18 997 636 ლარის ტენდერი და დაჩაგრული „დაგი“

დაგ

იუსტიციის მინისტრი ნაგავზე წუხს, პრემიერი _ წინა ხელისუფლების მიერ „დაჩაგრულ“ კომპანია „დაგზე“, რომელსაც, თურმე, „ნაციონალები“ ვანო მერაბიშვილის აგარაკსაც კი „ძალით“ არემონტებინებდნენ. კარგია, როცა პრემიერს ბიზნესის ტერორი აწუხებს, მაგრამ სანამ სამთავრობო საათზე პარლამენტში რომელიმე კომპანიას ახსენებდეს, არ იქნებოდა ურიგო, ამ კომპანიის წარსულიც გაერკვია. „დაჩაგრული“ „დაგი“ წინა ხელისუფლების დროს იმდენად პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო, იუსტიციის სახლებს აშენებინებდნენ, კომპანიის დირექტორი ვახტანგ შარანგია კი „ნაციონალური მოძრაობის“ ფეისებთან არა მხოლოდ მეგობრობდა, პირდაპირ იყო მიბმული ვანო მერაბიშვილის სახელთან. ჯერჯერობით უცნობია, „ქრონიკა+“-ის რჩევის მერე რამდენად დაასაქმა იუსტიციის მინისტრმა აღნიშნული კომპანია ნაგვის გატანაზე, მაგრამ ახალი ხელისუფლების პირობებში „დაგის“ მიერ მოგებული ტენდერების რაოდენობა და ფინანსური მოცულობა ნამდვილად მეტყველებს იმაზე, რომ პატრონების სიმცირეს „დაგი“ არც ამ ხელისუფლების პირობებში უჩივის.

სამშენებლო სამუშაოების ტენდერში „დაგი“ 2011 წელს, პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოჩნდა და 30.08.2011 წელს 418 200 ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო. ასევე წარმატებული იყო ამ კომპანიისთვის 2012 წელი. „ქართული ოცნების“ გამარჯვებამდე მოკლე პერიოდში ის ასევე სისტემატურად მონაწილეობდა და სხვადასხვა უწყებაში იგებდა ტენდერებს. 2012 წლის 23 მაისს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიაში, კატეგორიაში სამშენებლო სამუშაოები, ერთდროულად ორი ტენდერი მოიგო, საერთო ღირებულებით 194 570 და 368 880 ლარი. ამ ტენდერებამდე ორი დღით ადრე, 2012 წლის 21 მაისს, „დაგს“ იმავე ორგანიზაციაში ერთ დღეს ისევ ორი ტენდერი ჰქონდა მოგებული, კატეგორიაში: სამშენებლო სამუშაოები, _ ერთი ტენდერის ღირებულება გახლდათ 244 400, ხოლო მეორე ტენდერის ღირებულება _ 139 330 ლარი.

2012 წლის 23 იანვარს „დაგი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში 10 800 005 ლარის ღირებულების ტენდერს იგებს, (SPA 110032884). მხოლოდ ამ ერთი მონაცემითაც ცხადია, როგორი „დაჩაგრული“ ჰყავდა ვანო მერაბიშვილს „დაგი“. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იყო ერთადერთი სახელმწიფო უწყება, სადაც აღნიშნული კომპანია ტენდერებს იგებდა. ამავე პერიოდში მან მოიგო კიდევ ერთი ტენდერი საერთო სასამართლოების დეპარტამენტში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში; ასევე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოგებული ტენდერის ღირებულება 3 812056 ლარია, ხოლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში _ 842 000 ლარი. 2012 წლის 23 ივნისს „დაგი“ კიდევ ერთ ტენდერს იგებს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ღირებულებით 65 000 ლარი. ამ ტენდერის პირობებით სვანეთში პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო. რაც შეეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოგებულ 842 000 ლარის ტენდერს, ამ თემაზე დეტალურად „ქრონიკა+“-ის ამავე ნომერში მოგიყვებით.

2012 წლის პირველ ივნისს „დაგი“ ერთ დღეს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიაში ასევე ორ ტენდერს იგებს: ერთი ტენდერის (SPA 120013345) ღირებულება 143 940 ლარია, მეორე ტენდერის (SPA 120013337) ღირებულება _ 87 560 ლარი. „დაჩაგრულ“ „დაგს“ არც ხელისუფლების შეცვლის მერე შექმნია პრობლემები და შეფერხება ტენდერების მოგებაში. უწყებების ჩამონათვალი, სადაც კომპანიამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ტენდერები მოიგო ცხადყოფს, რომ „დაგმა“ ახალ ხელისუფლებაშიც იპოვა გავლენიანი მფარველი. 2013 წლის 22 ნოემბერს, ხელისუფლების შეცვლისთანავე, კომპანია 3 057 598 ლარის ტენდერს იგებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში, კატეგორიაში სამშენებლო სამუშაოები; ამავე წლის 11 ოქტომბერს იგებს ტენდერს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ღირებულებით 85 895 ლარი (SPA 130020708); 2013 წლის 4 ოქტომბერს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში 196 700 ლარის ტენდერს იგებს; ხოლო 2013 წლის 16 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, კატეგორია სამშენებლო სამუშაოებში, 1 489 900 ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო. სხვათა შორის, ამ დროს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სწორედ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შედის. 2013 წლის 3 აპრილს „დაგი“ ტენდერს იგებს შემოსავლების სამსახურში, ღირებულებით 182 000 ლარი (SPA 130006094), ამჯერად კატეგორია დაკონკრეტებულია: შენობის დასრულების სამუშაოები; 2014 წელს „დაგმა“ საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიაში 6 154 489 ლარის ტენდერი მოიგო. თუ გავითვალისწინებთ, რომ სამელიორაციო სისტემების კომპანიას პრემიერის ცოლის ნათესავები „კრიშავდნენ“, ადვილი გამოსაცნობი არ არის, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ „დაჩაგრულმა“ კომპანიამ გავლენიანი მფარველი სწორედ ამ წრეში იპოვა. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ იყო წარმატებული მისთვის 2014 წელი, _ „დაგმა“ ამ წელს ხუთი ტენდერი მოიგო, საერთო ღირებულებით, 18 997 636 ლარი. კონკრეტულად: 2014 წლის 24 დეკემბერს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში კატეგორიაში სამშენებლო სამუშაოები 2 290 366 ლარი, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში 2 398 000 ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში 2 065000 ლარი, „საქაერონავიგაციაში“ 5 995270 ლარი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“ საორგანიზაცო კომიტეტში 6 249 000 ლარი. წარმატებული აღმოჩნდა „დაგისთვის“ 2015 წელიც, 20 მარტს სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდიდან“ 4 645 000 ლარის ტენდერი მოიგო. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა „დაგი“ პატრონაჟის ქვეშ აიყვანა და პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს ცრემლებამდე მისული თანაგრძნობით მოიხსენია, კომპანიისთვის, სავარაუდოდ, 2015 წელიც წარმატებული იქნება.

 

                                                                                                        მარიამ ბალანჩივაძე