არის თუ არა ივანიშვილის „20/30“ რუსული „20/20“-ის დუბლიკატი და ვინ ქმნის მოძრაობას 20/16?!

bidzia

გასულ კვირას საქართველომ დამოუკიდებლობის კიდევ ერთი თარიღი იზეიმა… სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოფიციალურად დასახელდა ციფრი, რომელიც ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დაიხარჯა. ამჯერად ხელისუფლება მხოლოდ ნახევარ მილიონ ლარს დასჯერდა, თუმცა 26 მაისის ზეიმი კვლავ სადავო თემად რჩება…

ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“ დაუკავშირდა ლიტერატორს _ თემურ ქორიძეს, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ერთ-ერთი ჩინოვნიკი გახლდათ…

 

_ ბატონო თემურ, გასულ კვირას, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობა ვიზეიმეთ. რამდენად შეესაბამება ერთმანეთს ქართველი ხალხის რეალური მდგომარეობა და ხელისუფლების საზეიმო განწყობილება, განსაკუთრებით კი რიგის სამიტიდან მიღებული უფერული „შედეგების“ ფონზე?

_ კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენს უახლეს ისტორიას: თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ 26 მაისს არაფრით არ შეიძლება აღინიშნებოდეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. მოგეხსენებათ, 1918 წლის შემდეგ 97 წელი გავიდა. ნუთუ, ვინმე იტყვის, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი იყო? მაშინ, რა ვუყოთ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ფაქტს, რომელიც 1921 წელს განხორციელდა და 70 წლის მანძილზე გრძელდებოდა?.. პირველმა რესპუბლიკამ ორ წელიწადზე მეტ ხანს იარსება და გაქრა; უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში კი საქართველოს დამოუკიდებლობა მხოლოდ 1991 წლის 9 აპრილის აქტის შედეგად გრძელდება და უკვე 24 წელს ითვლის… ასე რომ, ისტორიული თარიღი 9 აპრილია და არა 26 მაისი… რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელიც მნიშვნელოვანია, მაგრამ არამც და არამც, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი არ არის. გარდა ამისა, არსებობს გარემოებანი, რითაც არაორაზროვნად მტკიცდება, რომ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობა გარეშე ძალების მიერ იყო ინსპირირებული და სულაც არ შედიოდა მაშინდელი სოცდემოკრატების გეგმაში. თავის მოგონებათა წიგნში ნოე ჟორდანია საქართველოს დამოუკიდებლობას „არასდროს არგაგონილ ამბავს“ უწოდებს. მეტიც, ილიას მკვლელი პარტიის ლიდერი მწუხარების ცრემლებით დასთანხმდა გერმანელთა წინადადებას და აღნიშნა კიდეც, რომ რუსეთთან განდგომა მას აზრადაც არ მოსვლია… დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს ნ. ავალიშვილის, მ. წერეთლის, რ. გაბაშვილის, ა. სულხანიშვილისა და სხვა იმდროინდელი მოღვაწეების ნაშრომებს, რომლებშიც შეულამაზებლადაა აღწერილი 1918 წლის მოვლენათა კომიკური დრამატიზმი… შალვა ამირეჯიბი, ეს უჭკვიანესი მამულიშვილი, პირდაპირ წერდა: 26 მაისს მიღებულ დამოუკიდებლობას „ნაჩუქარი ცხენის“ გემო დაჰკრავდაო…

1991 წლის დამოუკიდებლობის აქტი კი ათეული წლების თავდადებულ ბრძოლად დაგვიჯდა, იყო დევნა, წამება, იყო საკმაოდ მრავალრიცხოვანი მსხვერპლიც და სწორედ ამიტომ არის, რომ დამოუკიდებელი საქართველო დღემდე არსებობს და კვლავაც დიდხანს იარსებებს… ზვიად გამსახურდიას შემდეგ მოსულ ყველა ხელისუფლებას, შეიძლება ითქვას, ყელში აქვს გაჩხერილი 9 აპრილი. ისინი ამრეზით შესცქერიან ეროვნული მოძრაობის ისტორიულ მიღწევებს და ქირქილებენ კიდეც, რადგან სამშობლოს თავისუფლებისთვის უანგარო ბრძოლას სისულელედ და სიშლეგედ მიიჩნევენ… ფული, ფული და მხოლოდ ფული!.. _ აი, ამ ადამიანების იდეალი, მათი მარადიული ოცნების უმთავრესი საგანი. ისინი ვერ იტანენ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერ ადამიანებს, რადგან მათი არსებობით გარკვეული დისკომფორტი ექმნებათ, არადა, ჩვენ არც ძეგლების აღმართვას ვითხოვდით და არც პრემიებისა თუ ჯილდოების დანიშვნას…

_ პრემიების თემა დღეს მართლაც აქტუალურია, მაგრამ დავაკონკრეტოთ, რა მიღწევებით შევხვდით დამოუკიდებლობის 97-ე წლისთავს, რამდენად ეზეიმება ქვეყანას, თუ ამჯერადაც თავს ვიტყუებთ? ამირანის თქმულებისა არ იყოს: `მესამედ იქვე მოვედი, გუშინ რომ დავკარ ისარი…“?

_ დიახ, დიახ, ზუსტად ასეა!.. თითქოს, მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, არც ნატო და არც ევროკავშირი არაფრით კარს არ გვიღებს, ახალ-ახალ პრეტენზიებს გვიყენებს და მგონი, ჩვენი დემოკრატიული მიღწევებით განცვიფრებას საერთოდაც არ აპირებს. არადა, რომელი ევროპა მიესალმება ქვეყანას, სადაც მმართველობის ისეთი ანაქრონული ფორმაა გაბატონებული, რომელსაც გარდა „ბიძინოკრატიისა“, ჯერჯერობით, სხვა სახელი არ მოეძებნება? დააკვირდით ჩვენს მინისტრებს, მათ მოადგილეებსა და სხვა ჩინოვნიკებს, ისინი არაფრისმაქნისები არიან, შუბლზე ერთი ძარღვიც არ უტოკავთ, თუმცა მოგონილი სერიოზულობით ყოველდღიურად ჩაგვჩიჩინებენ, რომ დღე-ღამეში 24 საათს მუშაობენ… მთავრობის მუშაობა იმით ფასდება, თუ რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა ქვეყანაში, რამდენჯერ გაიზარდა მოსახლეობის ცხოვრების დონე, რამდენმა ემიგრანტმა დააღწია თავი უცხოეთში ბედის ძიებას და სამშობლოში ღირსეული ადგილი იპოვა… საქართველოში, ამ თვალსაზრისით, დღეს თავზარდამცემი მდგომარეობაა. პრემიერს უყვარს თავის დამსახურებათა გრძელი ნუსხის კითხვა, მაგრამ ეს „დამსახურებანი“ არაფერზე მეტყველებს გარდა იმისა, რომ მთავრობამ არ იცის, ხალხს რა სჭირდება. ხალხისგან ზურგშექცევითაა და მუდამ იქით მიემართება, სადაც ხალხის ინტერესები არ დგას… და კიდევ, _ ღარიბაშვილის მთავრობასაც იგივე სენი სჭირს, რაც აქამდე არსებულ ხელისუფლებას სჭირდა. კერძოდ, ესაა სიცრუისაკენ დაუოკებელი სწრაფვა და მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრის ავადმყოფური სურვილი. „ყველაფერი არის ძლიერ კარგად“, _ დღენიადაგ გაჰყვირის პრემიერ-მინისტრი, საზოგადოება კი გალაკტიონის ამავე ლექსის სხვა სტრიქონით პასუხობს: „ყველაფერი ძლიერ ცუდად არის!..“

ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ პროცესების შუაგულში, ისევ და ისევ, ბიძინა ივანიშვილი და მისი ყბადაღებული პროექტი „20/30“ დგას… ეს ანტისაზოგადოებრივი მოძრაობა ყოველმხრივ ცდილობს ხალხის საპროტესტო ხმის ჩახშობას, ყოველდღიურად ურცხვ სიცრუეს აფრქვევს და აქეთ გვაყენებს შეურაცხყოფას, _ თქვენ არ იცით, თორემ ისე კარგად ცხოვრობთ, მთელი ევროპა სწორედაც რომ თქვენ შემოგნატრითო!.. მკითხველს, ალბათ, კარგად ახსოვს ბიძინა ივანიშვილის ამასწინანდელი საუბარი, როცა ის აცხადებდა, რომ 2012-2016 წლების პროგნოზირებისას მას მხედველობაში ჰქონდა არა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ, ზოგადად, დემოკრატიული პროცესების გაღრმავება. იმისათვის, რათა ცხადად დავინახოთ, თუ რა მასშტაბებს აღწევს ადამიანის ცინიზმი და ორპირობა, გთავაზობთ ზუსტ ამონარიდს ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუდან, როდესაც კორესპონდენტი ეკითხება:

„_ ეკონომიკაზე მინდა გადავიდეთ, რამდენად მზარდია დღეს ქვეყნის ეკონომიკა? რა პრობლემები არსებობს და როდის უნდა ველოდოთ ციფრებში გამოხატულ შედეგებს?

ბიძინა ივანიშვილი პასუხობს:

_ ნორმალურ დროდ განიხილება ყოველთვის საარჩევნო პერიოდი _ 4 წელიწადი, მე ვფიქრობ, კონკრეტული ციფრები და კონკრეტული შედეგი ამ პერიოდში უნდა ვიგრძნოთ. მუდამ ამას ვამბობ, მეორე წელიწადი უნდა იყოს საგრძნობი, მესამე წელი უნდა იყოს კარგი, მეოთხე _ ძალიან კარგი… საარჩევნო პერიოდის დროს არ გადავაცილებთ… (გაზეთი „პრაიმტაიმი“, 3 ივნისი, 2013 წელი)“. აი, ასეთი იყო ივანიშვილის პერმიერობისდროინდელი უაღრესად კონკრეტული და, როგორც იტყვიან, „დროში გაწერილი“ დაპირება. დღეს ეს პიროვნება, ისევე როგორც მისი ქვეშევრდომი მინისტრები და პარლამენტარები, კატეგორიულად ემიჯნებიან ამ დაპირებებს და ათასგვარი ტყუილით ცდილობენ თავის დაძვრენას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართო საზოგადოებას, _ ბატონებო, მისხალ-მისხალ ავწონოთ წინასაარჩევნო დაპირებათა შესრულების შედეგები, ერთმანეთის პირისპირ მოვათავსოთ ხელისუფალთა სიმართლე და სიცრუე!.. 2016 წლის შემოდგომაზე დაე, ყოველმა ჩვენგანმა საკუთარ თავს ჰკითხოს, _ რამდენად გაუმჯობესდა მისი ცხოვრების პირობები და ამის შემდეგ ასევე ყველამ მოვიკითხოთ, _ რამდენი ნაბიჯი გადავდგით წინ, ქვეყნის გაერთიანებისკენ, საერთო ეროვნული კონსოლიდაციისა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრესის მიღწევისკენ?!. მომავალი არჩევნებისთვის ყოველივე ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ და 10 ლარად ნუ გავყიდით ნურც ქვეყანას და ნურც ჩვენი ოჯახის ინტერესებს…

_ მომავალ არჩევნებამდე წელიწადნახევარია, ბატონო თემურ, დარჩენილი… პარლამენტსგარეთ მყოფ პარტიებს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობათ და როგორც მოსალოდნელი იყო, მხოლოდ „ნაციონალები“ და „რესპუბლიკელები“ აქტიურობენ. აგრეთვე, საერთო რეიტინგებშიც მათი აქტიურობა იკვეთება და ამ ყველაფრის ფონზე, პოლიტიკური ძალების როგორ განლაგებას უნდა ველოდოთ წინასაარჩევნო პერიოდში?..

_ დღესდღეობით პოლიტიკური კლიმატი მშვიდია და სიურპრიზებსაც არავინ გვპირდება, არასაპარლამენტო პარტიები უმოქმედოდ არიან და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათ არც კი იციან, რა უნდა აკეთონ. ამგვარი პარტიების ლიდერები და მათი მცირერიცხოვანი ამხანაგები საკუთარ თავში არიან ჩაკეტილნი და არავითარ პროექტებზე არ მუშაობენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ აშკარად იგრძნობა იდეებისა და ინოვაციების სიმწირე. ვფიქრობ, ამ პარტიებმა სეროიოზულად უნდა იზრუნონ თავიანთი რიგების განახლებაზე და მსხვილი კოალიციების ჩამოყალიბებაზე. და თუ ისინი სწორად და პატიოსნად იმოქმედებენ, მმართველი ძალის დამარცხება შეუძლებელი ნამდვილად არ იქნება… ახლახან ერთ-ერთმა „რესპუბლიკელმა“ წაიტრაბახა, _ ჩვენი პარტია ერთადერთი რეალური და ნამდვილი პარტიაა საქართველოშიო… აი, ბატონებო, სანამდე შეიძლება მივიდეს თავგასულობა, არადა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფულები, ხომ ვიცით, რომ დღეს ეს პარტია საერთოდაც არ იარსებებდა?!. მეტიც, დემოკრატიული პრინციპებისადმი „რესპუბლიკელების“ საჯარო ღალატის გამო მათ მომავალში არავითარი პერსპექტივა არ გააჩნიათ. პარტია, რომელიც მშვიდად შესცქერის ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის არსებობას და ხმას არ იმაღლებს ამ აბსურდის წინააღმდეგ, პლუს, პარტია, რომელიც ყიდვა-გაყიდვის პროცესშია გართული, _ ხელისუფლებაში არ უნდა იყოს!.. დღეს „რესპუბლიკელებს“ იგივე სენი სჭირთ, რაც ამ ათიოდე წლის წინათ „ნაციონალებს“ სჭირდათ, ყველაზე ადრე კი მსგავსი ავადმყოფობით „კომუნისტური პარტია“ იყო დაავადებული და მათი ბელადი ამ ავადმყოფობას თავბრუდახვევას უწოდებდა!..

_ თინა ხიდაშელის გამინისტრებამ კიდევ უფრო ხომ არ გააძლიერა ეს ავადმყოფობა „რესპუბლიკელებში“? ანდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, აგრეთვე, „რესპუბლიკელი“ აგულაშვილის მინისტრობამ? აღარაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარეც „რესპუბლიკელია“ და საგარეო საქმეთა მინისტრის შემცვლელად კი ისევ „რესპუბლიკელების“ კანდიდატები _ ლევან ბერძენიშვილი და ივლიანე ხაინდრავა მოიაზრებიან?

_ სწორედ ამაზე ვსაუბრობ, „რესპუბლიკურმა პარტიამ“, ამ ვითომცდა დემოკრატიული პრინციპების დამცველმა „მეციხოვნემ“, ოღონდაც კი სავარძლები მიიღოს, დემოკრატიულ ღირებულებებზე თქვა უარი და ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობით იმ სავარძლებში ისკუპა, რომელიც, ყველა ლოგიკით, არ ეკუთვნოდა, არადა, ეს მაშინ, როცა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას სწორედაც რომ „რესპუბლიკელების“ მხრიდან უნდა მოჰყოლოდა პროტესტი. ნუ გიკვირთ, ასეთი ნიშნები კიდევ უფრო გამოიკვეთა სწორედ თინა ხიდაშელის გამინისტრების შედეგად. ყველა ვამჩნევთ, რომ ეს ქალბატონი საკუთარ თავს აღარ ჰგავს. მგონი, ისიც „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟივით უკვე „მზეს სწუნობს“, ისევე როგორც ბევრს სწუნობს და თავი რუსთველის თინათინი ჰგონია… ხიდაშელის მოადგილე ნათესავ ქალბატონ ანა დოლიძეს მინისტრის მოადგილეობა როგორ უბოძეს. ეს ხომ აბსურდია?! არნახული „დემოკრატიაა“, როცა ნეპოტიზმის წყალობით ორი ნათესავი ქალბატონი ერთსა და იმავე სამინისტროში მინისტრიც გახლავთ და მინისტრის მოადგილეც?!.. სადაა `ქართული ოცნება~?!. იქნებ, ივანიშვილის ეს უდღეური ქმნილება ისე ჩაყლაპა „რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომ გულიც კი არ არევია?!. ვფიქრობ, მომავალი საპარლამენტო არჩევნების დროს ჩვენი საზოგადოება მხოლოდ ივანიშვილისგან და „რესპუბლიკური პარტიისგან“ მოითხოვს პასუხს, მათ კი სათქმელი ბევრი არაფერი ექნებათ. ივანიშვილმა უკვე შექმნა ერთგვარი „მეხამრიდი“ და ესაა მოძრაობა „20/30“, რომელიც რუსული „20/20“-ის დუბლიკატია… ჩვენი საზოგადოება სერიოზულად უნდა დაინტერესდეს ამ ორგანიზაციის საქმიანობით, რადგან მასში გაერთიანებული პიროვნებების ერთი ნაწილი არავითარ ნდობას არ იმსახურებს…

_ ვის გულისხმობთ, _ გამზარდიას, ვასილ მაღლაფერიძეს, თუ სხვებს?

_ პირველ რიგში, თვითონ ბიძინა ივანიშვილს, დანარჩენზე კი ნელ-ნელა მოგახსენებთ, განსაკუთრებით კი არჩევნების წინა პერიოდში. მე, თემურ ქორიძემ, უკვე საჯაროდ გამოვაცხადე, რომ თანამოაზრეებთან ერთად ვქმნით მოძრაობას _ „20/16“, სწორედ 2016 წლის შემოდგომაზე მოხდება ამ ფსევდოსაზოგადოებრივი ძალის მხილება, აგრეთვე მათ დაემატება სახელისუფლებო პარტიები, რომლებიც სიცრუის მასობრივი ტირაჟირებით ყოველდღიურად შეურაცხყოფენ ქართველ ხალხს და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ამ ადამიანების პოლიტიკური მადა და პარპაში არათუ საჯაროდ ვამხილოთ, არამედ კიდეც დავაოკოთ!.. საკმარისია, დაკვირვებით წაიკითხოთ და გააანალიზოთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუები და მოსაზრებები, რომ უმალ მიხვდებით, რა მასშტაბის `მოხერხებულ~ კაცთან გვაქვს საქმე…

_ როგორ ფიქრობთ, ბოლოს და ბოლოს, ვეღირსებით თუ არა ევროპის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილებას? რატომ აღმოჩნდა ჩვენთვის რიგის სამიტი ასეთი უნაყოფო?

_ ევროპაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას, ალბათ, მივიღებთ, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად გახდომა… ეს კი, უახლოეს მომავალში, თითქმის განუხორციელებელია!. ევროპა ჩვენ ჰაერივით გვჭირდება, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ევროპისთვის საქართველო ზედმეტი ტვირთი, თავის ტკივილი და, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან კონფრონტაციაა!.. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების უმაღლეს პირებს ამის შესახებ ევროპელები დაუფარავად ესაუბრებიან, მაგრამ მათ ხალხისთვის ამის გამხელა არ სურთ!.. ნატოსა და ევროპის თემას ისინი მხოლოდ პიარისთვის იყენებენ და ამით საზოგადოებაში ცრუ მოლოდინებს ამკვიდრებენ. მეტიც, ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ ხალხს ზუსტი წარმოდგენა ჰქონდეს ევროპულ სტანდარტებზე. ასეთი სიბნელე ისევ მმართველ ძალას აძლევს ხელს… ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ევროპა მხოლოდ სექსუალურ უმცირესობებთან ასოცირდება, არადა, ევროპული სტანდარტის ადამიანებისთვის ისეთი ფუნდამენტის შექმნას გულისხმობს, როგორიცაა მოსახლეობის სრული სოციალური დაცვა, მაღალი ხელფასები და პენსიები, განუსაზღვრელი ზრუნვა უმუშევრობის წინააღმდეგ, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ჯანდაცვისა და განათლების განუხრელი განვითარება და ასე შემდეგ… აი, ეს არის ევროპული ღირებულებები, ამ ღირებულებებზე დგას ევროპა დღეს და „მავანთა“ გასახარად ჩვენს მოსახლეობას ნუ უკიჟინებენ, რომ ევროპა მხოლოდ გარყვნილებაა… სწორედ ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი პირობების გამო უფრთხის ჩვენი ხელისუფლება საქართველოს რეალურ ევროპიზაციას, ამ ისტორიული ამოცანის გადასაწყვეტად ივანიშვილ-ღარიბაშვილ-უსუფაშვილის ტანდემი საკმარისი არ არის, პირიქით, ასეთ დროს ერს, ქვეყანას სჭირდება ნამდვილი ლიდერი, ბრძენი და თავგანწირული წინამძღოლი, რომელსაც ძალუძს დიადი მიზანი დაუსახოს საზოგადოებას და მოახდინოს მთელი ეროვნული ენერგიის შეკრება და ამოძრავება!.. სახელფასო დანამატებსა და პრემიებს დახარბებული მოჯამაგირე ჩინოვნიკები კი ამ ამოცანის განხორციელებისთვისაც სრულიად შეუფერებელნი არიან და საქართველო მაშინ გახდება ევროკავშირის წევრი, როცა ევროპული სტანდარტები გადაიქცევა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესად… 150-ლარიანი ევროპა, ანუ პენსიონერი ევროპაში, რომელიც 150 ევროს იღებს _ არ არსებობს!!! ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ სხვადასხვა ტურისტული სააგენტოები ევროპიდან მთელ მსოფლიოში ამოგზაურებენ შრომით დაღლილ და ღირსეულად დაბერებულ ევროპელ მოხუცებს! აბა, დამისახელეთ ჩვენი პენსიონერი, რომელიც მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ დადის?!. ევროპელ პენსიონერს მთელი სიბერე უზრუნველყოფილი აქვს ჯანდაცვითა და საცხოვრისით დამთავრებული… ჩვენთან რა ხდება?!. აღარაფერს ვლაპარაკობ სუიციდზე, მაგრამ ყურადღებას ვამახვილებ ხელგაწვდილ, თითქმის მოშიმშილე პენსიონერებზე, რომლებისაც ამ ხელისუფლებას არათუ არ რცხვენია, არამედ არაფერს აკეთებს, რომ მათი ყოფა ოდნავ მაინც შეიცვალოს. 10 ლარის დანამატი უშველის რამეს, ისიც ამ ინფლაციის ფონზე?!.

ასე რომ, ევროკავშირში ჩვენი არმიღების გამო მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება და არა ევროპარლამენტს!!! ეს ის მთავრობაა, რომელიც ოდნავ უხერხულობასაც არ გრძნობს, როცა ბრიუსელში თუ რიგაში სახეგაბადრული მიხეილ სააკაშვილი აეტუზება წინ… წარმოგიდგენიათ, კაცზე წითელი ცირკულარით ძებნაა გამოცხადებული, მაგრამ მთელ მსოფლიოს სასაცილოდაც არ ჰყოფნის არც ეს ცირკულარი და არც საქართველოს პროკურატურის მძიმეწონიანი ბრალდებების ნუსხა! ორიოდე დღის წინ ძებნილი სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დატოვეს და რა გგონიათ, ეს ვისი შეურაცხყოფაა, _ უკრაინელების, თუ საქართველოს სამართალდამცველი სტრუქტურების?!. აი, ჩვენ, რიგითმა მოქალაქეებმა, რა უნდა ვიფიქროთ ამის გამო?.. სიმართლე, როგორც ყოველთვის, ერთია, _ ან მიხეილ სააკაშვილი სრულიად უდანაშაულოა, ან, კიდევ, საქართველოს პროკურატურაა სრულიად არაკომპეტენტური!.. სხვაგვარი დასკვნისთვის ადგილი არ რჩება… მთელი მსოფლიოს გაბრიყვება კი ისეთივე ძნელი დასაჯერებელია, როგორც ქართული პროკურატურის დაჭკვიანება!..

ვფიქრობ, არჩევნების დროს ხელისუფლებას ამის გამოც უნდა მოვთხოვოთ პასუხი, თუმცაღა ვიმეორებ, რომ შეკითხვები უამრავია, კიდევ დაემატება და მასზე აუცილებლად უნდა უპასუხოს მმართველმა პარტიამ.

 

                                                                                                 ირინე გოგოსაშვილი