„პოლიციელები ყველაფერს ცდილობენ, ამნისტირებული პატიმრები ციხეში შეაბრუნონ!“

medof

ბრალდებულ დავით კალატოზის და პოლიციას უდანაშაულო ძმის დაკავებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, პოლიცია დაინტერესებულია, რომ 2012 წელს ამნისტიით განთავისუფლებული პატიმრები ციხეში შეაბრუნოს. სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის ფაქტზე მისმა ოჯახმა ხონის პოლიციის სამმართველოსაც შეატყობინა, მაგრამ, რეაგირების ნაცვლად, მუქარით უპასუხეს.

ამ და სხვა ფაქტების შესახებ სალომე კალატოზი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ 2014 წლის 12 აგვისტოს ჩემს ძმას, დავით კალატოზსა და მის მეგობარს, კახაბერ ჯმუხაძეს, შელაპარაკება მოუვიდათ თურქეთის მოქალაქეებთან და დაცვის პოლიციის თანამშრომლებთან. შელაპარაკება მოხდა საბურთალოზე, 26 მაისის ქუჩაზე, კაფე-ბარ `საბუივეისთან~. ჩემი ძმა და მისი მეგობარი შაურმას მიირთმევდნენ, მივიდა თურქი ეროვნების უცხო ადამიანი და შაურმას, რომელსაც ჯმუხაძე მიირთმევდა, ხელით შეეხო. ჯმუხაძემ ეს შეურაცხყოფად მიიღო და მოხდა შელაპარაკება. ადგილზე გამოიძახეს ვაკე-საბურთალოს კრიმინალური პოლიცია და ორივე დააკავეს. 22 აპრილს იყო სასამართლო განხილვა, სადაც მოწმეებად მოიყვანეს დამკავებელი პოლიციელები. სასამართლო პროცესზე მათთვის დასმულ შეკითხვებზე მოწმე პოლიციელების მიერ გაცემული პასუხები ერთმანეთს არ ემთხვევა. მოწმე, ძირითადად, პასუხობს, _ არ მახსოვს, არ ვიცი… ბრალდებულები აძლევენ ჩვენებას, რომ დაკავებულები პოლიციელებმა სასტიკად სცემეს და მათგან სხვა ისეთი ბრალდების აღიარება მოითხოვეს, რომელიც არ ჩაუდენიათ. სასამართლო პროცესზე უამრავი დარღვევა ფიქსირდება, რამაც გამოიწვია ის, რომ ჯმუხაძემ, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. არადა, ჩვენი ინფორმაციით, ციხეში ორივეს სიცოცხლეს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საფრთხე ემუქრება. ჩემს ძმას შეუთითხნეს არა მარტო პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდება, არამედ თურქეთის მოქალაქის ძარცვაც და საფულის დაყაჩაღების მცდელობაში ედავებიან, თუმცა ის საფულე არავის უნახავს. მხოლოდ თურქი მოქალაქის ნათქვამს იშველიებენ, რომელიც სანამ აქ იყო, განმარტავდა, რომ საფულეში 2000 აშშ დოლარი ჰქონდა. დამნაშავეებთან ერთად პოლიციელებმა დაზარალებულებიც წაიყვანეს, მაგრამ საფულე და დაყაჩაღება ნახსენები არ ყოფილა. თვალითაც არავის უნახავს, დათვალიერებაზე რომ არაფერი ვთქვათ. მაშინ როცა პოლიცია მოვალე იყო, ის საფულე, რომლის დაყაჩაღებაც ედება ბრალად, დაეთვალიერებინათ, დაეთვალათ ფული, თითოეული კუპიურისთვის ფოტო გადაეღოთ და ნომრები ამოეწერათ, მაგრამ გამომძიებელმა სასამართლოზე თქვა, _ ყურადღება არ მიმიქცევია საფულისთვის და არ მივიჩნიე საჭიროდ, ფოტოები გადამეღოო. თვალი არავის მოუკრავს, თუ რის საფუძველზე დაედო ბრალად ჩემს ძმას დაყაჩაღება. ვინაიდან თურქები საქართველოში აღარ არიან, გაურკვეველი რჩება, ვინ და რისთვის შეთხზა დაყაჩაღების ეპიზოდი, რადგან გამოძიებას ფაქტის დასამტკიცებლად აღარაფერი გააჩნია, ბრალდებულები კი ბრალდებას არ ეთანხმებიან. თუმცა არსებობს სასამართლოზე პოლიციელების მიერ მიცემული ცრუ ჩვენება ძარცვის მცდელობის შესახებ. ჩემი ძმა და კახაბერ ჯმუხაძე პოლიცილებს ცრუ ჩვენებების მიცემასა და მათი უფლებების შელახვაში ადანაშაულებენ და სასამართლო პროცესის ობიექტურ ჩატარებას ითხოვენ. სიმართლის დასადგენად მათ მშრალი შიმშილობა გამოაცხადეს, ჯმუხაძემ პირიც კი ამოიკერა. იგი მე-2 ჯგუფის ინვალიდია და დაავადებულია ჩ ჰეპატიტით, ორივე ბრალდებულს ტუბერკულოზი აქვს. 29 აპრილს, სასამართლო პროცესზე, მხოლოდ ჩემი ძმა ჰყავდათ მოყვანილი. ციხის ადმინისტრაციისა და ექიმის მიერ მოსამართლისთვის წარდგენილ ცნობაში ეწერა, რომ კახაბერ ჯმუხაძის ჯანმრთელობის გაუარესების გამო სასამართლო პროცესზე გამოცხადება ვერ მოხერხდა. ამდენხნიანი შიმშილობის შემდეგ ჩემი ძმა სასამართლოზე ცუდად გამოიყურებოდა. ამის გამო მოსამართლემ სასამართლო პროცესი გადადო.

პატიმრები გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფებიან და 9-თვიანი ვადა ივნისში ეწურებათ. კანონის მიხედვით, სასამართლომ, ამ პერიოდის განმავლობაში, უნდა გამოიტანოს განაჩენი, დაუმტკოცოს დანაშაული და გაუგრძელოს პატიმრობა, ან გაათავისუფლოს. 8 თვის განმავლობაში სასამართლოზე პროკურატურას ერთი მოწმე არ მოუყვანია და ამ პერიოდში პროცესები იდებოდა. ორივე ბრალდებული აცხადებს, რომ მათი უდანაშაულობის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებები არსებობს, რომელიც მათ დაკავებას ასახავს და რომლის ჩანაწერი მეც მაქვს. ამ ვიდეოზე ასახულია, კაფე-ბართან მისული პოლიციელები რომ ეუბნებოდნენ ჩემს ძმას, შენთან საქმე არ გვაქვს, წადი, გადადი მეორე მხარესო, მაგრამ ჩემმა ძმამ მეგობარი არ მიატოვა და დააკავეს. როდესაც დაკითხვის დროს პოლიციელს ჯმუხაძემ ჰკითხა, მოხვედით, დამაკავეთ, ხელბორკილები დამადეთ და წინააღმდეგობას როგორ გაგიწევდითო, პოლიციელმა უპასუხა, _ მანქანაში რომ გსვამდით, მაშინ გვიწევდი წინააღმდეგობასო, რომელიც მათი დაკავების ჩანაწერში საერთოდ არ ჩანს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჯმუხაძე აღიარებს და მეც მაქვს ჩანაწერი, რომ პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ჩემს ძმას საერთოდ ხმა არ ამოუღია. ეს ეუბნებოდა, ამიხსენით, რატომ იჭერთო? ბოლოს ასე ჩანს ჩანაწერში, პოლიციელი ეუბნება, _ მოდი, ესეც წავიყვანოთო. ე. ი. დაპატიმრების შემდეგ გაუწევიათ წინააღმდეგობა, ხოლო თუ რისთვის დააკავეს, უცნობია, რაც სასამართლომ უნდა გაარკვიოს.

_ სასამართლო პროცესები როგორ მიმდინარეობს, სიმართლის დადგენის იმედი გაქვთ?

_ იმედი გვაქვს, სასამართლო დარბაზიდან გაუშვებს, რადგან დანაშაული არ უმტკიცდებათ. პოლიციელი მიხეილ ჩუბინიძე იმასაც კი ვერ იხსენებდა, გამოძახებულები მანქანით მივიდნენ თუ ფეხით? ვერც სხვა დეტალებს აკონტროლებდა. ბოლოს, მგონი, ფეხით ვიყავითო, _ განაცხადა. ასევე მიხეილ ჩუბინიძემ, ვალერი მესხიშვილმა და გიორგი ღოღელიანმა წინასწარი დაკავების იზოლატორში დილამდე წიხლებით რომ სცემეს ორივე ბრალდებულს და ჩემს ძმას პირიდან სისხლი აღებინა, ჩუბინიძემ მაისური მათ თვალწინ დახია და უთხრა, რომ ამას მათ წინააღმდეგ გამოიყენებდა. აშკარაა, გამოძიებას სურს, რომ კალატოზი და ჯმუხაძე დამნაშავეები იყვნენ. ეს სასამართლო და შეჯიბრებითობის კანონი გამოძიებასა და პატიმრებს შორის ბრძოლის სურათს უფრო ქმნის. პატიმრების საპატიმროში დიდი ხნით დატოვების სურვილი იკითხება მთელ პროცესში. მოსამართლეს თუ სამართლიანობის მიღწევა უნდა, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს, მართლა სცემეს თუ არა, ორივე დაპატიმრებული პოლიციის სამმართველოშია და ის მიიღებს ზუსტ პასუხს, რადგან როცა ისინი საპატიმროში გადაიყვანეს, წინასწარი დაკავების იზოლატორში დაფიქსირებულია ეს ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა მათ დაპატიმრებას მოითხოვდა, მოსამართლემ, ლარისა ლიპარტელიანმა, რომელმაც მათი ჩალურჯებები შენიშნა, არც ერთს არ შეუფარდა პატიმრობა და გირაოთი გაათავისუფლა, თითოს 10.000-10.000 ლარი დაუწესა და ამ თანხის დასაფარად 20 დღე მისცა. თანხის შეგროვება ვერც ერთმა ოჯახმა ვერ შევძელით, ამიტომ ბრალდებულები დააკავეს. რატომ უნდა იყოს საჭირო ასეთი თვალთმაქცობები მაშინ, როცა არსებობს დანაშაულში მხილებულების აპრობირებული გზები, რომელთა უარყოფას იქამდე მივყავართ, რომ ჩემს ძმას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა, ხოლო ჯმუხაძემ პირი ამოიკერა.

დამკავებელი პოლიციელები ამბობენ, რომ დაკავების დროს ესენი ძალიან ნასვამები იყვნენ, გამომძიებელმა ბებიამ, რომელმაც პატიმრები წაიყვანა წინასწარი დაკავების იზოლატორში, ალკოტესტი არ ჩაუტარა, რომ დაედგინათ, მართლა ნასვამები იყვნენ თუ არა. სწორედ იზოლატორში განხორციელდა პატიმრებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. პროკურორმა შორენა ნიქაბაძემ, როდესაც პატიმრები მოინახულა, ასეთი რამ განუცხადა, _ ამ მთავრობას რა ვუთხარი, თქვენ რა გამოსაშვებები იყავით ციხიდან, იქ დაგალპობთო! სასამართლო პროცესზე მოყვანილი იყო ორი ექსპერტი, რომლებიც ამბობდნენ, რომ გიორგი ღოღელიანს, ვალერიან მესხიშვილსა და მიხეილ ჩუბინიძეს სხეულზე დაზიანებები მართლა ჰქონდათ. ასევე ამბობენ, რომ სამსახურის მაისური მართლა იყო დახეული, მაგრამ ექსპერტები ვერ ამტკიცებენ, რომ ეს ფაქტი ჩემმა ძმამ და ჯმუხაძემ ჩაიდინეს. ექსპერტები ამბობენ, რომ ამის დამტკიცება მათ მოვალეობაში არ შედის და ბალისტიკური ექსპერტიზის დასადგენია. ბალისტიკური ექსპერტიზა კი 1000 დოლარი ჯდება, რომლის საშუალება არც ერთ ოჯახს არ გააჩნია. რამდენი ხანია, ორივე ბრალდებული პროკურორ ნიკა სარდაძეს სთხოვს, პროკურატურიდან ვინმე კომპეტენტური პირი შევიდეს ციხეში და ნახოს პატიმრები, მაგრამ ამ ამბავზე რეაგირებას არ ახდენენ.

დღეს სასამართლო პროცესზე მოყვანილი ჰყავდათ კაფე-ბარ „საბუივეს“ თანამშრომელი, ნიკო მაქაცარია, რომელმაც განაცხადა, რომ მარტო თურქების მისამართით გინება ისმოდა, არც დაყაჩაღება და არც ხელებით გაწევ-გამოწევა არ დამინახავსო. როდესაც ჩოჩქოლი გავიგონე, უკან ვიყავი და დარბაზში გამოვედი, ვთხოვე კალატოზს და ჯმუხაძეს, დაწყნარებულიყვნენ და თურქებისთვის თავი დაენებებინათ, ვინაიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ და გიჩივლებენო. ესენი დამემორჩილნენ, მე და იქ მყოფ მოქალაქეებს ბოდიში მოგვიხადეს, გარეთ გავიდნენ და სკამზე დასხდნენო. პოლიციის მოსვლამდე დაახლოებით 5 წუთი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში კალატოზსა და ჯმუხაძეს შეეძლოთ, ადგილიდან მიმალულიყვნენ ისე, რომ ვერავინ დაინახავდა, მაგრამ ეს არ გააკეთეს, წყნარად ისხდნენ და ჭამას აგრძელებდნენო. მოწმე თურქებმა, არჯან გუნეიმ და მეჰმედ ილმაზმა, უკვე რვა თვეა, რაც საზღვარი გადაკვეთეს და მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. პროკურორმა ნიკა სარდაძემ მათი რეგისტრაციის მისამართიც კი არ იცის, მათი ნება უნდა იყოს ამის გამოქვეყნებაო. სასამართლო პროცესზე თურქეთის მოქალაქეებს მოსვლა არ სურთ. ბრალდების მხარემ წარმოადგინა საზღვრის კვეთის ფაქტი, მათი ადგილსამყოფელი უცნობია, მარტო ის ფიქსირდება, რომ საქართველოს საზღვარს გასცდნენ, ოღონდ რა მიმართულებით, პროკურატურამ ეს არ იცის.

_ ვინ დგას ამის უკან, ვინ არის დაინტერესებული უდანაშაულო ადამიანების დაკავებით?

_ ჩემი ძმა, 2012 წლის ამნისტიით რომ გაათავისუფლეს, ხონში, სახლში დაბრუნდა, მაგრამ რაიონის პოლიცია მოსვენებას არ აძლევდა და ავიწროებდა. დღეში 3-4-ჯერ აკითხავდნენ სახლში. იმ პერიოდში ავარიაში მოყვა, ორივე ფეხი გადატეხილი ჰონდა და გარეთ ვერ გადიოდა, როგორც კი ყავარჯნებით შეძლო სიარული და ეზოში ჩავიდა, პოლიცია მანქანით წინ გადაუდგა, მაგრამ წინააღმდეგობას რომ წააწყდნენ, დედა შეაგინეს და შელაპარაკება მოუვიდათ. ხონის პოლიციამ ქუთაისიდან სპეცრაზმი გამოიძახა და ფეხებმოტეხილი სასიკვდილოდ სცემეს. ხონელი პოლიციელები სპეცრაზმის წევრებს ეუბნებოდნენ, _ მოგვაკვლევინეთ, ამის დედაცო!.. ჩემს ძმას სულ ტყუილად აკითხავდნენ სახლში პოლიციელები, მიჰყავდათ სამტრედიის განყოფილებაში, სასტიკად სცემდნენ და 500-ლარიან ჯარიმას უწერდნენ. მერე მიდიოდნენ ჩემი მშობლები და ჩალურჯებული, ფეხზე რომ ვერ დგებოდა, უკან ასეთ მდგომარეობაში მოჰყავდათ. პოლიციასთან შელაპარაკების გამო დედაჩემს ნერვიულობის ნიადაგზე დიაბეტი დაემართა და მხედველობა დაუქვეითდა. როდესაც დედაჩემმა სამმართველოში დარეკა ჩემი ძმის პოლიციის მხრიდან შევიწროების გამო, ხონელი პოლიციელები დაემუქრნენ, შეაშინეს და უთხრეს, რომ თუ არ გაჩერდებოდა, ჩემს ძმას მოკლავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ რაღაცას გაუკეთებდნენ, რომ მთელი ცხოვრება ციხიდან ვერ გამოვიდოდა. ამ ყველაფრის უკან დგას პოლიცია, ძირითადი მოწმეებიც პოლიციელები არიან. პოლიციამ რომ გაიგო, ესენი ამნისტიით იყვნენ განთავისუფლებულები, ყველანაირად ცდილობდა, ისევ ციხეში მოხვედრილიყვნენ. წერილობით მივმართე თითქმის ყველა მედიასაშუალებას, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია.

„ქრონიკა+“-ის გარდა არავინ გამომხმაურებია, რომ ეს ამბავი გამეშუქებინა. ჩემთვის გაურკვეველი რჩება, თუ რატომ არ რეაგირებს მედია ამ თემაზე. საქმეში ჩავრთეთ სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასაც მივმართე წერილობით, მათ დამაკავშირეს ჟურნალისტებს, მაგრამ პრესაში და ტელევიზიაში ეს ამბავი არ გახმაურებულა.

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა:

„დავით კალატოზი და კახაბერ ჯმუხაძე 2014 წლის 12 აგვისტოს თბილისში ძარცვისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 353-ე მუხლებით დააკავეს. რაც შეეხება ხონში მომხდარს, დავით კალატოზს შელაპარაკება მოუვიდა მოქალაქეებთან, რა დროსაც ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. კალატოზმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. იგი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით. სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის ფაქტს არ ვადასტურებთ“.

 

                                                                                                      თამარ ბატიაშვილი