პრაქტიკანტი ფიცხელა და ნაადრევი სიხარულის ქრონიკები

jgefr567

გასული კვირა მართლაც რომ უჩვეულო და უპრეცედენტო იყო ქართულ პოლიტიკაში. არა, უჩვეულო და უპრეცედენტო არც არაფერია პარტიიდან 4 წევრის წასვლაში _ ვინ არ წასულა პარტიიდან, ვის არ დაუარსებია ახალი პარტია. ამ ყველაფერში არც ახალია რამე და არც ტრაგიკული. უჩვეულო ამ ყველაფერში ის ფაქტია, რომ პარტიას ცამოწმენდილზე ტოვებს პარტიის აღმასრულებელი მდივანი, თანაც მაშინ, როცა პარტიის თავმჯდომარე ქვეყნიდან განდევნილია და პარტიის გენერალური მდივანი _ ციხეშია.

კი, შემდეგ გაკეთდა განმარტება, რომ ისინი ოთხშაბათს აპირებდნენ განცხადების გაკეთებას და ისე წასვლას, მაგრამ ინფორმაციამ გაჟონა… ეს მაინც ვერ ანეიტრალებს ამ ოთხეულის პარტიიდან გასვლის მიზანშეუწონლობას _ დროისა და ვითარების გათვალისწინებით. დიახ, ოთხშაბათსაც ისევ ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა ამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი და არა სხვა ვინმე.

უჩვეულო თუ არა, უცნაური იყო ისიც, როცა მათ დაადასტურეს, რომ რჩებიან იგივე ღირებულებების ერთგულნი, რომ არ იცვლიან პოზიციებს. აბა, რაღამ აიძულათ წასვლა? შიდაპარტიულმა ჭიდილმა? რისი საშუალება არ მისცეს? პარტიის დალაგების? კი მაგრამ, ამომრჩეველი მისცემს კი მას ხმას, ვინც ძლიერი პარტიიდან სირთულეებს გამოერიდა? რისი საშუალება არ მისცეს, განახლების? პასუხი მოგვიანებით გიგა ბოკერიასგან მიიღო: „თვითონ ბატონი ჯაფარიძე არის პარტიის განახლების მაგალითი, სამწუხაროდ, წარუმატებელი“.

და მაინც, რა იგულისხმება, საერთოდ, ამ განახლებაში, _ ტოტალურად ახალი სახეების შემოყვანა? ანუ სულ ახალი სახეები უნდა შემოვიდნენ და ყველა ის, ვისაც აქამდე ვხედავდით _ განზე გადგნენ და პენსიაზე გავიდნენ? რატომ? ბალერინები არიან? ვინ ითხოვს მოქმედი სახეების ნაცვლად ახალ სახეებს? საზოგადოება? რომელი?  ახლა, თუ ამას ითხოვს საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ქვეყნის 9-წლიანი შენება ნგრევად ელანდებოდა და მისთვის ის 9 წელი „სისხლიანი 9 წელი“ იყო, სხვა თემაა, მის გულს დიდად მაინც ვერ მოიგებ, სულ რომ ყველა გვერდზე გაწიო და სულაც რომ გაემიჯნო იმ 9-წლიანი შენების მთავარ არქიტექტორ სააკაშვილს. მაგრამ რას ეუბნები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სწორედ ეს შენება მოსწონდა და ქვეყნის სათავეში  სწორედ ის გამოცდილი ხალხი უნდა, ვისი აშენებულიც უკვე ნახა? არ ეკითხებით საზოგადოების ამ ნაწილს, სცხელა თუ არა მორიგი ექსპერიმენტებისთვის? ამიხსნას ვინმემ, თუ შენება მოგწონდა, რატომ უნდა გქონდეს ასეთი გააფთრებული სურვილი არქიტექტორების გამოცვლის? მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცებს თვალში არ მოსდით? იმ ვიღაცებს შენებაც არ მოსდიოდათ თვალში და რა ვქნათ? და რატომაა თვითმიზანი ტოტალურად ახალი სახეების შემოყვანა და რას მოგვიტანს ამ პროცესის ხელოვნურად წახალისება? მოგვიანებით ამ საკითხს შეეხო კიდეც საააკშვილი: „მართალი გითხრათ, ახალი სახეების აღმოცენება ასე _ ნიახური ხომ არაა?! ამას ხელოვნურად ვერ გააკეთებ. ახალი ვიცი კარტოფილი“. სააკაშვილმა არც ოთხეულის წასვლა შეაფასა ტრაგიკულად: „ჩვეულებრივი რაღაცაა პოლიტიკაში _ მიდიან, მოდიან“.

დიახ, წასვლაში უჩვეულო არაფერია. თუ რომელიმე პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ მას შესწევს ძალა, ბრძოლა განაგრძოს დამოუკიდებლად, ეს იქნება სააკაშვილთან აშკარად გამიჯვნით თუ უამისოდ, მისი ნებაა. შეფასდა კიდეც მათი გასვლა, როგორც პროექტი „ენმ სააკაშვილის გარეშე“… შედეგები არჩევნებზე გამოჩნდება. როგორც ჩანს, ბევრს უჭირს, თვალი გაუსწოროს იმ რეალობას, რომ „ნაციონალური“ ელექტორატის უდიდესი ნაწილი სწორედ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია და მასთან დისტანცირება, უბრალოდ, წამგებიანია _ ძალიან რბილად რომ ვთქვათ.

მოკლედ, არაფერი უჩვეულო არაა და თუ სხვა კუთხიდან შევხედავთ, მორალურიცაა _ თუ ასე, ან საერთოდ სხვაგვარად ფიქრობ, სჯობს, ადგე და წახვიდე. ოღონდ, ამ ყველაფერს აქვს ფორმა, ისე უნდა წახვიდე, რომ ის „ბრძენი კაცი“ 48 საათი უძილო არ დატოვო _ სიხარულისგან. თუ, რა თქმა უნდა, სწორედ მასთან ბრძოლის გაგრძელებას აპირებ.

ფაქტია, რომ ამ ოთხეულის წასვლამ თუ რამე შედეგი დადო, ამ ეტაპზე, ეს „ქოცთა“ სრულმასშტაბიანი სიხარულია. იდგა ის „ბრძენი კაცი“ და აღარ იცოდა, სიხარულისგან რა ექნა. არადა, ერთი მისი პარტია მანახა, დაარსებიდან 14 წლის შემდეგ 3 კაცი თუ შერჩება… თუ შერჩება, შეუძლია, „ბიძო და სამი მუშკეტერი“ ითამაშოს, თუ, რა თქმა უნდა, დიუმასთანაც არ ჩაკამათდა მანამ… არა, ისე, მართლა, ზოგს რა სიხარულის ნიჭი აქვს? რა პატარა რამ კმარა სიხარულისთვის? 7 მილიარდი აქვს და 4 კაცის წასვლამ როგორ გაახარა? აი, მე რა უნიჭო ვარ? 7 მილიარდი კი არა, 7 მილიონი მქონდეს და ოთხს კი არა, 40 კაცს სულ წინ და უკან ურბენია…

საიდან ვასკვნი, რომ იმ „ბრძენ კაცს“ ასეთი უშრეტი სიხარული მოჰგვარა ოთხეულის წასვლამ? გათენდა მეორე დილა და ყველა ერთ ხმაში ლაპარაკობდა, _ გვიკვირს, ან აქამდე როგორ არ დაიშალნენო? ამ გაზეპირებულ ტექსტებს კარგად ეტყობოდა, რომ ისინი ვიღაცას ჰყავდა ნავარჯიშები, ისე ნავარჯიშები, რომ სიტყვების გადაადგილ-გადმოადგილებაზეც არ უზრუნიათ. პლანტატორი ღარიბაშვილი სიხარულისგან ხელებს იფშვნეტდა, _ ეგ რა არის, სამ ჯგუფად დაიშლებიანო… თუმცა მათ სიხარულში მაინც იყო რაღაც ამოუცნობი და „მისტიკური“ _ დიდი დაბნეულობისგან გამოწვეული. თან უხაროდათ და თან ეშინოდათ, _ ვაიმე, „ნაცები“ რას ხლართავენო? თუმცა ოთხეულის წასვლამ მხოლოდ ქოცები არ დააბნია, თავიდან „ნაციონალებიც“ დააბნია, მათ მხარდამჭერებში კი ჯერაც არ განელებულა ეს დაბნეულობა. ბევრმა ეს პარტიის რღვევად და დაშლის წინაპირობად მიიღო, ბევრი ხავსს ჩაეჭიდა, რომ ეს „ნაცების“ თამაშია, რომ ეს ფრონტის გაშლაა _ სააკაშვილთან შეთანხმებით და ა. შ.

ოთხეული წავიდა და „ქოცები“ სიხარულის მორევში ჩაიძირნენ, მაგრამ მათი სიხარული ნაადრევი და ხანმოკლე აღმოჩნდა _ 4 დღეც არ გასტანა. „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა? თაფლში ურევს მწარე ნაღველს… მტრისას მისი გამოცანა“…

„ფიცხელა“ ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. სადღა იყო 4 დღის წინ გაბადრული სახეები? „ღარიბ პლანტატორისთვის“ რამდენიმე დღის წინ რომ გეკითხა, სააკაშვილი `წარსული~ იყო, მაგრამ დახე, მუხთალ ბედს? _ „წარსული“ აწმყოდ ექცა ოდესაში. და სწორედ პოროშენკოს ეს მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯი იძლევა იმის საფუძველს, რომ მომავალიც ის აღმოჩნდეს, თანაც აქ _ საქართველოში. ჩაშხამდათ სიხარული და ამ ჩაშხამებულმა სიხარულმა ბოღმად ისე იფეთქა, რომ ელემენტარულად „ვიკიპედიასაც“ არ ჩახედეს, ისე გამოაცხადეს სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა მის დაქვეითებად. ელემენტარულად რომ ჩაეხედათ, აღმოაჩენდნენ, რომ ოდესის ოლქში 2 395 358 მოსახლეა, ნახავდნენ იმასაც, რამდენი პორტია, რამდენი ქალაქია ახალი გუბერნატორის განკარგულებაში და ნახავდნენ იმასაც, რა ელვის სისწრაფით შეიტანეს ოდესელებმა ცვლილება ვიკიპედიაში _ დანიშვნა და გუბერნატორად  სააკაშვილის იქ ჩაწერა ერთი იყო. აღარაფერს ვამბობ იმ გრანდიოზულ დახვედრაში, რაც მეორე დღეს მოუწყვეს ოდესელებმა… მაგრამ ბოღმა ვიკიპედიაში ჩაგახედებს? გამოაცხადეს დაქვეითებად და ახლა ამით გაიხარეს. გაიხარეს და რა გაიხარეს! არადა, რა ახარებდათ? საიდან დააქვეითეს? მრჩევლობიდან? მრჩევლად დარჩა და დაემატა თანამდებობა. რანაირად დააქვეითეს? მიხვდნენ, რომ მათი სიხარული ნამეტანი ცალფეხა იყო, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხეს, მაინც ჯიუტად ამ ჩვენებას აწვებიან ნირწამხდრები. ისინი ზუსტად ისე არიან ნირწამხდარნი, როგორც ვაჟბატონი მედვედევი, რომელიც შაპიტოდ იხსენიებს სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას, ხვდება რა, რაც წამოიწყო დასავლეთმა ამ მანევრით… და მიუხედავად იმისა, რომ ამ უკიდურესად სტრატეგიულ რეგიონში წყდება უკრაინისა და, ამავდროულად, საქართველოს ბედიც, სააკაშვილის მხრიდან უკრაინის მოქალაქეობის მიღებამ შეაშფოთა მისივე მომხრეები და გაახარა „ქოცელიტა“. რამ გამოიწვია მომხრეთა შეშფოთება? ეს ნიბიჯი მიჩნეულ იქნა ქართული პოლიტიკის საბოლოო მიტოვებად, ხელის ჩაქნევად და ა. შ. ცხადია, ამ შეშფოთებას ამძაფრებდა სწორედ „ქოცელიტის“ განცხადებები. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომლის მთელი 2-წლიანი მოღვაწობა არის სწორედ ამ ინსტიტუტის დაკნინებისა და წიხლქვეშ გაგდების მკაფიო მაგალითი, სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღება შეაფასა „ქვეყნისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფად“. თურმე, ნუ იტყვით და კარიერაზე მაღლა ღირებულებები და ღირსება დგას და ეს არ სცოდნია სააკაშვილს და სცოდნია მას, რომლის მთელი საპრეზიდენტო ღირსება დარაჯისას არ სცდება და იმაში გამოიხატება, რომ იმ სააკაშვილის აშენებული რეზიდენციიდან არ გამოდის. აიტაცეს „ქოცებმა“ უკრაინული მოქალაქეობა და ატეხეს ახალი „სიხარულები“, რომ იგი ვეღარ იქნება თავისივე პარტიის თავმჯდომარე, რომ იგი ვეღარ იქნება ლიდერი ამ ქვეყანაში, უხარიათ „ქოცებს“ და უხარიათ ღია რუსეთუმეებს, არადა, რა უხარიათ ამ რუსეთუმეებს? ვინაა მათი ლიდერი? პუტინი, ხომ? რა, ვერ ლიდერობს მათ რუსული პასპორტით? ან რა გიხარიათ, `მეოცნებეებო~? თქვენი პინგვინის ლავიწმა, თქვენ „ბრძენ კაცს“ რომ ფრანგული პასპორტი ედო ჯიბეში, ვერ გათოხლათ „უფასო ფული“ და ვერ მოვიდა სათავეში? რად უნდა ლიდერობას მოქალაქეობა? და, საერთოდ, როცა ჭადრაკს „მაია ჩიბურდანიძე“ გეთამაშებათ, არ სჯობია, ტვინი ზედმეტად არ გაიცხელოთ და იყუჩოთ მაინც? არ იყუჩეთ და ხომ მიიღეთ „დეტსკი მატი“? გამოვიდა და გამოგიცხადათ, რომ უკრაინული კანონმდებლობის თანახმად საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება 2 წელი შეუძლია. გასაგებად გითხრათ, რომ 2 წელი გარდამავალი პერიოდია და პირს შეუძლია, სხვა ქვეყნის მოქალაქედ დარჩეს; გითხრათ თქვენთვის საბედისწერო ფრაზაც, რომ: „2 წელი საკმარისზე მეტი ვადაა“; გითხრათ ისიც, რომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პრეზიდენტის კომპეტენციაშია და რომც ჩამოართვას „იმ მომენტისთვის, როცა მე დავბრუნდები საქართველოში (და ეს იქნება ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია), ხალხი მათ გააუქმებინებს, როგორც ჩემზე აღძრულ სიხლის სამართლის საქმეს, ისე მოქალაქეობის ჩამორთმევას“ (მ. სააკაშვილი).

დიახ, მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, მაგრამ მას არავისთვის არ მიუმართავს მოქალაქეობიდან გასვლის მოთხოვნით, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია. ეს მკაფიოდაა მითითებული საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის 21-ე მუხლში, მაგრამ ასეთი საფუძვლის აღმოჩენისას სახელმწიფო ორგანომ უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენოტოს წარდგინებით (მუხლი 23), ამ სააგენტომ უნდა განიხილოს და დადოს დასკვნა (მუხლი 24). ამ შემთხვევაში აღმოსაჩენი არც ამერიკაა და ზვიგენის კბილი _ ფაქტია, სააკაშვილმა უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, კანონი ამასაც ითვალისწინებს და თუ სააგენტოსთვის ამ წარდგინების გარეშეც გახდება ცნობილი (ფაქტია, გახდა) საქართველოს მოაქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის არსებობა, სააგენტო იხილავს და დებს დასკვნას. გადაწყვეტილებას ყველა შემთხვევაში იღებს პრეზიდენტი (მუხლი 25).

მესამე პრეზიდენტმა მეოთხე პრეზიდენტი ფაქტის წინაშე დააყენა. როგორ პასუხობს ამ გამოწვევას ქოცმთავრობა? გამობრძანდა წულუკიანი და მწუხარებით აღნიშნა, რომ სააკაშვილის ექსტრადაციის შანსი სამართლებრივად ამოწურულია და სიხარულით დასძინა, რომ ბურთი ახლა მათ მოედანზეა, რომ სააკაშვილმა ხელთ მისცა ყველა ბერკეტი და როცა უნდა, მაშინ შეუწყვეტენ მოქალაქეობას: „დაე, ეკიდოს ეს საკითხი მის თავზე დამოკლეს მახვილივით… ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როცა გვინდა, მაშინ მივიღოთ“.

თავგზააბნეულს ავიწყდება, რომ თუ მიშასთვის ეს დამოკლეს მახვილია, მათთვის ხავსია. არც ივანიშვილი იყო საქართველოს მოქალაქე, როცა ხელისუფლებაში მოვიდა და არც ადრე _ შევარდნაძე, როცა საქართველოს ლიდერი გახდა. ან, საერთოდ, „იმედის კვირაში“ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეტყობა რამე უიმედობის? რომ საქართველოში აღარაფერს აპირებს? რომ ან პარტიას ტოვებს, ან ბრძოლაზე ხელს იღებს? მისი არჩევანი კიდევ უფრო მშვენივრად გამოჩნდა „არჩევანის“ ანონსში. რომ არავის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ უნდა აღიძრას, რომ ერთადერთი, ვინც სოლიდარულად უნდა აგოს პასუხი თავისი ქონებით, ივანიშვილია. „ისეთი მაგარი პრაქტიკა მივიღე ახლა აქ იანუკოვიჩის ფულის დაბრუნების, ივანიშვილის ფულს ზიმბაბვეშიც ამოვიღებ, რომ დამალოს“…

გაიგეთ, ფიფოოოლ? ფიცხელა პრაქტიკებზე ყოფილა უკრაინაში! კიდევ გჯერათ, რომ საქართველოში დაბრუნებას და ბრძოლას არ აპირებს?

 

P. შ. მე პირადად სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნამ ფრიად გამახარა, თუმც კი მაინც აღმომხდა ხუმრობანარევი რეპლიკა „ფეისბუკზე“: „ძალიან კი გამიხარდა, მაგრამ, ფიცხელ, ოდესა ვჭამოოო?..“

 

                                                                                                         რეზო შატაკიშვილი