გიგლა ბარამიძე: „მთავრობა მალე იძულებული გახდება, „რესპუბლიკელებს“ პრემიერ-მინისტრის პოსტიც დაუთმოს“

cv3

ცოტა ხნის წინათ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპაში სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთში სეპარატისტები იარაღდებიან და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლისთვის ემზადებიან. რა საინფორმაციო წყაროებს ეყრდნობა სააკაშვილი, ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ ამის შესახებ თვითონ საქართველოში არავინ არაფერი უწყის. თუმცა ყოფილი პრეზიდენტის პათოსი გასაგებია: იგი დასავლეთს საქართველოში მშვიდობის შესანარჩუნებლად ისევ საკუთარ თავს სთავაზობს. მოკლედ, ისეა, ბავშვს რომ ჰკითხეს, რატომ ტირიხარო? და გამდის და იმიტომო! ამ ხელისუფლების პირობებში სააკაშვილსაც გასდის და რასაც უნდა, იმას გაიძახის. ხელისუფლებას კი, თავის მხრივ, არაფრის გაკეთება შეუძლია. შედეგი კი ისაა, რომ სამი წლის წინათ შექმნილი სამთავრობო ბლოკი, დღეს უკვე ნაბლოკარია _ თვალსა და ხელს შუა იშლება. პრემიერ-მინისტრი მინისტრებს თავისი სურვილის მიუხედავად ნიშნავს და დაშლის მთავარი მაცნეც ეგ არის. თუმცა მინისტრები კიდევ არაფერი. დღევანდელი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნასაც ემუქრება საფრთხე.

სწორედ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე, საქართველოს ხელისუფლებაში უკვე მომხდარ თუ მოსახდენ ცვლილებებზე ესაუბრება „ქრონიკა+“-ის მკითხველს ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, სამცხე-ჯავახეთის ყოფილი რწმუნებული, დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი _ გიგლა ბარამიძე:

_ დავიწყოთ იქიდან, რომ დღევანდელი ხელისუფლების სახით საქართველოს მართავენ „ცოცხალი მკვდრები“. სწორედ ასე დავახასიათებდი მათ, იმიტომ რომ ცოცხლები არიან ფიზიოლოგიურად, ხოლო სახელმწიფოებრივად და პოლიტიკურად ნამდვილად მკვდრები არიან! გასაკვირიც რა არის? _ როდესაც ხელისუფლებაში ჯანყარაშვილისნაირი პიროვნებების მიერ მოყვანილი კადრებია განთავსებული, მათი უმოქმედობისა და უსაქმურობის გამო რაღა უნდა გვიკვირდეს და ამის ნათელი დადასტურებაა შემდეგი: მთელი ევროპა დასცინოდა საქართველოს, როდესაც მარგველაშვილი სასახლიდან არ გამოდიოდა და ამაზე ერთი ამბავი ატეხეს; „იბიარდზე“ ასევე ერთი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, თითქოს ამ ბიზნესფორუმის თბილისში ჩატარების საკითხი თვითონ გადაწყვიტეს. „იბიარდი“, ჯერ კიდევ, ოთხი-ხუთი წლის წინათ იყო დაგეგმილი, რომ წელს კავკასიაში უნდა ჩატარებულიყო, ხოლო ყველაფრის გვირგვინი ის გახლავთ, რომ საერთაშორისო მოგზაური სააკაშვილი აკეთებს ორ უმძიმეს განცხადებას და ამ განცხადებებზე ხმა არ ამოუღია ამ უდღეურ და მშიშარა ხელისუფლებას.

_ რა განცხადებებს გულისხმობთ?

_ არ ვიცი, ვის ასიამოვნა ამით, მაგრამ პირველი განცხადება ის გახლავთ, რომ საქართველოში მალე დადგება დრო და ამას ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი, რომ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ან მინისტრები აზერბაიჯანელები იქნებიანო. ამაში თითქოს ცუდი არაფერია, საქართველოში აზერბაიჯანელებიც ცხოვრობენ და ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან, შესაბამისად, არც თანამდებობაზე ყოფნას უშლის ვინმე, როგორი მაღალი რანგის თანამდებობაც არ უნდა იყოს, მაგრამ ეს ხომ წინასწარ გამიზნული პროვოკაციული გამოსვლა იყო, რაც მან აზერბაიჯანში გააკეთა. როცა სომხეთში ჩავა, ალბათ, სომხებს ეტყვის, რომ მომზადდება დრო, მალე სომეხი იქნება ქვეყნის პრეზიდენტიო. მე ამ თემას ახლა არ გავშლი, მაგრამ მკითხველი ისედაც კარგად მიხვდება, რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი მუხტი დევს მსგავს განცხადებაში. რაც შეეხება მეორე განცხადებას, სააკაშვილი ევროპაში ხმამაღლა ამბობს, რომ ჯავახეთში არსებობენ სეპარატისტული ჯგუფები, რომლებიც იარაღდებიან. საერთოდ, რომ იცოდეთ, ტერმინი „ჯავახური სეპარატიზმი“ გააცოცხლა და პოლიტიკაში შემოიტანა თვითონ მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენი ხელისუფლების არც ერთმა წარმომადგენელმა ამაზე რეაგირება არ გააკეთა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ოღონდ ამ უდღეურებმა როგორმე სკამები შეინარჩუნონ, ბიძინა ივანიშვილის მიერ მირთმეულ სკამებს ვგულისხმობ, თორემ არც ერთს არაფერი არ ეკუთვნოდა და არად დაგიდევენ სახელმწიფო ინტერესებს. საერთოდ, ჯავახეთზე როგორ შეიძლება ასეთი საუბარი?! მე ვიცი, რომ სააკაშვილი რუსეთიდან წასულ „ჯავახკომიტეტის“ წარმომადგენლობას შეხვდა ევროპაში, სხვებსაც ხვდება და კიდევ ერთს შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას: ეს ის სააკაშვილია, რომელმაც, ჯერ კიდევ, შევარდნაძის დროს წამოწია ევროსაბჭოში საკითხი, რომ ჯავახეთში, კერძოდ ახალქალაქში, ნონოწმინდასა და ახალციხეში ჩამოესახლებინათ ათეულ ათასობით ე. წ. თურქი მესხი. ასევე სწორედ მისგან წამოვიდა ინიციატივა, რომ რეგიონული ენის საკითხების წინა პლანზე წამოწევა მომხდარიყო. ამიტომ ეს საერთაშორისო მოგზაური და გაპონი ყველაფერს კადრულობს, მაგრამ მისი ქმედებები არ არის მთავარი. გაცილებით მტკივნეულია ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობა, თუ უუნარობა.

_ სააკაშვილი ჯავახკისწარმომადგენლებს შეხვდაო, რომ ბრძანებთ, ეს ახლახან მოხდა?

_ ახლახანაც და მანამდეც, რამდენჯერაც გნებავთ, იმდენჯერ შეხვდა. ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნების წინ რომ ფიქრობდა, სკამი როგორ შევინარჩუნოო და ამ მიზნით დაძრწოდა, სომხეთშიც იყო ჩასული, მაშინ დაჰპირდა იქაურ არასამთავრობოებს, ოღონდ თქვენ ახლა მხარი დამიჭირეთ, საქართველოს სომეხი მოსახლეობა გვერდში დამიყენეთ და როგორც კი დავრჩები პრეზიდენტად, ჯავახეთის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის საკითხს განვიხილავო, ანუ ავტონომიას დაჰპირდა, ისევე როგორც ანალოგიური დაპირებები გასცა ქვემო ქართლის აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ. კიდევ კარგი, რომ ჩვენი თანამოქალაქე აზერბაიჯანელები და სომხები, ისევე როგორც ოფიციალური ბაქო და ერევანი, სააკაშვილის ამ პროვოკაციებზე არ წამოეგენ. თუმცა ეს კაცი დღემდე ვერ ისვენებს და უკვე ევროპაშიც ახერხებს მსგავსი შინაარსის შეხვედრებს. რომ როგორმე დააინტერესოს, თუკი საქართველოში დაბრუნებაში დამეხმარებით, დამოუკიდებელ ერთეულებს შეგიქმნითო.

_ ეს დაპირება ახლა გააკეთა?

_ სულ ახლახან, რაც ჩემი წყაროების საშუალებით შევიტყვე. მოკლედ, ყველას ყველაფერს ჰპირდება. მეორე საკითხია, ისინი წამოეგებიან თუ არა, მაგრამ ყველაფერი ამის აგორებული რომ არის, ფაქტია. ამის დასტური გახლავთ აზერბაიჯანში ორი კვირის წინანდელი ინტერვიუ.

_ ისე, ეშმაკური ჩანაფიქრი კია, სომხების რაღაც ფორმით გაძლიერება აზერბაიჯანულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

_ ეშმაკური კი არა, ვირეშმაკული ჩანაფიქრია, რაზეც ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანელები არასოდეს წამოეგებიან. რა შეიარაღება მიმდინარეობს ჯავახეთში? ჯავახეთში პრობლემები რომ იყო, სააკაშვილზე უკეთ ვიცოდით მე და ჩემმა თანამებრძოლებმა და ეს პრობლემები _ სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური და ოპერატიული _ მაშინ ჩვენ იქ მოვხსენით. მაგრამ უბედურება ისაა, რომ კიდევ უჩუჩხუნებს რაღაცას და არ ისვენებს ეს მაოხრებელი მკვდარი. თუმცა, კიდევ ვამბობ, ხელისუფლება რომ არ რეაგირებს, ძალიან ცუდია.

_ თქვენ ამბობთ, რომ სინამდვილეში ჯავახეთში არანაირი საგანგაშო სიტუაცია არ არის?

_ არ არის! კარგად ინფორმირებული ვარ, რა ხდება რეგიონში. როდესაც 90-იანი წლებში, საძმოების არსებობისას, მთელ ქვეყანაში სროლები და უბედურებები ტრიალებდა, მაშინ ჯავახეთში რუსეთის სამხედრო ბაზებიც არსებობდა და იქ იყო შეიარაღებული ფორმირებების არსებობის ნიადაგი, მაგრამ ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ. არადა, მართლა ურთულესი რეგიონი იყო. შლაგბაუმი ფუნქციონირებდა, სადაც გეკითხებოდნენ, თუ რა მიზნით შედიოდი ჯავახეთში, ქართული სიმბოლიკა არ არსებობდა და შლაგბაუმიც მოვხსენით და პირადად ჩემი ხელით აღვადგინეთ ქართული სიმბოლიკა. ამ ყველაფერში როგორც ქართულმა, ასევე სომხურმა მოსახლეობამაც დაგვიჭირა მხარი და მალე რუსული ჯარიც გავაცილეთ. ნუ იბრალებს ამ ყველაფერს სააკაშვილი. ჩვენ ვაცილებდით იმ ნაწილებს და ამოვიღეთ უზარმაზარი რაოდენობის იარაღი. იქ სეპარატისტული განწყობის შესაქმნელად საჭირო ნიადაგი უკვე აღარ იყო. უბრალოდ, სოციალურ-ეკონომიკური საკითხები გახლდათ მოსაგვარებელი და იქაური მოსახლეობა დღესაც ამას მოითხოვს, მეტს არაფერს. იქ არის ძალიან მშრომელი, ღირსეული და წესიერი ხალხი, მაგრამ ეს არ ასვენებს და უჩიჩხინებს. ერთსაც ვიტყვი: მოგეხსენებათ, ჯავახეთი საზღვრისპირა რეგიონია და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თუ მათი გავლენის ქვეშ მყოფ ხალხთან ბრძოლაში არ დამიკარგავს იმდენი დრო, რამდენიც დამაკარგინა „მოქკავშირის“ მხრიდან დაფრთიანებულმა `ნაცმოძრაობამ~ თავისი მოღალატეობრივი საქმიანობით. ახლა კი სააკაშვილი ხელმეორედ ქმნის ამ პრობლემებს თავისი პირადი ინტერესების გამო. ეს არის საწყენი, თორემ არანაირი გამალებული შეიარაღება არ მიმდინარეობს ჯავახეთში. ამიტომ არის ცუდი, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ საკითხშიც არაადეკვატურია. იმდენი დოკუმენტის დადება ვერ შეძლეს, რაც საჭირო იქნებოდა სააკაშვილის დასაჭერად და აქ ჩამოსაყვანად.

_ ვერ ჩამოჰყავთ, ევროპელები ვერ ელევიან და ამათ რა უნდა ქნან?

_ რა უნდა ქნან და თავიდანვე არ უნდა მიეყვანათ სიტუაცია ამ დონემდე. ჯერ ერთი, კოჰაბიტაცია, როგორც პოლიტიკური მოვლენა, არ უნდა მიეღოთ და არ გაეთვალისწინებინათ, რადგან ამან სამართლიანობის აღდგენის საქმეში ხელ-ფეხი შეუკრა საქართველოს ხელისუფლებას. მეორეც, დაჭერაც არ უნდოდა, უბრალოდ, არ გაეშვათ ქვეყნიდან. იმპიჩმენტი გამოეცხადებინათ, სანამ ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, იმ ქმედების გამო, რაც მან ჩაიდინა. პოლიტიკური დევნაზე არ იქნებოდა საუბარი, აშკარად გამოკვეთილი სისტემური დანაშაულის ნიშნები რომ გამოეტანა პარლამენტს. ასე კი ალოგიკურია: პარლამენტმა პოლიტდევნილებისა და პოლიტპატიმრების შესახებ მიიღო კანონი, რაც ნიშნავს, რომ არსებობდა რეჟიმი და თუ ამას ამტკიცებ კანონის ფარგლებში, მაშინ პოლიტიკურ სისტემას რატომ არ არქმევ შესაბამის სახელს? ეს არაფერი არ გააკეთეს.

_ უფრო ჩავუღრმავდეთ: კოჰაბიტაცია ჩვენი მოგონილი არ არის და იგი ისევე მოგვახვიეს თავს, როგორც ხელისუფლებაში მყოფი ბევრი სახე, თუ პარტია. ესეც ხომ დასავლეთის ნებით მოხდა და ჩვენ არაფერს ვწყვეტდით?

_ დიახ, დასავლეთმა მოგვახვია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ბევრ საკითხში მაინც შეცდა. ფაქტია, რომ ჯანყარაშვილისნაირმა კადრებმა მას უღალატეს: არსებობს უამრავი კორუფციული გარიგება. კორუფცია მარტო ის კი არ არის, რომ მილიარდები გაათეთრო, კორუფციაა ისიც, როცა ათასობით ლარის პრემიას იღებ და ამ დროს შენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობის პირასაა. ასევე ტენდერები ნათესავებსა და ნათელ-მირონებს რომ ჩამოურიგეს. სად გაქრა ის 55 მილიონი, ბობოყვათის ტრასისთვის რომ იყო გამოყოფილი?! ვინც ამ ფულის გაქრობასა და კიდევ ბევრ ანალოგიურ ქმედებაში მიიღო მონაწილეობა, ამათი მადლობით გაშვება იქნებოდა?! ე. ი. ბიძინა ივანიშვილს დასავლეთი კი ახვევდა თავის ნებას, მაგრამ იმ შინაურებმაც უღალატეს, ვისზეც ფსონი დადო. დასავლეთმა უკარნახა, საქართველოს თამაზაშვილისა და ჯანყარაშვილის ნება-სურვილი მოახვიე თავზეო? ამასაც დასავლეთს ნუ დააბრალებს. თვითონ შექმნეს ასეთი გარემო, სადაც არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ის პარტიები, რომლებიც ბლოკში შეიყვანა, იგივე „რესპუბლიკელები“ თუ „თავისუფალი დემოკრატები“, ისინი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობდნენ და დღესაც ძირს უთხრიან. ერთმა უკვე დაადასტურა. მორიელივით მოიქცა. სანამ იყო, შეირგო ყველაფერი დედის რძესავით და მერე გამოეყო „ქართულ ოცნებას“.

_ ალასანიას გულისხმობთ?

_ ალასანიას ვგულისხმობ თავის პარტიასთან ერთად.  „რესპუბლიკელებმა“ რაც გააკეთეს, ბოლო დროს ყველამ კარგად ნახა და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა: ცოტა ხანში „რესპუბლიკელები“ პრემიერ-მინისტრის პორტფელსაც მოითხოვენ. მოკლედ, გუნდი არ არის შეკრული და როცა სუსტი ხარ, მარტო დასავლეთს გადააბრალო შენი უძლურება, რომ სამართლიანობის აღდგენას ვერ ახერხებ, ესეც, თავის მხრივ, შენს უუნარობაზე მეტყველებს. როცა დასავლელი ჩინოვნიკი სისუსტეს ხედავს, მას უჩნდება სურვილი, რომ ყველაფერი გასწავლოს. მით უმეტეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცხრა წლის მანძილზე ძალიან კარგი კონტაქტებით სარგებლობდა დასავლეთში. იქაც ურჩევნიათ, რომ „ნაციონალები“ ჰყავდეთ პარტნიორებად და ამიტომ მოახვიეს თავს დღევანდელ ხელისუფლებას ის, რასაც ვიმკით დღეს. პირდაპირ ვთქვათ: ვერც ერთი დაწყებული საქმე დღევანდელმა ხელისუფლებამ ბოლომდე ვერ მიიყვანა, ისევე როგორც თბილისის მერმა ვერ მოაბა თავი ვერაფერს. ერთგან ვთქვი, რომ ნარმანია საკუთარი სოფელ კოკის მამასახლისადაც ვერ ივარგებდა. არ შეუძლია, ეგ არის პედანტი კაცი, ალბათ, წესიერიც იქნება, დავალებას მისცემ, წავა და გააკეთებს, მაგრამ თბილისის მართვა სხვა რამეა და მას ეს არ შეუძლია! ასეთი სუსტი მერი თბილისს არ ჰყოლია. ჭიაბერაშვილზეც სუსტია. ის შიგადაშიგ სიმპოზიუმებს მაინც ატარებდა და, ასე თუ ისე, რაღაცას ხლაფორთობდა. ეს კი სავსებით ვერაფერს აკეთებს. რაც მთავარია, კრიტიკული საუბრები სწყინთ, პირად მტრებად მიგიჩნევენ.

_ სწორი შეფასებაა, კრიტიკას მტკივნეულად აღიქვამენ და ძალიან არაადეკვატურები ხდებიან.

_ დიახ. რომ არ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“, ეს სისხლიანი რეჟიმი, ვისკენ უნდა გაეშვირა ხელი დღევანდელ ხელისუფლებას? ერთადერთი, რითაც თავს იწონებენ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ კარგები ხომ ვართო?.. ამასობაში დაიქცა ქვეყანა. ხალხს არ ხვრეტენ ქუჩებში, მაგრამ თუ შიმშილით მომკალი, არც ეს არის უკეთესი. მთელი საქართველო ვალებშია და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უჭირს. ესენი საალაფოდ მოსულებს უფრო ჰგვანან, მოხიკონ ქონება და წავიდნენ.

_ დიდი დრო აღარც დარჩა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, ეს ყველაფერი როგორ იმოქმედებს მის შედეგებზე?

_ იმოქმედებს და იმიტომაც არის, რომ კვლევებში ძალიან დაბალი პროცენტები ჩანს. „ენდიაის“ კვლევებზე არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ამერიკის საელჩოს შეკვეთილია, მაგრამ საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა „ოცნების“ მიმართ, „ნაცებზე“ აღარც არის საუბარი. რამდენიმე თვის წინ უკვე მქონდა ინფორმაცია, რომ ამერიკის ელჩის მაგიდაზე იდო ფურცელი, სადაც გადანაწილებული იყო, თუ როგორი პარლამენტი უნდა შედგეს საქართველოში. მაშინ, ჯერ კიდევ, ორიოდე დღის წამოსულები იყვნენ „თავისუფალი დემოკრატები“ „ქართული ოცნებიდან“ და ამ ფურცელზე პირდაპირ იდო არჩევნების ანატომია, რომ არავის არ უნდა ჰქონდეს არჩევნებზე უმრავლესობა. მკვეთრად გამოხატული ლიდერი არ უნდა იყოს, თორემ, ზოგადად, ფსონი დადებულია „ოცნებაზე“, აუცილებლად მოხვდებიან „ნაციონალებიც“, რომლებსაც, სავარაუდოდ, ბლოკის სახით დაუკავშირდებიან თავისუფალი დემოკრატები, სავარაუდოდ, შეიძლება დაემატოს პრეზიდენტი მარგველაშვილი და არ არის გამორიცხული, „რესპებიც“ შეუერთდნენ, თუ კიდევ ერთ ჩიტს არ გადაუგდებს ბატონი ბიძინა.

_ კიდევ ერთ ჩიტში პრემიერ-მინისტრის სავარძელს გულისხმობთ?

_ კი ბატონო, სხვა რაღა დარჩათ? მინისტრები მაგათ ჰყავთ, მინისტრის მოადგილეები ეგენი არიან, „საია“ მაგათია, არასამთავრობოები და დეპარტამენტები. პარლამენტში ფრაქცია ჰყავთ და ფინანსები აქვთ, კიდევ ვალერი გელაშვილი ჰყავთ, ეს „ვარსკვლავბიჭუნა“ და რა შეუშლით ხელს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა რომ მოითხოვონ?! ახლა კი არიან ბიძინას ზურგს ამოფარებულები, მაგრამ, თუ გახსოვთ, როგორც კი პოლიტიკური და საპარლამენტო კრიზისი დგება, ყოველთვის უკმაყოფილებას გამოხატავენ ესენი. ბლოკიდან თითქოს მიდიან და არც მიდიან, იმიტომ რომ სულ პოლიტიკური ვაჭრობის რეჟიმში არიან. ამიტომაც ვეღარ გაუძლო ბოლოს ბიძინამ ამერიკის ელჩის მოთხოვნასაც და „რესპუბლიკელებს“ თავდაცის მინისტრის პოსტიც გადასცეს.

_ ამ ყველაფრის შემდეგ თვითონ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ?

_ საერთოდ, ადამიანი, რომელსაც ამხელა ქონება და აქტივები აქვს, თავისუფალი არასოდეს არის. მართალია, ის ცდილობს, ლავირება მოახდინოს, მაგრამ ლავირება ხდება ქართველი ხალხისა და საზოგადოების საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ ივანიშვილის მიმართაც ბევრი პრეტენზია დაგროვდა, ამდენი საკადრო შეცდომა როგორ შეიძლება? არ შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობა“ აქციო საპირწონედ და ამას იქით ვეღარაფერი გააკეთო. სხვათა შორის, 26 მაისი გვიახლოვდება და მინდა შევახსენო ბატონ ბიძინას, ის 26 მაისი რომ არ ყოფილიყო, როცა ჩვენი პარტია არაადამიანურად და მხეცურად დაარბიეს, 2012 წლის არჩევნების შედეგები სხვანაირი იქნებოდა. 46 პოლიტპატიმარი, ყველაზე დიდი რაოდენობა ჩვენს პარტიას ჰყავდა და, მოგეხსენებათ, მე პოლიტდევნილი გახლავართ. ასე რომ, თვითტკბობის საფუძველი ნურავის ექნება, რომ მხოლოდ მან დაამარცხა სისხლიანი რეჟიმი. მით უმეტეს, როცა ვერაფერს უკეთებ საკუთარ მოსახლეობას იმის გარდა, რომ თავზე ასვამ ჯანყარაშვილს. სირცხვილია ეს ყველაფერი!

_ რამდენად შესაძლებელია, მთელი ამ დასავლური ზედამხედველობის ფონზე ბიძინა სხვანაირად მოქცეულიყო და საერთოდაც პროქართული პოლიტიკის წარმოება რამდენად არის შესაძლებელი?

_ უკვე გითხარით, რომ ივანიშვილმა თავისი აშკარად თვალში საცემი საკადრო ფიასკო დასავლეთს არ უნდა გადააბრალოს. რაც შეეხება პროქართული პოლიტიკას, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩავიკეტოთ ნაჭუჭში და გარე სამყაროსთან ურთიერთობაზე უარი ვთქვათ. ცხადია, საჭირო და აუცილებელია ევროკავშირისკენ სწრაფვა, მაგრამ, ამავე დროს, მიუხედავად რთული ურთიერთობებისა, გარკვეული კავშირები უნდა ვიქონიოთ ახლო მეზობლებთანაც. იგივე ევროკავშირისგან და ვაშინგტონისგან ვისწავლოთ ბევრი რამ და მარტო ლგბტ-სთან დაკავშირებით არ უნდა მივბაძოთ. მათი დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობა მრავალვექტორულია. ამერიკა ხან ჩავა ჩინეთში, ხან ჩავა ინდოეთში, ხან ჩავა სირიაში და ხან მიდის რუსეთში. ეს არის პოლიტიკის კეთება. ჩამწკრივდნენ ახლა და ერთმანეთს ასწრებდნენ სოჭში ჩასვლაზე. ანუ ნაჭუჭში არავინ არის ჩაკეტილი და არც ჩვენ უნდა ვიყოთ. პოლიტიკა ხომ რეალობის ობიექტურად შეფასების ხელოვნებაა და რა ვქნათ, ვიძახოთ მხოლოდ ბრიუსელი, ბრიუსელი და ამასობაში დაგვემხოს თავზე ყველაფერი? ჩვენ არ უარვყოფთ ბრიუსელს, არ უარვყოფთ ვაშინგტონს, მაგრამ ასევე არ უნდა უარვყოთ ახლო მეზობლებთან ურთიერთობები.

 

                                                                                                            დავით დევიძე