კანონი მიღებულია, კონტროლის მექანიზმი არ მუშაობს!

snopt

2014 წლის 1-ლი იანვრიდან მთავრობამ ვადაგასული პროდუქციის რეალიზებისა და საკვების ეტიკეტის წესის დარღვევაზე ჯარიმები დააწესა და ეს ცვლილებები „სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსშიც“ შევიდა. კანონის თანახმად, მეპატრონე ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციისთვის 500-ლარიან ჯარიმას გადაიხდის, ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის კი, პირველ ეტაპზე, ჯარიმა 400 ლარია, განმეორების შემთხვევაში _ 1200 ლარი. ასევე დადგინდა, რომ თუ პროდუქტში გენმოდიფიცირებული შემადგენელი 0.9 პროცენტზე მეტია, ეს ინფორმაცია ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული და ა. შ.

სოციალურ ქსელში მომხმარებელმა გაავრცელა ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის ვადაგასული პროდუქტის ფოტო, რომელიც თბილისის გარეუბანში, მარკეტში იყიდა. ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია _ ზოგმა მას ანტირეკლამა უწოდა, ხოლო ზოგი კატეგორიულად მოითხოვდა კონტროლის გამკაცრებას.

როგორ კონტროლდება ამჟამად პროდუქტი და ვინ ზრუნავს მომხმარებლის ინტერესზე? რას უშვრებიან ვადაგასულ პროდუქტს, რომელსაც მაღაზიებიდან შემომტანი ფირმები თავადვე იღებენ? _ ეს ის კითხვებია, რომელიც ფართო საზოგადოების ინტერესს იწვევს.

ვადაგასულ პროდუქტებთან დაკავშირებული პრობლემები, მაღაზიების გარდა, ბაზრობებზეც დგას. მომხმარებელთა ფედერაცია გარევაჭრობის მოსაგვარებლად თბილისის საკრებულოსთან ერთად მუშაობს, იგეგმება ის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც გარემოვაჭრეები საქმიანობას გააგრძელებენ ბაზარში, შეღავათიან ფასებში. როდის მოხდება ეს ცვლილებები, ჯერ უცნობია. აქედან გამომდინარე, ვადაგასული პროდუქტის რეალიზების საფრთხე ამ დრომდე მოუგვარებელია. სანამ მთავრობა ამ პრობლემას გადაჭრის, მოწამვლის საფრთხის ასაცილებლად ერთ-ერთი გამოსავალი ის არის, რომ თავად მომხმარებელმა აღმოაჩინოს ვადაგასული პროდუქტი და ამის შესახებ მაღაზიის მეპატრონეს აცნობოს.

„ქრონიკა+“-მა რამდენიმე კითხვით მიმართა საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარეს, მადონა კოიძეს:

_ რომელი სამსახური აკონტროლებს და აღწერს სხვადასხვა სავაჭრო ბაზარზე პროდუქტს და რა პერიოდულობით კონტროლდება სურსათი?

_ „სურსათის ეროვნული სააგენტო“ არის ერთადერთი, რომელსაც ევალება სამომხმარებლო ბაზარზე ზედამხედველობა სურსათის უვნებლობის კუთხით. მათ აქვთ მონიტორინგის პროგრამა და ინსპექტირების ვალდებულება. არსებობს გაწერილი გეგმა, რომელიც დაფუძნებულია რისკის ანალიზზე. აქედან გამომდინარე, გეგმის მიხედვით ხდება პერიოდული კონტროლი და ზედამხედველობა.

_ რომელ რეგიონშია გამოვლენილი ყველაზე მეტი დარღვევის ფაქტი?

_ დღეს რასაც არ ვეთანხმები, არის ის, რომ არ კონტროლდება ყველა მაღაზია, მხოლოდ ისეთი დიდი ქსელები, როგორიცაა: „ნუგეში“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“ და სხვ. ცხადია, სხვა მაღაზიებშიც ირღვევა მყიდველის უფლებები, ასევე ბაზარში, სადაც ეტიკეტის არქონა ართმევს მომხმარებელს პროდუქტის თავისუფლად შერჩევის შესაძლებლობას. ფაქტობრივად, მყიდველს არ აქვს პროდუქტის ვარგისიანობაზე ინფორმაცია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობა წინა წლებთან შედარებით გასამმაგდა, თუმცა პროცენტული მაჩვენებლით რომ ვიმსჯელოთ, მხოლოდ რამდენიმე საწარმოა შემოწმებული და ეს რიცხვი ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი.

ბოლოდროინდელ ფაქტებს რაც შეეხება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ „რონიკასა“ (ი/მ „გელა ახალაძე“) და ჭავჭავაძის ქუჩაზე კაფე-ბარ „ქართველოში“ (ი/მ „ვაჟა ქართველიშვილი“) დამზადებულ „ოსტრსა“ და ქაბაბში ცხენის ხორცის გამოყენების ფაქტი გამოავლინეს. ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო მონიტორინგის ფარგლებში, ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის 7 სასწავლო დაწესებულების (1 სკოლა და 6 საბავშვო ბაღი) რეზერვუარებიდან სასმელი წყლის სინჯები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად სინჯებში აღმოჩნდა საერთო კოლიფორმული ბაქტერიები. აგრეთვე მომატებულია მეზოფილური აერობები და ფაკულტატური ანაერობები, რაც ზოგადი ტიპის ნაწლავურ აშლილობას იწვევს.

_ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერ პროდუქტს სავაჭრო ქსელში ეტიკეტზე მითითებული უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. თუ გამოვლინდა ამ კანონის დარღვევის ფაქტები?

_ საქართველოში ეს კანონი მიღებულია, რადგან მომხმარებელს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი, უნდა იცოდეს, რომ ეს პროდუქტი შეიცავს 0.9 პროცენტზე მეტ გენურ ინგრედიენტს და მერე თავად გადაწყვეტს, შეიძინოს თუ არა. მიუხედავად ამისა, პირადად, არც ერთი პროდუქტი ამ წარწერით არ მინახავს, თუმცა არის ბევრი პროდუქტი, რომელსაც აქვს წარწერა, სადაც მითითებულია, რომ არ შეიცავს გენურ ინგრედიენტებს. ამის კონტროლი, რა თქმა უნდა, საქართველოში რთულია, რადგან ჩვენს ქვეყანაში სულ რამდენიმე აკრედიტებული ლაბორატორიაა, რომელსაც შეუძლია გააკეთოს კვლევა გენზე. პროდუქტი შეიძლება 10 გენის შემცველიც იყოს, ამიტომ პრობლემა სრულყოფილად აღმოფხვრილი არ არის. ფაქტი სახეზეა, კანონი მიღებულია, თუმცა კონტროლი სრულყოფილად ვერ ხერხდება.

 

                                                                                                             მარიამ აფაქიძე