მიყვარს თავისუფლება მუსიკაში!..

kaiatre

ისინი არიან იქ, სადაც მუდმივად მოძრაობს ხალხი, არიან იქ, სადაც კარგად ისმის მუსიკის ხმა, აკეთებენ იმას, რასაც მუსიკა უკარნახებს. მიწისქვეშა გადასასვლელები, თბილისის ცენტრალური უბნები, მეტროსადგურები უამრავ ქუჩის მუსიკოსს იტევს. ზოგისთვის სიმღერა შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ზოგისთვის კი ეს თავისუფლების სიყვარულით გამოწვეული ქმედება, საკუთარი სიმღერით პროტესტის გამოხატვა და, უბრალოდ, საყვარელი საქმეა.

რეზი ჯოლოგუა 20 წლისაა. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტიზე სწავლობს. მიწისქვეშა გადასასვლელში უკვე ხუთი წელია, უკრავს და მოსაყოლიც ბევრი აქვს:

_ როდესაც პირველად ჩავედი მიწისქვეშა გადასასვლელში, ვნახე, რომ კარგია. ის ყველაზე დიდი სცენაა ჩემთვის. აქ გრძნობ, რომ ვიღაცას აინტერესებ, გაჩერდება, გისმენს, ეს დიდი სიამოვნებაა. არავინ აკონტროლებს, რა, როგორ და რისთვის უნდა იმღერო, აქ შეგიძლია იყვირო, იწივლო. ზოგადად, მუსიკას არ აქვს საზღვრები, მიწისქვეშა ზუსტად იმის უფლებას გაძლევს, რომ იყო თავისუფალი, კომპლექსებს ძლევ, ხალხს ეჩვევი, შეგეშლება, მაგრამ არ გრცხვენია, თუნდაც იმიტომ, რომ არ იცნობ მათ, უბრალოდ, ჩაივლიან და მორჩება, შენ კი გამოასწორებ. საერთოდ, ყველგან წინასწარ „დაჯავშნილია“ ადგილები. ჩემთვის ფული მოტივაცია არ არის, მე, უბრალოდ, მეგობრებს ვეხმარები და სიამოვნებას ვიღებ ამით.

_ თუ უკრავ სადმე, სადაც ანაზღაურებას იღებ?

_ კი, ერთ ბარში, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელიდან მოვხვდი: მეგობრებთან ერთად ვმღეროდი და გამოიარა ცოლ-ქმარმა, ბარის მფლობელები აღმოჩნდნენ. მთხოვეს, რომ მათთან მივსულიყავი. მეც ასე მოვიქეცი და დღემდე იქ ვუკრავ.

_ რას ნიშნავს შენთვის მუსიკა?

_ მუსიკას ვუყურებ, როგორც „სულის სიამოვნებას“ და არა როგორც სამსახურს. როცა შენ მღერი და უკრავ, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობისთვის. მუსიკა, ზოგადად, ხელოვნება, ძალიან შორსაა ფულისგან. თანხები თავისით მოდის. ხელოვნების ნიმუში არ იქმნება იმისთვის, რომ მხოლოდ მატერიალური სიმდიდრე მოუტანოს შემოქმედს. როცა ტაშს გიკრავენ, ეს აწონასწორებს თანხას და ბევრად მეტია, ვიდრე ხურდებით მიღებული შემოსავალი. მუსიკას და ხელოვნებას ჭეშმარიტად ის ადამიანი აფასებს, რომელიც გარკვეულია მასში, აქედან გამომდინარე, მატერიალურ მხარეზე ნაკლებად ვფიქრობ. საერთოდ, ცუდ მომღერალს კარგი მსმენელი სჯობია და თუ არც ერთი ხარ, მაშინ შენი ადგილი სხვაგანაა.

_ რა ძირითად პრობლემას აწყდებით ქუჩაში, მიწისქვეშაში მომღერლები?

_ საზოგადოებაშია დაბალი ხარისხის გემოვნება, მოსწონთ პრიმიტიული და გაცვეთილი მუსიკები. რეალური პრობლემა არის გაუნათლებლობა, დიდი ნაწილის უგემოვნებობა. დიდი როლი რადიოსა და მედიას მიუძღვის, რადგან ისეთ მუსიკას ასმენინებენ ხალხს, რომელიც მასას მოსწონს და რეალურად არაფრისმომცემია. ამის გარდა, ახლოს მომუშავე ადამიანებისგანაც მოდის ცუდი დამოკიდებულება. მახსოვს, ერთხელ, ძალიან კარგად მღეროდნენ ბიჭები, მაგრამ მაღაზიიდან გამოვარდა გამყიდველი და ეჩხუბა: ნუ ხიხინებთ, წადით აქედანო! მათიც მესმის, როცა უწყვეტად მიდის მუსიკა, ელემენტარულად თავი აგტკივდება, მაგრამ შენ თუ ხელს გიშლის  სიმღერა, უბრალოდ, კარი მიიხურე, არ გააღო. იმისთვის, რომ შენ გრილად იყო, მე სიმღერის შეწყვეტას არ უნდა მთხოვდე.

_ საზოგადოებას როგორი მუსიკა უფრო მოსწონს?

_ არის ადგილები, სადაც ესმით გემოვნებიანი მუსიკა, მაგალითად, მიწისქვეშა გადასასვლელი ოპერასთნ, სადაც ისეთი ხალხი მოძრაობს, რომელთაც ესმით, როგორია კარგი მუსიკა. მათგან სასიამოვნოა შექება. არასდროს დამიკრავს მიწისქვეშაში, სადაც ბევრი ხალხი დადის და ხმა იკარგება, რადგან მე არ ვმღერი ფულის გამო და მინდა ჩემი მუსიკა სუფთად ჟღერდეს, კარგი ხარისხით მიდიოდეს მსმენელამდე. ძირითადად მოსწონთ გაცვეთილი, უკვე ათასგვარი ვარიაციით შესრულებული მუსიკა.

_ შენი აზრით, რით არის ნაკარნახევი ხალხის გემოვნება?

_ მიმაჩნია, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები დიდ როლს თამაშობს საზოგადოების გემოვნების ჩამოყალიბებაში. როდესაც რამდენჯერმე გიწევს ერთსა და იმავე ადგილას გავლა, გესმის დაბალი ხარისხის, გაცვეთილი ან ისეთი მუსიკა, რომელსაც არ უნდა შეეხო, ეს გავლენას ახდენს შენზე, როგორც მსმენელზე.

_ რას გულისხმობ მუსიკაში, რომელსაც არ უნდა შეეხო?

_ მაგალითად ი. ჩარკვიანი ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენი ცუდი ვარიაცია მომისმენია, რომ უკვე მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მიჩნდება.

_ პრობლემის მოსაგვარებლად რას აკეთებ საკუთარი რესურსებით?

_ ვცდილობ, ცოტა უცხო და კარგი მუსიკა შემოვიტანო, გავაცნო მსმენელს. იციან მხოლოდ „Led zepelin,“ „ Deep purple,“ „ The beatles“, ზოგადად, აღიარებული რაცაა, მაგრამ მხოლოდ ამით არ უნდა შემოიფარგლო. ჯაზი, ბლუზი, პოპი უნდა იცოდე. როგორი გავლენა აქვს ბლუზს როკზე და რატომ, ასეთი უბრალო რამე უნდა გესმოდეს. მარტო ხუთი აკორდის ცოდნა არ ნიშნავს მუსიკოსობას.

_ პროტესტის გრძნობა თუ გიჩნდება რაიმეს მიმართ, როცა უკრავ?

_ ზოგჯერ ლამაზი სიმღერის შესრულებისას სურვილი მიჩნდება ვიყვირო, რადგან ელემენტარულ ყურადღებას ვერ ვამჩნევ ხალხისგან, უინტერესობას ვხედავ ხელოვნებისა და მუსიკისადმი. პროტესტი ნიშნავს, კრიტიკულად უყურებდე კონკრეტულ თემებს. თუ აზროვნებ, არსებობ, თუ არ აზროვნებ, უბრალოდ, სუნთქავ. ვისურვებდი, რომ კონკრეტულ საფიქრალ თემებზე საქართველოშიც იწერებოდეს პროტესტის გამომხატველი სიმღერები, პოლიტიკური კურსითაც და სოციალურითაც. ხელოვნება, ზოგადად, გაკეთილშობილებას ემსახურება, წინ წაწევას და ა. შ.

_ თანხის გამო თუ ხდება ხოლმე ჩხუბი?

_ შელაპარაკებები ხდება ხოლმე, რამდენიმე დღის წინათაც შევესწარი, გული დამწყდა. ერთი ნაცნობი ეჩხუბა 50 თეთრის გამო მოხუცს. ის მოხუცი სასმელის გამო სთხოვდა ხურდას და როცა მეორეჯერაც მოვიდა, მუსიკოსმა დაარტყა. ხელოვნება კარგია მაშინ, როცა ადამიანს კეთილშობილებისკენ უბიძგებს, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი ნეგატიურად გამოყენებაც შეიძლება. როდესაც შეგიძლია ვიღაცას არ დაარტყა და ასეც იქცევი, ეს ძალიან მაგარია.

_ საკუთარი ნიჭის რეალიზებას როგორ ახერხებთ ფართო საზოგადოებაში და რამე მუსიკალურ პროექტებში თუ მონაწილეობთ?

_ თუ ნიჭი ნამდვილია, ის არ დაიკარგება. არის პროექტები, სადაც ნიჭიერი ხალხი გამოდის, მაგრამ არის ბევრი, უხარისხო მუსიკის მაყურებლამდე მიმტანი ადამიანი, რომელსაც ტაშს უკრავენ და აქებენ, როდესაც ეს, რეალურად, უგემოვნებობაა, რაც, გარკვეულწილად, იმ არაკომპეტენტური ხალხის არსებობითაა გამოწვეული, რომლებიც ჟიურიში სხედან, სხვას აფასებენ და თვითონ, თუნდაც, ქინ ქრიმსონიც კი არ აქვთ მოსმენილი. როცა ჟუირიში ხარ, შენი კომპეტენციის სფერო ფართო სპექტრს უნდა მოიცავდეს.

_ რა გსურს და რას გეგმავ?

_ სურვილი და მონდომებაც დიდი მაქვს, რომ წავიდე გერმანიაში, ვისწავლო და ვიმოგზაურო, სხვა ქვეყნების მიწისქვეშაში დავუკრა და გემოვნებიანი მუსიკა საქართველოდან გავაცნო ხალხს. ისე კი… ცნობილი ბიზნესმენიც რომ გავხდე, მე მაინც ჩავალ მიწისქვეშაში და ვიმღერებ, რადგან მიყვარს თავისუფლება მუსიკაში.

 

                                                                                                  ნინო ტაბაღუა