ტატოს მერანი და ბიძოს ზებრა

ბლოგგფ

მეტყვით, სად ტატო, სად ბიძინაო? სად მერანი და სად ზებრაო? მართლაც და რა საერთო აქვთ ღარიბ პოეტსა და მილიარდერს? მით უფრო, რომ ტატოს სულაც არ ება მერანი თავლაში და ეს თავგანწირული ჭენება მხოლოდ მისი სულიერი მდგომარეობის გამომხატველი იყო, ბიძინას კი ზებრაც ჰყავს და პინგვინიც. რაც არ უნდა შევიცხადოთ, საერთოს მაინც ვიპოვით, ცხადია, თუ კარგად ჩავაანალიზებთ. ჩაანალიზების გარეშე კი, აბა, რა გამოვა?

დიახ, ბიძოს ზებრა ბიძოს არა, მაგრამ ჩვენ ზუსტად ისე უგზო-უკვლოდ მიგვაფრენს და მიგვარბენინებს, როგორც ტატოს მიაფრენდა თავისი მერანი. შავი ყორანი კი არც ჩვენ გვამადლის ჩხავილს. სად მივრბივართ და სად მივექანებით? აგერ, ბატონო, როგორც იქნა, თავდაცვის მინისტრობას ჩამოაშორეს მინდია ჯანელიძე, დაინიშნა თინა ხიდაშელი. ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზეა _ ნატოსკენ მიგვარბენინებს ბიძოს ზებრა. აკი, დაურეკავს კიდეც თინა ხიდაშელისთვის და უთქვამს, _ გილოცავთ, ქალბატონო ნატოო. როგორც ჩანს, ნიცშესთან კამათით დაღლილმა შვება ლადო ასათიანთან ჰპოვა და იქ ამოიკითხა, სხვა რომ არ იყოს, ჩვენ მარტო შენი და ნატოს ეშხი დაგვიფარავდაო. თინაც მიუხვდა სათქმელს ბიძინას, ღრმად ჩა-სწვდა ქვეტექსტს მისი ზარისას და სასწრაფოდ „საქართველოს მზით სახედამწვარი“ დოლიძის „ზვიადი ქალი“ დაინიშნა „ვერიკოდ“ _ მოადგილედ, ანუ. ახლა კი შეუძლია იმ ბრძენ კაცს უშფოთველად იძინოს ღამის 10 საათზე, ჩვენ ქალების ეშხი დაგვიცავს.

მოკლედ, ზებრა უწყოდეს, ეს თავდაცვის სტრატეგიაა თუ ტაქტიკა, მაგრამ არსი გაშიფრულია _ აი, ისე, ოდესღაც ირმა სოხაძე რომ უმღეროდა რუსის ჯარს, _ ჯერ ქალებს გვესროლეთო. მერედა ვითომ რა, დღეს რომ ირმა რუსეთს ეტრფის? როგორც ჩანს, მაინც მადლიერია, მისი ნამღერის მიუხედავად, მას რომ არ ესროლეს და ბიჭებს ესროლეს 2008-ში. ირმა სოხაძის „მზიურ-მთვარეულ“ ორიენტაციულ წიაღსვლებს ვინღა ჩივის, როცა აგერ თავდაცვის მინისტრის მოადგილის ძველი განცხადება დარეფლეშდა და ამოტივტივდა.

დიახ, ქალბატონი დოლიძე 2013 წელს ბრძანებდა, რომ ქართველი ჯარისკაცები ანაზღაურების გამო მიდიოდნენ ავღანეთში. ეს წუთისოფელი ასეა, ზოგი ტყვიას ისვრის, ზოგი ნეხვს, მაგრამ ნეხვისმტყორცნელის ერთ დროს მეუღლე რომ ტყვიის მსროლელ და ტყვიაზე წამსვლელ ჯარისკაცებს შეურაცხყოფას აყენებს, ნეხვს ესვრის, ესაა უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ ჯარისკაცთა შეურაცხმყოფელი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ინიშნება! მინისტრად ინიშნება ქალი, რომელიც აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ განიხილავს, მის მოადგილედ ქალი _ რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ჯარისკაცებს. თუმცა სადაც ხადურის შეჭმული ციკნისა, იქაც მგლისა _ უნდა ვთქვათ, რომ ჯარისკაცთა შეურაცხყოფა დოლიძის ნოუჰაუ არ გახლავთ. ამ მხრივ ბადალი და სწორი არ მოეპოვება მათ წინამორბედ მინდია ჯანელიძეს. დიახ, კარგად გაიხსენეთ, რა ბრძანა მან უკრაინაში გმირულად დაღუპულ ქართველ მებრძოლზე და ისიც _ რა ბრძანა და როგორ გამოაცხადა გმირთა ცხედრები დნმ-ს ნიმუშებად.

სად მიგვარბენინებს ბიძოს ზებრა? ნატოსკენ, თავდაცვის „ზამმინისტრის“ ამ განცხადებით? და თვითონ „ოცნება“ სადაა? საგანელიძისთვის რომ გეკითხათ, მათი რეიტინგი კოსმოსში იყო, ახლა სად არიან? დაიდო „ენდიაის“ კვლევის შედეგები და… ზღართანი კოსმოსიდან მიწაზე _ არც კი სამი წლის თავზე _ „ოცნებას“ მხოლოდ 24%-ღა უჭერს მხარს… ნახ-ნახევარს „ქოცები“ გაუნახევრდნენ… და სულ ტყუილად იმშვიდებენ თავს, რომ მათი მომხრე ან „არ ვიცის“ ამბობს, ან უარს ამბობს პასუხის გაცემაზე. რატომ იტყვის ქოცი „არ ვიცის“? შიშით? ვისი შიშით? თქვენ გიჭერთ მხარს და თქვენი ეშინია? სირცხვილით? ანუ რცხვენია და არ ამბობს? თუ ასეა, განქოცებამდე რაღაა დარჩენილი?

ხომ გეუბნებოდით, თქვენი რადარები გადამწვარია-მეთქი?

დიდი ხმაური მოჰყვა იმ შედეგებს, რომელიც ნატოს, ევროკავშირსა და ევრაზიის კავშირს ეხებოდა. 31%-ს ევრაზიის კავშირი სდომია. უნდოდეთ! სულ არ მაინტერესებს, რა უნდა 31%-ს, ევრაზიული კავშირი, თუ გლობუსი. 65%-ს გვინდა ნატო, 68-ს _ ევროკავშირი. დემოკრატიის არსი ეგაა _ უმრავლესობა წყვეტს ყველაფერს. მასე, არც მე მინდოდა ეგ თქვენი „ღრუზინ მეჩტა“ და აგერ მესამე წელია, ვიტან, რაკი 54%-მა ასე მოინდომეთ. ახლა და სამარადისოდ თქვენც აიტანეთ ნატო. ეს ჰო, მაგრამ რამ გამოიწვია ბოლო ჟამს ასეთი პრორუსული აღტყინება? კითხვა რიტორიკულია…

აგერ ჩვენი პრემიერი გამოდის და „ბლატაობს“. ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციების  მშვიდად და დემოკრატიულად ჩატარებამ აჩვენა, რომ ცივილიზებული სახელმწიფო ვართო. კი, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, მაგრამ რის ხარჯზე? გასაიდუმლოების ხარჯზე! აქციები დაანონსებული არ ყოფილა, არც დრო იცოდა ვინმემ, არც ადგილი და არც ის, საერთოდ იმართებოდა თუ არა, შეკრებებამდე რამდენიმე საათით ადრე შეატყობინეს მონაწილეებს. შეატყობინეს და სამ სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ. სოციალურ ქსელებში კი იცით, ვინ ბაბულიკობდა? ის, ვინც 2 წლის წინ ტაბურეტკებით მისდევდა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს _ დიახ, არქიმანდრიტმა ანთიმოზმა _ ვიცოდი და არ ჩაგიშვითო. ეს კომენტარებში „გაუშვა“, პოსტად კი დაწერა: „რიჩარდ ნორლანდმა (ამერიკის ელჩი) დამირეკა: დღეს 17 მაისია და თუ ძმა ხარ, არაფერი დაგეგმოო))).

_ Yes, Boss! _ ვუპასუხე))))))))))))))))))))))))))“.

მიდი, ახლა და შენ გაიგე, სად მიგვაჭენებს ზებრა… გაიგე, სად, რომელ უფსკრულში მიგვაქანებს ამ მთავრობის გუნდი, კაკაბაძის მიერ არაადეკვატურად შერაცხული ღარიბაშვილის თამადობით? უტევენ და უტევენ ეროვნულ ბანკს, ქადაგიძეს აბრალებენ, ლარი რომ გარბის მართლა უგზო-უკვლოდ და თან ყორანიც მოგვჩხავის, რომ უარესი დღე გველის წინ… რა ხდება ამ დროს? ევროპა წლის საუკეთესო ბანკირად ასახელებს გიორგი ქადაგიძეს. აგერ ბატონი სუმა ჩაკრაბარტი ბრძანებს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ შესანიშნავი სამუშაო გასწია. ეს რომ წავიკითხე, ეგღა აღმომხდა, _ სუუუ, სუმა! თორემ ბიძო გადაგამზადებს… ზოგმა კი როგორ გაიგო სუმა ჩაკრაბარტის განცხადება? _ მაგან ხადურიც აქოო. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა, ჩაკრაბარტის არსად უთქვამს, რომ მთავრობამ შესანიშნავი სამუშაო გასწია. მან გარკვევით ბრძანა, რომ როდესაც ეკონომიკა ზეწოლის ქვეშაა, რთულია ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის ურთიერთობებში ბალანსის პოვნა, მაგრამ თვითონ საქართველოს მთავრობა, მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალისხმევას არ იშურებენ ამ თანამშრომლობისთვის. ერთია „შესანიშნავი სამუშაო გასწია“ და მეორეა „ძალისხმევას არ იშურებენ“. „სამუშაო გასწია“, _ შედეგის შეფასებაა, რომ გაწეული სამუშაო შესანიშნავი იყო, „ძალისხმევას არ იშურებენ“, _ სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ძალისხმევას რამე მოჰყვა.

ამასაც თავი დავანებოთ, რაღაც ვერ გავიგე, რომ ხადური ვინმეს ევროპის საუკეთესო ფინანსთა მინისტრად გამოეცხადებინოს. მე გამომეპარა? მე გამიფუჭდა ტელევიზორი?

და რა უნდა კალაძეს და მერე ყველას, ვინც მხარი აუბა მას? ინფორმაცია არ გვაქვს, რა ტრანზაქციებს ახორციელებენ ბანკებიო, ამის ბერკეტები ეროვნულ ბანკს აქვს და უნდა ჩაერიოსო. ანუ რაო? საქართველოდან ფული გაედინება და ქადაგიძე არ გვაყენებს საქმის კურსშიო. ქადაგიძემ იგი შეთქმულების თეორიის განვითარებაში ამხილა და ძალზე რბილად თქვა, _ უხერხულია, როცა ამას უმაღლესი თანამდებობის პირები აკეთებენო. რა არის აქ უხერხული? რა და ის, რომ ფული ბანკებს კი არა, ინვესტორებს გააქვთ და ტოვებენ ქვეყანას, საგარეო ტრანზაქციების გაკონტროლების უფლება კი ღარიბაშვილის ქვემდებარე ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აქვს…. ფაქტია, რომ კალაძემ და მთლიანად მთავრობამ _ მსხვილი ბანკების ტრანზაქციებზე კონტროლი მოინდომეს… სამთავრობო კონტროლი. ოღონდ მარტო კონტროლი არაფერ შუაშია, ორი კენგურუს დაჭერა ნებავთ _ თან კონტროლი ბანკებზე და თან ყველაფრის _ მათი უნიათობის ეროვნული ბანკისთვის გადაბრალება. ყველა თუ არ ჭამს ამას, დიდი ნაწილი ვერ გაერკვევა და ყველაფერს ეროვნულ ბანკს დააბრალებს. ხადური და მთელი მთავრობა „უზონტიკოდ“ მშრალად გამოვლენ ამ თავსხმაში.

ლარი გარბის და რა შეაკავებს? ეკონომიკა დააჭლექეს და ჭლექიანთან კონტაქტს ინვესტორები გაურბიან. შემოიღეს მავნებლური რეგულაციები და ტურისტი აღარ გვეკარება და რამ უნდა გვიშველოს? სოფლის მეურნეობამ? ღარიბაშვილი ისევ პირველ ჩვენებას აწვება და ეკონომიკის ფეხზე დაყენება სოფლის მეურნეობით ნებავს. არსაც არ დამდგარა ეკონომიკა ფეხზე სოფლის მეურნეობით, გააგებინეთ ვინმემ! რა უნდა გააგებინო, ახლა გამოგვეცხადა და გვეუბნება, გურიაში მეჩაიეობა უნდა აღვადგინოო. ექსპორტზე უნდა გავიტანოო. მიშა ვერ გაუშვა პლანტაციებში და ახლა უმიშოდ გეგმავს მეჩაიეობის აღდგენას. გადაეცით ვინმემ, ქართულ ჩაის იმ კომუნისტების დროსაც არავინ ეკარებოდა აქ. საწყალობლად ეწყო დახლებზე, ექსპორტი კი გადიოდა და სად? სსრკ-ს ღატაკ რეგიონებში, თან სუფთა სახით კი არა, გაკეთილშობილებული. ინდოეთიდან შემოტანილ ჩაის ურევდნენ და აკეთილშობილებდნენ _ როგორმე რომ პირში ჩასაშვები გამხდარიყო.

ჩაყრის ეს იმ ჩაის ბუჩქებს, გახდება მერე ამოსაყრელი და ვინც ამოყრის, ვაი, იმის დღეს! _ გამოხტებიან, _ ქართველობას გვართმევენო, ფიფოოოლ!..

მეც ვარ, რა, ერთი ნარმანიამ დარგო მილიონი ხე და მეორე ეს დარგავს იმ ბუჩქებს…

რა უნდა ეშველოს ლარს, როცა ყველაფერი „ბუქსაობს“? ყოველდღე იკეტება ობიექტები, დაიდეთ გულზე ხელი და თქვით, გინახავთ ამდენი წარწერა ქალაქში: „ქირავდება“?

და, აჰა, შევარდნაძის აჩრდილიც გამოგვეცხადა _ სეკვესტრი გარდაუვალია… სეკვესტრის აუცილებლობაზე საუბრობენ ექსპეტრებიც და სეკვესტრის გარდაუვლობას აღიარებს ხელისუფლებაც…

მაგრამ ეს ყველაფერი წარმავალია. დიახ, წარმავალი. ისტორიას ყველაფერი დაავიწყდება _ ხალხის მოტყუებაც უფასო ფულით, ამ დაპირებამდე წლობით ნარიგები პრემიებიც „კოლექტიური გურანდასთვის“, დიახ, დაავიწყდება ყველა ეს წვრილმანი და ივანიშვილიც და ღარიბაშვილიც  ისტორიაში შევლენ, როგორც საყდრისის ამფეთქებლები. როგორც ექსპერტებმა საბადოს დათვალიერების შემდეგ დაასკვნეს _ კულტურული ღირებულების ფენები საყდრისში თითქმის სრულად განადგურებულია.

„გულის ტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ საყდრისის ძველი საბადო აღარ არსებობს. კომპანიის წარმომადგენლები კმაყოფილი ჩანდნენ, მათ მოახერხეს და ისე აღგავეს პირისაგან მიწისა არქეოლოგიური ძეგლი, რომ ჩვენ მხოლოდ ქვის ოთხი უძველესი უროს ნახვა მოვახერხეთ. ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ ამ ფაქტით კმაყოფილი ჩანდნენ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები“, _ დაწერა არქეოლოგმა გოდერძი ნარიმანიშვილმა Facebook -ში…

გახსოვდეთ კარგად: გავა წლები, საუკუნეები, მოგიხსენიებენ საყდრისის ამფეთქებლებად და თქვენს აუგად ხსენებისას შთამომავლობა არ ადგება და არ გავა სტუდიიდან, გურანდა გაბუნიას მსგავსად…

მერწმუნეთ, ცუდად ჩაივლის ეს თქვენი „განწირული სულისკვეთება“ და დარჩება საყდრისი თქვენგან თელილი…

 

                                                                                             რეზო შატაკიშვილი