აბრეშუმის გზა საქართველოში

აბრეს

ქვეყანა ერთი მილიარდი დოლარის გრანტებს მიიღებს

გასულ კვირას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ნატოს საინფორმაციო ცენტრი და ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი აბრეშუმის გზის მეათე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობდა. მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესებიდან გამომდინარე თემა ძალიან მნიშვნელოვანი იყო: „ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება-პერსპექტივები და გამოწვევები“.
კონფერენცია მიზნად ისახავდა პოლიტიკოსებისგან და გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან ფორუმის შექმნას, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებზე ინტენსიურად იმუშავებს დიალოგის ფორმატში. მონაწილე ქვეყნების რაოდენობა ათეულს შეადგენდა, რომელთა შორისაც იყვნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მკვლევრები, აკადემიურ სფეროში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლები საქართველოს, ერაყის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებიდან. სტუმრებს მასპინძლის როლში დახვდნენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი მაკა იოსელიანი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე. საქართველოში ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანს, წილად ხვდა კონფერენციის გახსნის პატივი.
მონაწილეთა მოხსენებები მრავალფეროვანი იყო: ტურიზმი, ეკონომიკა, ფინანსები, ენერგეტიკა, განათლება, ანუ ყველა ის სეგმენტი, სადაც საქართველო განვითარების, ან რეფორმების გზაზე დგას. არავის გაჰკვირვებია, რომ გამომსვლელებს შორის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის მოხსენება. თემაც საინტერესოდ ჰქონდა შერჩეული: „ასოცირების ხელშეკრულება მხოლოდ საქართველოს ხელშეკრულება არ არის. იგი ევროკავშირს ავალდებულებს, საქართველოს დაეხმაროს, მათ შორის, ფინანსურადაც. უნდა მოხდეს რეფორმირება სოციალურ სფეროში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება“. ევროკავშირის ელჩს არც ის გამოჰპარვია მხედველობიდან, ქართველებისთვის წარმატებების მიღწევის დაჩქარებულ სურვილზეც გაემახვილებინა ყურადღება, ამიტომაც მისი ფრაზა: „რეფორმების განხორციელებას თავისთავად წლები სჭირდება“, ის მესიჯი იყო, რომელიც ქართველებს დაფიქრებისა და გაანალიზების მეტ საშუალებას აძლევდა.
კონფერენციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წელს საქართველო საგრანტო დაფინანსებას ისევ მიიღებს და 400 მილიონი დოლარით გაიზრდება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. საბოლოო ჯამში კი ქვეყანა გრანტების სახით ერთ მილიარდ დოლარს მიიღებს.