„წასვლა დიდი ხნით ვერდაბრუნების პერსპექტივით“

წავ

22 მაისი. დილა. 09:30. ორთაჭალის ავტოსადგური. თბილა. მზე ანათებს, თუმცა მისი სხივები სადგურის იმ ნაწილში, სადაც თურქეთისკენ მიმავალი ავტობუსები დგას, მთელი სიძლიერით ვერ აღწევს.
სადგურზე უამრავი ადამიანი ირევა. ძირითადად ქართველები და თურქები არიან. მძღოლი ადვილად გამოირჩევა რიგითი მგზავრისა თუ მოლარისგან, თეთრი პერანგი აცვია, მუქი ლურჯი ჰალსტუხით, რომელზედაც მწვანე ზოლია დატანებული, თითქმის ყველა მათგანს ულვაში აქვს და ჩაის მიირთმევს.
_ ლუქსკარა დელიზ, ანკარა-სტანბულ, აქეთ. ისმის ერთ-ერთი მოლარის ხმა შიგადაშიგ.
ფასები სხვადასხვაა, ყველაზე იაფი 20$-დან იწყება და 60$-მდე მერყეობს. მყიდველი ბევრია. სადგურზე კალმითა და ფურცლით მისულს ყველა ამრეზით მიყურებს, თუმცა ერთი გამყიდველი ინტერესდება, ვინ ვარ და რას ვაკეთებ. მეც ვუხსნი და ის ყვება. ყვება, რომ ბევრი ადამიანი მიდის ყოველდღიურად საქართველოდან, რომ ახლა ჩაის, თხილის სეზონი იწყება და მუშახელის განსაკუთრებული გადინებაც იქნება. ხშირად ფულსაც არ უხდიან და `გადააგდებენ~ ხოლმე თურქები ქართველებს. ისინი კიდევ საშინელ დღეში ვარდებიან. ყოველდღე ძალიან ბევრი ადამიანი მიდის, ძალიან! უკან კიდევ ნახევარიც არ ბრუნდება.
მოშორებით დედა-შვილს ვხედავ, გოგო 27 წლისაა და უკვე 8 წელია, თურქეთში დადის ბავშვის მოსავლელად. ხვალ უკვე იქ იქნება და სხვა ოჯახში სხვა ბავშვს მოუვლის. ჩანთით მჭადის ფქვილი, ყველი, ტყემალი, ღვინო და მეგრული აჯიკა მიაქვს. ეს ყველაფერი მცირე რაოდენობით, რადგან მალე დედამისი მიდის თურქეთში და კიდევ ჩაუტანს.
გვერდით დიალოგი მესმის:
_ რა ღირს ბილეთი?
_ ლუქსი 40$.
_ დამიკელი ცოტა.
_ კარგი, გამყიდველთან მიგიყვან, 2$-ს დაგიკლებს.
_ 2$-იც საქმეა, კარგი.
მიდიან.
შუახნის მამაკაცი მოდის, ქართულად კარგად ვერ საუბრობს. მეკითხება, რატომ ვინიშნავ რაღაცებს და მგზავრებს კითხვებს რატომ ვუსვამ? მეც ვუხსნი. ამასობაში ხმაური ისმის, ქართული გინება აშკარად იკვეთება, ჩემთან მოსაუბრეც მეუბნება: „აი, ჩხუბია, არ გინდა, ეგ გადაიღო? წამოდი“. მეც მორჩილად მივყვები. ვხედავ, ქართულად მოსაუბრე (უფრო სწორად, ქართულად მაგინებელი) როგორ მიიჩქარის ერთ-ერთი თურქი მგზავრისკენ, რომელიც ხმასაც არ სცემს და ქართველს როგორღაც აკავებენ, ის მაინც იწევს ჩუმად მდგომი ბიჭისკენ, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად სრულდება. აშველებენ.
სალაროს თავზე წარწერა შევნიშნე ინგლისური ასოებით Dოგუ კარადენიზ  აწერია, ქვემოთ კი იგივე ქართული ასოებით. ვინტერესდები, რა წერია და ისევ ამ შუახნის კაცს ვეკითხები, წეღან რომ აურზაურის ნახვა შემომთავაზა. ისიც დამტვრეული ქართულით მპასუხობს: „ზღვა ხმელთაშუა“. მე მეღიმება და ვუსწორებ: „ხმელთაშუა ზღვა“. _ ხო, ეგრეა, _ მეთანხმება.
მარჯვნიდან ქალბატონი მოდის წითელი მაისურით და პატარა ცელოფნით. წარმოსადეგი ქალბატონია, ლამაზი. მარტო მოვიდა, ბილეთი აიღო, ბარგი თავის ადგილზე მოათავსა და ჩემ გვერდზე დგება. ვეცნობი, მედეა ჰქვია. ვეკითხები, _ რატომ მოვიდა მარტო? რატომ არავინ აცილებს? მპასუხობს, რომ არ შეუძლია, ვიღაცამ გააცილოს, _ ვერ გავუძლებ მის ავტობუსიდან ყურებას, როდესაც წავალ, ვერ დავუქნევ ხელს დასამშვიდობებლად (ცრემლი ადგება თვალზე და იწმენდს). ცელოფნით მჭადის ფქვილი და ყველი მიმაქვს ცოტა. 3 წელია, არ ვყოფლვარ თურქეთში, ვალები დამიგროვდა და ახლა იძულებული ვარ, წავიდე. 100$-ს ვესესხე ნაცნობს წასასვლელად, 40$ ბილეთში გადავიხადე, 60$-ით მივდივარ იქ. სააგენტოში მივალ, დამაკვალიანებენ და მოხუცს მოვუვლი მერე. მიყვარს თურქები, ძალიან კარგი ხალხია, არასდროს მიგატოვებენ გასაჭირში. ეს აუცილებლად ჩაინიშნე, _ მახსენებს.
_ ლუქსკარა დელიზ, ანკარა-სტანბულ! _ ისევ ისმის ხმა.
ავტობუსი 10:00-ზე გადის, გოგონას ვარდები უჭირავს ხელში, წითელი და თეთრი, ავტობუსში ადის, ვეკითხები:
_ ვარდები რატომ გიჭირავს? თურქეთში მიგაქვს?
_ იმიტომ, რომ მაჩუქეს, დაბადების დღე მაქვს, _ ამ საუბრისას ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი გვერდიდან. ბიჭია, სწორედ ის ბიჭი, რომელმაც გოგონას ვარდები აჩუქა.
გოგო მაღლა ავიდა, ქვემოთ ვაჟი ელოდება. რთული იყო დამშვიდობება. რიგრიგობით ავიდნენ მგზავრები, წამსვლელმა დედამ შვილს ჭკვიანად ყოფნა და კარგად სწავლა დაუბარა; გოგომ ვაჟს კოცნა გამოუგზავნა და ხელი დაუქნია; შუბლზე კოცნაც იყო და ლოყაზეც. ახლა კი ყველამ თავისი ადგილი დაიკავა. მძღოლი საჭეს მიუჯდა, გამცილებელმა სკამი გადმოსწია და მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი. საყვირის ხმა გაისმა. კარიც დაიხურა. ავტობუსი დაიძრა და თურქეთისკენ აიღო გეზი. სადგურზე დავრჩით კიდევ ბევრნი, მაგრამ მედეას მხოლოდ მე ვუქნევდი ხელს.
ხვალ ახალი დღე გათენდება და კიდევ უამრავი ქართველი წავა უცხო ქვეყანაში სამუშაოდ. წავა და უკან როდის დაბრუნდება, არავინ იცის…