„მე ვხედავ მხოლოდ დროებით სამუშაოს და დროებით საცხოვრებელს ამ ქვეყნაში.“

wadirtgv

საქართველოში ლგბტ ადამიანთა მიმართ დამოკიდებულება უცვლელია. ამ დრომდე შეინიშნება დისკრიმინაციული განცხადებები მათ მიმართ, კრიტიკის ობიექტია მათივე ცხოვრების წესი… კლიშეების მსხვრევა თუ სტერეოტიპების შემოსაზღვრა, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, ცნობიერს მიღმა დარჩენილი ოჯახის წევრები, თუ სამეგობრო წრე _ ყველა ეს კომპონენტი ლგბტ ადამიანების დაუძლეველი პრობლემაა.

„ქრონიკა+“-ის დღევანდელი სტუმარია სკანდალური განცხადებებით ცნობილი ტრანსგენდერი და უფლებადამცველი გიორგი (მაცაცო) ჩხარტიშვილი. მის შესახებ ბევრი დაწერილა, კიდევ უფრო ბევრი ადამიანის სამიზნე ობიექტიც გამხდარა, თუმცა მაინც რჩება სათქმელი იმ ტრანსგენდერზე, რომელმაც ამ ხელისუფლების მიერ „გმირად“ შერაცხულ ვლადიმერ ბედუკაძეს მანტია შემოაძარცვა. რა არის ახალი გიორგის (მაცაცო) ცხოვრებაში და რას ელოდება იგი?

დეტალები ქრონიკა+“-ის ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც 17 მაისამდეა ჩაწერილი.

_ გენდერული იდენტობა არის პირის სექსუალური მიმდინარეობა, შესაბამისად, ჩემი სექსუალური იდენტობის აღქმა ჩამოყალიბდა გარდატეხის ასაკში, როდესაც 17-18 წლის ვიყავი, ხოლო სექსუალური ორიენტაციის არჩევა არის დაბადების პროცესი. როდესაც ადამიანი განიცდი კონკრეტული მიმართულების ლტოლვას, რომ დაამყარო კავშირი შენივე სქესის წარმომადგენელთან, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მონდომება გაქვს ამისთვის. მე ეს მონდომება აღვიქვი და მქონდა როგორც მამათმავლური, ისე დედათმავლური ურთიერთობები, რაც ჩემთვის სრულიად ნორმალურია.

_ როგორ მიგიღეს თქვენმა მშობლებმა, ნათესავებმა და მეგობრებმა?

_ ცოტა რთული საკითხია, რადგან ბავშვობიდან მეტყობოდა ჩემი ლგბტ სტატუსი, აღზრდის პროცესში მქონდა ძალიან სერიოზული პრობლემები და კონფლიქტი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. ბავშვობის პერიოდის არც ერთი მეგობარი არ მყავს დღეს. როდესაც საჯაროდ გამოვჩნდი, როგორც ტრანსგენდერი, ყველასთან შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია. რაც შეეხება ოჯახს, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს დეიდებთან. თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი მამაჩემსა და სხვა ნათესავებზე, მათთან საკმაოდ რთული ურთიერთობა მაქვს. ჩემი რეალობაა სერიოზული პრობლემები, ყოველღიური ჩხუბი, დაძაბულობა, რომელსაც, უბრალოდ, ვეგუები. დედა არ მყავს. მამისა და მისი ნათესავების დამოკიდებულება ჩემთან გაცილებით მეტად ჰომოფობიურია, ვიდრე სხვა მოქალაქეების. მიზეზი კი ის მოლოდინია, რომელიც განსაკუთრებულად ჰქონდათ ჩემ მიმართ და ბოლოს აღმოჩნდა, რომ მათი იმედები ვერ გავამართლე. რა ვქნა, ეს ჩემი ცხოვრებაა, რომელიც არ შეიცვლება!

_ როგორ არსებობთ? სად მუშაობთ?

_ რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ. ახლახან დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ უნივერსიტეტში პიარის მიმართულებით, ძალიან კარგი ადამიანების წრეში, რომლებიც არ არიან ჰომოფობები და, შესაბამისად, თანამშრომლობაც მისაღები გვაქვს. თავიდან, რა თქმა უნდა, იყო პრობლემები განათლების მიღებისას, დასაქმების დროსაც, თუმცა ყველა ეტაპი გადავლახე და დღეს მსგავსი წინააღმდეგობები აღარ მაქვს.

_ როგორ ხედავთ თქვენს მომავალს?

_ მე მყავს მეუღლე, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოვიყვანე. მინდა აღვნიშნო, რომ ის მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. მასთან მაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა და ჩემს მომავალს მასთან ერთად თანაცხოვრებაში ვხედავ. მაგრამ იცით, რა არის? მე ვერ ვხედავ ვერც ჩემს მომავალს და ვერც უმრავლესობა ლგბტ თემის მომავალს საქართველოში. ეს ქვეყანა არასოდეს შეიცვლება პოზიტივისკენ ჩვენთან მიმართებით, რადგან აქ არის სერიოზული პრობლემები ფსიქოლოგიური, რელიგიური და ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. აუცილებლად წავალ საქართველოდან და უკან არასოდეს დავბრუნდები. მე ვხედავ მხოლოდ დროებით სამუშაოს და დროებით საცხოვრებელს ამ ქვეყნაში.

_ როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ხალხს მცდარი წარმოდგენა 17 მაისის აქციის ნამდვილ მიზანზე? და საერთოდ, რა დატვირთვას ატარებს ეს აქცია?

_ 17 მაისს მთელი მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა 1990 წლის 17 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას უკავშირდება. ტერმინი „ჰომოფობია“ განიმარტება, როგორც `წინასწარ განწყობაზე დაფუძნებული ირაციონალური შიში და სიძულვილი ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რომელიც მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმის“, ხოლო ტრანსფობია კი არია „ტრანსგენდერული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ ზიზღი და ჩაგვრა სხვადასხვა გზით“. ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანს წარმოადგენს ძალადობის დაგმობა და სოლიდარობის გამოხატვა ლგბტ ადამიანების მიმართ.

ინტერვიუ აქ წყდება, რადგან რესპონდენტს ტელეფონზე ურეკავენ და ქრონიკა+“-საშუალება ეძლევა, საუბრის დეტალებიც გაარკვიოს. დიალოგს გიორგისა და ვინმე ვასკას შორის უცვლელად გთავაზობთ: 

გიორგი: ვასკა, ინტერვიუზე ვარ და დაგირეკავ…

ვასკა: მომისმინე, ერთი წუთით, რა უნდა გითხრა…

გიორგი: ხო!

ვასკა: …გავუშვებთო და…

გიორგი: ვერ გავიგე?! ერთი წუთით, რა… რა თქვა დათომ?

ვასკა: ვიზასო ყველაფერს ჩაურტყამენო და გაუშვებენო… და ხვალ დილას, 10-დან 11-მდე სახლში იყოს, მე და შენ მივიდეთ და დაველაპარაკოთო…

გიორგი: ანუ აქცია რომ არ ჩავატარო, გამიკეთებენ მაგას?

ვასკა: არ ვიცი, მანდ თქვენი ამბავი რა ხდება, „პროსტო“, ეგ მითხრა, რო დავურეკე, უთხარი, _ ვიზა, ყველაფერი გაუკეთდება და გავუშვებთო. არ ვიცი, რომელი ქვეყანაც უნდაო, თუ რაღაცას ვიზამთ კონკრეტულადო. მე მითხრა, წამომყევიო, ვასკაო და დაველაპარაკოთო, რა!

გიორგი: მოკლედ, თქვენ რო არ ყოფილიყავით, ხო იცი, რო მე ეგეთ რაღაცას არც კი დავიწყებდი, ვასკა! მოლაპარაკება და დათოს შემოგზავნა პროკურატურის მხრიდან ძალიან ცუდი ნაბიჯია… იმიტომ, რომ დათო ჩემთან არ უნდა გამოეგზავნათ. მე დათო თქვენგან გავიცანი, შენგან გავიცანი და შესაბამისად…

ვასკა: მე აზრზე არ ვარ, რა ხდებოდა, რა არ ხდებოდა! ტელეფონში ვუთხარი, _ რა ხდება-მეთქი? და არ ვიციო, ხვალ რომ მოხვალ, აგიხსნიო.

გიორგი: ხოდა, შენი ნათესავი შემომიგზავნეს, იმიტომ რომ მე შენთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, დათოც პოლიციელია და პატივს ვცემ, მეგობარია ჩემი და რაღაც… პროკურატურამ შემომიგზავნა ზუსტად მაგის გამო, რომ აქცია არ ჩამეტარებინა და ასეთი რაღაცა არ შეიძლებოდა, უბრალოდ, არ უნდა გაეკეთებინათ და მაგაზე მერე მე შენ შეგხვდები და დაგელაპარაკები პირადად.

ვასკა: კაი, ძმაო, ხვალ დილას მოვალ და ახლა სულ მე ნუ იმასმიზამ…

გიორგი: არა, შენ რა შუაში ხარ, უბრალოდ, დათო გამოიყენეს!

ვასკა: დაა… ისე გააკეთე, გაწყობს და შენ ჩაატარე ის აქცია, არ გაწყობს და ნუ ჩაატარებ, მაგრამ გეუბნები… ამბობენ, რომ, „კაროჩე“, ვიზას გავუკეთებთ, საზღვარგარეთ გავუშვებთო.

გიორგი: კაი, კაი. უბრალოდ, მე ძალიან მეწყინა, რომ დათო გამოიყენეს მაგ უნამუსოებმა, იმის გამო, რომ აქცია არ ჩამეტარებინა. მე ეგ მეწყინა, მეტი არაფერი, კაცო, დანარჩენი ხვალ, ტელეფონში ეს არ არის სალაპარაკო თემა და ხვალ ვისაუბრებთ დანარჩენს.

ვაკსა: კაი, კაი. ხვალე დილას 10-დან 11-მდე მოვალთ..

გიორგი: კაი!

ინტერვიუ იძულებითი“, თუმცა საინტერესო პაუზის შემდეგ ისევ გრძელდება:

_ ბოლოს, მინდა მართლმსაჯულების პრობლემებზეც გესაუბროთ. ეს არის ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრობლემა! საპატრულო პოლიცია ლგბტ ადამიანებს აკავებს, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ახდენს მათი, როგორც გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების გასამართლებას ადმინისტრაციული წესით და მათ პასუხისგებაში მიცემას. არსებობს თბილისის სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე, რომელიც პირდაპირი ჰომოფობია! ის არის ტრანსფობიით და ჰომოფობიით აღჭურვილი და არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს თავისი დამოკიდებულება შეცვალოს. ყოფილი პროკურორი, დღეს კი მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე შემჩნეულია არაერთი ლგბტ ადამიანის წინააღმდეგ უკანონო, დაუსაბუთებელი და არასამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში. ის არის მოძალადე ადამიანი, რომელიც არ უნდა იყოს სასამართლო სისტემაში! ამას სჭირდება ყურადღება, ფსიქოლოგიური შესწავლა და სათანადო დასკვნების გაკეთება. ვაპირებ მივმართო წერილობით ქალბატონ ნინო გვენეტაძეს შესაბამისი დახმარებისთვის.

ამ ინტერვიუს თქვენთვის მოცემის შემდეგ, ანუ 16 მაისს, საღამოს 8 საათზე, ჩემი საცხოვრებლის ეზოდან გამოვედი პირადი მოხმარების ნივთების შესაძენად, რა დროსაც მოვიდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი და ასმეთაური, ვინმე ლადო, რომელმაც მითხრა, რომ მე დაკავებული ვიყავი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, მაშინ როდესაც პოლიციას ჩემ მიმართ არანაირი გაფრთხილება არ მოუცია. ამის შემდგომ იმავე დღეს გადამიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც დამხვდა მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, იზოლატორის უფროსი და სუსის თანამშრომელი. დილით 10 საათზე გადამიყვანეს სასამართლოზე, ხოლო ვინაიდან პოლიციამ არ მომცა საშუალება, დამერეკა ჩემი უფლებადამცველი ადვოკატისათვის, სასამართლო გადაიდო 2015 წლის 25 მაისს 3 საათისთვის. სასამართლოდან განთავისუფლების შემდგომ, ანუ 3:25 წუთზე მოვითხოვე ჩემი კუთვნილი მობილური ტელეფონის დაბრუნება, მაგრამ მობილურს არ მიბრუნებდნენ, მობილური დამიბრუნეს 3 საათსა და 30 წუთზე, რა დროსაც სასამართლოს ეზოში გამოჩნდნენ  კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და გადამიყვანეს თაბუკაშვილის განყოფილებაში, სადაც მოწმის სტატუსით დამკითხეს იმ ფაქტზე, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი და არანაირ კავშირში არ ვიმყოფებოდი,  სამმართველოდან გამომიშვეს დღის 4 საათზე. შეგახსენებთ, რომ მერიიდან აქციის ჩატარებაზე ნებართვა სწორედ ამ დროის განმავლობაში მქონდა, ანუ 15:00-დან 16:00-მდე. სამმართველოდან განთავისუფლების შემდგომ ჩემზე ხორციელდებოდა კონტროლი და პოლიციის თანამშრომლების თვალთვალი 48 საათის განმავლობაში. აქვე მსურს საზოგადოებისათვის განვმარტო, რომ ჩემი დაკავების მიზეზი გახლავთ მხოლოდ ის, რომ მე შემზღუდვოდა აქციის გამართვის შესაძლებლობა.

 

                                                                                            ნუკა გაბრიჭიძე