„გარდაბნის რაიონში არც კი იციან, სოფელი ნაგები სად არის!“

ori

რუსთავიდან ზუსტად 7-8 კილომეტრში, არც ისე პატარა სოფელი არსებობს. მას ნაგები ჰქვია და 100-მდე ოჯახი ცხოვრობს. გაზი, გზა, წყალი და ელემენტარული ცხოვრების პირობები, აქ ნაკლებად შეგხვდებათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, ამიტომ ვისაც რუსთავში ჩასვლის სურვილი უჩნდება, ტაქსისთვის შესაბამისი ანაზღაურების გადახდა უწევს. ამის გამო ამ სოფლის მცხოვრებლები, თვეების მანძილზე, თურმე, სოფლიდან ვერ გადიან. მათი ერთადერთი „სამსახური“ და გასართობი საქონლის მოვლაა.

სოფელ ნაგების გაუსაძლისი პირობების ამბავი გარდაბნის რაიონის  საკრებულოს „ლეიბორისტმა“ წევრმა, ნინო მეტრეველმა წინასწარ გამაცნო და „ქრონიკა+“-ის დაინტერესებაც ამან გამოიწვია, თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ცხადია, ყველა იქაურთან შეხვედრა ვერ შევძელით, მაგრამ ის ორი მარტოხელა მოხუცი მოვინახულეთ, რომლებიც სოფელში დაბერდნენ და რაც იქ ხდება, ყველაფერი კარგად იციან.

მზია არაბული:

_ ამ სოფელში ყაზბეგიდან ჩამოვედი და სექტემბერში 40 წელი ხდება, რაც ნაგებში ვცხოვრობ. მეუღლე დამეღუპა და ობოლი ბავშვები მყავდა გასაზრდელი, ნათესავები აქ ცხოვრობდნენ და მათ მირჩიეს, ყაზბეგზე იოლია იქაური ყოფა, ბავშვებს ბაღში მიიყვან, შენ იმუშავებ და თავს უკეთ გაიტანთო. ფერმაში დავიწყე მუშაობა და სახელმწიფომ ბინაც მომცა. ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობდა ამ სოფელში. მერე ჩემი შვილი, ვაჟა არაბული, უმაღლეს სასწავლებელში მოეწყო და ზვიად გამსახურდიამ პირადი დაცვის წევრად წაიყვანა. 22 წელია, რაც შვილი დავკარგე. ზვიადი გროზნოში რომ წავიდა, პარლამენტის შენობიდან მათი გამოსვლის დროს ვაჟა დაიჭრა. 8 ნატყვიარი ჰქონდა მხართან. თბილისში საავადმყოფოში დააწვინეს და ზვიადს ვერ გაჰყვა. გამსახურდია როცა გროზნოდან ზუგდიდში ჩამოვდა, მასთან შესახვედრად წავიდა. მას შემდეგ შვილი აღარ მინახავს. ის გაქრა. ყველგან ვეძებეთ, მაგრამ ვერც მკვდარი ვიპოვეთ და ვერც _ ცოცხალი. ვაჟა მაშინ 24 წლის იყო, ახლა 46 წლის იქნებოდა. ზვიადს რომ შეხვდა ვიცით, მანამდე ტელეფონითაც გველაპარაკა, მაგრამ მერე მის შესახებ ვერაფერი გავარკვიეთ. ჩემს შვილს ოჯახი არ ჰქონია. ბედნიერი ვიქნებოდი, მისგან შვილიშვილი მაინც დამრჩენოდა. სოფელში ჩემს ვაჟას ყველა იცნობდა და ისიც იციან, როგორი გულიანიც იყო, როგორ უყვარდა დედა. სოფელი დღემდე მისტირის. ჩემი შვილი ცოცხალი რომ იყოს, ამდენი წელი ვერ გაძლებდა, რომ არ ვენახე, შემეხმიანებოდა მაინც. დღე და ღამე, ოთხკედელშუა გამოკეტილი, ფიქრებში მხოლოდ ჩემს შვილს დავტრიალებ. მის მოლოდინში გადის წლები. უკვე 77 წლის ვარ. ქალიშვილიც მყავს, მაგრამ გათხოვილია და მარტო მიწევს ცხოვრება.

_ ახლა თქვენ შესახებ მომიყევით, მარტოობაში მყოფი, ასეთ მიყრუებულ სოფელში თავს რით ირჩენთ?

_ ამ სოფლის მოხუცების უმეტესობა მხოლოდ პენსიის იმედად ვართ. ჩემი ერთადერთი შემოსავალი 150-ლარიანი პენსიაა. 8 წლის წინათ ავარიაში მოვყევი, მეზობლებმა მიპატრონეს, მას შემდეგ მარჯვენა ხელს ვეღარ ვიყენებ, მაგრამ ასეთ გაჭირვებაში მყოფს სოციალურ დახმარებასაც არ მაძლევენ. გარდაბანში, სოციალური დახმარების სამსახურში რამდენიმე წელია დავდივარ და ვითხოვ დახმარებას. აგენტი ამოწმებს ჩემს ბინას და მერე მეუბნებიან, რომ დახმარება არ მეკუთვნის. არ ვიცი, იქ რას წერს, ან როგორ ითვლიან, ვის ეკუთვნის და ვის _ არა. როგორც მითხრეს, კომპიუტერში უწერიათ წინა წლების ქულები და ახლაც იმით ხელმძღვანელობენო. წინათ მაღალი ქულა ვისაც ჰქონდა, ახლაც იმას უწერენ მაღალს და დახმარებას არ აძლევენ. მას მერე ვიბრძვი, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს. რაიონის გამგებელიც საქმის კურსშია, იცის, რომ ავად ვარ, მიჭირს, დამხმარე არ მყავს, მაგრამ ჩემისთანების ბედი არავის აინტერესებს. ძალიან ხშირად წამალი მჭირდება, მაგრამ ვერ ვყიდულობ.

თამრო ხარძიანი:

_ მეც მარტოხელა ვარ, 80 წლის. ათწლეულების წინ სოხუმიდან ჩამოვედი. ორი ქალიშვილი მყავს, გათხოვილები არიან და ორივეს თავადაც უჭირს ცხოვრება, ამიტომ ჩემ დახმარებას ვერ ახერხებენ. ამას წინათ ნერვის ანთება დამემართა და 6 თვე ჩაწოლილი ვიყავი. ჩემთანაც მოვიდა სოციალური აგენტი, დაათვალიერა სახლი და მითხრა, მართლა გაჭირვებით გიცხოვრიაო, მაგრამ მაინც მაღალი ქულები დაუწერია და მომახსენეს, დახმარება არ გეკუთვნისო. ერთადერთი ახალი ნივთი ჩემს სახლში არის მაცივარი. ძველი რომ გაფუჭდა, 4 წელი მეზობლის მაცივრით ვსარგებლობდი. ბოლოს განვადებით გამოვიტანე და ახლაც, პენსიიდან, ყოველთვიურად, 60 ლარს ბანკში ვიხდი.

სოფელში ერთადერთი, პატარა მაღაზია არსებობს, სადაც პურსა და საჭირო ნივთებს ვყიდულობთ. ღმერთმა გაახაროს მისი მეპატრონე, ზოგჯერ პენსიამდე ნისიად გამოგვაქვს, მაგრამ მერე ავიღებთ და პენსიის დიდ ნაწილს იქ ვტოვებთ. აი, ასე ვცხოვრობთ. გამგეობამ გასული წლის სექტემბერში მე, მზიასა და კიდევ ერთ ადამიანს 100-100 ლარი მოგვცა, მეტჯერ არავინ არაფრით დაგვხმარებია.

ავტობუსი და მიკროავტობუსი სოფელში არ დადის, აქაური ბიჭები ტაქსაობენ, აქამდე ლარად მივყავდით რუსთავში, მაგრამ მგზავრობა ახლა ლარნახევარი გახდა. სოფლამდე მოსასვლელი გზა ხომ წლებია, ასეთი დანგრეულია და გამკეთებელი არავინ არის. ექიმიც თბილისიდან დადის კვირაში ერთხელ, ხან შაბათს, ხანაც _ კვირას.

მზია არაბული:

_ ალერგია მქონდა ზამთარში, ვიხრჩობოდი, ვის არ დავაბარე, ცუდად ვარ, როცა ჩამოვა ექიმი, იქნებ, მნახოს-მეთქი, მაგრამ მხოლოდ ახლა მოვიდა. წამლები გამომიწერა. 100 ლარი დავხარჯე წამლებში და პენსიიდან მხოლოდ 50 ლარი დამრჩა. მომავალ პენსიამდე ეს უნდა ვიმყოფინო. ჩვენი სოფელი ყველას მაშინ ახსენდება, როცა არჩევნები იწყება. მაშინ დაფაცურებულები მორბიან და ათას რამეს გვპირდებიან, მერე კი წავლენ და დაიკარგებიან მომდევნო არჩევნებამდე. სოფელში არც გაზი გვაქვს, არც შუქი და არც კიდევ არანაირი დახმარება. ჭის წყალი გვაქვს მხოლოდ, ისიც ისეთი მარილიანია, ვერ აგიწერთ, მაგრამ რა ვქნათ? იძულებულები ვართ, დავლიოთ.

თამრო ხარძიანი:

_ წინათ აქვე, ფერმაში, ვეტექიმად ვმუშაობდი. ჩვენი წყალი შესამოწმებლად თბილისის ლაბორატორიაში წავიღეთ. ლაბორანტმა მეც ჩამახედა მიკროსკოპში და იცით, რა მითხრა?! _ ცხოველებს არ დაალევინოთ, ისეთ მიკრობებს შეიცავს, დაიხოცებიანო. სწორედ ამ წყალს ვსვამთ დღესაც. ახლა მოდიან, ვითომ ანალიზს უტარებენ და გვეუბნებიან, სუფთააო. ჭაბურღილის გარშემო უამრავი ფერმა იყო და როგორ შეიძლება, ის სუფთა იყოს? ისეთი სუნი აქვს ამ წყალს, ვერ დალევ, ცოტა ხანს თუ გააჩერებ, ნალექს იკეთებს. აქ მცხოვრებლებს სახსრები ამიტომაც გვაწუხებს. ვისაც მანქანა ჰყავს, რუსთავიდან ჩამოქვს დიდი ჭურჭლებით წყალი. ზოგს პატარა ბავშვები ჰყავს და ამ წყალს როგორ დაალევინებენ?!

_ ამის შესახებაც იცის ადგილობრივმა ხელისუფლებამ?

_ ცხადია, იცის. არაერთხელ მივმართეთ, შეგვპირდნენ, რუსთავიდან გამოგიყვანთ წყალსო, მაგრამ მერე ისევ დავავიწყდით. 100 ოჯახი ცხოვრობს ამ სოფელში და ნუთუ, ეს ცოტაა იმისთვის, ვინმემ ყურადღება რომ მოგვაქციოს? სოფლის რწმუნებული სოფელ ჯანდარაშია და მათი რწმუნებული ითვლება ჩვენს რწმუნებულადაც. აქედან ჯანდარამდე კი 10 კილომეტრია და ცხადია, არც და ვერც ჩამოდის. სოფელთან ახლოს კარიერია და მუდმივად ისეთი მტვერია, ეს ცალკე გვახრჩობს, მაგრამ სად წავიდეთ? აქ თავშესაფარი მაინც გვაქვს. ასე გვგონია, გარდაბნის რაიონში არც კი იციან, სოფელი ნაგები სად არის. ჩვენი ხმები უნდათ, მეტი არაფერი. ოღონდ არჩევნებზე ხმები გაინაღდონ და მერე თუნდაც ერთ დღეს ყველა დავიხოცოთ, მაგის დარდი არავის აქვს.

გარდაბნის სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილების უფროსმა, ლალი სამხარაულმა, ქრონიკა+“-სთან კომენტარი გააკეთა:

_ მე თქვენი წინა სტატიაც წავიკითხე, რომელიც სართიჭალის მცხოვრებს, შალვა ხაჩიძეს ეხებოდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ახლა შესვენებაზე ვარ გასული, თანაც კონკრეტულ პიროვნებებზე ვერ გიპასუხებთ, ვინაიდან ბაზის მონაცემებით უნდა ვისარგებლო. ვინც ახლა დამისახელეთ (სოფელ ნაგების მცხოვრებლები, _ რედ.), მაგ პიროვნებებს ვერ ვიცნობ. თუ სოფელ ნაგებიდან ეს ქალბატონები მობრძანდებიან და ჩემთან შემოვლენ, დავინტერესდები, გადავხედავ და გავარკვევ მიზეზებს. ავუხსნი, განვუმარტავ და თუ რამე არ დააკმაყოფილებთ, ან პრეტენზია ექნებათ, მერე დაწერეთ გაზეთში.

_ ჩვენ მანამდეც დავწერთ და თქვენთან მათ შეხვედრას ვერ დაველოდებით. რადგან შალვა ხაჩიძეზე წერილი გქონიათ წაკითხული, მასთან დაკავშირებით გვითხარით, რა ხდება, რატომ არ მოხვდა მისი ოჯახი სოციალურად გაჭირვებულთა სიაში?

_ აღარ მახსოვს, ხაჩიძეზე რა ეწერა, თვითონ სართიჭალელი ვარ და ამ ოჯახს არ ვიცნობ, მაგრამ პროგრამა ქულებს თავად ითვლის. 1-ლი მაისიდან კი შეიცვალა პროგრამა. ქალბატონები, ალბათ, გადამოწმებაში მოხვდებიან, რადგან სააგენტოს ამას გეგმავს და მერე ვნახავთ, რა იქნება. ახალი მეთოდოლოგიით აგენტზე და ჩემზე დამოკიდებული არაფერია. ქულას მხოლოდ პროგრამა მიანიჭებს.

ცხადია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობსაც შევეხმიანეთ. გვინდოდა გაგვეგო, რატომ არის ეს სოფელი და იქაურები მათგან მიტოვებული? გარდაბნის პრესსამსახურმა ნაგების რწმუნებულთან დაკავშირება გვირჩია და გიორგი შუკვანის ტელეფონიც მოგვცა, თუმცა მან ჩვენს ზარს არ უპასუხა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ არმაზ ხარძიანისგან კი შევიტყვეთ, რომ ამ სოფელში წყლის გაყვანის საკითხი წლის პროგრამაშია ჩასმული.

 

ნელი ვარდიაშვილი