რატომ არ აფორმებს ჭიათურის კომბინატი მუშებთან შრომით კონტრაქტებს?

jandacv

წინა ნომერში „ქრონიკა+“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის თანამშრომლებზე წერდა, რომლებიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით ქობულეთში, სასტუმრო „სოლიდარობაში“, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი სემინარი გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჭიათურის კომბინატის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელები, კომიტეტის წევრები და აქტივისტები. ჭიათურელმა პროფკავშირელებმა ყველა ის პრობლემური საკითხი დააყენეს, რაც დღეს მაღაროელებს აწუხებთ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კვლავ გრძელდება პროფკავშირული ნიშნით ადამიანების დევნა, მაღაროების ხელმძღვანელების მიერ შრომის კანონმდებლობის უგულებელყოფით შრომითი პროცესების წარმართვა და გაუმჭვირვალე სახელფასო სისტემით გამოწვეული არასასიამოვნო პროცესები.

აღინიშნა სამედიცინო დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ: ჭიათურაში არ არსებობს სტაციონარული და ამბულატორიული დაწესებულება და მაღაროელებს სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობისთვის ზესტაფონში უწევთ სიარული; მე-3 თვეა, არ ნაზღაურდება დროებითი შრომის უუნარობა, რაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს კიდევ უფრო უმძიმებს ყოფას.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის აზრის გასარკვევად „ქრონიკა+“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორს, ზაქარია ზალიკაშვილს ესაუბრა:

_ ბატონო ზაქარია, რა პასუხი აქვს ადმინისტრაციას ზემოაღნიშნულ განცხადებაზე?

_ „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელ ფაქტებზეა საუბარი, როდესაც „პროფკავშირული ნიშნით“ თანამშრომლების დევნა ხდება. ჩვენი ორგანიზაცია მოწოდებულია შექმნას თავისუფალი სამუშაო გარემო, სადაც დაცული იქნება მშრომელის ღირსება, შრომითი უსაფრთხოება და პროფესიული განვითარების გარემო.

თუკი არსებობს დისკრიმინაციული ფაქტი, რაზედაც ქობულეთში შეკრებილები საუბრობენ, მზად ვართ, განვიხილოთ და შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ.

ჭიათურაში სამკურნალო სტაციონარული დაწესებულების არარსებობაზე `ჯორჯიან მანგანეზი~ პასუხისმგებლობას ვერ იღებს, რადგან ეს წმინდა წყლის მუნიციპალური პრობლემაა და მის გადაწყვეტაზე რაიონის მესვეურები უნდა ზრუნავდნენ.

რაც შეეხება ამბულატორიულ დაწესებულებებს, ჩვენ ვთანამშრომლობთ ჭიათურაში საოჯახო მედიცინის ცენტრთან, სადაც ჩვენი ორგანიზაციის ყველა დაზღვეული თანამშრომელი გადის სამედიცინო შემოწმებას, კონსულტაციას და ეძლევა შესაბამისი სამედიცინო დანიშნულება, ან მიმართვა დამატებით კვლევებზე.

ვთანამშრომლობთ ჯეოჰოსპიტალთან, სადაც მძიმე ტრავმების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო დახმარება ხდება. ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ყველა მაღაროზე მოქმედებს სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია საჭირო მედტექნიკითა და შესაბამისი მედიკამენტებით.

ჩვენმა ორგანიზაციამ ასევე დააწესა ყოველწლიური სამედიცინო სკრინინგის სავალდებულო პროგრამა, რომელიც დასაქმებულებს ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლენასა და აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სამკურნალო თერაპიის შეთავაზებაში ეხმარება, რაც ასევე კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებული სადაზღვევო პროგრამით ანაზღაურდება.

მოგეხსენებათ, სამედიცინო ბიულეტენები (სამუშაო უუნარობის ცნობა) წარმოადგენს ფინანსურ დოკუმენტს და შიდა აუდიტორული შემოწმებით დარვევით შევსების მრავალი შემთხვევა გამოვლინდა, რამაც გამოიწვია ანაზღაურების შეფერხება. აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაცია მუშაობს და ყველა ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, კვლავ ძველი ტემპით განახლდება ფინანსური ვალდებულებების გაცემა.

_ კომპანიის ადმინისტრაცია მუშებთან შრომით კონტრაქტებს რატომ არ აფორმებს?

_ „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და მხოლოდ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულია 3500 ადამიანი. ხელშეკრულებების გაფორმება, მოქმედების ვადის გახანგრძლივება, დაკავებული პოზიციების ცვლილება დიდ საკანცელარიო სამუშაოსთანაა დაკავშირებული. პროცედურული სიიოლისთვის ჩვენი ადმინისტრაცია სარგებლობს შიდა ადმინისტრაციული აქტებით (განკარგულება), რაც საქართველოს მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების ტიპთან არის გათანაბრებული.

_ სამთო მეტალურგიული პროფკავშირის ლიდერის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, პრობლემაა მაღაროების ხელმძღვანელების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების არასწორად გამოყენება: საკუთარი სურვილისამებრ უცვლიან შესასრულებელი სამუშაოს ტიპს დასაქმებულებს, რასაც კანონის ენაზე შრომის არსებითი პირობების შეცვლა ჰქვია და ამის გაკეთება დასაქმებულთან შეუთანხმებლად სასტიკად აკრძალულია…

_ აღნიშნული თემა მოითხოვს კონკრეტული ფაქტების არსებობას, რის შემთხვევაშიც მზად ვართ, თითოეული შემთხვევა შევისწავლოთ.

_ მისივე თქმით, დასაქმებულები ასევე უჩივიან სახელფასო სისტემას: მათი აზრით, შრომის ანაზღაურების გეგმასთან შესაბამისობის, გამოშვებული პროდუქციის წონის დაფიქსირებისა და თანხაში გადაყვანის პროცედურები გამჭვირვალე არ არის და მათ მუდმივად აქვთ იმის შეგრძნება, რომ ადმინისტრაციის რომელიღაც დონეზე არასწორად ხდება ხელფასის ოდენობის დაანგარიშება…

_ შარშან ჩვენმა კომპანიამ ჭიათურაში დაამონტაჟა ახალი, მაღალი სიზუსტის სასწორები, რითაც იწონება მოპოვებული მადანი და აღნიშნული მონაცემები მყისიერად ავტომატური აღრიცხვის სისტემაში აისახება. ჩვენი მიზანი იყო ზუსტი აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვა მოპოვება/გადამუშავების ნაწილში და დღესდღეობით ეს სისტემა გამართულად მუშაობს.

ყველა მუშა მაქსიმალური სიზუსტით იღებს ანაზღაურებას და მეტიც, მოპოვების გეგმა მეტობით მრგვალდება ანაზღაურების სისტემაში.

_ არის თუ არა ყოველივე ზემოთქმულის მიზეზი კომპანიასა და პროფკავშირულ ორგანიზაციას შორის სოციალური დიალოგის არარსებობა?

_ ჩვენი კომპანია აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ კავშირებთან. გარდა ამისა, ჩვენი ორგანიზაციის HR დეპარტამენტი (ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი) რეგულარულ რეჟიმში ხვდება და განიხილავს ყოველდღიურ პრობლემებს, ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენლებთან და მშრომელებთან.

 

P. S.  „ქრონიკა+“ ორივე მხარესთან გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას, რათა მშრომელთა უფლებები სათანადოდ იყოს დაცული.

 

                                                                                                            გელა მამულაშვილი