ძებნილი „კამაცუ“ და იმპიჩმენტის მოლოდინში მყოფი ლაგოდეხი!

kata

ღვარცოფები და ადიდებული მდინარეები კახეთის რეგიონის მოსახლეობას სეზონურად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, მუდმივად პრობლემებს უქმნის _ მიმდებარე ტერიტორიები იტბორება და მოსავალი ხშირად მთლიანად ნადგურდება, წყალდიდობების დროს ხშირად შინაური ფრინველები და ცხოველებიც იხოცება. ისედაც შეჭირვებული მოსახლეობა, რომელთა დიდი ნაწილი მიწის დამუშავებითა და მესაქონლეობით ირჩენს თავს, მთელი წლის განმავლობაში ულუკმაპუროდ რჩება. ადგილობრივი ხელისუფლება დაპირებებით იფარგლება და ხალხის დასახმარებლად ბევრს ვერაფერს აკეთებს. სტიქიით დაზარალებულებს ერთჯერადად მხოლოდ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები ეხმარებიან, რაც, დაზარალებულების აზრით, არსებობისთვის არასაკმარისია. სპეციალისტების განმარტებით, სტიქიის მძიმე შედეგების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ მდინარეების კალაპოტების გაწმენდითი სამუშაოები ყოველ წელს ჩატარდება. იმ მდინარეებისთვის კი, სადაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო, პრევენციული ზომების გატარების მიზნით, გარემოს დაცვის სამინისტრომ შვიდი წლის წინათ მძლავრი ბულდოზერები შეიძინა: ერთი ყვარლის რაიონს გადაეცა მდინარე დურუჯისთვის, მეორე ლაგოდეხის რაიონს _ მდინარე კაბალისთვის.

 

დურუჯი ხალხის სიცოცხლეს კვლავაც საფრთხეს უქმნის!

 

ყვარლის ისტორიაში პირველად 2009 წელს ერთდროულად ადიდდა ამ რაიონში არსებული შვიდივე ღვარცოფის გამომწვევი მდინარე. ზარალმა რაიონში თითქმის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ყვარელში აღსადგენი გახდა ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. მოსახლეობას განსაკუთრებით მდინარე დურუჯის ხასიათი აშინებს, რომელიც შავი კლდიდან მოედინება და ჩამონაშალი ქვიშაც მოაქვს.

პრეისტორია: დურუჯმა ყვარელი პირველად 1832 წელს დაანგრია; მომდევნო ტრაგედია 1904 წელს დატრიალდა, მდინარემ ქალაქი წალეკა და სახლებიდან აკვნიანი ბავშვები გაიტაცა; 1906 წელს, ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, დამცავი დამბები აშენდა, რაც ქალაქს 1949 წლამდე იცავდა; 1949 წელს მოვარდნილმა დურუჯმა მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა: ღვარცოფი დაატყდა სამხედრო ყაზარმას, სადაც ბერლინის აღებაში მონაწილე სამხედრო-საავიაციო ნაწილი იდგა. სულ რამდენიმე წუთში სტიქიამ 56 ადამიანის, მათ შორის, 54 მფრინავის სიცოცხლე იმსხვერპლა; დაიღუპა დიდძალი პირუტყვი, გაჩანაგდა მიმდებარე ვენახები და ბაღ-ბოსტნები.

 

***

მდინარე დურუჯზე და მდინარე კაბალზე პრევენციული ღონისძიებები მუდმივად უნდა ტარდებოდეს, ასევე 24-საათიან რეჟიმში უნდა მუშაობდეს „კამაცუს“ ბულდოზერიც.

2009 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებით, რეგიონს ორი „კამაცუს“ ტრაქტორი აჩუქეს, რომელიც ერთი ლაგოდეხს გადაეცა, მეორე _ ყვარელს. „კამაცუს“ მინიმალური ღირებულება 1 მილიონი ლარია, ხოლო მისი ქირაობა მხოლოდ 10 საათით მუნიციპალიტეტს 1000-1200 ლარი უჯდებოდა…

და მთავარი პირობა: როცა ლაგოდეხის რაიონის გამგებლობაზე გაქვს ამბიცია, უნდა იცოდე, როგორ ებრძოლო ღვარცოფს, თუმცა 2015 წლის სტიქიას გამგებელი ასე გამოეხმაურა: „მოსახლეობას ზარალის ანაზღაურების დაპირებას ვერ ვაძლევთ, რადგან მათ მოსავლის დაზღვევის შესახებ სრული ინფორმაცია მივაწოდეთ, ბროშურებიც დავარიგეთ, შეხვედრებიც ჩავატარეთ. დაზარალებული მოსახლეობის ნაწილს, ვისი მეურნეობაც დაიტბორა და ვისაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდა, ზარალი დაზღვევის მიხედვით აუნაზღაურდება, ხოლო ვისაც მოსავალი დაზღვეული არ აქვს, მათ არაფერი არ აუნაზღაურდება“.

სადაზღვევო კომპანია რომ კერძოა და წინასაარჩევნოდ ასეთი დაპირება ჯამბურიასაც რომ არ ჰქონია, ეს ახსოვთ და კარგად იციან ლაგოდეხში.

მთავარი კითხვა, რაც უკვე სტიქიამ გააჩინა, არის შემდეგი:

სად იყო ზამთარში „კამაცუ“?!

სოფელ კაბალში ამბობენ: „წელს „კამაცუ“ არსად გვნახავს, ბოლო 7 წელიწადში პირველად არ გაწმინდეს მდინარეები და შედეგიც ვნახეთ. ცოცხლად გაიტაცა მდინარემ ცხვრის ფარები და გამგებელი არც კი მოსულა. მარტო არჩევნებზე მოდის… სხვა დროს არ სცალია“.

სოფელი ბაისუბანი, „ბირჟის ხმა“: „ძილი და მოსვენება აღარ გვაქვს, გასულ წლებში ვიცოდით, რომ ზამთარში მოვიდოდა „კამაცუს“ დიდი ტრაქტორი, გაგვიწმენდდა ხევს და ღვარცოფსაც გადავურჩებოდით. მშვიდად გვეძინა, ვიცოდით, რომ არაფერი მოგვივიდოდა. წელს სად იყვნენ, წელს?!

 

რა მოხდა ლაგოდეხში?

ლაგოდეხის გამგებელმა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 1 მილიონად შეფასებული მძიმე ტექნიკა ბიზნესმენ დავით ლომიძეს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გადასცა, თუმცა კახა ჯამბურიას 1 მილიონის ღირებულების ტექნიკის გაქირავება რომ გადაეწყვიტა, მაშინ მას საკრებულოსთვის უნდა მიემართა. წესი კი მოძრავიდან უძრავი ქონების გადაცემის შესახებ შემდეგნაირია: „დგინდება საკრებულოს მიერ მუნიციპალური ქონების განკარგვის წესი უძრავ და მოძრავ ქონებაზე“. ამ წესში არის დადგენილი შესაბამისი საფასურის ზღვრული ოდენობა, რა ფასად შეიძლება გაქირავდეს!

თუ მუნიციპალური ქონება შენთვის არაფერია და მხოლოდ შენ იცი, როცა ამას ასხვისებ და ეს არც საკრებულომ იცის და არც გამგეობამ, აღნიშნული ქმედება მკაცრად ისჯება. იგი სისხლის სამართლის დანაშაულია.

თუმცა მთავარი მაინც შემდეგია:

ვინ არის დავით ლომიძე? რა გავლენები აქვს ლომიძეს „ქართული ოცნებისგან“?

ლომიძე „ქრონიკა+“-თან არ უარყოფს, რომ მუნიციპალური ქონება, ანუ 1 მილიონად შეფასებული ტრაქტორი დასჭირდა და წამოიღო, თუმცა აღარ აკონკრეტებს, რომ ქონება მის ხელში დაზიანდა და მხოლოდ ამის მერე დააბრუნა უკან.

ლომიძე პატარა კაცი არ არის, იგი ვოლსკის ნათესავია და ლაგოდეხში, ძირითადად, მასთან კონსულტაციებს გადის გამგებელი ჯამბურია, ლომიძე კი ჟოზეფ ფუშესავით ჩრდილში მდგარი მმართველია. რაც შეეხება ჯამბურიას, მომდევნო კვირაში მის სისხლის სამართლის დანაშაულზე საკრებულო პროკურატურას მიმართავს. მალე კალაძის გამგებელ დეიდაშვილს დაკითხვაზე დაიბარებენ.

სასაცილო კი მხოლოდ ისაა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ „ქრონიკა+“-თან პირობა დადო, მალე გამგებელს დავიჭერო!

 

                                                                                              მაკა მოსიაშვილი