მიხეილ ცაგარელი: „იქნება მიტინგები, უკმაყოფილო ხალხის პროტესტი, მაგრამ ომამდე საქმე არ მივა.“

e5tsa

„ქრონიკა+“-ის წინა ნომერში დაიბეჭდა ასტროლოგ მიშა ცაგარელის ინტერვიუ, რომლის გაგრძელებასაც დღევანდელ ნომერში გთავაზობთ.

 

_ ბატონო მიხეილ, თქვენ ბრძანეთ, რომ მიხეილ სააკაშვილს დაღუპავდა ფული და გარემოცვა. უყვარს ფული?

_ კი, გავაფრთხილე, რომ ეს სიყვარული მას დაღუპავდა. ისიც ვუთხარი, რომ თანხა უნდა გქონდეს იმდენი, რამდენიც საჭიროა სულიერი ევოლუციისთვის, თორემ, სხვა მხრივ, ზედმეტი ფულისადმი სიყვარული გადაუვიდოდა შავი ძალების სამსახურში. მეორე: გარემოცვა! მის გარშემო აუცილებლად შეიკრიბებოდა გარემოცვა, მიაწვდიდა სულ სხვა ინფორმაციას და მას სერიოზულად შეიყვანდნენ შეცდომაში, არასწორი ინფორმაციების მიწოდების გამო. ორივე თემა ამუშავდა… მაგრამ როცა გაიგო ეს, უკვე ძალიან გვიანი იყო. ვერ გაუძლო მესამეს და ყველაზე დიდ ცდუნებას _ ამბიციას… როგორც კი ძალაუფლება და ფული ჩაუვარდა, აღარც ასტროლოგია ახსოვდა, აღარც მოძღვარი სჭირდებოდა და მასზე ჭკვიანი ადამიანიც აღარ ეგონა დედამიწის ზურგზე არავინ. მეტიც, სააკაშვილის ამბიცია ამპარტავნებაში გადავიდა და აქ უკვე მივხვდი, რომ 9 წლის შემდეგ ის ძალიან ცუდად დაასრულებდა. რატომ „9“? იმიტომ, რომ რიცხვი „9“ ამთავრებს გარკვეულ ფორმაციას. დააკვირდით _ 9 თვის შემდეგ ქალი მშობიარობს, მე-9 ტალღის შემდეგ კვლავ პირველი მოდის, ანუ დაბალი და ა. შ. თავის დროზე შევარდნაძესაც ვეუბნებოდი, რომ „მოქალაქეთა კავშირი“ 9 წლის მერე დაიშლებოდა, იგივეს ვეუბნებოდი სააკაშვილსაც და იგივეს ვეუბნები „ქართულ ოცნებასაც“, თუკი გონიერი ნაბიჯები არ გადადგეს, ხელისუფლებაში ვეღარ იქნებიან! „ქართულ ოცნებას“ თავიდანვე ვეუბნებოდი და ახლაც ვამბობ, რომ მათი პირველი და სერიოზული გამოცდა იქნებოდა სამი წლის შემდეგ, მეორე _ თუ გაქაჩეს, 6 წლის შემდეგ და მესამე _ 9 წლის შემდეგ დაიშლება ყველაფერი…

_ ე. ი. „20/30“ არ იქნება?

_ (იცინის) არა, არა, არ იქნება, რადგან კოსმოსს თავისი კანონები აქვს. მასე სააკაშვილი 60-70 წელს გეგმავდა ხელისუფლებაში ყოფნას, მაგრამ კოსმოსს თავისი კანონები აქვს და ჩვენ მას უნდა ვემორჩილებოდეთ. ამიტომ, დიდი ალბათობით, თუკი შეცდომებს არ გამოასწორებენ, კოალიციაც დაიშლება; ასევე, თუ შეცვლიან რადიკალურად მოქმედების სტრატეგიას, რაც გულისხმობს, რომ თუ მოიყვანენ საინტერესო ხალხს მმართველ თანამდებობებზე, თუკი ააღორძინებენ მრეწველობას, ააშენებენ საწარმოებს, სადაც ხალხი დასაქმდება, მაშინ სხვა ამბავი იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა სტრატეგიას აირჩევს ხელისუფლება, გააგრძელებს კვლავაც შეცდომებს, თუ გონებას მოუხმობს და იმოქმედებს ისე, რისი შანსიც კოსმოსიდან მიეცა, რომ ყოფილიყო და რქმეოდა ხელისუფლება.

_ თქვენ ბრძანეთ, რომ შევდივართ მძიმე ზონაში და ეს რთული პერიოდი აგვისტოს პირველ რიცხვებამდე გრძელდება. საქართველოში ყველაფერი ისე რომ მიდიოდეს, როგორც ვარსკვლავები გვაფრთხილებენ, კარგი იქნებოდა, მაგრამ აქ ტენდენციაა ასეთი, ხელისუფლების პირველი პირები ან უნდა შეიტანო, ან უნდა გამოიტანო ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან არჩევანის უფლება საარჩევნო ყუთებთანავე აქვს მოსპობილი საქართველოს მოსახლეობას. ჩვენთან არჩევნებს ან იგებს გიჟი, ან ის, ვისაც ფული აქვს… რა პროცესები შეიძლება განვითარდეს სექტემბრის შემდეგ?

_ სექტემბრის შემდეგ ყველაზე კარგი შანსები აქვს პრეზიდენტ მარგველაშვილს. მისი წარმატების შანსი, ყველა მხრივ, დიდია, ანუ გამარჯვების პლანეტა _ იუპიტერი, მის ზოდიაქოში _ ქალწულში გადადის და ეს უკვე თითოეულ მის სიტყვას უფრო მეტ დატვირთვას მისცემს, ვიდრე ახლა. სექტემბრამდე მან შეცდომები არ უნდა დაუშვას, ამიტომ ახლავე ვეუბნები, მაქსიმალურად მოითმინოს, ზედმეტად ნუ იხმაურებს და გაუთვლელი ნაბიჯები არ გადადგას.

_ თქვენ იცნობთ პირადად პრეზიდენტ მარგველაშვილს? ანუ, გაქვთ თუ არა მასთან კომუნიკაცია?

_ სამწუხაროდ, არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ რაღაცებს კითხულობს და ინტერესდება ასტროლოგიით. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ: სექტემბრამდე განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს და სექტემბრის შემდეგ, პირადად მისთვის, საუკეთესო პერიოდი დადგება. ზოგადად, ქვეყანაში ფულის უყაირათო ხარჯვის ტენდენცია შეინიშნება, ნახევარი მილიარდი მხოლოდ იმაში დაიხარჯა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულიყო. არადა, ეს იმ დროს, როცა ქვეყნის მოსახლეობა გაღატაკებულია და შიმშილის ზღვრამდეა. რა ჰქვია ასეთ ქვეყანას? რად გვინდა ამდენი „მეფის“ რეზიდენცია და კიდევ ერთი ახალი რომ ააშენეს 26 მილიონად?!. 26 მილიონად საწარმოებს ააშენებდა და გახსნიდა ნებისმიერი გონიერი ხელისუფალი. აბა, დათვალეთ, რამდენი ხალხი დასაქმდებოდა? ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებაში უჭკუო ხალხია, მაგრამ აქ მეორეცაა, პირველი _ ან შეიკრიბა ჯგუფი აბსოლუტურად უნიათო ადამიანებისა, რომელთაც არ აქვთ ქვეყნის მართვის არანაირი გამოცდილება, ან მეორე _ სხედან და ელოდებიან, ქვეყნის გარედან როდის მიიღებენ დირექტივებს, როგორ მართონ ქვეყანა. შესაძლოა, ეს ყველაფერი მათთვის კარგია, ვიმეორებ, მხოლოდ პირადად მათთვის, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი დამღუპველია ქვეყნისთვის. ავიღოთ ბელორუსის მაგალითი: ქვეყნის მმართველმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამერიკისა და ევროპის გარეშე შექმნა ისეთი სტრუქტურა, რომელიც აღორძინებაზეა ორიენტირებული და ამისთვის შესაშური შნო გამოიჩინა. სულ ტყუილად იცინიან მასზე, რადგან დღეს ბელორუსი პროდუქტის ექსპორტიორი ქვეყანაა და მოსახლეობაც ამით კმაყოფილია. შესაძლოა, ჩვენს ხელისუფლებას ძალიანაც უნდოდეს რამის გაკეთება, მაგრამ, როგორც ვთქვი, „ის ვიღაც“ ამის ნებას არ აძლევს და ეჭვი მეპარება, რომ ეს ვიღაც იყოს ან ჩინეთი, ანდა რუსეთი. აბა, დააკვირდით, ვინ მართავს რეალურად დღეს საქართველოს?

_ თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუსმენთ, დღევანდელ ხელისუფლებას მართავს ბიძინა ივანიშვილი; მაგრამ თუ იმ ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ, რომ ივანიშვილმა თავისი მილიარდები რუსეთში იშოვა, რუსეთის კაპრიზებს ასრულებს; ანდა არის მეორე ვარიანტი: ევროპისა და დასავლეთის ზეწოლა მასზე, რადგან ბიძინას კაპიტალი მსოფლიოს სხვადასხვა ბანკშია დაბანდებული.

_ დღესდღეობით ამერიკის შეერთებული შტატების ძალა და ზემოქმედება ჩვენს დონეზე წარმოდგენილია ელჩების სახით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სააკაშვილის დროს ამერიკის ელჩები და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, ფაქტობრივად, სააკაშვილის მოადგილეები იყვნენ. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ისინი არ მისცემდნენ უფლებას ივანიშვილს, „ნაციონალური მოძრაობა“ გადაეგდო. რატომ შემოიტანა ბიძინა ივანიშვილმა კოჰაბიტაცია? დაიჭირა ორი-სამი კაცი, დანარჩენს ხელი რატომ ვერ ახლო? ეს იყო თავიდანვე ნათქვამი, რომ თქვენ ხელს არ ახლებთ ამათ… კოჰაბიტაცია კარგია, მაგრამ კოჰაბიტაცია კრიმინალთან არის ძალიან ცუდი.

_ ბატონო მიხეილ, საზოგადოებას რას ეტყვით, რომელიც ყალყზეა შემდგარი ამოდენა გაჭირვებისგან?

_ რა ვუთხრა საზოგადოებას კარგი? მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ასტროლოგიურად 2020 წლისთვის უნდა ჩამოდგეს ექსპრესი „იბერიის გაბრწყინებისა“…

_ რატომ, მაინცდამაინც, 2020 წლისთვის?

_ ასე გვიწერია ჩვენ და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად.

_ კი მარა, რა ხდება 2020 წელს ვარსკვლავების მიხედვით?

_ ვარსკვლავთა განლაგება ამ პერიოდისთვის საუკეთესოა საქართველოსთვის და ზუსტად ამ პერიოდიდან გვეწყება შესაძლებლობა სერიოზული წარმატებების დასაწყებად. მათ შორის, ურთიერთობებს დაბალანსებისა ყველასთან და ა. შ.

_ ბატონო მიშა, ამას წინათ გამოქვეყნდა შემზარავი სტატისტიკა საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ. ამ ტენდენციით 2020 წლამდე რამდენად მივალთ? ანუ იმდენად მაღალია სიკვდილიანობა, რომ შესაძლოა ქართველები 2020 წლისთვის თითზე ჩამოსათვლელები გავხდეთ და ეს ნამდვილად არ იქნება „იბერიის გაბრწყინებისთვის“ საუკეთესო რაოდენობა…

_ აი, ეგ არის ზუსტად მთავარი! 2020 წლამდე უნდა მივიდეთ და გითხარით კიდეც, რომ თუკი ზაფხულს უშეცდომოდ და მშვიდად გავივლით, ხოლო სექტემბრიდან მშვიდობიან ასტროლოგიურ პერიოდში უხეშ შეცდომებს არ დავუშვებთ, მაშინ ნაბიჯ-ნაბიჯ, მოკლე და პატარა წარმატებებით, უეჭველად გვექნება კარგი შედეგები. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატების ექსპრესი, რომელმაც „იბერიის გაბრწყინება“ უნდა მოიტანოს, უჩვენოდ წავა. ჩვეულებრივი ამბავია: თუ თქვენ ხვალ დილით გაიღვიძებთ და იტყვით, ოჰ, ამ საქმეს ხვალაც გავაკეთებო, მაშინ თქვენ დაკარგავთ შანსს, მოხვდეთ წარმატების ექსპრესში, არადა, ამის საშუალება გქონდათ. ანუ ასეა საქართველოც. არ ვამბობ, რომ არიქა, 2020 წელს იბერია გაბრწყინდება-მეთქი, მაგრამ შანსი არის უდიდესი, ვარსკვლავთა განლაგება 2020 წელს საქართველოსთვის არის საუკეთესო და ამისკენ ქვეყანამ ყოველდღიურად უნდა იაროს! ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო წარმატების ზონაში უკვე 2014 წელს შევიდა და თუ ეს 6 წელიწადი ფუჭად დავკარგეთ, არც იბერია გაბრწყინდება, ჩემო კარგო, და არც კოსმოსი გვაპატიებს იმ შანსების გამოუყენებლობას, რაც მან ჩვენთვის გაიღო! ხელისუფლებას ვუკიჟინებდი, რომ 2014 წელს იწყება წარმატების ზონა, დაიწყეთ აღმშენებლობა, იკარგება ეს დრო-მეთქი, იმასაც ვეუბნებოდი, რომ ქვეყნის წარმატების პლატფორმაზე 2014 წელს გავედით და ეს პლატფორმა მიგვიყვანს ექსპრესის ჩამოდგომამდე, მაგრამ ჩვენ ვდგავართ ადგილზე, არაფერს ვაკეთებთ და შეიძლება „იბერიის გაბრწყინების“ ექსპრესი უჩვენოდ წავიდეს, გესმით?.. ვიმეორებ: 2020 წლისთვის თუ უკვე დღეიდან დავიწყებთ ზრუნვას წარმატებისთვის, უდიდესი შანსები გვაქვს, რომ ეკონომიკურადაც მოვმაგრდეთ, დავალაგოთ ურთიერთობები ყველასთან და რეიტინგი საგრძნობლად ავიმაღლოთ, მაგრამ ხელისუფლება ამას გააკეთებს?!. საქმე ის არის, რომ ჩვენს ჩინოვნიკებს ასტროლოგია, როგორც ეზოთერული მეცნიერება, არაფრად მიაჩნიათ და არანაირ ინტერესს არ იჩენენ მისდამი. არადა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არის უამრავი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებდნენ ასტროლოგიას ჩვენი მეფეები. მაგალითად, დავით აღმაშენებელი ბრწყინვალედ ფლობდა და იყენებდა ასტროლოგიას და გვაქვს ამის ნიმუშები; ვახტანგ მეექვსე, რომელმაც რუსეთში შეიტანა ასტროლოგია, როგორც მეცნიერება. დიდი ასტროლოგიური ცოდნა დევს „ვეფხისტყაოსანში“. აღარაფერს ვლაპარაკობ თანამედროვე პოლიტიკოსებზე, როგორიც იყო რონალდ რეიგანი, რომელიც ნაბიჯსაც კი არ დგამდა ასტროლოგიის გარეშე და იმ დროს ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ეკონომიურად, ისე პოლიტიკურად, წარმატებულზე წარმატებული ქვეყანა გახდა.

_ და მაინც, ჩვენში რატომ არ არის საახალწლო ასტროლოგიის გარდა სხვა ასპექტებით ასტროლოგიის გამოყენების კულტურა?

_ ეს არის კულტურისა და ინტელექტის მაჩვენებელი, რაც ჩვენში, სამწუხაროდ, ძალიან დაბალია. ამაზე კი გარკვეული ზეგავლენა მოახდინა 70-წლიანმა კომუნისტურმა მმართველობამ, როცა არა მხოლოდ ასტროლოგია, არამედ რელიგიური სწავლებაც კი დასჯადი იყო. და მესამე: ეკლესიის მიერ ჩადებული მცდარი დოგმა, რომ ასტროლოგია ეს არის საშინელება და ცრუ სწავლება.

_ რაღაცნაირად ეკლესია უგულებელყოფს ასტროლოგიას და ეს მაშინ, როდესაც არაერთ ქართულ ტაძარში და, მათ შორის, ქვეყნის უმთავრეს დედატაძარში, სვეტიცხოველში, გრანდიოზული ფრესკაა ზოდიაქოს ნიშნებისა…

_ თქვენ იცით, რომ ქრისტეს თორმეტივე მოწაფე 12 ზოდიაქოს ნიშნით იყო შერჩეული? თავად იესოს დაბადება მოგვებმა, ანუ ვარსკვლავთმრიცხველებმა, ცის კაბადონზე დაინახეს, იწინასწარმეტყველეს და ამაზე მეტი რაღაა?!

მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია, ერთგვარად, კრძალავს ასტროლოგიას, ჩემდა გასაკვირად, 1981 წელს ჩვენი საპატრიარქოს მიერ არის გამოშვებული საეკლესიო კალენდარი, რომელშიც მოცემულია 12 მოციქულის ასტროლოგიური ნიშნები და მართალი გითხრათ, ამ ფაქტით ძალიან გაკვირვებული დავრჩი. საერთოდ, ასტროლოგიისადმი დღევანდელი დამოკიდებულება სხვა თემაა და თუ დაინტერესდებით, ამაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ აქვე იმასაც გეუბნებით, რომ ეს არ გახლავთ ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება, ეს არის ვატიკანის დამოკიდებულება და კი ბატონო, თუ დაინტერესდებით, მობრძანდით და ვისაუბროთ.

_ ბატონო მიხეილ, რამდენიმე თვეში 2016 წელიც დადგება, თქვენ ბრძანეთ, რომ პლანეტები _ სატურნი და ურანი ივლისში უკან მოძრაობას დაიწყებენ და ამით მოგვცემენ შესაძლებლობას გავაანალიზოთ, რა შეცდომები დავუშვით წარსულში. ისიც ბრძანეთ, რომ 10 ივლისიდან აგვისტომდე ძალიან მძიმე ფაზაში შედის დედამიწა, აქედან გამომდინარე, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, მოსალოდნელია თუ არა ომი, ან ისეთი პოლიტიკური კატასტროფა, რაც საქართველოს მართლაც დააბრუნებს წარსულში?

_ დიახ, მე ვთქვი ის, რომ ახლა დგება ეტაპი, როდესაც შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და არ დავუშვათ ახალი. ომი არ იქნება, მაგრამ არც მშვიდობა იქნება იმ თვალსაზრისით, რასაც სოციალური სფერო გულისხმობს. იქნება გამოსვლები, მიტინგები, უკმაყოფილო ხალხის პროტესტი, მაგრამ ომამდე საქმე არ მივა. შეიძლება იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან თუ გონიერი ნაბიჯები გადაიდგმება, არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დადგება დღის წესრიგში. საუკეთესო პერიოდი მოდის პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის და, ზოგადად, სექტემბრის მეორე ნახევრიდან ასტროლოგიურად მშვიდობიანი პერიოდი დადგება, რაც გულისხმობს იმას, რომ აგრესიის გამოვლენა დამღუპველი იქნება როგორც ქვეყნისთვის, ისე, ნებისმიერი ჩვენგანისთვის. ვაფრთხილებდი ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ოქტომბერში მოვიდა ხელისუფლებაში, რომ აგრესია არ იყო საჭირო, არ დამიჯერა და შედეგს ყველა ხედავთ, როგორი განწყობაა მის მიმართ და როგორი განწყობაა მის მიერ მოყვანილი ადამიანების მიმართაც. საერთოდაც, აგრესია კოსმოსისათვის მიუღებელია, რადგან კოსმოსს თავისი კანონები აქვს, თავისი წესები აქვს და უხეში მოქმედებებით მისი გაღიზიანება არ შეიძლება.

 

                                                                                     ირინე გოგოსაშვილი