ქართველი ემიგრანტები „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლების დაპატიმრებას ითხოვენ!

has

„ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლების დაპატიმრებას, მათი ქონების გაყიდვასა და ამ თანხით დაზარალებული მენაშენეების დაკმაყოფილებას, ამჯერად ქართველი ემიგრანტები ითხოვენ. როგორც ისინი „ქრონიკა+“-თან აცხადებენ, დაზარალებული მოქალაქეების ძირითად ბირთვს სწორედ ემიგრანტები შეადგენენ. იქიდან გამომდინარე, რომ დანაზოგი თანხა მათ „ცენტრ-პოინტს“ ბინების მშენებლობისთვის გადაურიცხეს და სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ, საკუთარ ქვეყანაში ვეღარ ბრუნდებიან.

„ქრონიკა+“-ს „ცენტრ-პოინტის“ მხრიდან დაზარალებული მოქალაქეები ესაუბრნენ:

ცისმარ ბარამიძე:

_ ჩემი ოჯახის ყველა წარმომადგენელი ემიგრაციაშია, მხოლოდ მე და ჩემი შვილი ვართ აქ დარჩენილები. ჩემი მეუღლისა და მისი მშობლების საქართველოდან წლობით წასვლა განაპირობა იმან, რომ „ცენტრ-პოინტში“ 2008 წლის 12 თებერვალს შეიტანეს თანხა და, ხელშეკრულების თანახმად, ბინა უნდა ჩაბარებოდათ 2010 წლის 16 თებერვალს. გადახდა შეწყვიტეს 2009 წელს, მას შემდეგ, რაც რეალურად დადგნენ ფაქტის წინაშე, რომ თანხის შეტანას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან არაფერი კეთდებოდა. 34 500 დოლარია გადახდილი, სულ დასაფარი იყო 38 607 დოლარი. ბინა უნდა ყოფილიყო 77 კვ.მ მარშალ გელოვანის 4ა-ში, ე. წ. დაკიდებულ ბაღებში. მართლაც რომ სახელს ამართლებს. დავრჩით უბინაოდ, დღემდე ქირით ვცხოვრობთ. რადგან ამდენი თანხა გადავიხადეთ და, ფაქტობრივად, საცხოვრებელი ბინა არ გაგვაჩნდა, ჩემი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ, სამუშაოდ საზღვარგარეთ წასულიყვნენ. ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, ამ წლების განმავლობაში რა გაუსაძლის პირობებში გვიწევდა ცხოვრება. თავიდანვე აქტიურად ვერ ჩავერთე „ცენტრ-პოინტის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებში, იმიტომ რომ ეს ამბავი 2008 წელს დაიწყო, მე კი ამ ოჯახის რძალი 2011 წელს გავხდი. მას შემდეგ, რაც ჩემი ოჯახის წევრები მთლიანად გაიხიზნენ, ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა იმ კუთხით, რომ ვეღარ კითხულობდნენ დაკარგულ თანხას. ფაქტობრივად, სასიკეთო ახლაც არაფერი ჩანს. ეს ობიექტი საერთოდ არ არსებობს, „ცენტრ-პოინტის“ მხრიდან 3 წლის წინათ იყო შემოთავაზება კრწანისის ობიექტზე, მაგრამ ითხოვდნენ, რომ 20 000 დოლარი დაგვემატებინა, თან გვთავაზობდნენ 55 კვ.მ ფართს, როცა 38 607 დოლარად უნდა გვეყიდა 77 კვ.მ. ჩემი დედამთილი სპეციალურად ჩამოვიდა, რომ შეთანხმებულიყვნენ, თავშესაფარი მაინც გვქონოდა, მაგრამ არარეალური შემოთავაზება იყო. ამის მეტი არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. 2010 წლიდან დაწერილი გვაქვს განცხადება თანხის გატანის თაობაზე, მაგრამ როდესაც ამ განცხადების პასუხზე ვაკითხავდით, გვეუბნებოდნენ, რომ მშენებლობა დაიწყებაო, მაგრამ დღემდე ასეა გაჩერებული. ტყუილია, როდესაც „ცენტრ-პოინტის“ იურისტები გამოდიან და აცხადებენ, თანხის გატანაზე არ შემოდის განცხადებებიო. ჩვენი მოთხოვნაა, დაგვიბრუნონ თანხა. რეალურად ვერ ვხედავთ შემოთავაზებას, თუნდაც რეესტრში გატარებულს, აღარ ვლაპარაკობთ თეთრ კარკასზე, რომელიც ოდესღაც უნდა ჩაგვბარებოდა. აღარ ვჩივით, იყოს თუნდაც შავი კარკასი, ოღონდ რეალური და რეესტრში გატარებული!

მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ პროკურატურაში დაზარალებულის სტატუსებს აძლევდნენ, მივაკითხე. მითხრეს, თქვენს ობიექტზე გამოძიება არც კი დაწყებულა, ამ სტატუსს როგორ მოგცემთო? 2010-2011 წლებში ოფისში გვპასუხობდნენ, აშენდება, მალე დაიწყებაო… ბოლოს გვითხრეს, ინვესტორს ველოდებითო, მაგრამ ის ინვესტორი ამათზე დიდი აფერისტი აღმოჩნდა! რა პრობლემებიც იყო „ცენტრ-პოინტთან“, იგივე დარჩა „დექსუსთან“. ამ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ სიტუაცია გაუარესდა. ავიღოთ, თუნდაც, თინა ხიდაშელი, არჩევნებამდე სულ ჩვენთან ერთად იყო, გვპირდებოდა, რომ როგორც კი მოვიდოდა ხელისუფლებაში, პირველი ჩვენს პრობლემას მოაგვარებდა, მაგრამ…

16 წელია, ჩემი მამამთილი ემიგრაციაშია და 10 წელია, საერთოდ არ ჩამოსულა. 10 წელია, ჩემი დედამთილი ემიგრაციაშია და მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა ამ ხნის განმავლობაში, ისიც იმის გამო, რომ „ცენტრ-პოინტს“ ვითომ ახალი შემოთავაზებები ჰქონდა… 6 თვის მყავდა ბავშვი, როცა ჩემი მეუღლეც საზღვარგარეთ წავიდა! რატომ, რჩეულიშვილები რომ გამდიდრებულიყვნენ?!

ნათია ლებანიძე:

_ „ცენტრ-პოინტში“ პირველად რომ მივედი, სააკაძის ქუჩაზე შემომთავაზეს კომერციული ფართი. ეს ობიექტი ახლა იმავე მდგომარეობაშია, რაც ყიდვის დროს იყო. მხოლოდ შეღებეს. აქცია ჰქონდათ და ერთიანი გადახდის შემთხვევაში ვიხდიდით მხოლოდ 50%-ს, თანხა ერთიანად შევიტანეთ. გვითხრეს, ეს ფართი უკვე აშენებულია, გაგყვებით და გაჩვენებთო. ვერაზე იყო მაშინ ოფისი, ქეთი ჟორდანიასთან ვიყიდეთ. გვაჩვენეს, გვითხრეს, აქ იქნება თქვენი ფართიო. მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას და წამოვედით. მაშინ ვიფიქრე, რომ რუსუდან კერვალიშვილი პარლამენტში სპიკერი იყო და როგორ მოიტყუებოდა „ქალბატონი სათნოება“?! რეკლამამაც მომატყუა. თურმე ის, რაც მიყიდია, არ არსებობდა და მაჩვენეს სულ სხვა ობიექტი. შემდეგ ჰქონდათ გეგმა, ოღონდ ეს მე არ მითხრეს, მიწა უნდა გამოეღოთ და იქ გაეკეთებინათ კომერციული ფართები. წარმოიდგინეთ, როგორი მოტყუებული დავრჩი: მაჩვენებ ფართს, რომელსაც ვყიდულობ და სინამდვილეში ის ფართი არ არსებობს! ხელშეკრულებაში კი არის მითითებული ფართი, ნიშნული, მაგრამ მშენებელი ხომ არ ვარ, როგორ უნდა მივხვდე, რომ მატყუებ?! ისიც კი არ უთქვამთ, რომ მიწისქვეშეთში უნდა მეყიდა. 25 600 დოლარი გადავიხადე, 20 კვ.მ-მდე ფართი იყო, 1 კვ.მ 1180 დოლარად ვიყიდე. პრინციპში, იცოდნენ, რომ არარსებული იყო და ამიტომაც გაყიდეს ვითომ ნახევარ ფასად. ერთხელ ობიექტს მივაკითხეთ, სამუშაოთა მწარმოებელი დაგვხვდა, ვაჩვენეთ ჩვენი ხელშეკრულება, რაც იყო მითითებული და სად მდებარეობდა ჩვენი ფართი. პირველად იქიდან გავიგეთ, რომ თურმე ბუნებაში არ არსებობდა ეს ფართი და ვეღარც გააკეთებდნენ. რამდენიმე თვე მატყუეს, გავაკეთებთო. ერთი წელი საკუთარი ნერვების ხარჯზე, ყოველდღე დავდიოდი, ვჩხუბობდი, იურისტებს ვისაც შევეკითხე, მითხრეს, შენ თვითონ გაქვს მოწერილი ხელი ხელშეკრულებაზე და ახლა რას ედავებიო?! რეალურად, მართლა ასე იყო. მერე გადმომიყვანეს იმაში, რაც ახლა არსებობს, ოღონდ არ დამთავრებულა, რეგისტრაციაში არ გვიტარებენ. ამ ადგილზე „ცენტრ-პოინტი“ შევიდა ინვესტორად და რაღაც დავაა ამხანაგობასა და ამათ შორის. წლებია, ამ შენობას ყადაღა ადევს და ვერ ვარეგისტრირებთ. მერე საერთოდ საოცრება გავიგე: ამ სახლის მშენებლობა, თურმე, 1988 წელს დაწყებულა და წარმოგიდგენიათ, მე 2008 წელს მაქვს ნაყიდი და დღემდე გაუგებრობაა! ამხანაგობის თავმჯდომარე მიგვითითებს რჩეულიშვილებზე, რჩეულიშვილები მიგვითითებენ ამხანაგობის თავმჯდომარეზე! მართალი გითხრათ, ამხანაგობასთან არ მაქვს საქმე, რადგან მე არ მიყიდია ამხანაგობაში. თანხა გადავიხადე ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოში რჩეულიშვილებთან!

უკვე აღარ ვიცით, რა შეიძლება გავაკეთოთ. მობინადრეები იმაზეც კი თანახმა ვართ, რომ მშენებლობა ჩვენი ხარჯებით დავასრულოთ, მაგრამ ამის საშუალებასაც არ გვაძლევენ. თუნდაც იმიტომ, რომ რეგისტრაციაში არ გვიტარებენ და დღემდე გაურკვეველი სიტუაციაა. როგორც ვიცი, ამ ობიექტზე დაზარალებულია 340 ოჯახი. რამდენჯერმე მივწერეთ თინა ხიდაშელს, თავდაცვის სამინისტროს გვერდზეც კი: ქალბატონო თინა, ვიცი, რომ ეს თქვენ არ გეხებათ, მაგრამ კარგად ხართ ჩახედული ამ პრობლემებში და მოგვაქციეთ-მეთქი ყურადღება. პასუხიც კი არ მოუწერია! რეაქცია არ ჰქონიათ! წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილს რომ შევხვდით, პირადად თინამ გააკეთა ამის ორგანიზება. ივანიშვილმა კიდეც თქვა, როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ამათ დავიჭერთო!.. გასაგებია, თინა არ არის პროკურორი, მაგრამ ყველა ძალიან კარგად ბრძანდება ჩახედული ჩვენს პრობლემებში, როგორც ჩანს, აწყობთ და ხელს აფარებენ. ხომ არ შეიძლება, ასე გაწიროს საკუთარი ერი ყველამ?! წინასაარჩევნოდ ამათაც კარგად გამოგვიყენეს, შემდეგ კი უკაცრავად, მაგრამ, ფეხებზე დაგვიკიდეს! „ცენტრ-პოინტში“ აფერისტები არიან, მაგრამ ამათ საქციელს გამართლება აქვს? ამ დაზარალებულებს შორის ყველაზე მეტი ემიგრანტია! ხალხი სახლში ვერ ბრუნდება, თავშესაფარი არ აქვთ, შვილებს უცხოეთში ზრდიან და ბავშვებმა ქართული არ იციან… გამოსავალი მხოლოდ ის არის, რომ რჩეულიშვილები დაიჭირონ, ჩამოართვან ქონება და მოახმარონ დაზარალებულ ხალხს! მათი ქონება უნდა გადაეცეს ამხანაგობებს და ამით უნდა დასრულდეს მშენებლობები, რადგან ესენი აგრძლებენ ტყუილს, ჰაერს უცვლიან მობინადრეებს და გადაჰყავთ ერთიდან მეორეში. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ის ხელშეკრულებები მერე მოაქვთ სასამართლოში, პროკურატურაში და წარმოადგენენ მტკიცებულებებად, თითქოს ეს ხალხი გადაყვანილი და დაკმაყოფილებულია! არადა, სინამდვილეში, ხალხი ჰაერშია გადაყვანილი! დაინტერესდნენ ის პარლამენტარები, რომლებიც თავდებად დაუდგნენ, რომ არ დაეჭირათ! ვახტანგ რჩეულიშვილი ყოველდღე წერს სოციალურ ქსელში, რომ მთავრობასთან არ აქვს კომუნიკაცია, აქვს საშუალება, თანხა, ყველაფერი და მთავრობა არ აძლევს განხორციელების საშუალებას, რომ შეასრულონ და ჩვენ დაგვაკმაყოფილონ. ჩვენ კი არ გვჯერა, ეს კაცი მატყუარაა! მაგრამ რატომ არ ინტერესდება ის 15 დეპუტატი, თავდებად რომ დაუდგა, რა ხდება?! პატრიარქსაც უნდა მივმართოთ წერილით, აქციის გამართვასაც ვაპირებდით საპატრიარქოსთან. „მარაოზე“ მაია რჩეულიშვილი ამბობდა, რომ აქვს 12 სასტუმრო, ძალიან მდიდარია, ანტიკვარები და ლარნაკები აქვს თითო 70 000-დოლარიანი და თურმე ეს ყველაფერი შეუძენია პატრიარქის რჩევით, რადგან არ უნდოდა, ქვეყნიდან გასულიყო ძვირფასი ნივთები. კი მაგრამ, ლარნაკებსა და ანტიკვარებზე ძვირფასი არ არის ხალხი, რომ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში?!

„ქრონიკა+“ რამდენიმე ნომერია აქვეყნებს მასალებს „ცენტრ-პოინტთან“ დაკავშირებით და ამ ხნის განმავლობაში ცდილობს დაუკავშირდეს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს, თუმცა ისინი ან სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, ან კომენტარის გაკეთებაზე ამბობენ უარს.

 

                                                                                                        თამარ ბატიაშვილი