სად მუშაობენ ყოფილი ჩინოვნიკების მოქმედი ცოლები?

გუცც

პრემიერის კარზე დაძაბულობაა!!!

ვირთხები უკვე გრძნობენ, რომ ხომალდი იძირება და გასაქცევად ემზადებიან.

ერთმანეთისგან გამიჯვნის პროცესი უკვე დაწყებულია.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნავიდან პირველმა გიორგი კაპანაძემ _ „რიჟამ“ ისკუპა. ეს ის „რიჟაა“, რომელმაც „ნაციონალების“ ბანაკიდან ასევე პირველმა ისკუპა და გულზე კამერამიმაგრებულმა მისი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი, გიორგი ღონიაშვილი ფარულად ჩაწერა. ამ ფაქტის მერე კაპანაძეს ბიზნესწრეებში ყველა ერიდება. ერთ სუფრაზე პირდაპირ უთხრეს კიდეც, _ როცა გველაპარაკებით, გვგონია, გულზე კამერა გაქვს მიმაგრებულიო. გიორგი კაპანაძემ ზვიად ჯანყარაშვილთან ურთიერთობების დალაგებით, არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესწილები შეინარჩუნა, არამედ დამატებითი დივიდენდებიც მიიღო, მათ შორის, „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილი მართვის უფლებით. მისი მეგობარი და ასევე ბიზნესპარტნიორი, ნიკა ჩიქოვანი, ხორცის ბიზნესის გარკვეულ სეგმენტში ჩასვეს. ეს სეგმენტი მოცულობით 12 მილიონს შეადგენდა და სამომავლოდ კიდევ უფრო უნდა გაფართოებულიყო, მაგრამ აზერბაიჯანელი ინვესტორი, სურხაი ჰუსეინოვი, საქართველოდან ამ ზეწოლების გამო საერთოდ გაიქცა. რადგან იგი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან დაახლოებული პირი იყო, ქართული ხორცის შეტანა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საერთოდ აიკრძალა.

 

პრემიერის კარზე განხეთქილება ორიოდე კვირის წინ დაიწყო: გიორგი კაპანაძემ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მისი კუთვნილი ოფისიდან სავაჭრო-სამრეწველო პალატა თანხის გადაუხდელობის გამო გამოაძევა, მათი კუთვნილი ფართი კი დალუქა. მართალია, გადაუხდელი იჯარის ოდენობა რამდენიმე მილიონს შეადგენს, მაგრამ სავაჭრო-სამრეწველო პალატა არცთუ ისე ხელწამოსაკრავი ორგანიზაციაა და პირდაპირ უკავშირდება პრემიერ ღარიბაშვილის კარზე გავლენიანი ძმები ჩხენკელების სახელს. ჩხენკელების უმცროსი ძმა, ლაშა ჩხენკელი, სტატუსით კახა ბაინდურაშვილის მოადგილეა, მაგრამ არც ისაა დასამალი, რომ ორგანიზაციაში სწორედ ლაშა ჩხენკელს მიჰყავს „სტოსი“. მეორე მხრივ, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, რომელიც საქართველოში 1960 წელს დაარსდა და რომლის მიზანიც ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვაა, რეალურად თანამდებობის პირთა ცოლებისა და ნათესავების თავშესაფრად იქცა. ამ ორგანიზაციაში დასაქმებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის ცოლი;შს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, ზვიად ჯანყარაშვილის ცოლი და სიძე; დიმიტრი დარბაისელის ცოლი. აქედან გამომდინარე, გიორგი კაპანაძის მხრიდან აღნიშნული ორგანიზაციის ოფისიდან გამოგდება რიგით გამოსახლებად ნამდვილად ვერ შეფასდება. „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო ეუბნება, რომ გიორგი ზედელაშვილის ცოლი ოფისში გვიან ღამით მივიდა და საკუთარი ნივთები უკვე წამოიღო. ლაშა ჩხენკელი და მისი გარემოცვა კი ღიად იმუქრებიან, _ `რიჟას~ და ნიკა ჩიქოვანს რაც დაემართებათ, ძალიან მალე დაინახავენო!

ყოფილი ჩინოვნიკების მოქმედი ცოლები გასართობი ადგილის გარეშე დარჩნენ. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სამსახურში, ძირითადად, ტანსაცმლისა და „გუჩის“ ჩანთების დემონსტრირება ხდებოდა, განსაკუთრებით მეგობრობენ ზვიად ჯანყარაშვილისა და ლაშა ჩხენკელის მეუღლეები. მათი საყვარელი გასართობი, დასვენების დღეებში, ვენაში სტუმრობა ყოფილა, სადაც, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ლაშა ჩხენკელს ვილა აქვს. სწორედ ამ ვილაზე გადაუხდია მას დაბადების დღეც, სადაც თამადა, არც მეტი არც ნაკლები, „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ოცნებაში“ პორტირებული გზების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, რამაზ ნიკოლეიშვილი ყოფილა. ვენა პრემიერის ცოლსაც ძალიან ჰყვარებია, მაგრამ ის ყოფილი ჩინოვნიკების ცოლებს თავს არ უყადრებს, მათ შორის, არც საკუთარი მამიდაშვილის ცოლს, ანა ხვედელიძეს სწყალობს. პრემიერის ცოლი, ნუნუ თამაზაშვილი, ვენას პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილთან ერთად ათი დღით სტუმრობდა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სხვა საინტერესო ამბებიც ხდება. იქაური თანამშრომლები ღიად წუწუნებენ, რომ ბაინდურაშვილ-ჩხენკელის მადას არაფერი ეშველა, ისინი დასდევენ „ატკატებს“ როგორც ტენდერებიდან, ისე თანამშრომლების ხელფასიდან. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ბარში გვარიანად შეზარხოშებული გრიშა ბაიბურთი საკმაოდ ხმამაღლა ყვებოდა: 5000 ლარი გამომიწერეს ხელფასი, 2000 ლარი გამომატანეს, 3000 ლარი უკან დაიტოვესო… გვერდით მაგიდაზე კი ჟურნალისტები ისხდნენ. ანალოგიურ სიტუაციაში ყოფილა ავთანდილ საყვარელიძეც. მხოლოდ ამ ორი პირის ხელფასიდან 6000 ლარი მიაქვთ ყოველთვე.

მადას რაც შეეხება, მას არც კახა ბაინდურაშვილი უჩივის და არც მისი თანამდებობიდან გადამდგარი მეგობრები. ისინი ხშირად იკრიბებიან პოკერის სათამაშოდ, განსაკუთრებით აზარტულები ყოფილან ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, დავით შავლიაშვილი და ზვიად ჯანყარაშვილი. რაკი უცხოეთში ისე ხშირად ვეღარ დადიან, არ უნდათ, რომ აზარტული თამაშების თემა გაუბაზრდეთ, ამიტომაც 50 000 დოლარი გადადებული აქვთ, იკრიბებიან და ერთმანეთში თამაშობენო, – უყვება „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ზვიად ჯანყარაშვილისა და ლაშა ჩხენკელის ამჟამინდელი „საზრუნავი“ მხოლოდ „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის ტენდერები და „ატკატებია“. მას შემდეგ, რაც „ქრონიკა+“ წინა ნომრებში დეტალურად წერდა ამ სქემაზე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოთახებში ჩვენი გაზეთის ეს ნომერი ხელიდან ხელში გადადიოდა. ფაქტების გასაჯაროების შემდეგ განსაკუთრებით დამფრთხალან და უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გაუძლიერებიათ, ეჭვის თვალით უყურებენ ყველა მიმსვლელს, ჩხრეკენ და ტელეფონებს დაცვასთან ატოვებინებენ. „ატკატებზეც“ მხოლოდ მათთვის ძალიან სანდო ადამიანებს ელაპარაკებიან.

„ქრონიკა+“-ის აღნიშნული პუბლიკაციის შემდეგ ასევე ძალიან დამფრთხალა შპს „დაგი“, რომელიც, თავის დროზე, საქართველოში იუსტიციის სახლებს აშენებდა. მისი დირექტორი წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, ვახტანგ შარანგიაა. მართალია, თეა წულუკიანმა არ იცის, ვის უნდა მიაკითხოს სახურავზე დატოვებული ნაგვის გასატანად, მაგრამ „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, „დაგი“, ამჯერად, პრემიერის ცოლის ნათესავებთანაა პორტირებული და არა მხოლოდ ტენდრებს იგებს, არამედ ტენდერის გარეშეც აძლევენ ბიუჯეტიდან თანხას, მათ შორის, რეგიონებშიც.

„ქრონიკა+“ განაგრძობს ამ თემებზე მუშაობას და მასალებს მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ.

 

                                                                                                    ელისო კილაძე