მამუკა ნოზაძე: „ვალერი ცერცვაძესთან გარიგებაში ახალი ხელისუფლებაც შევიდა“

vech

ადვოკატ მამუკა ნოზაძის თქმით, საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაში ბევრი დამნაშავე მოსამართლეა. ისინი დღემდე ახორციელებენ სამოსამართლეო უფლებამოსილებას, ამიტომ სხვა უფლებადამცველებისა და ადვოკატებისგან განსხვავებით, იგი არ მოერიდება ასეთი მოსამართლეების გამოაშკარავებას.

„ქრონიკა+“-ს მამუკა ნოზაძე ესაუბრება:

_ ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ასეთი არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვალერი ცერცვაძე. ყოველგვარი პრეზუმპციის გარეშე ვაცხადებ, რომ მას შესრულებული აქვს დაკვეთები, მონაწილეობდა მოსამართლეებზე ზეწოლებში, იყო და არის ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელი. დღეს ამაზე არავინ ლაპარაკობს, თუმცა თითოეულმა იურისტმა, ვინც ამ სისტემაში ჩახედულია, ეს ამბავი მშვენივრად იცის.

„ვარდების რევოლუციის“ შემდგომ, როცა ზურაბ ადეიშვილი იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, მან ვალერი ცერცვაძე იუსტიციის სამინისტროში ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნა. ამის შემდეგ მოსამართლეებთან კომუნიკაციებსა და ზეწოლებს, ადეიშვილის დაკვეთით, სწორედ ის ახორციელებდა. მანამდე კი ცერცვაძეს კერძო საადვოკატო ბიურო ჰქონდა, დაქირავებული ჰყავდა ადვოკატები და ასე მოღვაწეობდა. მიუხედავად ამისა, ცერცვაძის ნაწარმოები კონკრეტული საქმე არავის უნახავს და არც გაუგონია. `ნაციონალების~ ხელისუფლებაში მოსვლამდე ერთი ჩვეულებრივი, უჩინარი ადამიანი იყო, მერე კი, ადეიშვილის წყალობითა და `ნაციონალებისთვის~ მისაღები თვისობრივი მონაცემების გამოყენებით, აღმასვლა დაიწყო. 2007 წლიდან ის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ და იუსტიციის საბჭოს მდივნად მოგვევლინა.

_ ასეთი რამ შეიძლება, რომ კაცი მოსამართლედ არ იყოს ნამუშევარი და სასამართლოს მართვა ჩააბარო?

_ კანონმდებლობა არ კრძალავს, რომ თუ ადამიანს არ უმუშავია სასამართლო სისტემაში, ის პირდაპირ სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს. თუმცა მთავარი ის არის, რომ მას სასამართლო საქმიანობაში არც სხვა სახის პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდა, არ იყო აქტიური იურისტი. მაგრამ, მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანამდებობაზე დანიშვნის უმთავრესი კრიტერიუმი იყო დავალების კარგი შესრულების უნარი. ეკა ტყეშელაშვილსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ისიც გახადეს. ეს იყო „ნაციონალების“ პოლიტიკის მანკიერი პრაქტიკა. ფაქტობრივად, მათ ქუჩიდან მოჰყავდათ მაღალ პოსტებზე ადამიანები. სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას აქვს მენეჯერული ფუნქციაც _ ის საქმეებს ანაწილებს და თავად წყვეტს, ვის რომელი საქმე დააწეროს. აქედან გამომდინარე, რიგითი მოსამართლეების დიდი ნაწილი მას თვალებში შესციცინებს და ლამის ფეხები უკოცნოს. თუმცა არიან დაუმორჩილებელი რიგითი მოსამართლეებიც, რომლებიც პირნათლად ასრულებენ მოვალეობას და დაკვეთების მიღებაზე პრეტენზიებიც აქვთ. აქედან გამომდინარე, სასამართლოს თავმჯდომარეებს ჰყავთ „ლიუბიმჩიკები“. როცა იხილება თავისუფლების აღკვეთის ღონისძიებების საკითხები, რაც ეხება პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებს, სასამართლოს თავმჯდომარე განსაზღვრავს, რომელ მოსამართლეს დააწეროს განსახილველად, რათა მან კარგად შეასრულოს ხელისუფლების დაკვეთა. სააპელაციო სასამართლოში, განსაკუთრებით სამოქალაქო საქმეთა პალატაში, არიან პროფესიონალი მოსამართლეები და არ ასრულებენ ცერცვაძის მითითებებს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარე, საქმეთა გადანაწილების დროს, მათ არ აძლევდა ისეთ საქმეებს, რომელშიც ხელისუფლების ინტერესები იდო. დაუმორჩილებელ მოსამართლეებს ეწერებოდათ ისეთი საქმეები, სადაც ხელისუფლების ინტერესები არ ჩანდა _ მეუღლეთა უმნიშვნელო დავები, ალიმენტები, ხელშეკრულებები და ა. შ. აქაც თუ აღმოჩნდებოდა, რომ თუნდაც ალიმენტის საქმე რაღაც ფორმით ეხებოდა ხელისუფლების წარმომადგენელს, ისიც აუცილებლად ხვდებოდა სანდო მოსამართლის ხელში.

_ ე. ი. ამ „სკამზე“ სანდო ხალხი ინიშნება ყოველთვის, მაგრამ ცერცვაძემ ეს თანამდებობა ახალი ხელისუფლების მოსვლის მერეც შეინარჩუნა და ამას როგორღა ახსნით?

_ ის დღემდე არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და აღმოსავლეთ საქართველოს მთელი ტერიტორიიდან მიეწოდება საქმეები. ყველაზე მთავარი მაინც თბილისის პირველი ინსტანციის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებია, რომლის შემდეგაც ეს საქმეები საჩივრდება და სააპელაციოში ხვდება. შეიძლება ითქვას, მისი გადაწყვეტილება-განჩინებები არის საბოლოო, რადგან უზენაესი სასამართლო, როგორც საკასაციო სასამართლო, ფაქტობრივად, არ არსებობს. „ნაციონალების“ დროსაც ასე იყო და ახლაც ასეა. საქმეების 95 პროცენტს არ იხილავს უზენაესი სასამართლო და ამას დაუშვებლად აცხადებს. ამ საკიხის ცვლილებას უკვე აპირებენ და კანონპროექტიც მომზადდა, რომლის თანახმადაც, უზენაეს სასამართლოს დაევალება, როცა დაუსწრებლად გამოცხადდება ამა თუ იმ საქმეზე გადაწყვეტილება, მან ის დაასაბუთოს. ჯერჯერობით კი კვლავ საშინელი მდგომარეობაა, რადგან ის არაფერს არ გისაბუთებს და მხოლოდ გიხსნის _ ამა და ამ მუხლის თანახმად საქმის განხილვა არ არის მნიშვნელოვანი სასამართლოს განვითარებისთვის, ამიტომ უარს გეუბნებითო. მხოლოდ გამონაკლის საქმეებზე ხდება განხილვის დაშვება, დანარჩენ შემთხვევაში არის შაბლონური პასუხები. სავალალო და აღმაშფოთებელი არის ისიც, რომ 3 თვე ელოდება ადამიანი უზენაესი სასამართლოს ასეთ ტრაფარეტულ და შაბლონურ განჩინებას, მაგრამ ამ ვადასაც არ იცავენ მოსამართლეები და მხარეს ზოგჯერ 6-8 თვემდე ალოდინებენ.

კვლავ ვალერი ცერცვაძის დანაშაულებრივ ქმედებებზე გავაგრძელებ საუბარს: თბილისის ყოფილი საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე მადონა ღიბრაძემ ერთ-ერთი კონკრეტული საქმის დროს იგი ზეწოლასა და სამოსამართლეო საქმიანობაში ჩარევის გამო დაადანაშაულა. კანონში საერთო სასამართლოების შესახებ განსაზღვრულია, რომ მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევა არის დასჯადი. ამ საქმეში მეც ვმონაწილეობდი და ვიცი, რასაც ეხებოდა. ერთ-ერთ პოლიციელი გაათავისუფლეს სამსახურიდან, რადგან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. პოლიციელმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა, რადგან ლაბორატორიულად იყო დამტკიცებული მისი ყოფნა ნარკოზემოქმედების ქვეშ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა და სააპელაციო სასამართლოში მისი განხილვა დაიწყო მოსამართლე ღიბრაძემ. მან სხდომის ოქმში დააფიქსირა იმ ადამიანების კონკრეტული გვარები, რომლებიც მასზე ზეწოლას ახდენდნენ და მოსამართლისგან ითხოვდნენ ნარკომანობაში მხილებული პოლიციელის გამართლებას. ერთ-ერთი იყო სწორედ ვალერი ცერცვაძე, რომელიც იმ დროს იუსტიციის საბჭოს მდივანი გახლდათ. საქმე ის არის, რომ ამ პოლიციელს ჰყავდა ძმა, რომელიც იმ პერიოდში მუშაობდა ქვემო ქართლის პროკურორად _ მიშა აბულაძე და გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით. ისიც ზურაბ ადეიშვილის დაკვეთებს ასრულებდა. შიდა ქართლში მან არაერთი რეპრესიული ღონისძიება  განახორციელა. „ნაციონალური ხელისუფლების“ შეცვლამდე ის რუსთავში ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად მუშაობდა და აქედან გამომდინარე თქვენც მიხვდებით, თუ საიდან მოდიოდა მოსამართლეზე მისი ძმის გამართლების დაკვეთა. მიშა აბულაძის კისერზეა ქოროღლიშვილის სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც დანაშაული ჩადენილი არ ჰქონდა და მიუხედავად ამისა, სანამ არ გადაახდევინა 30 ათასი ლარი, საპყრობილიდან არ გაათავისუფლა. ასე რომ ვალერი ცერცვაძის ინტერესი აბულაძის ძმის ხელშეუხებლობაზე ზურაბ ადეიშვილის ინტერესიც იყო და ამიტომაც ახორციელებდა ცერცვაძე მადონა ღიბრაძეზე ზეწონას. სასამართლო სხდომის ოქმი არის იურიდიული დოკუმენტი. მას ვერავინ წაშლის და გაასწორებს, ამიტომ ღიბრაძის მიმართ განხორციელდა შურისძიება და ის გაათავისუფლეს სამსახურიდან.

_ უთხრეს, რომ ამის გამო ათავისუფლებდნენ?

_ ამ ამბიდან ცოტა ხანში მოხდა საოლქო სასამართლოს რეორგანიზაცია, ის გარდაიქმნა სააპელაციო სასამართლოდ, რის გამოც ყველა მოსამართლე გაათავისუფლეს და მათი ახლიდან დანიშვნა განხორციელდა. მადონა ღიბრაძე კი, როგორც არასასურველი პირი, აღარ დანიშნეს მოსამართლედ. ცხადია, არ აპატიებდნენ ცერცვაძე და ადეიშვილი მოსამართლეს თავნებობას და სასამართლო ოქმში იმის დაფიქსირებას, რომ ცერცვაძემ დაარღვია საერთო სასამართლოების შესახებ კანონი და კონსტიტუცია. კანონისმოყვარულ ქვეყანაში, ამ საქმის გამო, ცერცვაძეზე აუცილებლად დაიწყებოდა საგამოძიებო მოქმედებები და ის მიეცემოდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. რადგან სხდომის ოქმში დააფიქსირა მოსამართლემ მასზე ზეწოლის ფაქტი, ცხადია, ამ ზეწოლის სატელეფონო საუბრის ამონაწერიც ექნებოდა, რითაც ის დაამტკიცებდა საკუთარ სიმართლეს, თუმცა ცერცვაძის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო არც საქმე აღძრულა და არც ამ საკითხით დაინტერესებულა ვინმე. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო ამ საქმის გამოძიება, მაგრამ მიაფუჩეჩა და დღემდე გადაწყვეტილებაც არ არის მიღებული. მოკლედ, ღიბრაძე გაათავისუფლეს მოსამართლეობიდან და პოლიციელ აბულაძის საქმე მოსამართლე ლეილა მამულაშვილს გადასცეს, რომელმაც მორჩილად შეასრულა ცერცვაძის დაკვეთა და პოლიციელი აღადგინა სამსახურში. ეს მამულაშვილი აპრილში ჩატარებული კონკურსის შედეგად კვლავ დაინიშნა მოსამართლედ, თუმცა პოლიციელი, რომელიც გაამართლა ცერცვაძის დაკვეთით, მას შემდგომ არაერთხელ დააკავეს ნარკოტიკის მოხმარებისთვის.

უბედურება ის არის, რომ ვალერი ცერცვაძესთან გარიგებაში ახალი ხელისუფლებაც შევიდა და ახლა ყველა ერთად, შეხმატკბილებულად საქმიანობს. ამის გამო კი მან მიიღო ხელშეუხებლობის გარანტია და ის თანამდებობას ახლაც ინარჩუნებს.

_ კვლავაც ასრულებს ცერცვაძე ხელისუფლების დაკვეთებს?

_ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ ბევრი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ახალ ხელისუფლებასთან გარიგებული ცერცვაძე კი ამ საქმეებს ისე შეასრულებინებს თავის მოსამართლეებს, როგორც პროკურატურას უნდა _ ვისაც დაუკვეთენ, დაიჭერენ და ვისაც _ არა, გაამართლებენ.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ძმა, გიორგი ცერცვაძე, წინათ გორის მთავარი პროკურორი იყო, მაგრამ 2011 წელს, როგორც არაპროფესიონალი, სამსახურიდან გაუშვეს. რამდენიმე თვის წინ კი ის კვლავ დანიშნეს მცხეთის რაიონის პროკურორად. ცხადია, ესეც ვალერი ცერცვაძისა და ამ ხელისუფლების გარიგების შედეგია. ხაზს ვუსვამ: ეს არის დამნაშავე პროკურორი, რომელმაც ათეულობით ადამიანი გაუშვა ციხეში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე იმის გამო, რომ ადეიშვილს ასე უნდოდა. უკანონო პასუხისგებაში მიგვცა მე და ადვოკატი მარინა მაზანაშვილიც და ეს კაცი კვლავ პროკურორად დანიშნეს. ცხადია, ძველი ღვინო ახალ ჭურში არ ივარგებს და ის დღესაც ძველი მეთოდებით აგრძელებს მუშაობას. ამჟამად წარმოებაში აქვს ვიტალი ჯიოშვილისა და ზურაბ კარელიძის სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება ერთი პირის გათქმითი ჩვენების გარდა, რომელმაც შემდგომ გადათქვა ეს ჩვენება და დაადასტურა, რომ ის დაწერა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. პროკურორ ცერცვაძეს ჯიოშვილი ახლაც საპყრობილეში ჰყავს გამოკეტილი, მაგრამ ავიწყდება, რომ აღარ არის `ნაცმოძრაობის~ ბნელეთი და ამ ადამიანს სასამართლოზე აუცილებლად მოუწევს გამართლება. ჯიოშვილის ამჟამინდელი პატიმრობა განპირობებულია პროკურორ ცერცვაძის არაპროფესიონალიზმით და უკანონო ქმედებებით. ახალმა ხელისუფლებამ ამ ადამიანის დანაშაულებების შესახებ კარგად იცის, რადგან არაერთი საჩივარია შესული მთავარ პროკურატურაში. სხვათა შორის, ევროპული სასამართლოს მიერ შესწავლილი საქმეებიდანაც არის გამოკვეთილი ამ პიროვნების დანაშაულებრივი ქმედებები, მაგრამ, როგორც ვატყობ, ხელისუფლებას ეს არ აინტერესებს. მათ აინტერესებთ მხოლოდ ის, რომ აწარმოონ შურისმაძიებლური პოლიტიკა არაცივილიზებულად. ეშმაკსაც კი შეეკვრება ხელისუფლება, ოღონდ მათი დავალებები შეასრულოს.

_ ასე რომ საუბრობთ, კიდევ რა დანაშაული აქვს ჩადენილი ვალერი ცერცვაძეს?  

_ სხვა საქმეშიც აქვს მოსამართლეზე ზეწოლა განხორციელებული. ეს არის სამოქალაქო საქმე, მაგრამ ის შეეხებოდა ზურაბ ადეიშვილის დაცვის წევრს. მაშინ ვალერი ცერცვაძე მთავარი პროკურატურის განყოფილებაში მუშაობდა და სწორედ მან გადასცა სასამართლოს თავმჯდომარეს ადეიშვილის ნათქვამი, რომ მისი დაცვის წევრის სასარგებლოდ უნდა ყოფილიყო გამოტანილი გადაწყვეტილება, შემდეგ კი სააპელაციოში მოითხოვეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ვერც ცერცვაძე და ვერც მისი ძმა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას ხელს ვერ შეუწყობენ. თუ არ დადგა ასეთი ადამიანების პასუხისმგებლობა, ქვეყანაში სამართალი ვერ აღდგება. ამიტომ ახალი ხელისუფლების მიმართ ხალხს უნდობლობა გაუჩნდა. ვერაფრით დავიჯერებ, რომ ვალერი ცერცვაძეს ამჟამად არ აქვს ადეიშვილთან კონტაქტი. ადეიშვილმა აქცია ის კაცად. ძმები ცერცვაძეების თანამდებობებზე ყოფნით მტკიცდება ის, რომ ისევ ადეიშვილი და „ნაციონალები“ მართავენ საცეცების მეშვეობით პროკურატურას და სასამართლოს. ასეა სხვა სფეროებშიც და „ნაცმოძრაობა“ ყველა მიმართულებითაა ინფორმირებული.

ვალერი ცერცვაძე ახალი ხელისუფლების მოსვლისას უცხოეთში გაიქცა, რადგან მადონა ღიბრაძე მთავარ პროკურატურაში გენინსპექციის უფროსად დანიშნეს და დაჭერის შეეშინდა. მერე კი მიიღო გარანტიები და დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი არის სასამართლოს თავმჯდომარე, მის მიერ განხილულ საქმეს ვერ ნახავთ. ხელფასებსა და დანამატებს იღებს იმისათვის, რომ სასამართლოში ადეიშვილის საქმე აკეთოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოც ადეიშვილის ერთგული კადრებით არის დაკომპლექტებული და ამიტომაც ისევ გარიგებებით, მეგობრობით, ნათესაობით ინიშნებიან თანამდებობებზე. ხელისუფლება კი თვალში ნაცარს გვაყრის და გვეუბნება, რომ ცუდი არაფერი ხდება.

 

                                                                                               ნელი ვარდიაშვილი