რატომ არ აღწევს თბილისიდან გადარიცხული ფული ახალგორის საავადმყოფომდე?!

html

ეს მასალა იმ ჟურნალისტური გამოძიების გაგრძელებაა, სადაც ქაღალდზე არსებულ ახალგორის საავადმყოფოსა და მის ანგარიშზე თბილისიდან გადარიცხულ ათასობით ლარზე იყო საუბარი. ამ ფაქტის არსებობას არა მარტო ახალგორელ დევნილთა გამგებელი, არამედ მედიკოსებიც კი ადასტურებენ. ფაქტობრივად, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ პირში ყველას წყალი აქვს ჩაგუბებული და „ქრონიკა+“-ის ზემოთ ხსენებული წერილი რომ არა, ახალგორულად „ფულის მოტეხის“ მექანიზმი, კიდევ დიდი ხნის მანძილზე იქნებოდა უცნობი.

არადა, აქ მარტო ფინანსებს არ ეხება საქმე _ ზოგადად, სამედიცინო პრობლემებზეც საუბრობენ ახალგორელები. მაგალითად, წეროვანში დეკემბრიდან მოყოლებული ვაკანტურია პოლიკლინიკის ხელმძღვანელის თანამდებობა და დღემდე ვერ მოხერხდა ახალი უფროსის არჩევა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ორი კანდიდატურა უკვე კარგა ხანია, არსებობს, რაზეც ასევე ვწერდით წინა წერილში. ერთ-ერთი კანდიდატი, ცირა გათენაშვილი, დღეს „ქრონიკა+“-ის სტუმარია და ადასტურებს, რომ ახალგორის საავადმყოფოს საქმეზე მართლაც ბევრი რამ გასარკვევია.

ცირა გათენაშვილი _ წეროვნის სასწრაფო დახმარებისა და ახალგორის საავადმყოფოს ექიმი:

_ პირველ რიგში, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა წინა წერილში იმ კონტექსტთან დაკავშირებით, სადაც მე ვარ მოხსენიებული. თქვენი რესპონდენტი გეუბნებათ, რომ თითქოსდა მე დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის რჩეული ვარ და ერთმანეთს ვეჭიდავებით მე და მეორე კანდიდატი, ლია იათაშვილი. ეს ასე არ გახლავთ, მე და ლია იათაშვილი ვმუშაობთ ერთად და გვაქვს ძალიან კარგი დამოკიდებულება. არც ბატონი დიმიტრი მმფარველობს. ჩემი გზამკვლევი და მფარველი არის ჩემი წარსული. დამერწმუნეთ, არასოდეს ჩემს საქმეში ბატონი დიმიტრი არანაირად არ ჩარეულა. მე არ ვიცი, რა განწყობა აქვს ჩემ მიმართ დიმიტრი ხუნდაძეს, მაგრამ ვინაიდან რაიონის დეპუტატია და ჩვენ მის რეგიონს ვეკუთვნით, ვფიქრობ, იკითხა ჩემ შესახებ, გამოცდილება ნამდვილად მაქვს და შეიძლება ამიტომაცაა ჩემი კანდიდატურის მომხრე. ძალიან მიკვირს და უკმაყოფილებას არ ვმალავ იმის გამო, რომ თქვენმა რესპონდენტმა ასეთ კონტექსტში მახსენა.

_ ქალბატონო ცირა, იმ წერილში თქვენი და ლია იათაშვილის თემა არ იყო მთავარი, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია თქვენი უკმაყოფილება. მით უმეტეს, რომ თქვენვე ვარაუდობთ, იქნებ დეპუტატმა ჩემი წარსული შეისწავლა და ამიტომაც თუ არის ჩემი მომხრეო.

_ მაშინ რატომ მაინცდამაინც ჩემზე ითქვა, ხუნდაძე მფარველობსო და ქალბატონ ლიაზე არ ითქვა, რომ წეროვნის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილის ცოლის ბიძაშვილია?

_ არ ვიცოდით და როგორ ვიტყოდით, თუმცა რა პრობლემაა, ახლა ვიტყვით… მაგრამ გიმეორებთ, რომ თქვენი ურთიერთობა არ იყო ჩვენი მთავარი თემა, თქვენ ხომ ახალგორის საავადმყოფოშიც მუშაობთ?

_ მე ახალგორის რაიონში სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვმუშაობ ექიმად და დღემდე ვაგრძელებ ამ საქმიანობას.

_ დღეს ახალგორის საავადმყოფოს ხელმძღვანელები რეალურად ვინ არიან?

_ რეალურად არიან ოსური მხრის წარმომადგენლები _ ისინი, ვინც თქვენ დაასახელეთ წინა წერილში.

_ ჩვენი ექიმები რომ ჩადიხართ იქ, რას აკეთებთ?

_ ვაწვენთ პაციენტებს და ჩვეულებრივ ვემსახურებით. საავადმყოფო გარემონტდა ომის პერიოდში, მაგრამ გარემონტდა მათი თაოსნობით.

_ ხელფასს ვინ გიხდით?

_ იქ ოსური მხარე მიხდის ხელფასს და რაღაც სიმბოლური ხელფასი კიდევ კომპენსაციის სახით დაგვრჩა და გვიხდის ქართული მხარეც.

_ რას ჰქვია, სიმბოლური ხელფასი?

_ თუ, მაგალითად, ომამდე პაციენტების რაოდენობის, დიაგნოზებისა და მუშაობის მხრივ შემოსავალი თვეში მქონდა ხუთას ლარამდე, ახლა 144 ლარი იყო ჩემი ხელფასი. ბოლო დროს, რატომღაც, მომიმატეს და 170 ლარი გახდა.

_ ონისე გათენაშვილი, ახალგორის საავადმყოფოს ვითომდა უფროსი, თქვენი ნათესავია?

_ მხოლოდ თანამშრომლები ვართ და მეტი არაფერი. ნათესაური კავშირები არ გვაქვს, იმიტომ რომ გათენაშვილების ორ სხვადასხვა შტოს ვეკუთვნით.

_ გასაგებია და იქნებ, თქვენ მაინც ამიხსნათ, თუკი იმ საავადმყოფოში ოსები არიან ხელმძღვანელები, ონისე გათენაშვილის უფროსობა რით გამოიხატება?

_ ფაქტობრივად, იქ ოსური მომსახურებაა ყველანაირად. ჩვენი მედიკამენტებიც კი არ შედის საავადმყოფოში, ამასაც ცხინვალი უზრუნველყოფს. რემონტიც, კვებაც, მედიკამენტებიც და ყველაფერი მთლიანად ოსური ადმინისტრაციის უზრუნველყოფილია.

_ ქართველი ექიმები რამდენი ხართ?

_ ალბათ, ექვსი-შვიდი. დაახლოებით ერთნაირი ხელფასი გვაქვს ყველას, რომელსაც ქართული მხარისგან ვიღებთ. სხვათა შორის, ამ ხელფასზე ონისესთან ვისაუბრე. მითხრა, ხელფასებს ვერ გავზრდი, მეტი საშუალება არ გვაქვსო.

_ ჯანდაცვის სამინისტრომ დამიდასტურა, რომ ონისე გათენაშვილს 5000 ლარს ურიცხავს და ექვს-შვიდ ექიმს 170 ლარზე მეტს ვერ ახვედრებს?

_ არ ვიცი, ამბობს, რომ არ მაქვსო. მერე მე ვუთხარი, რომ არასოდეს არავისთვის არ მიჩივლია, მაგრამ შენს საქმეს აუცილებლად გავარკვევ, ხომ იცი, მიმიწვდება ხელი, განცხადება დავწერო და სადაც საჭიროა, მივმართო-მეთქი.

_ მერე დაწერეთ?

_ ვერა, რაღაცნაირად, მხარი ხომ უნდა აგიბას ვინმემ? თანაც, მართლა არ იყო ჩემი სტილი, რომ მეჩივლა.

_ ანუ, ფაქტობრივად, ჩვენი ექიმები ორ ხელფასს იღებენ, როგორც გათენაშვილისგან, ასევე ცხინვალისგან. თუ საიდუმლო არ არის, საშუალოდ, რამდენია იქაური ხელფასი?

_ იქაური ხელფასი გაცილებით მაღალია, სადღაც 12 ათას რუბლამდე, რაც ექვსას ლარამდე ადის. ახლა, მართალია, კურსი კიდევ უფრო დაბალია, მაგრამ არიან ექიმები, რომლებიც ორ და სამ განაკვეთზე მუშაობენ. შესაბამისად, ისინი სოლიდურ ხელფასებსაც იღებენ.

_ ე. ი. ცხინვალი უფრო ხელგაშლილია, ვიდრე თბილისი?

_ დიახ, ასე გამოდის…

 

P. S. სინამდვილეში კი თბილისი უფრო ხელგაშლილი გამოდის, რადგან ცხინვალი სამუშაოს შესრულებაში იხდის ფულს, თბილისიდან გადარიცხული ფულიდან კი მხოლოდ ძალიან ცოტა რაოდენობა მიდის ექიმებამდე. დანარჩენი სადღაც უჩინარდება. იმედია, მომავალი ნომრისთვის თვითონ ბატონი ონისე გაგვარკვევს, მაინც, რა მიმართულებით მიდის თანხები და სხვა ჩვენთვის საინტერესო კითხვებზეც გვიპასუხებს.

 

                                                                                                          დავით დევიძე