„მეიცაით, პაპიკოი რეკავს!“ – ვის უშლიდა ხელს ლევან ჯინჭარაძე აჭარაში?!

batumi

ალბათ, მსოფლიოს არც ერთ ხალხს და ხელისუფლებას ისე არ გაუძარცვავს საკუთარი ქვეყანა, როგორც ჩვენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მთელი საწარმოო პოტენციალი გაჩანაგდა, დაიჭრა და ჯართად გაიყიდა.

სამწუხაროდ, ეს პროცესი დღემდე არ შეჩერებულა, ხოლო თუ სადმე რამე შემორჩა, კვლავაც განადგურების წინაშე დგას. და ეს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ეკონომიკური პოლიტიკის ფონზე.

ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მსოფლიო ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია. მას აქვს თეორიული სტატუსი და, შესაბამისად, 5 მილიონი ტონის გარანტირებული სარეალიზაციო ბაზარი.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სსრკ-ს სამართალმემკვიდრედ ამ სეგმენტში ჩვენი ქვეყანა და ეს ქარხანა აღიარეს, მაგრამ აჭარის მაშინდელი ხელისუფლების ხუშტურის გამო არავის მოუკითხავს და, ამის მიუხედავად, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუნარჩუნდა თავისი ადგილი.

თუმცა ქარხნის ამუშავება არც აბაშიძისა და არც „ნაციონალების“ დროს არავის უცდია. ამუშავება კი არა, „ნაცებმა“ ქარხნის ქონების ნაწილი ჩამოწერეს და ჯართად გაყიდეს. მაშინ რამდენიმე ქართველმა, ერაყელ პარტნიორებთან ერთად, ფაქტობრივად, მუქთად ჩაიგდო ხელში ქარხნის უნიკალური ლაბორატორია, ელექტროსადგური, რეზერვუარები, მილები და ერაყის ორ ქალაქში ორი ქარხანა ააგო: ბიტუმის დამამზადებელი და ქალაქ კირკუკში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელთაც აისოს სერტიფიკატი აქვთ. ამ ქარხნებში დღემდე მუშაობს `ბნქ~-ს კვალიფიციური მუშახელი, მათ შორის, ინჟინრები, ტექნოლოგები, ლაბორანტები.

სამწუხაროდ, ამ ფაქტით დღემდე არავინ დაინტერესებულა, არავის მოუკითხავს, იყო თუ არა დანაშაული სტრატეგიული ობიექტის ჯართის ფასად გაყიდვა და თუ ასეთი უვარგისი გახლდათ, როგორ მოხდა მის ბაზაზე ორი ქარხნის მონტაჟი და აღჭურვა?

ამ ქარხანას უკეთესი დროება არც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დასდგომია. სახელმწიფო ინტერესები დღემდე ეწირება გაუმაძღარი და ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ჩინოვნიკების ინსტინქტებს. ქარხანა, რომელსაც შეუძლია ქვეყნისა და რეგიონის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ იქცეს და ასობით ადამიანი დაასაქმოს, დღემდე გაურვევლ სიტუაციაშია. ხელისუფლება ახალი ქარხნის აგებას ფოთში აპირებს. თუ ეს ასეა, მაშინ საფუძვლიანია ეჭვი, რომ ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორად სწორედ ცნობილი ლიკვიდატორის, ნოდარ თებიძის დანიშვნა ქარხნის საბოლოო ლიკვიდაციას უკავშირდება. მას არაერთი საწარმო გაუკოტრებია და, სავარაუდოდ, ეს ხვედრი არც ნავთობგადამამუშავებელს ასცდება. ქარხნის ჯართად დაჭრა, ხოლო ნავთობის ნარჩენების გაყიდვა ისე მოხდება, რომ სახელმწიფოს არაფერი დარჩეს. ქარხნის ტერიტორიიდან უკვე დაიწყეს რელსების ამოყრა, გატანილია 3 ათასი ტონა ნავთობის ნარჩენი. ამჟამად, ყოფილი დირექტორის ძალისხმევის შედეგად, ეს პროცესები შეჩერებულია, მაგრამ მისი განახლება ყოველ წუთსაა შესაძლებელი.

ნავთობის ნარჩენების გატანის ორგანიზატორად, ლევან ჯინჭარაძის თქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, დავით ბალაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ალეკო ჩიტიშვილს თბილისი დაუსახელა. სავარაუდოდ, მისი ზემდგომი. იმედია, ეკონომიკის სამინისტრო ამ ფაქტით დაინტერესდება და სათანადო მოკვლევას ჩაატარებს. ამის ფონზე არადამაჯერებლად ჟღერს ამჟამინდელი დირექტორისა და სამინისტროს მტკიცება, რომ ქარხნის ამუშავებას ვაპირებთო.

რა დააშავა ყოფილმა?

ლევან ჯინჭარაძე აჭარაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაინიშნა ქარხნის დირექტორად კონკრეტული დავალებით: უნდა შეემცირებინა მუშახელი, დარჩენილი რეზერვუარები დაეჭრა და ჯართად გაეყიდა. მან კი, ამის ნაცვლად, ჯაგნარად ქცეული ტერიტორია გაწმინდა და დასაჭრელად გამეტებული რეზერვუარებიდან დღეს ბიუჯეტში 1 მილიონი ლარი შედის. მან შეძლო ქარხნის ძველი დავალიანების დაფარვა და ანგარიშზე სოლიდური თანხების მობილიზება. მან ასევე შეაჩერა ნარჩენების დატაცება და ამით კორუფციული რვაფეხის საცეცებს დაადგა ფეხი, აკი არც აპატიეს და სასწრაფოდ მოიშორეს თავიდან. როცა ქარხანა უმოქმედოდ იყო და ვინც წაეწეოდა, ყველას შეეძლო თითო ქუშტის წაკვრა, ყველა კმაყოფილი ბრძანდებოდა, მაგრამ როგორც კი აქტივობა დაიწყო, ამოქმედდნენ ლობისტებიც. ლევან ჯინჭარაძემ არავის მისცა საქმეში ხელების ფათურის უფლება, მონოპოლისტების ნაცვლად სხვა ფირმებსაც გაუხსნა გზა.

მეიცაით, პაპიკოი რეკავს!

ეს ფრაზა აჭარაში ლეგენდად დადის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ, რომელიც ამ თანამდებობაზე ისე მოხდა, როგორც „ს კარაბლია ნა ბალ“, პირველ დღეებში მთავრობის სხდომაზე მომხსენებელს, თურმე, ამ სიტყვებით შეაწყვეტინა გამოსვლა („პაპიკო“ მამის რუსული ანალოგია ქართული თიკუნით.)

ვინ არის არჩილ ხაბაძის „პაპიკო“-თამაზ ხაბაძე? მისი სახელი აჭარის მთავრობის თითქმის ყველა სადავო და საკამათო გადაწყვეტილებაში ფიგურირებს _ აჭარის „რუხი კარდინალი“, რომლის სინდისზეა ყველა იმ ქონების განკარგვა თუ განადგურება, რომელიც „ნაციონალების“ მმართველობის წლებში აჭარაში მოხდა. თუმცა უნარიანი ხელისუფლების პირობებში მსგავსი ჩინოვნიკი არ უნდა იყოს. „პაპიკოი“ კი არათუ ჩინოვნიკია, კვლავაც მასზეა ჩაბარებული გადარჩენილი ქონების მართვა და განკარგვა.

როგორც ამბობენ, მის ახირებას შეეწირა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ირაკლი თავართქილაძის თანამდებობა. ყოველთვის, როცა მინისტრი თათბირს დანიშნავდა, ხაბაძეც, თურმე, იმ დროს ნიშნავდა თათბირს და, აბა, გაებედა ვინმეს, მინისტრთან ასულიყო სათათბიროდ.

მოიშორეს თავართქილაძე და მოიყვანეს „ნაციონალების“ ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებლის, სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ფინანსური მენეჯერი, დავით ბალაძე, რომელიც მამა-ხაბაძესთან შეხმატკბილებულად მართავს და განკარგავს სახელმწიფო ქონებას. სწორედ თამაზ ხაბაძისა და მისი ხელქვეითის, ტარიელ ნაკაშიძის მითითებით ჯინჭარაძეს 140 ტონა ჯართად უნდა დაეჭრა ქარხნის რეზერვუარები. სწორედ ამ მითითების შეუსრულებლობა დაუჯდა თანამდებობად ყოფილ დირექტორს.

თამაზ ხაბაძის სახელს უკავშირდება არჩევნების მეორე დღეს, 2012 წლის 2 ოქტომბერს, ამ ქარხნიდან 122 ტონა გუდრონის ერთ-ერთ ინდმეწარმეზე ტონის 78 ლარად მიყიდვა, მაშინ როცა 1 ტონის საბაზრო ღირებულება 700 ლარამდეა.

ვის უშლის ხელს და ნერვებს „ბნქ“?

ვის და ყველას, ვისაც საქართველოში ნავთობის ბიზნესში ინტერესები აქვს. უპირველეს ყოვლისა, „სოკარს“, „ვისოლს“, „რომპეტროლს“. კერძო სექტორს, რა თქმა უნდა, ხელშეწყობა სჭირდება, მაგრამ არა სახელმწიფოს ხარჯზე. კეთილგონიერი ხელისუფალი სტრატეგიულ ობიექტებს არ გაანიავებს, ჩვენთან კი, სამწუხაროდ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება ისევ სანთლით საძებარია.

არადა, ეს ქარხანა არა მარტო რეგიონს, მთელ ქვეყანას სჭირდება. ექსპერტების აზრით, მიუხედავად ინფრასტრუქტურის გაჩანაგებისა, შესაძლებელია მისი რეაბილიტაცია, რომელიც გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე ახლის მშენებლობა. მით უფრო, რომ, თავის დროზე, ბათუმის პორტის ნავმისადგომები სწორედ ამაზე იყო გათვლილი. ქარხნის ყოფილი დირქტორის თქმით, მან შეძლო იაპონურ ფირმა „მარუბენთან“კავშირების აღდგენა. სწორედ ეს ფირმა აპირებდა, ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინათ ეკოლოგიურად სუფთა ქარხნის აშენებას. პროექტი კი აბაშიძე-შევარდნაძის დაპირისპირებას შეეწირა.

აჭარის ტურისტულ პოტენციალს ეს ქარხანა სულაც არ შეუშლის ხელს, რადგან ევროპის ბევრ ქვეყანაში, სადაც ეკოლოგიას ყურადღებას აქცევენ, დიდ ქალაქებთან ახლოსაა აგებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და, მათ შორის, დაცულ ტერიტორიებზეც. ასეა თუ ისე, ვნებათაღელვა ამ ქარხნის ირგვლივ არ ცხრება. სასამართლომ ქარხნის ყოფილი დირექტორის მოქმედებები მართლზომიერად ცნო, მაგრამ თანამდებობაზე არ აღადგინა.

მართლაც საინტერესო ზნე აქვს ქართულ თემიდას. ამასობაში კი საქართველო, თურმე, მზარდი ეკონომიკის ქვეყნების რეიტინგში ერთ-ერთი მოწინავე ყოფილა.

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა:

„2013 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქარხნის საწესდებო კაპიტალში აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული 7 რეზერვუარი და სხვა მოწყობილობები შეიტანა. მიზანი იყო, რომ მომხადრიყო საწარმოს განვითარება და ფინანსური უზრუნველყოფა. შემდგომში რეზერვუარების იჯარით გაცემის შედეგად საწარმომ, შემოსავლების სახით, 740 000 ლარის სარგებელი მიიღო. ლოგიკას მოკლებულია, რომ სამინისტროს ჯერ საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეეტანა რეზერვუარები და მერე მისი დაჭრა და ჯართად ჩაბარება მოეთხოვა. მსგავსი სურვილის შემთხვევაში, ყოველგვარი გადაცემის გარეშე, სამინისტროს თავად შეეძლო ამის გაკეთება. უწყების მთავარი მიზანია, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა განვითარდეს.

2012 წლის ოქტომბერში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მაშინდელი დირექტორის, ნიკა თავდგირიძის მიერ 122 ტონა ბითუმი ძალიან დაბალ ფასად, 1ტ. 78 ლარად გაიყიდა. ახალ დირექტორ ჯინჭარაძეს, რომელიც 2 თვის შემდეგ დაინიშნა თანამდებობაზე, სამინისტროსგან არაერთი ზეპირი და წერილობითი დავალება მიეცა, გაემოეკვლია ბითუმის დაბალ ფასად გასხვისების საკითხი, თუმცა ლევან ჯინჭარაძემ აღნიშნული დავალება არ შეასრულა.

ჯინჭარაძემ არათუ მოგება არ მოუტანა საწარმოს, არამედ მის მიერ გაურკვეველი მიზეზით მიღებული გადაწყვეტილებით, რომლითაც უარი თქვა 3 ერთეული რეზერვუარის აუქციონით გაცემაზე, მოგების 200 000 ლარით შემოსავლის გაზრდის პერსპექტივა დააკარგინა საწარმოს, მაშინ, როდესაც საწარმოს წლიური შემოსავალი მხოლოდ 41000 ლარი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული რეზერვუარები თვითნებურად, აუქციონის გარეშე, მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, გაცილებით დაბალ ფასად ჰქონდა გაცემული სხვა კომპანიაზე“.

 

                                                                                                                   ნატო ქათამაძე