„ბუნება უკრავს მუსიკას, რომელსაც სხვაგან ვერ მოისმენ!“

snipp

ექსპედიცია განსხვავებული ხასიათებით, პროფესიებით, ადამიანებით, მაგრამ საერთო მოტივაციით _ უსმინო მუსიკას ბუნებაში და მუსიკაში დაინახო ბუნება. ექსტრემალების დიდი საფიხვნო, რომელიც ქუთაისში შეიკრიბა და დღეს საქართველოს ყველა კუთხეში თავის კვალს ტოვებს. კანონზომიერების მსხვრევა და ბუნების საოცრებების აღმოჩენა მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდის“ სტიქიაა. დედაქალაქში მათი სტუმრობაც საპრეზენტაციო ნაწილია. ქუთაისიდან ხელცარიელი არ ჩამოსულან თეთნულდელები, თან ჩამოიტანეს ფილმი, რომლითაც დაინტერესებულ საზოგადოებას რაჭის მურადის მღვიმეში აღმოჩენილი უცნაური და იშვიათი ფორმის სტალაქტიდები გააცნეს. არც საკუთარი თავი დავიწყებიათ, _ ექსპედიციის წევრებმა ფილმში მოგზაურობებზეც ისაუბრეს. რით არიან განსაკუთრებულები თეთნულდელები და რატომ არ იყენებენ ტურიზმის განვითარების მიმართულებით მომუშავე ჯგუფები მათ გამოცდილებას, მათ პოტენციალს და იმ რესურსს, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია?!

ყველა ამ კითხვაზე პასუხი „ქრონიკა+“-ის დღევანდელ სტატიაში, რომლის სტუმრებიც ქუთაისელი „ბუნების მუსიკოსები“ არიან.

ფილმში, რომლის რეჟისორიც კლუბის წევრი გიორგი დვალიშვილია, ნაჩვენებია თეთნულდელების მიერ აღმოჩენილი უიშვიათესი ფორმების სტალაქტიდები _ ბურთისებრი, ექსცენტრიკული ნაკვეთები. მსგავსი აღმოჩენები, უსახელო და უცნობი მღვიმეები, კლუბის აქტივში საკმაოდ ბევრია, რომლის შესახებაც საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის. პირველი, ვინც ამ ამბით დაინტერესდა, „National Geographic  საქართველო“ იყო, რომლის მთავარმა რედაქტორმა, ლევან ბუთხუზიმ, კადრები გაგზავნა „National Geographic „-ის სათავო ოფისში. მოგვიანებით, მასალა სხვადასხვა უნივერსიტეტში გავრცელდა და ერთ-ერთი მათგანიდან პასუხიც მოვიდა. მსგავსი სტალაქტიდები იმით არის უნიკალური, რომ იშვიათად გვხვდება ბუნებაში, მაგრამ საქართველოში ეს ერთადერთი შემთხვევაა.

დეტალური ინფორმაცია მღვიმის ადგილმდებარეობის შესახებ, რა თქმა უნდა, არ საჯაროვდება. მიზეზი მისი დაზიანების სერიოზული საფრთხის არსებობაა, ამიტომ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ კლუბის წევრებსაც. ყველაზე უხუცესი ექსტრემალი, ირაკლი ჯულაყიძე, რომელიც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის პროფესორია, წელიწადში 365-ვე დღეს, მგონი, ბუნებაში ატარებს _ ახალი აღმოჩენებსა და ექსპედიციებს გეგმავს. მიდგომაც თავისებური აქვს, ამიტომ არავის უკვირს, როცა ყოველ ახალ მიგნებას მისეულად უსვამს დიაგნოზს: „როგორც შეიძლება ადამიანს უმკურნალო, ასევე შეიძლება ამ მღვიმის მოვლა, გამოჯანმრთელება! აღმოჩნდა, რომ მღვიმეში ცხოვრობს ორი ენდემური სახეობა. ერთ-ერთი არის ზოგადად კავკასიის ენდემი. ასევე მღვიმეში არის სამი ჭა, რომელთა შესწავლა ძირფესვიანად ვერ ხერხდება, თუმცა თეთნულდელები ყველაფერს გავაკეთებთ. არ დაგვეხმარებიან? ჩვენ მივუჩენთ ადგილსაც, დავწერთ ისტორიასაც და ბუნების მუსიკას გავაგონებთ მომავალ თაობებს!“

ირაკლი ჯულაყიძის თანამოაზრეთა რიცხვი არც ისე დიდია. ესეც ბუნების კანონზომიერებაა, ერთეულებს შეუძლიათ გარემოს შეცნობაც და ამ გარემოში საკუთარი თავის აღმოჩენაც. ამიტომ სულ შვიდი ადამიანი გადის იმ სასიამოვნო რუტინას, რასაც დაუსრულებელი გზა, მიწისქვეშ საოცრებების აღმოჩენა და მიწის ზევით მთებში, სილამაზის დაფიქსირება შეუძლია. მათი ვინაობაც ცნობილია: გიორგი დვალიშვილი _ IT -ის სპეციალისტი და ფოტოგრაფი; გიორგი ენუქიძე _ ტელეოპერატორი; გიორგი ჯანელიძე _ პიარის სპეციალისტი; გიგა შუბითიძე _ ინსტრუქტორი; დავით კუპრაშვილი _ გეოდეზისტი. არჩილ გეგენავა – ფოტოგრაფი. ეს მხოლოდ ძირითადი ბირთვია, თუმცა არის ერთადერთი ექსტრემალი გოგონა და ბევრი მოსწავლე, რომელთაც ასევე უნდათ, რომ ბუნებას გაუშინაურდნენ, უსმინონ მის მუსიკას და იცხოვრონ თავგადასავლებით…

თეთნულდელები უკვე ოთხი წელია, მოგზაურობენ საკუთარი ძალებით და მხოლოდ რამდენიმე ადამიანის დახმარებით, უხმაუროდ, ყოველგვარი აფიშირების გარეშე _ მის წილ ისტორიას წერენ ბუნებაში. სპალეოლოგიით დაინტერესება მათთვის ახალია, გამოცდილება, სულ რაღაც, ერთი წლის აქვთ და აღმოჩენები მცირე დროში მიღწეული _ ბევრად მეტი. საექსპერიმენტო პოლიგონიც მურადის მღვიმე იყო, ანუ სპალეოლოგიაში გაჭრილი პირობითად „წითელი ლენტიც“ უნიკალური აღმოჩნდა მისი ერთადერთობით საქართველოში.

ახლა ჯერი ქყვენის ხელისუფლებაზეა, იმ ბიზნესმენებზე, რომლებიც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასა და კერძოდ, ექსტრემალური ტურისტული მარშრუტების დაგეგმვით არიან დაინტერესებულები. კლუბ „თეთნულდის“ წევრებს შეუძლიათ ბევრი საინტერესო წინადადების შეთავაზება, კონკრეტული ბიზნეს-პროექტის წარდგენა, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით გამორჩეულ საქართველოს გაცილებით მეტ ინვესტიციასაც მოუტანს და ტურისტსაც მოიზიდავს. ვიდრე ამ გადაწყვეტილებაზე დაფიქრდება ხელისუფლება, თეთნულდელები მორიგი ექსპედიციისთვის ემზადებიან _ მეხუთედ მოინახულონ რაჭის მღვიმე და გაბნეული თუ გამოტოვებული ბუნების მუსიკის ყველა აკორდი ფოტოსა თუ ვიდეოფირზე აღბეჭდნონ…

 

                                                                                        სალომე ზანდუკელი