ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია!

asa

ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ამომრჩეველი გადააგდო, ამაზე აღარავინ დაობს. სამართლიანობის აღდგენისა და დამნაშავეების დასჯის პროცესი მომდევნო ხელისუფლების საარჩევნო დაპირებების ნუსხაში უნდა ვეძებოთ… მაგრამ სქემა, რომელიც „ქრონიკა+“-ს მიაწოდეს, ფაქტობრივად, არაფრით განსხვავდება იმ სქემისგან, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სასამართლოსა და პროკურატურაში მოქმედებდა. პრივილეგირებულ ადვოკატთა ერთი ჯგუფი მეორემ ჩაანაცვლა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მემკვიდრეობით ერგო „ნაციონალური მოძრაობისგან“.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, წინა ხელისუფლების დროს ორი სქემა მოქმედებდა: არსებობდნენ კომპანიები, რომლებიც ქონებების გაფორმებაზე მუშაობდნენ, ხოლო მეორე პრივილეგირებული ჯგუფი უპრობლემოდ აფორმებდა საპროცესო გარიგებებს. ეს კი დიდი ფუფუნება იყო. საპროცესო გარიგებების ავანგარდში ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი მოიაზრებოდა, ხოლო მეორე პრივილეგირებული კომპანია პრეზიდენტის ძმის, დავით სააკაშვილის სახელს უკავშირდებოდა და მას ადვოკატი დავით ასათიანი წარმოადგენდა. ასათიანი ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი საბჭოს წევრია, 2008-2010 წლებში იგი იყო ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი CCBE-ში. ის, რომ დათო სააკაშვილი ასათიანის ახლო მეგობარი იყო, საჯაროდ მაშინ გაცხადდა, როცა პრეზიდენტის ძმა ასათიანის ძმის დასაფლავებაზე ჩავიდა ქუთაისში. სწორედ ამავე პერიოდში დაიწყო სერიოზული საქმიანობა იმ იურიდიულმა კომპანიამ, რომელიც უფრო მომრიგებელი ბიურო იყო, ვიდრე ადვოკატთა გაერთიანება. მოგვიანებით, ეს თემა იმდენად გახმაურდა, რომ ელჩებიც კი აღარ მალავდნენ უკმაყოფილებას ხელისუფლებასთან შეხვედრისას.

მალევე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადვოკატთა ასოციაციის ხელში ჩაგდება განიზრახა და არჩევნებზე ზაზა ხატიაშვილის კანდიდატურას ადვოკატ ქეთი ქვარცხავას კანდიდატურა დაუპირისპირა. იყო როგორც ადვოკატებზე ზეწოლის, ისე მოსყიდვის ფაქტებიც. ქეთი ქვარცხავას კანდიდატურას აქტიურად უჭერდა მხარს ადვოკატი დავით ასათიანიც. ამ ფაქტს არჩევნების მეორე ტურის დროს დარბაზში ფიზიკური გაწევ-გამოწევაც მოყვა, ასათიანისკენ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ლამის ხელით გაიწია. თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მეორე ვადით არჩევის დროს, როცა ზაზა ხატიაშვილმა დავით ასათიანი უკვე საკუთარი გუნდისა და აღმასრულებელი საბჭოს წევრად დაასახელა, მოგვიანებით კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა. სწორედ ამ პერიოდში მედიამ ასათიანისა და სააკაშვილის ძმის მეგობრობის ფაქტები გაიხსენა. „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო უყვება, რომ დათო ასათიანი წარმოადგენდა „ომეგა ჯგუფს“, რომელმაც ტელეკომპანია „იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიასთან დაკავშირებით დავა მოუგო, თუმცა ეს დავა სამართლებრივი ნაკლებად იყო. მათ აიძულეს „იბერია“, სამაუწყებლო ლიცენზია დაეთმო, რომელიც, მოგვიანებით, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა კომპანიამ, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“ შეიძინა.

დავით ასათიანი ასევე იყო ჯოზეფ ქეის წარმომადგენელი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ირგვლივ მიმდინარე დავაში. იგი ჯოზეფ ქეის ინტერესებს იცავდა, რომელიც, თავის მხრივ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრების უფლებას ეჭვქვეშ აყენებდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გიორგი ყავლაშვილი იყო პირველი, რომელმაც ზურაბ ადეიშვილისა და მურთაზ ზოდელვას წინააღმდეგ ჩვენება მისცა. დავით ასათიანს ჩვენებების მიცემა არ დაუწყია, მაგრამ წარმატებით გადაპორტირდა „ქართულ ოცნებაში“. მან მოსამართლეებთან საკუთარი გავლენებით ივაჭრა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლებასთან ურთიერთობები მას პარლამენტარმა მარიკა ვერულაშვილმა დაულაგა, თუმცა იგივე წყარო ამბობს, რომ ასათიანი მანანა კობახიძესთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია `საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის~ გამგეობის წევრია. მანანა კობახიძის მეშვეობით ასათიანის კავშირები ხელისუფლებასთან კიდევ უფრო სტაბილური გახდა.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კალანდაძე ასათიანის ახლო მეგობარია. მართალია, კალანდაძის კანდიდატურა მოსამართლის პოსტზე ჩავარდა, მაგრამ „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო ეუბნება, რომ კალანდაძე კავშირებს ეძებს უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელ თავმჯდომარესთან, ნინო გვენეტაძესთან და მას შეხვედრის სანაცვლოდ იუსტიციის საბჭოს წევრებზე კომპრომატების გადაცემას ჰპირდება. ასათიანი ამ დრომდე ინარჩუნებს გავლენებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებზე _ გიორგი სულაკაძესა და ბესარიონ სისვაძეზე, ისევე როგორც ადვოკატთა ასოციაციაში მისი ლობისტი დავით ლანჩავაა, რომელიც სრულად აკონტროლებს მმართველ საბჭოს. სხვათა შორის, ეს ის ლანჩავაა, რომელიც ავთანდილ (ჭუტა) წერეთლისა და ფრიდონ ინჯიას საქმეების თანამონაწილე და არაბი ბიზნესმენისთვის სიგარეტის ქარხნის წართმევის საქმის შემოქმედია.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მისი მეგობრის, დიმიტრი გაბუნიას მეშვეობით ასათიანი ასევე კავშირზეა პრემიერის ცოლის მამიდაშვილთან, ზვიად ჯანყარაშვილთან. გავრცელებული ინფორმაციით, ასათიანის მეშვეობით მსხვილი ფინანსური ჯგუფები სასამართლოში მარტივად აგვარებენ საკუთარ პრობლემებს და ხშირად ეს სწორედ სოლიდური ქრთამის სანაცვლოდაც ხდებაო. ასევე ხშირია ფაქტები, რომ ფინანსური დავები გვარდება შპს მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟ „ლიეგისტში“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თავად დავით ასათიანია; იგი ასევე ფლობს 40%-იან წილს შპს „ასათიანი და ადვოკატებში“; არის კომანდიტური საზოგადოება „იურიდიული კომპნია დავით ასათიანი და ადვოკატების“ ხელმძღვანელი. დავით ასათიანი ასევე იყო, დაინტერესებული პირი შპს „KUPPERSBERG GEORGIA“, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ზაზა გორგიჯანოვს და ანდიჟან მოისეევს ეკუთვნის.

ასათიანის კომპანიების გარდა ხელისუფლების განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობს კიდევ ერთი იურუდიული კომპანია სპს „მამუკა მდინარაძე და თბილისის იურიდიული ცენტრი“, რომელიც კეკელიძის 16 ნომერშია რეგისტრირებული. მამუკა მდინარაძე ფინანსური პოლიციის ყოფილი გამომძიებელი და მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის ახლო მეგობარია. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით ხდება პროკურატურის სასურველი პირობებით საპროცესო გარიგებების გაფორმება.

კიდევ ერთი ადვოკატი, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლების დროს გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს, პრემიერის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის პირადი ადვოკატი, ლილი გელაშვილია, მაგრამ „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო იმასაც ეუბნება, რომ მისი გავლენები მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც პრემიერის სიმამრს ბიძინა ივანიშვილმა კატეგორიულად აუკრძალა სახელისუფლებო წრეებში გამოჩენა.

 

ელისო კილაძე