მჩატე კარლსონი, ჩქმეტაჲ საკვირველი და პლანტატორი

xuti

საყდრისის ამფეთქებლებმა ნაგვის საბადოს მიაგნეს. მერედა სად? _ იუსტიციის სახლის სახურავში. აი, ასე! თეამან, წულუკიანმან, უკუაგდო რა იგი _ სიბერე უზრუნველი, მუნ მოგვევლინა კარლსონად. თუმც კი მჩატე, მაგრამ ზარმაც კარლსონად, თორემ „ნაცების“ დანატოვარ ნაგავს ხომ მიაგნებდა აქამდე?

არადა, არჩევნებიდან 2 წლისა და 8 თვის შემდეგ გამოვიდა და მოგვახსენა, რომ, თურმე, მაშინ, 2012 წელს, სააკაშვილი ცდილობდა რა ნაჩქარევად გაეხსნა იუსტიციის სახლი, სახურავში ჩარჩენიათ ნაგავი. თან შეკრულ სახურავში, რომლის სიმაღლეც 2 მეტრი ყოფილა. და ეს ნაგავი ყოფილა სიცოცხლისთვის საშიში ნივთები. და თურმე ეს ყოფილა მტკიცებულება იმისა, რომ წინა ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლე არ ყოფილა ღირებულება, და ერთ დროს პროკურორმან წულუკიანმან, რომელმაც ამაყად დაადო ბორკილები გენერალ კალანდაძეს და მერე მისი უდიპლომობის გამო კანონში რომ ცვლილება შეიტანეს და იუსტიციის მინისტრი, როგორც პროკურორი, სავალდებულო იურიდიული განათლებისგან გაათავისუფლეს, ახლა გამოდგა და პროკურორებს უსვამს კითხვას: „არის თუ არა ეს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული?“

საერთოდ, რას ნიშნავს სიცოცხლისათვის საშიში ნივთები?

რაც თავში მოგხვდება, ყველაფერი სიცოცხლისათვის საშიშია _ აგურიც და მეტეორიც. და თუ თავში არ გხვდება, რატომაა სამშენებლო მასალა სიცოცხლისათვის მავნე? რა, იუსტიციის სახლები სიცოცხლისათვის მავნე მასალებით შენდებოდა?

თავად ვერც ამაში გარკვეულა და ვერც იმაში ჩამოყალიბებულა, „ნაცებმა“ ეს ნაგავი დაუმალეს ხალხს, თუ ჩარჩათ? ხან დარიკოსავით ომახიანად გაჰკივის, რომ სააკაშვილმა და მისმა წინამორბედმა ვაშაძემ ეს ნაგავი ხალხს დაუმალეს, ხან იქვე გაეპარება და იტყვის, ჩარჩათო, მაგრამ რა უნდა მოსთხოვო? ქალბატონს ისიც ვერ გაურკვევია, რომ მინისტრი ბრძანდება და მისი წინამორბედი ზურაბ ადეიშვილია და არა მინისტრის მოადგილე ვაშაძე.

ამ კარლსონურ მიეთმოეთში ბევრი რამაა გაურკვეველი. რატომ გაახსენდათ ეს ნაგავი ახლა? 2 წლისა და 7-8 თვის შემდეგ? ახლა აღმოაჩინეს? უნდა ვიფიქროთ, რომ რაკი ახლა გამოზიდეს, ახლა აღმოაჩინეს, მაგრამ რა ვუყოთ წულუკიანის განცხადებას, რომ მათ ეს ნაგავი 2013 წელს აღმოუჩენიათ, როცა იუსტიციის სახლის სახურავი ჩამონგრეულა? იმასაც ამტკიცებს, დაუყოვნებლივ დავიწყეთ მისი გატანაო. კი მაგრამ, თუ 2013-ში დაიწყეთ ნაგვის გატანა, 2015-მდე ვერ გამოზიდეთ? და თუ ამ ნაგვის გამოტანას 2 წელი სჭირდებოდა, რა გამოდის? „ნაცებს“ ის ნაგავი კი არ დაუმალავთ და კი არ ჩარჩენიათ _ გამოტანა ვერ მოუსწრიათ? თუ ლაპარაკი იმაზეა, რომ დაუყოვნებლივ შევუდექით გატანასო, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც იქით დაადანაშაულეს იუსტიციის მინისტრი და მისი სამინისტრო იმაში, რომ ნაგავი დროულად არ გაიტანეს და ამდენი ხანი ინახავდნენ?

მოკლედ, მჩატე კარლსონს მურაბის ნაცვლად, მწნილი შეხვდა და პირი ვერ ჩაიტკბარუნა საკუთარი რეჟისურით მოწყობილი შოუ-სანახაობით. პროპელერი გაეჭედა თუ საკუთარ განცხადებებში გაიჭედა _ თავად განსაჯეთ. თუ მისთვის 2013 წელს უკვე ცნობილი იყო, რომ სახურავი ნაგვით იყო გამოტენილი, რატომ არ დაიწყო გამოტანა და თუ დაიწყო და წელიწადნახევარი მოუნდა, რატომ ითხოვს „ნაცებისგან“, რომ წელიწადნახევარში მოსასწრები საქმე ერთ კვირაში მოესწროთ?

ფაქტია, ცოცხებით მოსული ხელისუფლება უკვე ნაგვის ხანაში გადავიდა. დღითი დღე უკვე კომიკური ხდება ბრალდებები, რომელსაც ისინი წინა ხელისუფლებას უყენებენ და ამ გზით _ სანახაობების გზით _ ცდილობენ დროის გაყვანას. ესაა, თორემ, რა უნდა ნაგვის დატოვების ბრალდებით წულუკიანს, რომ მიაღწიოს? აქამდე არ იძლეოდა ევროპა სააკაშვილს და ახლა გადმოსცემს, არიქა ნაგავი დაგრჩენიაო? დიახ, ამ სანახაობებით აპირებენ გაართონ ხალხი, რომელიც დაამშიეს და გააღარიბეს. თავადვე აღიარებენ, რომ ლარის გაუფასურებამ მოსახლეობა 30%-ით გააღარიბა. დიახ, სწორედ ასე ბრძანებს ბატონი მეჭიაური. მერე რა, რომ მას პარალელების რელსები გადაღუნული აქვს და ისეთი პარალელები მოაქვს, „მეოცნებე“ ელექტორატსაც რომ პირდაღებულს სტოვებს? გამოხტა და ევროპისგან საუკეთესო ბანკირად დასახელებულ ქადაგიძეზე ბრძანა, _ მე არ ვიცი, რა კირიტერიუმებით მიანიჭეს ეგ ტიტულიო და იქვე სასხვათაშორისოდ დაარახუნა: „ატომური ბომბი ვინც შექმნა, ყველამ ნობელის პრიზი მიიღო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ბრალეულობა არ ჩაუდენიათ“.

ნობელის პრემია პრიზი ყოფილა, როგორც ჩვენი პრეზიდენტი მარგველაშვილი იტყოდა, _ „ეტა რაზ“, ამ მეჭიაურს ჰგონია, რომ ამ ნობელიანტმა მეცნიერებმა ნობელის პრემია ატომური ბომბის გამოგონებაში მიიღეს, „ეტა დვა“ და, საერთოდ, ეს „სად ერეკლე, სად კეპკა“ _ პარალელი რა შუაშია? _ „ეტა ტრი“…

მოკლედ, ამ ხელისუფლების ბრალდებები მართლაც კარიკატურული ხდება ყველა მიმართულებით. თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რა ბრალდებებით მობრძანდნენ. ბაჩო ახალაია რომ ვაშლის ფცქვნაზე დაიჭირეს, რა, ვერ ჰყავთ დღემდე ციხეში გამოკეტილი? ამათ, რა, ნაგვის დარჩენის გამო ბრალდების შეკერვის შერცხვებათ?

ვაშლის თლით დაიწყეს, მერე თამასა აწიეს დამაჯერებლობისთვის, ბევრი ვერაფერი დაამტკიცეს სასამართლოში და ახლა ისევ დაეშვნენ სასაცილო ბრალდებებამდე, მაგრამ ვინ შეარგო თეა წულუკიანს რეკორდის დამყარება? ხელად მისი შედეგი სხვამ, კერძოდ, თამარ სანიკიძის ფავორიტმა, ოთარ აბესაძემ გააუმჯობესა _ ნიკა მელიამ ყურში შემაგინა და გვერდზე მიჩქმიტაო. „ამეღნიშნება სილურჯეებიც“-ო, ესეც გვამცნო. განათლების მინისტრს რომ ასეთი კარგი მოქართულეები ახვევია გარს, იმიტომაც გაქრა წყვდიადი ქვეყანაში და დაისადგურა მარადიულმა ნათელმა. მაგრამ ღირს კი ედავო ამ კომიკურ პერსონაჟს იმაზედ, რომ ქართული ენა ვერ ჰგუობს ფუჭად უხვსიტყვაობას და რაც ერთი სიტყვით, „დამილურჯდა“, გამოიხატება იმას ორი სიტყვა არ სჭირდება, მით უმეტეს, როცა სწორად წერაც არ იცის იმ მეორე სიტყვისა და „ამეღნიშნება“ კი არა „აღმენიშნებაა“.

მაგრამ რა უნდა მოჰკითხო კაცს, რომელმაც ისიც ვერ გაიგო, გვერდზე უჩქმიტეს თუ ღიპზე? _ როგორც მომდევნო პოსტით გვიმტკიცებდა. და რომც ეჩქმიტა, ვერ ხვდებოდა, რომ ამის სამსჯავროზე გამოტანით თვითონ იმასხარავებდა თავს? გეკითხებით, კაცმა, რომელსაც საკუთარი თავისთვის ელემენტარული ვერ ურჩევია, რა უნდა ურჩიოს მინისტრს? ასეთი მრჩევლები და ფავორიტები რომ ახვევია გარს, იმიტომაც გამობრძანდა და ვითარცა ჭეშმარიტ ბედოვლათს შეშვენოდა, გამოგვიცხადა, _ ხელნაწერები დოვლათიაო. ბუღალტერ თამარს ეტყობა, სულ დოვლათ-ჭირნახულის აღრიცხვის დავთარში გატარება ელანდება და ქართველი ერის საგანძური ხელნაწერებიც დოვლათი ჰგონია, ან იმდენს დარდობს სტაფილოს წლევანდელ მოსავალზე (ის ბრძენი კაცი უწვენოდ რომ არ დარჩეს), პირზე სულ ხვავი, ბარაქა და დოვლათი ადგას. დავუბრუნდეთ მის კომიკურ მრჩეველს, ჟურნალ `ნიანგიდან~ გადმომხტარი კარიკატურასავით რომ ირჯება. დავუშვათ და მართლა უჩქმიტა, მაინც რისი დამტკიცება უნდოდა ამის გახმაურებით, რომ მელია ხულიგნობს? ამ ხელისუფლების ბრალდებების კარიკატურიზაცია აქაც რომ სახეზეა? კარგად გაიხსენეთ, რა ბრალდებებით დაიწყეს ბრძოლა მელიას წინააღმდეგ და სადამდე დავიდნენ, _ უჩქმიტაო. ვიდეომასალასაც რომ გვპირდებოდა? მუშავდება და მალე დავდებო. და ვიდრე იგი დაამუშავებდა და დადებდა, როგორ დაუმუშავეს ჩქმეტით ღიპი თუ გვერდები, სოცქსელებში სხვა ვიდეოები გამოჩნდა _ ამონაჭრები „სოფლის აშიკიდან“. მოკლედ, იყო ჩქმეტაი საკვირველი და დიდი ღლიცინი ამ თემაზე სოციალურ ქსელში. ნიკა მელია ნიკანორ მჩქმეტელად იქნა სახელდებული, გაჩნდა ლოზუნგი „ჩქმეტა ლაპარაკის ნაცვლად“, „დასაჩქმეტი კიდევ ბევრია“ და რაღა აღარ.

მოკლედ, იყო საყოველთაო ღლიცინი ამ თემაზე და რას ბრძანებდა თავად მინისტრის ფავორიტი? „ნაცები“ „გაპრავებას“ ცდილობენ, აღარ იციან, როგორ „გააპრავონ“ მელიას საქციელიო. თურმე, მაგასაც მიხვედრა სჭირდება და ადეკვატურად აღქმა, როცა მასხრად გიგდებენ და სრულიად ქვეყანა შენზე ღლიცინებს…

მაგრამ რა უნდა მოსთხოვო მინისტრის ფავორიტ ყმაწვილს, როცა ყმაწვილი პრემიერ-მინისტრი არანაკლებ იხდის თავს დასაცინს? დიახ, გემახსოვრებათ, როგორ ასაქმებდა პლანტაციებში საქართველოს მესამე პრეზიდენტს. დიახ, მას სურდა, სააკაშვილი ეხილა პლანტაციების რიგში და სად იხილა? _ რიგაში. რადარებდამწვარი პლანტატორი ღარიბაშვილი არანაკლებ იყო სასაცილო მდგომარეობაში. ევროპის ლიდერების გვერდით ხედავდა კაცს, რომელსაც „დაეძებს“, დაეძებს და ჯიუტი ბალღივით ითხოვს, რომ მას გადასცენ, მაგრამ არავინ აძლევს, სასაცილოდაც არ ჰყოფნით მისი და მისი კონტროლირებადი პროკურატურის მოთხოვნა სააკაშვილის გადაცემაზე. პასუხის ღირსადაც არ მიიჩნევენ. პასუხი კი არა, სხვაგვარ პასუხს სცემენ. სთხოვს აზერბაიჯანს და ჩვენ ვხედავთ, როგორ შეჰხარიან ერთმანეთს ალიევი და სააკაშვილი, ჩვენ ვხედავთ, როგორ სტუმრობს ლატვიის გენერალურ პროკურორს თავისი ფეხით სააკაშვილი, როგორც აკეთებს სამახსოვრო ჩანაწერს საპატიო წიგნში, როგორ ასაჩუქრებენ მათ და პარალელურად ამისა, რას ვისმენთ პლანტატორ ღარიბაშვილისგან? თურმე, ნუ იტყვით და, ძალიან ეცოდება ბატონი სააკაშვილი, სააკაშვილი ყოფილა წარსული და მეგობრულად გვირჩევს, რომ დავივიწყოთ, ნუღარ ვფიქრობთ და ვსაუბრობთ მასზე. ჩვენ გვმოძღვრავს, დაივიწყეთო და თავად აკერია პირზე „სააკაშვილი, სააკაშვილი“, თვითონ დაეძებს მას დილაა თუ ბინდია. თუმცა რომ ჰკითხო, დგას და უტიფრად გვიმტკიცებს, რომ ლატვიას არ შეაწუხებს მისი გადმოცემის მოთხოვნით. ეს რას ნიშნავს? აკი, მისი პროკურატურა წუთითაც არ წყვეტს სააკაშვილის ექსტრადირებაზე მუშაობას? მაგრამ ეს მაინც ჟურნალია იმასთან შედარებით, რაც შემდეგ დააბრახუნა: „ლატვიას არ შევაწუხებ, მაქვს ერთი ადგილი და შემიძლია გავიყოლო“.

რა იგულისხმა, თვითმფრინავში ერთი ადგილი? თუ ხვდება მაინც, რა თქვა? „მაქვს ერთი ადგილი“ სრულიად სხვაგვარად ჟღერს და თვითმფრინავში ადგილის ქონასთან არაფერი აკავშირებს… და თუ ჰქონდა „ის ერთი ადგილი“, რატომ ვერ გამოიყოლა? და საერთოდ, რა გამოიყოლა? ვიზალიბერალიზაციას რომ გვპირდებოდნენ და ცარიელები დაბრუნდნენ? პლანტატორი რიგას მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა?..

 

რეზო შატაკიშვილი