როგორ გადარჩა ქართული ჯარი სკანდალს?

jps

თინა ხიდაშელის დანიშვნა თავდაცვის მინისტრად ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ზოგისთვის _ მისაღები, ზოგისთვის _ მიუღებელი. ზოგმა ეს ღარიბაშვილისთვის შეკვეცილ კიდევ ერთ ფრთად აღიქვა, ზოგმა „რესპუბლიკელების“ ულტიმატუმს მიაწერა.

მაგრამ ვნებათაღელვა იმის ვნებათაღელვაა, რომ ერთხელაც პიკს მიაღწევს და მერე ჩაცხრობას იწყებს. თინა ხიდაშელის მინისტრად კურთხევას მისი მხრებზე მოგდებული ქურთუკი და მწყობრში მდგარი ჯარისკაცებისთვის დახსნილი მჭიდები მოჰყვა, ამას _ ანა დოლიძის დანიშვნა მოადგილედ და, თითქოს, ყველაფერი კალაპოტში ჩადგა: ქართველები რას არ შევგუებივართ, რომ ქალი თავდაცვის მინისტრი გვეუცხოვებინა…

მაგრამ ზუგდიდში მოხდა ამბავი, რომელიც მაშინვე გაჟონვის შემთხვევაში არანაკლებ სკანდალური შეიძლებოდა გამხდარიყო, ვიდრე თავად ხიდაშელის მინისტრად დანიშვნა.

მივყვეთ თანმიმდევრობით ამბის აღწერას, რომელიც „ქრონიკა+“-მა სამეგრელოში ექსკლუზიურად მოიპოვა. აქედანვე დავძენთ, რომ ამბავი რეალურია, მაგრამ მთავარი გმირის ვინაობას შეცვლილი სახით წარმოგიდგენთ და არც სამხედრო ნაწილის დავასახელებთ.

მოკლედ: „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს შემადგენლობა მორიგი ანტიკორუფციული კომიტეტის გასვლით სხდომაზე მუშაობის პერიპეტიებით იყო გართული, როცა ერთ-ერთი გავლენიანი და ცნობილი `ნაციონალის~ მობილურზე ზარი გაისმა. მას მეგობარი ურეკავდა და დაჟინებით სთხოვდა პირისპირ შეხვედრას, მაგარი ამბავი მაქვსო.

ამ ცნობილ და გავლენიან „ნაციონალსაც“ გულმა უგრძნო, რომ ზარის იგნორირება არ ღირდა და სასწრაფოდ შეხვდა მეგობარს, რომელმაც ჩია, კაფანდარა, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ახალგაზრდა გააცნო.

ის გალელი გია ბაბუხადია (სახელი და გვარი შეცვლილია) აღმოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ ერთი პირადი ხასიათის, მაგრამ პოლიტიკური თემის გახმაურება უნდოდა. ამ შემთხვევაში ბაბუხადიას „ნაციონალები“ არ აურჩევია, მათთან სრულიად შემთხვევით მოხვდა, რადგან იმ კაცს იცნობდა, ვისთანაც მივიდა, ხოლო ის კაცი სწორედ ამ გავლენიანი „ნაციონალის“ მეგობარი აღმოჩნდა და როცა მოისმინა, რაც ხდებოდა, ბუნებრივია, ეს პოლიტიკური თემა მეგობარს „ჩაახუტა“.

ამბის თქმა შეხვედრის ორგანიზატორს მოუნდომებია, მაგრამ ბაბუხადიას შეუჩერებია და თავად დაუწყია:

ჯერ მოუყოლია თავისი ბიოგრაფია, მერე დაუსახელებია სამხედრო ნაწილი საქართველოში, სადაც კონტრაქტით მსახურობს და, ბოლოს, გაბრაზებულს უთქვამს: „ქალის ჭკუაზე სიარულს მე არ ვაპირებ!“  „ნაციონალსაც“ ეგონა, რომ ჯარისკაცს ოჯახური პრობლემები აქვს, რომ დედას, ან, სულაც, ცოლს არ უნდა, რომ მსახურობდეს და ამანაც გადაწყვიტა, პატრიოტული სულისკვეთების წარმოჩენა და რეკლამირება, რომ, აი, დედის, ან ცოლის ან პოზიციის მიუხედავად აქ ვარ, ქვეყნის სადარაჯოზეო…

მაგრამ ამბის გაგრძელებამ აჩვენა, რომ არც დედა და არც ცოლი არაფერ შუაში ყოფილა. აღმოჩნდა, რომ ბაბუხადია ქალი-მინისტრის ჭკუაზე სიარულს არ აპირებდა. ის აპროტესტებდა თინა ხიდაშელის დანიშვნას მინისტრად, ჯიბეში კი მისივე ხელით დაწერილი განცხადება სდებია, სადაც ეწერა, რომ თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნას აპროტესტებს და არ სურს იმ შეიარაღებულ ძალებში ყოფნა, რომელსაც ქალი მეთაურობს…

ბაბუხადია იმასაც ამტკიცებდა, რომ ამ მოსაზრების მარტო თვითონ არ იყო და პირობას დებდა, ნაწილიდან კიდევ ბევრი იტყოდა და დაწერდა ამაზე, _ როცა ბრიფინგზე გამოვალ, ტელევიზიები კი გაავრცელებენო.

არავინ იცის, სინდისმა შეაწუხა თუ პოლიტიკურად არამომგებიანი თემა იყო, მაგრამ „ნაციონალებმა“ სამეგრელოში უარი თქვეს მის „გაბაზრებაზე“. მეტიც, ბაბუხადიას ჭკუაც დაარიგეს, რომ ამ განცხადების შესახებ ხმამაღლა არაფერი ეთქვა, თორემ ხელისუფლებისა და, ზოგადად, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, შესაძლოა, დიდ უსიამოვნებებს გადაჰყროდა.

ბაბუხადიას თავდაპირველად არაფრის გაგონება არ სურდა, მაგრამ, მოგვიანებით, როცა იურისტიც მოუყვანეს და იმან დაარწმუნა, რომ მის განცხადებაში დეზერტირობის ნიშნები, პლუს ამისკენ მოწოდებაცაა, რის გამოც დააკავებდნენ კიდეც, ბაბუხადიამ განცხადების გამოქვეყნებაზე უარი თქვა და სამხედრო ნაწილში დაბრუნდა, ოღონდ, დაიბარა, თუ ამ მიზნით სამხედრო სამსახურზე უარის თქმამ მასობრივი ხასიათი მიიღო, ისევ შეგეხმიანებითო…

მოკლედ, ასე გადაურჩა ქართული ჯარი სკანდალს, როცა ჯარისკაცი სამხედრო სამსახურზე იმის გამო ამბობდა უარს, რომ თავდაცვის მინისტრი ქალი იყო. კიდევ კარგი, მაშინ ჯერ ანა დოლიძე არ იყო დანიშნული თავდაცვის მინისტრის მოადგილედ…

 

                                                                                                     დოროთე გითოლენდია