მერიაში 80 თანაშემწის დანიშვნა – ქვეყანაში უმუშევრობის დონეს ამცირებს?!

er4

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2013 წელთან შედარებით, 2.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.4% შეადგინა; შარშან  უმუშევრობის დონემ, ბოლო 11 წლის მანძილზე, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

მათივე ინფორმაციით, 2014 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის) 66.5 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე გაიზარდა 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე _ 1.7 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, 2014 წელს დასაქმების დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია ბოლო 11 წლის განმავლობაში, ხოლო აქტიურობის დონე 2014 წელს ჩამოუვარდება მხოლოდ 2012 წლის მაჩვენებელს.

დასაქმების დონე გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ტიპის დასახლებებში. წინა წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში, პირიქით, 0.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 5.2 პროცენტით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა უმნიშვნელოდ _ 0.2 პროცენტით, რის შედეგადაც აღნიშნული თანაფარდობა მცირედით შეიცვალა, დასაქმებულებში დაქირავებულთა წილი 1.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. 2014 წელს, 2013 წელთან მიმართებით, უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში და, შესაბამისად, 22.1 და 5.4 პროცენტი შეადგინა. ამასთან, ქალაქად უმუშევრობის დონემ მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო 11 წლის, ხოლო სოფლად ბოლო 7 წლის მანძილზე.

წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია მხოლოდ ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად, 1.5 და 0.8 პროცენტული პუნქტით. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 6.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების სქესობრივ ჭრილში განხილვისას აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირდა როგორც ქალებში (1.9 პროცენტული პუნქტით), ასევე კაცებში (2.5 პროცენტული პუნქტით) და შესაბამისად 10.4 (მინიმალური მაჩვენებელი ბოლო 14 წლის მანძილზე) და 14.0 პროცენტი (მინიმალური მაჩვენებელი ბოლო 7 წლის მანძილზე) შეადგინა. ტრადიციულად კაცებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია ქალებთან შედარებით. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ დაუსაქმებელი ქალების უმრავლესობა დიასახლისია და, შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას განეკუთვნება. ქალებში არააქტიურობის დონე თითქმის ორჯერ აღემატება კაცებში ანალოგიურ მაჩვენებელს (შესაბამისად, 42.9 და 22.6 პროცენტი). ამგვარად, კაცებთან შედარებით ქალებში დაბალია როგორც აქტიურობის, ასევე დასაქმების დონე.

2014 წელს 2013 წელთან შედარებით აქტიურობის დონე უმნიშვნელოდ გაიზარდა როგორც ქალებში, ასევე კაცებში და, შესაბამისად, 57.1 და 77.4 პროცენტი შეადგინა. ქალებში დასაქმების დონემ 2014 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია ბოლო 13 წლის მანძილზე, ხოლო კაცებში _ ბოლო 11 წლის მანძილზე და, შესაბამისად, 51.1 და 66.6 პროცენტი შეადგინა.

უმუშევრობის დონის განხილვა ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე არ შეცვლილა მხოლოდ 55-59 ასაკობრივ ჯგუფში, სხვა ასაკობრივ ჯგუფებში აღნიშნული მაჩვენებელი ყველგან შემცირებულია. უმუშევრობის დონის ყველაზე დიდი კლება (11.3 პროცენტული პუნქტით) 15-19 ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ისევ ამ ასაკობრივ ჯგუფში რჩება.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში. ამის მიზეზია ის, რომ 65+ საპენსიო ასაკია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული, არ ეძებს სამუშაოს და, შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას განეკუთვნება. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემები.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად საქართველოში უმუშევრობის დონემ იკლო: „ჩვენი მთავრობის ხელშეწყობითა და სწორი პოლიტიკით შეიქმნა 33 000 სამუშაო ადგილი. რაც მთავარია, ამ ახალი სამუშაო ადგილების 90% კერძო სექტორზე მოდის“.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით: „11 წლის განმავლობაში ასეთი კლება არ დაფიქსირებულა საქართველოში და ეს არის მთავრობის ახალი პროგრამების შედეგი“. მისივე თქმით, 119 საწარმო დაფინანდა და ასევე 78 ახალი საწარმო შეიქმნება, ეს ყველაფერი კი უმუშევრობის სტატისტიკაზეც აისახა: „გასულ წელს მთავრობის მუშაობის შედეგი იყო ის, რომ 4.8% მშპ ზრდა გვქონდა და წელს პირველ კვარტალში გვაქვს 3.2%, რაც რეგიონში უპრეცედენტო შედეგია“.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შეფასებით: „ეს არის შედეგები, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს. არაერთხელ ვსაუბრობდით და მაჩვენებლები პირუთვნელად ადასტურებს იმას, რომ საქართველოში დასაქმება გაზრდილია“.

ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება: „მე მესმის იმ 12.4%-ის პრობლემები, რომელთაც სამსახური არ აქვთ, მაგრამ ყველა პრობლემა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გადავჭრათ“.

„ქრონიკა+“ ამ ოპტიმისტური დამოკიდებულების შემდეგ, თავდაპირველად, პოლიტიკური მოძრაობა „დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელს, გიორგი ახვლედიანს ესაუბრება:

_ ჩემი თვალთახედვით, დასაქმების კუთხით მდგომარეობა საერთოდ არ გამოსწორებულა. ჩემ გარშემო, ნაცნობებში, მეგობარ-ახლობლებში არათუ გუმჯობესება არ შემინიშნავს, პირიქით, გაუარესებასთან გვაქვს საქმე. ფინანსური, სავალუტო კრიზისის გამო, ძალიან ბევრი ორგანიზაცია იხურება, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები იკეტებიან: ეს არის მაღაზიები, პატარ-პატარა ფირმები, კომპანიები, რომლებიც საცალო ვაჭრობის სისტემაში არიან ჩართული. მათ გარკვეული პროდუქცია დოლარზე შემოიტანეს, რომელიც საშინლად გაძვირდა და მომხმარებელი აღარ ჰყავთ, კრედიტები ახრჩობთ, ამიტომ პანტა-პუნტით ხურავენ თავიანთ ბიზნესებს. ამ პროცესს ვხედავ და, სამწუხაროდ, მის შეუქცევადობასაც ვაკვირდები. საპირისპიროს ვიტყოდი, ჩემ გარშემო ვინმე რომ დასაქმებულიყოს, ერთი ადამიანი მაინც, ან ქალაქში ერთი ახალი ობიექტი მაინც მენახოს სამუშაო ადგილებისთვის შექმნილი. ასეთიც რომ არ ჩანს? ბოლო ორი წლის განმავლობაში არაფერი გახსნილი რომ არ მინახავს, ყველაფერს დახურულს რომ ვხედავ, როგორც აქამდე იყო?

იქნებ, მითხრან, სად ხდება რეალურად დასაქმება? ალბათ, ეს სტატისტიკა მერიაში 80 თანაშემწის დანიშვნას უკავშირდება. ასევე, მათი რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. შესაბამისად, ამ გზით ებრძვიან დასაქმების პრობლემას, ახლობელ-ნათესავების სამუშაოზე მოწყობის კუთხით, თორემ დანარჩენში დიდ კითხვის ნიშნებს დავსვამდი, რომ თუნდაც 0,1 პროცენტით მაინც გაუმჯობესებულიყოს დასაქმების მაჩვენებელი.

ამასთან, ერთმნიშვნელოვნად მივესალმებოდი, ასეთი რამ თუ მოხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი ვარ, არ მივეკუთვნები მათ კატეგორიას, რომელთათვისაც ქვეყანაში ყველაფერი უნდა დაინგრეს, რომ ოღონდაც ის მოვიდეს ხელისუფლებაში. არ მინდა ქვეყნის ნანგრევებზე ხელისუფლებაში მოსვლა. თუ რამე კარგი მოხდება, მივესალმები და ხელს შევუწყობ, მაგრამ ვხედავთ, რომ მხოლოდ სიცრუესთან გვაქვს საქმე, უბრალოდ, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებასთან, მოტყუებასთან… ხელისუფლების მხრიდან ეს ერთგვარი მცდელობაა, მცირედით მაინც შეამსუბუქოს უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი და თქვას, რომ აი, რაღაც მაინც დავძლიეთ და უკეთესობისკენ წავედით, უმუშევრობა იკლებსო… სულ რაღაც ორი კვირის წინ მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ლარი აღარ გაუფასურდება, სტაბილურად გამყარებისკენ მიდისო. ათი პუნქტით გამყარდა მართლა და რაღაც იმედი გაჩნდა. გულწრფელად ვგულშემატკივრობდი ამ პროცესს. მინდა, რომ ლარი დასტაბილურდეს და სამუშაო ადგილებიც შეიქმნას. ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიმაჩნია. მაგრამ ორი კვირაც არ გავიდა და გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ამ პროცესებსაც ვერანაირად აკონტროლებს და თანმიმდევრულად ვერ მისდევს. ლარი ისევ იმ ნიშნულზე დაბრუნდა, რაზედაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდებოდა. პროცესებს ვერც ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი ვერ მართავს.

_ მიზეზებს სად ხედავთ, რომ ახალი სამუშაო ადგილები ვერ იქმნება და მდგომარეობა უარესდება?

_ სამუშაო ადგილების შექმის ფართო არეალი მცირე და საშუალო ბიზნესია. ჩვენ არ ვცხოვრობთ სოციალისტურ საბჭოთა კავშირში, რომ სახელმწიფო იყოს მთავარი დამსაქმებელი. შესაბამისად, დასაქმების მთავარი მაჩვენებელი, მისი ზრდა, მცირე და საშუალო ბიზესის განვითარებაზე უნდა მოდიოდეს. ახალი ბიზნესები, კომპანიები, ობიექტები, ორგანიზაცია-საწარმოები უნდა ჩნდებოდეს; ახალი სამუშაო ადგილები სწორედ იქ უნდა აღმოცენდეს.

ქალაქის მერი პარტიული აქტივისტებიდან რამდენიმე ათეულ თანაშემწეს რომ დაასაქმებს, ეს ხომ პრობლემას ვერ აგვარებს? ამ დროს მცირე და საშუალო ბიზნესი კვდება ქვეყანაში, მთელი უბედურება ასაა, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია უზარმაზარ და კატასტროფულ სესხებზე, რომელიც დოლარშია და განსაკუთრებით ფინანსური კრიზისის პირობებში, ადამიანებს და მათ წამოწყებულ საქმეს ახრჩობს. ეს ემართება ყველა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს.

შედით ნებისმიერ ბაზრობაზე, ლილო მოლში, ელიავაზე, ვაგზლის ბაზრობაზე, იქ ყოველდღე იხურება მაღაზიები; ყოველდღე ადამიანები გარბიან სამუშაო ადგილებიდან, რადგან ვეღარ აუდიან კრედიტებს, დოლარის გაძვირების გამო მომატებულ ფასებს. მათი პროდუქციაც კატასტროფულად გაძვირდა და უმძიმეს მდგომარეობაში არიან.

ამიტომ სამუშაო ადგილები კი არ იქმნება, იკლებს, უპირველეს ყოვლისა, მცირე და საშუალო ბიზნესის მოხრჩობისა და სერიოზულად შემცირების ხარჯზე.

_ რა მისცემს ბიძგს და და გამოაცოცხლებს არსებულ მდგომარეობას?

_ ამ ეკონომიკური გუნდის იმედი აღარ მაქვს. გამოკვეთილად ვხედავ, რომ მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით ნაბიჯების გადამდგმელი არათუ არ არის, უბრალოდ, ვერ არის. შინაგანად ამის სურვილიც რომ ჰქონდეს, ამის პროფესიონალიზმი, ცოდნა-გამოცდილება და იდეები არ გააჩნიათ.

შესაბამისად, იგივე შემიძლია გითხრათ ეროვნული ბანკის მისამართითაც, რომლის პრეზიდენტი შეიძლება შესანიშნავად მანიპულირებს საბანკო, ფინანსურ-ეკონომიკური ტერმინოლოგიით და მაპატიეთ, კარგად აბოლებს იგივე პარლამენტარებსა და ყოფილ მეპატრონეებს „ნაციონალური მოძრობიდან“, მაგრამ ფაქტია, პრობლემის მოგვარების მიმართულებით მას კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის შნო და უნარი არ გააჩნია. ამიტომ მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ახალი გუნდი ორიენტირებული უნდა იყოს პროფესიონალიზმზე, არა იმაზე, თუ რამდენად უფრო ყურმოჭრილი მონები იქნებიან ბიძინა ივანიშვილის, არამედ შერჩეული იმის მიხედვით, თუ რამდენად ფლობენ არსებული მდგომარეობის მართვის შესაძლებლობას, რამდენად გამოცდილები, პროფესიონალები არიან და საღი იდეები აქვთ არსებული ღრმა კრიზისის დასაძლევად.

არაფერი კატასტროფული და ჯერარნახული არ ხდება, რაც მსოფლიოს არ უნახავს. უბრალოდ, ამას მცოდნე ადამიანების გუნდი სჭირდება, რომელიც ამ საქმეს ხელს მოჰკიდებს და არა დილეტანტები, რომლებიც იქ მხოლოდ იმიტომ არიან, რომ მონურად შეასრულონ ივანიშვილის ნება. ახალმა გუნდმა ლარის კურსის დასტაბილურებისთვის კონკრეტული სამუშაოები უნდა განახორციელოს. ასევე ქვეყნის ეკონომიკური გუნდი მთელ მსოფლიოს მოედოს იმისთვის, რომ საქართველოში ინვესტიციების ჩადება მოახერხოს. ინვესტიციების ჩადება თანმდევი პრობლემების მოგვარებას მოითხოვს; ქვეყანას სტაბილურობის განცდა სჭირდება. როდესაც ინვესტორმა იცის, რომ აქ ნებისმიერ დროს შეიძლება იარაღი აჟღარუნდეს, არავის მოუნდება მილიონების წამოღება. ამიტომ არის, რომ რეალური ინვესტიციები 2008 წლის ომის შემდეგ აქ, პრაქტიკულად, არ ჩადებულა. ბევრი კომპლექსური პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სიმშვიდის გარანტიებიდან დაწყებული, ფინანსური შემოდინებების უზრუნველყოფით დასრულებული, რაც, საბოლოოდ, ლარის ერთმნიშვნელოვნად გამყარებას გამოიწვევს; რაც პირდაპირპროპორციულად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს; რასაც ცალკე საკანონმდებლო-საგადასახადო რეგულაციების შემუშავება სჭირდება, რათა სახელმწიფომ ხელი შეუწყოს და სისხლი არ გაუშროს მცირე და საშუალო ბიზნესს. გვირჩევნია, მცირე და საშუალო ბიზნესმა ნაკლები გადასახადი გადაიხადოს, მაგრამ ეს ბევრმა კომპანიამ გააკეთოს, ვიდრე პირიქით.

ამ პრობლემატიკაზე „ქრონიკა+“-ის მორიგი რესპონდენტია პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე:

_ თვითონ უმუშევრობის შემცირების პროცენტი იმხელა არ არის, რომ ჩემნაირმა ჩვეულებრივმა მოქალაქემ იგრძნოს. ამასთან დაკავშირებით ვასიკო ოდიშვილმა იხუმრა: ცოტაც დავიცადოთ და თუ სულ ამოწყდებიან უმუშევრები, ამით ეს პროცენტიც კიდევ უფრო შემცირდებაო… დაახლოებით, ასეთი აზრი გაატარა. ანუ სანახავია სტატისტიკური მონაცემები, რის ხარჯზე შემცირდა უმუშევრობა. თუ, მაგალითად, იმის ხარჯზეა, რომ უმუშევართა დიდი ნაწილი საქართველოდან გავიდა და ახლა სხვაგან ეძებს სამუშაოს, ასეთი შემცირება, ალბათ, საუკეთესო გამოსავალი არ არის.

ხელისუფლება ამბობს, რომ საწარმოების გარკვეული რაოდენობა გაიხსნა, მაგრამ საჭიროა უფრო დეტალური ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის, თუ რამდენი ასეთი საწარმო გაიხსნა და ჯამში რამდენი ადამიანი დაკავდა იქ. ამ შემთხვევაში შეიძლება იმსჯელო, ეს მაჩვენებელი რეალურად შემცირდებოდა თუ არა. იზოლირებულად აღებული ეს ციფრი, ჯერ კიდევ, არ არის საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ დასაქმების პროცესზე სრული წარმოდგენა შეგვექმნას.

_ მთავრობა რამდენად დგამს ქმედით ნაბიჯებს უმუშევრობის დონის შესამცირებლად?

_ მოგეხსენებათ, მთავრობის პოზიციაა (და მასთან კამათი ძნელია), რომ ეკონომიკურმა წინსვლამ სამუშაო ადგილების გაზრდა უნდა მოგვცეს. უცბად ეს ვერ ხერხდება, რადგან საჭიროა ინვესტორების, მათი ინვესტიციების მოზიდვა, გარკვეულ სფეროებში ჩადება. დასაქმების პრობლემის გადაჭრას მერე დავინახავთ, როცა აღნიშნული ობიექტები ამუშავდება. ჯერჯერობით საუბარია, რომ რაღაც ინვესტიციები მოიზიდა იმ ფონდებმა, რომელიც ამ პერიოდში შეიქმნა. ხელისუფლებამ, ვადაზე ადრე ბრალს გვდებსო, რომ არ დამაბრალოს, გავჩუმდები და დაველოდები, როდის იქნება ეს შედარებით გვიანდელი შედეგი. ალბათ, აქაც სასურველია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს არა მარტო იმაზე, რომ მთავრობამ ფონდები შექმნა და ინვესტიციები მოიზიდა, არამედ თითოეული ასეთი ინვესტიცია რა დროისთვის გეგმავს ამოქმედებას, რომ მოსახლეობამ ამ მიმართულებით ხელისუფლების მუშაობის ეფექტურობა შეამოწმოს. ზოგადი ფრაზები ყოველთვის პრობლემურია, თუ გარკვეული ვადა დათქმული არ არის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებმა საქართველოში უმუშევრობის დონის შემცირებაზე ბობოქარ სოციალურ ქსელშიც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ჩვენი აქტიური თანამოქალაქეების პესიმისტურ შეფასებებს უკომენტაროდ გთავაზობთ:

„ასე იქნება, ვისაც კი რამე შეუძლია, ყველა გაიქცა ქვეყნიდან“;

„რომელ ქვეყანაშიო? მაშ, მტყუვნის…“

„თურმე ავშენდით და ვგუგუნებთ, მაგრამ ცოტათი მაინც მოსალოდნელია ზრდა უმუშევრობის, წიხლით რომ გაყრიან ამათ. იმდენი ამ ქვეყნის უმუშევრების მოკითხვა მათ…“;

„შემცირდებოდა გაბერილი ბიუროკრატიის ხარჯზე, სადაც ისევ თქვენი ნათესავები მუშაობენ“;

„ღარიბაშვილი, ხადური _ პირველ რიგში, ესენი უნდა დარჩნენ უმუშევრები“;

„მხოლოდ მერიაში 350 ადგილით არის გაზრდილი კადრები; იცოცხლეთ, ბევრი ნათესავი გყოლიათ“;

„3 729 005 ადამიანი დავრჩით საქართველოში: 800 000 _ პენსიონერი, 440 000 _ უკიდურესად ღატაკი, დაახლოებით, 1 000 000 არასრულწლოვანი და სტუდენტია (უმუშევარი, რა თქმა უნდა). ამ ფონზე, რა სტატისტიკა მოჰყავთ? 100-ლარიანი ხელფასის მქონეს დასაქმებულს უწოდებთ?“

„დასაქმება გაიზარდა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებში. კერძო სტრუქტურებში დაახლოებით 10%-ით შემცირდა ბოლო 6 თვეში“:

„ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. აი, აქ კი ცუდადაა ჩვენი საქმე. ალბათ, კიდევ დარჩათ ნათესავ-მეგობრები“;

„მოგეხსენებათ, როდესაც ახალი საწარმო იხსნება, აუცილებლად ლოგოტიპი სჭირდება. წინა ხელისუფლების დროს უამრავი კონკურსი იყო ლოგოტიპზე იმიტომ, რომ ბევრი საწარმო იხსნებოდა. ეს სამი წელია, სულ სამი-ოთხი კონკურსი ჩატარდა. დასკვნა თვითონ გააკეთეთ სამუშო ადგილების თაობაზე“;

„როგორც „ნაცები“ თამაშობდნენ ხალხის ნერვებზე, ესენიც ისე აკეთებენ და ძნელი მისახვედრი არაა, თუ ვის გაუყვებიან მალე“;

„მათ სანათესავოში, ალბათ, გაიზარდა. ჩემ გარშემო სულ სხვა რეალობაა“;

„რას ვიზამთ, ხადურს თავისი სტატისტიკა აქვს, ამასობაში, გაიკრიფა ხალხი საქართველოდან“;

„ხალხი გააქციეთ და ვინც შემოგრჩათ საქართველოში, მათ შორის კი გაიზრდებოდა დასაქმებულთა რიცხვი“; „რაც მეტი წავა, უფრო გაიზრდება ეგ მაჩვენებელი, გიხაროდენ!“

„თავს მოიწონებთ, ყველა უმუშევარს თუ გაყრით. ერი 100%-ით დასაქმებული გეყოლებათ და ევროპაც ჩაგიხუტებთ“;

„ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა _ ეძღვნება თანამედროვე ქართულ საზოგადოებას“;

 

                                                                                                    გელა მამულაშვილი