ვალერი გელაშვილი „რესპუბლიკელების“ გაძლიერებას ზეიმობს და ხაშურში დიდი ამბების დატრიალებას აანონსებს

11334329_10206015976653891_1517175599_n

„რესპუბლიკური პარტიის“ მოძლიერების ფონზე ვალერი გელაშვილი სიხარულს ვერ მალავს. „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი დადის და გაიძახის: ახლა ჩემი დრო მოვიდა და ნახეთ, რა ამბებს დავატრიალებო! ხაშურშიც ელოდებიან, თუ რას დაატრიალებს… მაგრამ ისიც სათქმელია, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგაც სულ მაგის დრო არ იყო? _ თითი თითზე არ დაუკარებია, ხაშურში სასიკეთოდ რომ შეეცვალა რამე და ამაში პასუხიც კი არავინ მოსთხოვა. ასე რომ, რაც ადრე დაატრიალა, ახლაც იმას დაატრიალებს. თუმცა ხაშურლები არც იმას გამორიცხავენ, რომ ამბების დატრიალებაში მათი დეპუტატი შეიძლება პირად გამორჩენას გულისხმობდეს. ამ კუთხით კი, ხაშურლები როგორც ამბობენ, ვალერი გელაშვილს ბადალი არ მოეძებნება.

სწორედ ამ საკითხზე ესაუბრება ქრონიკა+“-ის მკითხველს არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებლობა და ევროინტეგრაციისხაშურის ფილიალის თავმჯდომარე, ზაზა მეხრიშვილი:

_ ბევრჯერ მივეცი ინტერვიუ ვალერი გელაშვილზე და ადგილობრივ უმოქმედო ხელისუფლებაზე, თუმცა შეაყარე კედელს ცერცვი: ამ ქალაქში არაფერი იცვლება სასიკეთოდ. რაც ხაშურის რაიონს ბოლო 20 წლის მანძილზე პრობლემა ჰქონდა, ყველა ისევ ძალაშია: ცუდი გზები, საძოვრად ქცეული სტადიონები, მიუხედავი სოფლები _ ეს გახლავთ ხაშურის რაიონის დღევანდელი სახე.

_ არადა, ძალიან ბევრი იწერება ამ პრობლემებზე არა მარტო ჩვენს გაზეთში, არამედ, ზოგადად, მედიაშიც. ნუთუ არავის ანაღვლებს, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ?

_ ამ ბევრმა ინტერვიუმ, თუ ინტერნეტში დადებულმა მასალებმა მხოლოდ პატარა შედეგი გამოიღო: ამდენი კრიტიკისა და საყვედურის მერე დასუფთავების სამსახურმა მართლა კარგად დაიწყო მუშაობა, მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია და დასუფთავებას სხვა სამსახურებმაც თუ არ მიბაძეს, ისე არაფერი გამოვა.

რაც შეეხება ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს, ვალერი გელაშვილს _ ეს კაცი საერთოდ გაქრა ასპარეზიდან. ხაშურში იშვიათი სტუმარი გახდა და მხოლოდ საკუთარ ბიზნესინტერესებისთვის ჩამოდის. ახლა, მაგალითად, სასტუმროს მშენებლობა დაიწყო ხაშურში ვალერიმ, ეს კარგია და ამ ფაქტს, ცხადია, მივესალმები. რა სჯობს, რაიონში ახალი მშენებლობა რომ მიმდინარეობს და მალე ერთი ობიექტით მეტი იქნება, თუმცა გელაშვილი ხაშურში როცა ჩამოდის, მხოლოდ ამ სასტუმროს მშენებლობას ათვალიერებს და იმის იქით რა ხდება, არ აინტერესებს. ამის შემდეგ საკუთარ რესტორანში შევა, ისადილებს და გარბის ხოლმე.

_ თავის ოფისშიც არ მიდის? ხომ არსებობს დღეები, როცა დეპუტატი მოსახლეობას უნდა ხვდებოდეს?

_ გაჭირვებული ხალხი გელაშვილს ოფისში რომ ვერ პოულობს, შესახვედრად უკვე იმ მშენებარე სასტუმროსთან მიდის. არჩევნების წინ რომ ჰპირდებოდა გელაშვილი დახმარებას, ზოგს კიდევ აქვს მისი იმედი, თორემ გინდ გითხოვია გელაშვილისთვის რამე და გინდ _ არა. ამ კაცს საკუთარი გამორჩენის გარდა არაფერი ადარდებს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას მისი სასტუმროს წინ მეც შემთხვევით წავაწყდი შემდეგ სურათს: ხმამაღალი გინებით მოდიოდა ერთი ადამიანი და აშკარად გელაშვილის მიმართ გამოხატავდა უკმაყოფილებას. დამაინტერესა და გამოვკითხე, თუ რა ხდებოდა. თავის დროზე, ეს ადამიანი „ოცნებას“ მართლა თან გადაჰყვა, რის გამოც საკუთარი ოჯახი საფრთხის წინ დააყენა. როცა გელაშვილთან რაღაც საქმეზე მიდიოდა, იმედი ჰქონდა, რომ დეპუტატი ამას დაუფასებდა, მაგრამ ვალერიმ ვითომ ვერც კი იცნო. უთხრა, _ რაიონში ვერაფერს ვწყვეტ, გამგებელთან მიდი და იქნებ, ის დაგეხმაროსო.

_ რაიონში ვერაფერს ვწყვეტო“, დეპუტატისთვის არასაკადრისი პასუხია.

_ გეთანხმებით: წესით, დეპუტატი არ უნდა ამბობდეს, რაიონში არაფერს ვწყვეტო. მაშინ, საერთოდ რა საჭიროა ასეთი დეპუტატი? მის შენახვაში ხომ ის ხალხი იხდის ფულს, ვისაც ვერაფერს უწყვეტს? ერთმანეთს ჭამენ ადგილობრივი გამგებელი და გელაშვილი, ამ დროს კი ხალხი იჭყლიტება. როდის უნდა მოეღოს ბოლო ამ დაპირისპირებას და ერთმანეთის ჭამას?  იმის მაგივრად, რომ რაიონს მიხედონ, რაღაცას ვერ იყოფენ.

_ რაღაცაში რას გულისხმობთ?

_ ფულს და ძალაუფლებას. არადა, რაიონში უამრავი პრობლემაა, დაწყებული გზებით, დამთავრებული სასმელი წყლის მომარაგებით. ორ დღეში ერთხელ მოდის, ისიც სამი საათით და ეს ხდება ქალაქის ცენტრთან ლესელიძის ქუჩაზე. საერთოდ, ოდითგანვე ასე იყო ხაშურში: ვისაც მართლა საქმის გაკეთება უნდოდა და გაუკეთებია კიდეც, ის ხალხი ყველა მოიშორეს რაიონიდან. ახლა, მათ ნაცვლად ვინც ჰყავთ, სასაცილოები არიან. ვალერი გელაშვილისა და გამგებლის მიერ შერჩეული ოროსანი და უცოდინარი მოხელეები „მართავენ“ რაიონს. რამდენიმე მართლა პროფესიონალი და საქმის მცოდნე ადამიანი რომ არ ჰყავდეთ,  მუნიციპალიტეტში თავზე დაემხობოდათ ყველაფერი. კარგი კადრების უმეტესობა უმუშევარია. იმ კადრებზეა საუბარი, რომლებმაც გამოცდებზე მაღალი ქულები აიღეს, მაგრამ გასაუბრება კი უკვე ვეღარ გაიარეს, იმიტომ რომ გამგებელი გია გურასპაშვილი იყო კომისიის თავმჯდომარე, ვინც ჩააწყო მასთან, ყველა დარჩა, ნიჭიერი ხალხი კი სახლში ზის. ყველა ხაშურელს მინდა მივმართო: ერთად უნდა დავდგეთ და მოვსპოთ ეს უწესობა ერთხელ და სამუდამოდ. ხომ ხედავთ, დეპუტატსაც ფეხებზე ვკიდივართ და გამგებელსაც.

_ როგორც ამბობენ, ვალერი გელაშვილი იქადნება, რესპუბლიკელებისდრო მოვიდა და ხაშურში დიდი ამბები უნდა დავატრიალოო.

_ ვალერი გელაშვილი ამ ბოლო დროს უკვე მუქარებზეც გადავიდა. ხაშურში ერთ-ერთ სუფრაზე უთქვამს თავის საახლობლოში, რომ ჩემი დრო ბოლომდე დგება ახლაო, „რესპუბლიკელები“ წინა პლანზე წამოვლენ ხელისუფლებაში და ყველას მოგხედავთო. გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს კი ემუქრება, მაგათ კუდით ქვა უნდა ვასროლინო, ხაშურიში ჩამოსვლა უნდა შევაჯავროო. ასეთი გახლავთ „რესპუბლიკელ“ ვალერი გელაშვილის პოლიტიკური სახე. ეს არის პოლიტიკური უმწიფრობა, რომელიც დღეს ფართოდ ახასიათებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს.

_ კარგად თუ დავაკვირდებით გელაშვილს, ქართული პოლიტიკის ხასიათს შევიცნობთ?

_ დიახ! ხომ შეიძლება, ადამიანმა თქვას, ჩემი პარტია მოდის ხელისუფლებაში და ხელ-ფეხი უფრო მეხსნება, რომ რაიონის საქმეები უკეთ გავაკეთოო, მაგრამ ამის ჩიტია გელაშვილი? მას ძალაუფლება იმისთვის უნდა, რომ გამგებელიც, საკრებულოს თავმჯდომარეც და ადგილობრივი ხელისუფლების მთელი ვერტიკალი მისი ხელისბიჭები იყვნენ. სხვა, უფრო წმინდა მიზანი მას არ ამოძრავებს. გელაშვილისთვის არაფერს არ აქვს აზრი გარდა საკუთარი ბიზნესისა. აგერ, ბატონო, ასე ფიქრობს ადამიანი რომელიც ხალხმა აირჩია, თვითონ კი დღეს შურისძიებაზეა გადასული. ყოველთვის გავიმეორებ, რომ გელაშვილი არის დეპუტატი, რომელსაც ხალხმა მანდატი მისცა, ის კი ამ მანდატს პირადი ინტერესებისთვის იყენებს.

_ ამჟამად რაიონში რაიმე პროექტი არ ხორციელდება?

_ ორი თვის წინ გამგებელმა ტელევიზიით გააკეთა განცხადება, რომ ხაშურში რამდენიმე პროექტი ამოქმედდებოდა, თუმცა ჯერ ვერაფერს მოაბეს თავი. არადა, ვიცი, საჭირო ფული აქვთ. იმედს ვიქონიებთ, ახლა მაინც არ დავრჩებით მოტყუებულები და რა განცხადებაც გააკეთა ბატონმა გიორგი გურასპაშვილმა, ყველაფერს ბოლომდე მიიყვანს. ასევე იმედია, ხაშურის მოსაწესრიგებლად სახელმწიფოდან გადმორიცხულ ფულს სწორად გადაანაწილებენ. ამ ბოლო დროს რაც ტრაქტორი შეიძინა გამგეობამ, მისი დახმარებით რამდენიმე ადგილას დაიწყეს გზის ზედაპირული შეკეთება სოფელ ტეზერში და ოსიაურში, ასევე ხაშურის რამდენიმე მონაკვეთზე, თუმცა სანახევროდ გაკეთებული არაფერი ვარგა. დღევანდელი პოლიტიკური ვითარება და რაიონის მმართველი გუნდი მთლიანად პოლარიზებულია საზოგადოებისგან, გადაწყვეტილებები მიიღება არა მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად, არამედ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულია უხილავი ძალები. რაიონს არ გააჩნია რეალური მმართველი გუნდი, რომელსაც შესწევს უნარი, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და მიიღოს რაიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

_ პოლარიზებულ ფონზე ძნელია რაიონისთვის საჭირო საქმის კეთება.

_ ზემოთ სასმელი წყლის პრობლემას შევეხე და ხაშურის საკრებულოში 25 მაისს ერთი ამბავი იყო ატეხილი _ ცხრამუხის სკოლასა და საბავშვო ბაღში დასალევი წყალი უვარგისი გამოდგა. როგორც გამგებელმა გია გურასპაშვილმა თქვა, ბევრ ასეთ  დაწესებულებაში დგას წყლის ვარგისიანობის საკითხი, მაგრამ თანხები არ აქვს რაიონს, რომ წყლის ანალიზი გააკეთოს. დეპუტატები ადანაშაულებდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძეს, რომ გადაწყვეტილებებს არ იღებს და გამგებლის ჭკუაზე დადის.

ხმა უნდა ამოიღოს ყველამ! თუ არაფერი მოწესრიგდა, კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები ელის ხაშურს. ავტობანის მშენებლობას ვგულისხმობ, რომელიც მალე გაივლის ხაშურის მონაკვეთს. „ტრასა რომ გადავა მერე?“ _ ეს არის კითხვა, რომელიც ბევრს აწუხებს. მოგეხსენებათ, ჰამაკი, ნაზუქი, თუ კვების ობიექტებია ის, რითაც, ასე თუ ისე, ხაშურის მუნიციპალიტეტზე გამავალი გზის პირას მცხოვრები ადამიანები ცდილობენ ოჯახის რჩენას. გზა რომ გადავა, რაც სულ ახლო მომავალში მოხდება, ათასობით ადამიანი დარჩება შემოსავლის გარეშე. ქალაქის ხელმძღვანელობიდან თუ ფიქრობს ვინმე ამ საკითხზე? როგორ ესახებათ ამ პრობლემის გადაჭრა? მე თქვენ გეტყვით და საწარმოებით ჩაანაცვლებს ადგილობრივი ხელისუფლება. საწარმოები კი არა, სპორტული სტადიონების საკითხი ვერ მოუგვარებიათ. ხაშურის სტადიონი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადგილია ქალაქში, დანგრევის პირას მისული და განადგურებული. მხოლოდ ადგილობრივების მოგონებების დამსახურებაა, მას სტადიონს რომ უწოდებენ. მეორე მხრივ, ეს ნიშნავს, რომ ხაშურში არანაირი ხელშეწყობა არ აქვს სპორტს და არავითარი პერსპექტივა _ ნიჭიერ ბავშვებს. აი, ამ მოცემულობის ფონზე ამბობს ვალერი გელაშვილი, ჩემი დრო მოდისო. ამ მტაცებელი კაცის სახლთან მიმავალ ორ გზასთან, სადაც სულ 5 მოსახელე ცხოვრობს, ორივე ქუჩაზე დააგეს ასფალტი, ხოლო ის ქუჩები, სადაც უამრავი მოსახლეობა ცხოვრობს, წუმპეშია ჩაფლული.

 

                                                                                                               დავით დევიძე