რომელი გამგებლები მოხვდნენ კალაძის „შავი სიაში“ და ვინ არის თამაზაშვილის „კაკაშა“?!

2ქ11

კახეთში ამბობენ, შარშანდელი გაზაფხული წელს სანატრელი გაუხდათ, ვისაც შარშან თავი ბატონი ეგონა, წელს აზნაურობასაც იხვეწებაო…
კახეთში ამ გაზაფხულზეც მთავარი გმირები ისევ თამაზაშვილები, სიბაშვილები, ღვინიაშვილი და, რაღა თქმა უნდა, ღარიბაშვილები იყვნენ…
წლევანდელ გაზაფხულს ჟამი ძიებისა და განსჯისას ვუწოდებდი…
რა იყო მნიშვნელოვანი და რა დარჩა უმნიშვნელო?
მაგრამ სანამ გაზაფხულის კახურ შეფასებებზე გადავალთ, კახი კალაძის კახურ „შავ სიაზე“ რომ გადავიდეთ, კი სჯობია.

„შავი სია“ კალაძის მაგიდაზე

სულ რაღაც ორი კვირის წინ კალაძის მრგვალი მაგიდის გარშემო კახურმა „სასტავმა“ მოიყარა თავი…
გამგებლები, მერი და ყველა რაიონის “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კალაძესთან ანგარიშის ჩასაბარებლად ჩავიდა…
ჰოდა, თემა იყო პლატონისეული, სიმართლეს ბევრი ამბობს, მაგრამ დამცველი ცოტა ჰყავსო.
თეთრ ფურცელზე შავად დაბეჭდილმა სიამ გამგებლები შეაშფოთა… _ ეს რამდენი სცოდნია ამ კაცსო, ან „აიპებში“ დასაქმებულთა ასეთი სრული სია რა ჩიტმა მიუტანაო?!.
შეხვედრიდან გამოსულებს ისეთი აბნეულ-დაბნეულობა სჭირდათ, რომ სიღნაღის გამგებელს საკუთარი ავტომობილის მარკაც დაავიწყდა და ფერიც, _ ახმეტის გამგებლის მანქანასთან რომ მისულა, თავისთვის ჩაულაპარაკია: მგონი, თავი და გზა ერთდროულად ამებნაო…
და რა იყო სიაში?
სია ორ ნაწილად გახლდათ დაყოფილი, ერთ მწკრივზე საჯარო სამსახურში დარჩენილი „ნაციონალი“ საჯარო მოხელეები იყვნენ განსვენებულნი, ხოლო მეორე მხარეს თამაზაშვილ-ღარიბაშვილის ფავორიტები…
კრებამ არც ისე მხიარულად ჩაიარა. კალაძის კითხვებს, პასუხების გარდა, 3 ლიტრი ოფლისღვრაც მოყვა.
შავი სია გასაწმენდად ყვარლიდან დაიწყო.
ამას სიკვდილი იმას ჩამოხრჩობის პრინციპით შერჩეული გადაწყვეტილებები საინტერესო აღმოჩნდა.
მაგალითად, თელავის თემის მუნიციპალიტეტში, თუ ვინმეს წითელი მაისური ეცვა გასულ წლებში, ყველაზე დაისვა კითხვები, მაგრამ აქაც დარჩნენ გამონაკლისები…
წმენდა დაწყებულია, პირველი სვლა ყვარელია და ისიც ვიცით, რომ ბოლო სვლა ლაგოდეხი იქნება, რადგან ლაგოდეხის გამგებელი, არც მეტი არც ნაკლები, კალაძის სამტრედიელი დეიდაშვილია…
რა უნდათ საჯარო სამსახურში ნაციონალებს?
სად არის ჩვენი ხალხი?
ვინ დარჩა მშიერი _ „ნაცები“ თუ ისევ ჩვენები?
ეს ის კითხვებია, რომლებზეც ბატონ კახის პასუხები სჭირდებოდა…
მაგრამ… აღმოჩნდა, რომ ძირითად „ნაციონალებს“ თამაზაშვილი მფარველობდა, მათი დანიშვნა კი მხოლოდ „ალექსანდროვიჩის“ რეკომენდაციით მოხდა…
სამაგიეროდ „ოცნების“ აქტივისტები ან საჯარო სამსახურებში ვერ მოხვდნენ, ან კიდევ განთავისუფლდნენ.
ცოდვა გამხელილი სჯობს და გასაუბრება-ტესტირებაზე გასული `ნაციონალი~ საჯარო მოხელეები არც იბნეოდნენ და არც წუხდნენ. აი, აქეთ კი სხვა ვითარება აღმოჩნდა…
„ოცნებამ“ ვერ გაამართლა…

საყაენოდ გადანაწილებული კახეთი

დედოფლისყარო ცოტა ხნით კვლავ „ალექსანდროვიჩის“ ზონად დარჩა, ახმეტა ზვიადაურს ერგო კალაძისგან ფეშქაშად, თელავს ორი ბატონი ჰყავს, იმ ორს კი _ ერთი კალაძე!
გურჯაანი და ყვარელი მორჩილებით გამოირჩეოდნენ, სიღნაღში თამაზაშვილის გავლენები ისევ ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღნაღი დროებით ხელშეუხებელია. ლაგოდეხში სიტუაცია ისეთია, დათვი რომ იტყვის, ჩემს შვილს ხომ არ შევჭამო?.. საგარეჯოს ხიდაშელის მმართველობის ყავლი და ხანა გაუვიდა… ახმეტა ძველებურად ზვიადაურის საყაენოდ დარჩა… მაგრამ მთავარი ერთია _ კალაძემ გარკვევით მოუწოდა ყველა გამგებელს, დაუყოვნებლივ საჯარო სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ ის რიგითი სპეციალისტებიც კი, რომლებიც „ნაციონალების“ დროს იყვნენ დასაქმებულნი. ამ დროს გუბერნატორმა შეკითხვა დასვა, _ მასე, მეც ვმუშაობდი „ნაციონალების“ დროს და, რა, მეც „ნაციონალი“ ვიყავიო? კალაძემ მშვიდად გაიღიმა და უპასუხა, _ კი, მასეც ამბობენო…
პირველი წმენდა ყვარელში დაიწყო და ყვარლის გამგებელს 20 ადამიანის განთავისუფლება დაევალა; თელავის გამგებელს _ 2 კაცის; თელავის მერს ხუთი ადამიანი დაუწუნეს; გურჯაანში _ შვიდი; ახმეტაში გამგებელს საკუთარი მოადგილის მოხსნა მოსთხოვეს, თუმცა ფშაველმა ბაიდაურმა მოადგილე მაინც დაიცვა და ჯერ არავინ გაუშვია სახლში;
არ შეეხენ ლაგოდეხს, რადგან იქ `ნაციონალები~ აღარ არიან დასაქმებულები, ძირითადად, გამგებლის ცოლის დაქალები ბრძანდებიან სამუშაო ადგილებზე.

***
გაზაფხული გვიან შემოვიდა კახეთში, ზამთარი კი იმ ცხრაწლიანი მმართველობასავით გაიჭიმა, მაგრამ მთლად კარგი ფეხის ვერ იყო წელს გაზაფხული. პირველი, რაც საგაზაფხულოდ მოხდა, კახეთის ყოფილი გუბერნატორის მოადგილე, გიორგი სიბაშვილი, სასამართლო დარბაზიდან ხუთ ეპიზოდში გაამართლეს. კაცი, რომელსაც კახეთის სრული დაქცევა დაბრალდა, მართალი აღმოჩნდა.
მთავარი და მნიშვნელოვანი საწვავია, მაგალითად, კახეთის გუბერნიამ შარშან, 12 თვის მანძილზე, 11 781 ლარის ოდენობის 6,2 ტონა საწვავი გამოიყენა, ხოლო წელს კი, სულ რაღაც, 2015 წლის გაზაფხულზე, 4 თვის მანძილზე, 17 439 ოდენობის 11,2 ტონა საწვავი დახარჯა. ამბობენ, გუბერნიას მეორე მოადგილის, გივი მეტრეველის შენახვა ძალიან ძვირი დაუჯდა და, შესაბამისად, ყველა ხარჯმაც გაორმაგება დაიწყოო. მეტრეველის მოშორება კი ადვილი საქმე არ არის, რადგან თავად მაღრაძე ლობირებს ძმაკაცს, ასე რომ, რამდენი `ატკატი~ მიდის მაღრაძესთან, ეს ჯერ დათვლის პროცესში მაქვს.

ამდენად, გაზაფხული კახეთში შარშანდელივით კვერცხების სროლით განვითარდა, უბრალოდ, წელს დისლოკაციის ადგილი შეიცვალა და თელავიდან გურჯაანში გადაინაცვლა, _ რეგიონის დამაქცევარი გამართლდა; „რუბენიჩი“ დაისაჯა და ქალაქელი გახდა; ზვიადაური თამაზაშვილთან ისევ ვერ მორიგდა; შირაქში მიწები ახმეტამ დედოფლისწყაროს სასარგებლოდ არ დათმო; გურჯაანის გამგებელმა რეკორდი მოხსნა და ყველაზე ცოტა ალკოჰოლი მიიღო გაზაფხულისთვის მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე; თელავის გამგებელმა ველოსიპედის ყიდვა გადაწყვიტა, _ საწვავი ბევრი მეხარჯება სახლიდან სამსახურამდეო; თელავის მერმა 70 წლის ქვაფენილი აყარა და ქალაქის მოასფალტება დაიწყო(!!!).
2015 წლის გაზაფხულზე გავიგეთ, რომ თელავის პირველი სკოლის სარდაფში შენახული მუზეუმისა და ელენე ახვლედიანის შედევრების ნახევარი ან გამქრალია, ან დაობებული!(!!!)
მზე ისევ აღმოსავლეთიდან ამოდის, მაგრამ დედოფლისწყაროელების მზე შემოდგომამდე ვერ მიაღწევს და დარჩებიან `ქრონიკა+~-ის იმედად.
დაბოლოს, დედოფლისწყაროში აღმოვაჩინე, რომ რაიონში „ქრონიკა+“ სამშაბათს 10 წუთში იყიდება. ყველა ნომერს ვინმე `კაკაშა~ ყიდულობს.
ისა: „კაკაშ“, შენზე ამბობენ, კითხვა არ იცისო და მართალია?

P. შ. დედოფლისწყაროს თამაზაშვილი მართავსო, მაგრამ გენერალსაც ხომ ჰყავს თავისი ფეხოსანი „პოლკოვნიკები“? ჰოდა, დედოფლისწყაროში მიყვებიან:
_ სამსახური თუ გინდა, ჩვენში გენერლამდე მისასვლელი გზა ჯერ ბაზრის თავში უნდა გაიარო, იქ „კაკაშა“ ზის, მოგისმენს, პარალელურად დომინოს უწკაპუნებს, როცა თავს მოიფხანს და დაფიქრდება, დროს დაგითქვამს, როდის შეგეძლება საქართველოს პარლამენტის ფილიალში მისვლაო.
ქიზიყელებს განსაკუთრებული იუმორი აქვთ, ჰოდა, თამაზაშვილის მარანს დღეს ქიზიყში პარლამენტის ფილიალი ჰქვია, „კაკაშას“ _ პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

„არსებობს ისეთი რამ, რაც ადამიანს თავს აკარგვინებს და განუზომელი სიამაყით აგიჟებს? _ არსებობს და ესაა სწორედ ძალაუფლება, რომელსაც შეუძლია, ადამიანი ჭკუიდან გადაიყვანოს“, _ პლატონი.
და ასე, საგაზაფხულოდ დაგიჟებულების ქრონიკებიც დასრულდა.