„თამაზაშვილის პროტეჟე ვარ და ამ სკამზეც ამიტომ ვზივარ!“

kon

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ნატალია ხოხიაშვილი, „ქრონიკა+“-ს წალკის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ტენდერების დანაშაულებრივ მხარეებზე ესაუბრა. მისი თქმით, წალკის გამგებელს ჰყავს ძლიერი მფარველები და ამიტომ ყველა დანაშაულს ჰპატიობენ.

ნატალია ხოხიაშვილი:

_ 2012 წელს ილია საბაძე გამგებელი გახდა. 2015 წელს გამოვითხოვეთ 2013-14 წლებში წალკის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ტენდერების მასალები და აღმოჩნდა, რომ მარტო ერთ საქმეში დახარჯულია 4 მილიონამდე ლარი, თუმცა ეს საქმე შესრულებული არ არის და რაიონს იგივე პრობლემა ახლაც აქვს.

_ კონკრეტულად?

_ წალკაში ყველაზე დიდი თანხები გახარჯულია წყლის რეაბილიტაციისთვის. ტენდერში შპს „დილდინგ დეველოპერმა“ გაიმარჯვა. მისი დირექტორი არის ალექსი სიხუაშვილი. მარტო 2014 წელს მის ფირმას ამ საქმიდან 634 704 ლარი ჩაერიცხა, 2013-ში კი _ 729 777 ლარი. ფირმა დიდი ხნის წინ დაარსდა, თუმცა 2012 წელს ხელმძღვანელი შეეცვალა და ამის შემდეგ მიიღო კიდევაც ტენდერებში კონკურენტის გარეშე მონაწილეობა. ვვარაუდობ, თუმცა გამოძიებამ გაარკვიოს, რომ სიხუაშვილი დაახლოებულია ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე მაჟორიტარ დეპუტატთან, ამიტომაც იმარჯვებს ტენდერებში. ადგილობრივმა მოსახლობამ ტენდერებთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა სამართალდამცველ უწყებებს, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. არადა, ადგილობრივებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს და არც ჩაეძიებიან, ვინ და რატომ არის ტენდერში გამარჯვებული, თუ საქმე მართლაც გაკეთდება.      სოფელ თრიალეთში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა წყლის რეაბილიტაცია-ფილტრაციისთვის, თუმცა ამ წყლით ბავშვები მოიწამლნენ. როცა წყალი ლაბორატორიაში წაიღეს და ანალიზი ჩაუტარეს, აღმოჩნდა, რომ ის სამი სახის ბაქტერიას შეიცავდა. ფაქტზე გამგეობამ ცინიკური კომენტარი გააკეთა: მართალია, რეაბილიტაციაში 700 ათასი ლარი დავხარჯეთ, მაგრამ წყალი გადადუღებული დალიეთო(!!!). ამის გამო წალკაში „რუსთავი 2-„იც ჩამოვიდა. როცა ისინი მოსახლეობას ესაუბრებოდნენ, გამგეობის წარმომადგენლებიც მოცვივდნენ, _ ჩვენც გამოვიკვლიეთ წყალიო. სასაცილოა: მათი ანალიზის პასუხშიც იმ სამი სახის ბაქტერიის შტამპი აღმოჩნდა! ორივე ანალიზი სხვადასხვა ლაბორატორიაშია ჩატარებული. მათ წაკითხული არ ჰქონდათ, რა ეწერა ანალიზში, რომელიც ჩაატარებინეს. აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად ამტკიცებდნენ, თითქოს მათი ანალიზის პასუხით სასმელი წყალი  სუფთა და სასმელად ვარგისი იყო.

2013 წელს სოფელ გუმბათში წყლის მილების რეაბილიტაციაზე 390 ათასი ლარია დახარჯული და მერე კიდევ დაამატეს 13 938 ლარი. წავედით იმ ადგილზე, სადაც გაკეთებული უნდა ყოფილიყო წყლის რეზერვუარი. აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი მდინარის წყალი მიეწოდებოდა მილებით მოსახლეობას და იგი არ იფილტრებოდა. ონკანში შავი ფერის წყალი მოდიოდა.

სოფელ ხაჩკოვში წყლის რეაბილიტაციაზე ერთი ტენდერით დახარჯულია 14 172 ლარი, მეორით _ 16 648 ლარი, გაკეთებული კი არაფერია. მხოლოდ სოფლის რამდენიმე ადგილზეა ონკანი და მოსახლეობაც იქიდან ხელით ეზიდება. სოფელ იმერაში 237 995 ლარი დაიხარჯა წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებში და მხოლოდ ნახევარ სოფელს აქვს წყალი. ცხენებით ჩადიან სოფლის მეორე მხარეს წყლის წამოსაღებად. სოფელ დაშბაში ამ საქმისთვის გამოიყო 158 718 ლარი და წყალი არ აქვთ. ეს თანხები მიითვისა ზემოაღნიშნულმა ფირმამ, რომელსაც ორი წლის განმავლობაში კონკურენტი არ ჰყავდა. იმედია, სამართალდამცველები დაინტერესდებიან.

_ თქვენი აზრით, ფირმის ხელმძღვანელობაა დამნაშავე, თუ ის, ვინც ამ ფირმას მოაგებინა მრავალათასიანი ტენდერები?

_ ფირმამ სრულად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, მაგრამ შემკვეთი ვალდებულია, არ ჩაიბაროს შეუსრულებელი საქმე. შეუსრულებელ სამუშაოებზე პასუხს აგებს გამგეობა და საკრებულო, რომლებთანაც ხელშეკრულებაა გაფორმებული. ეგენიც გარიგებაში შედიან.

სოფელ იმერაში წყლის რეაბილიტაციისთვის 2013 წელს ასევე დაიხარჯა 245 440 ლარი, 2014 წელს ამ საქმეში კიდევ გაიღეს 9 110 ლარი, თუმცა ამჯერად შპს `ქეთიმ~ აიღო ეს თანხა, მაგრამ არც ერთს არაფერი გაუკეთებია.

წალკაში გზების რეაბილიტაციაზე ორი ფირმა მუშაობდა: შპს „საფარი“, რომლის ხელმძღვანელიც ალექსანდრე მანველიძეა და შპს „ნიუ კომპანი“. „საფარმა“ 2014 წელს შემოვლითი გზების რეაბილიტაციისთვის მიიღო 8 958 ლარი, სოფლის დამაკავშირებელი გზებისთვის კი _ 151 097 ლარი. წვიმის დროს ამ გზებზე გავლა შეუძლებელია. შპს „ნიუ კომპანის“ დირექტორია გიორგი ლომიძე, მას წალკაში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციისთვის 657 820 ლარი გამოუყვეს, თუმცა წვიმაში ამ ქუჩაზეც ვერ გაივლი. აქ ასფალტი წინათაც იყო, ამიტომ გზის დაკერებაში აიღეს ამხელა თანხები. შიდა მოხრეშვითი სამუშაოებისთვის 151 097 ლარი მიიღო შპს „საფარმა“, მაგრამ ხრეშის ნასახს ვერ ნახავთ! შპს „ნევრუ ადის“ დირექტორი არის დავით ჟღენტი. მას მუნიციპალიტეტმა, ჯავახიშვილისა და არისტოტელეს ქუჩის რეაბილიტაციისთვის, გადაუხადა 259 981 ლარი. ამავე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ტენდერი მოიგო შპს „მეორე საგზაო საექსპლუატაციო სამმართველომ“, რომლის დირექტორიც არის ლევან ჩაგელიშვილი. მათ აიღეს 367 850 ლარი. ფირმამ რაღაც დონეზე შეასრულა სამუშაო, მაგრამ 2014 წელს საბაძემ იგივე ქუჩაზე იგივე სახის ტენდერი გამოაცხადა, რომელიც მისმა ფავორიტმა „ნიუ კომპანიმ“ მოიგო და 657 820 ლარი მასაც გადაურიცხეს. გაკეთებულ გზაზე გამოაცხადეს უფრო დიდი თანხის ტენდერი და როგორ ვიფიქრობთ, ეს თანხები საქმეს მოახმარეს და ჯიბეებისკენ არ წაიღეს? ყველა დოკუმენტი პროკურატურაში შეიტანეს ადგილობრივებმა! _ რეაგირება _ ნული! ვაპირებთ ჩვენი ორგანიზაციის სახელით შევახსენოთ პროკურატურას! მაგრად უფრთხილდებიან საბაძეს. გავაგრძელებ ჩამონათვალს: 2012-13 წლებში სოფელ კოხტაში თანხა გამოიყო მინისტადიონის მოსაწყობად. გამგეობამ ეს ხელშეკრულება არ მოგვაწოდა, ამიტომ არ ვიცით თანხის რაოდენობა… თუმცა ცნობილია, რომ სტადიონის კეთილმოწყობაზე ფულის დახარჯვის შემდეგ ამ სოფლის რწმუნებულმა, ზურაბ კონცელიძემ, ეს სტადიონიც გაიფორმა პირად საკუთრებაში და მიმდებარე მიწის ნაკვეთიც. ვეჭვობთ, მასში არაფერი გადაუხდია.

პირუტყვის გადასარეკი ტრასის რეაბილიტაციისთვის 28 883 ლარი გამოყო, მაგრამ არც ამ გზის გაკეთებაზე მოუკლავს ვინმეს თავი. სოფელ კირიაქში სარიტუალო სახლის რეაბილიტაციისთვის გადარიცხეს 65 ათასი ლარი. ამ თანხით ახალ სახლს ააშენებდნენ, მაგრამ მას გაკეთების არაფერი ეტყობა. სოფელ წინწყაროში სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოიყო 370 ათასი ლარი. ამ სკოლაში სწავლობს 20 ბავშვი, თუმცა ესეც რომ არ იყოს, ამხელა ფული მთელ სოფელს ააყვავებდა. ამის შემდეგ სკოლაში წყალი ჩამოდის, კედლები შეუღებავია და იატაკიც არ ვარგა! იქნებ, სამართალდამცველებს უთხრან, რა გააკეთეს ამ ფულით? სოფელ გუნიაკალაში 2014 წელს რიტუალების სასახლისთვის 21 365 ლარი დაიხარჯა, მაგრამ იქ რიტუალების სასახლე არსად დგას და ვერც რესტავრირებული შენობა ვნახეთ. მოსახლეობის თქმით, როცა გამგებლად საბაძე დაინიშნა, წაკლის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის გამოიყო 50 ათასი ლარი. ამის საფასური იყო ის, რომ ქვის ღობე, რომელიც პარკს აქვს შემორტყმული, მწვანედ შეღებეს.

_ სულ ეს არის საბაძის ცოდვები?

_ არა მგონია, ეს ცოტა იყოს, თუმცა ცოდვები კიდევ აქვს: 2015 წლის იანვარში წალკის მუნიციპალიტეტშიც ჩატარდა საატესტაციო გამოცდები, მაგრამ  ისეთი ადამიანები დანიშნეს, რომლებიც ჩაიჭრნენ, ან გამოცდაზე საერთოდ არ გასულან. მარინა ირემაძემ 42 და 34 ქულა მიიღო, მაგრამ სოფლის რწმუნებულად დანიშნეს მურად ირემაძე, რომელიც გამოცდაზეც არ გასულა. სოფელ სამებაში სუსანა ნალბანდიანმა და ავთო აბულაძემ მაღალი ქულები მოაგროვეს, მაგრამ იქ მანამდე უკვე მუშაობდა გამგებლის ნდობით აღჭურვილი პირი, ჯულიეტა ჩხეტიანი და ისევ ის დატოვეს, არადა მას დაბალი ქულები აქვს. სოფელ კუშში არამ ბაბოიანმა მიიღო 40 და 39 ქულა. მას ჰქონდა 250 ადამიანის ხელმოწერა, ითხოვდნენ მის სოფლის თავკაცობას, წალკის მუნიციპალიტეტმა ეს არ გაითვალისწინა. დანიშნეს ვართან მერაბიანი, რომელსაც 34 ქულა ჰქონდა. სოფელ საყდრიონში მერაბ ჯაყელმა 40 და 29 ქულები მიიღო, მაგრამ დანიშნეს არჩილ ფუტკარაძე, რომელსაც 18 და 14 ქულა ჰქონდა, ანუ ამ ადამიანმა გამოცდა ვერ ჩააბარა. სავარაუდოდ, სამსახურებში დანიშნული დაბალქულიანი, ან ჩაჭრილი ადამიანები იყვნენ გამგებლის ახლობლები. ბესო წულუკიძემ 36 ქულა მიიღო, თუმცა სოფელ გუმბათში რწმუნებულად დანიშნეს გია კახაძე, რომელმაც ზღვარიც ვერ გადალახა. ნოდარ მგელაძემ სოფელ ახალშენში 36 და 26 ქულა მიიღო და მის ნაცვლად სამსახურში მიიღეს ედუარდ კოლოიანი, რომელსაც გამოცდა არც კი ჩაუბარებია. საბაძე წალკის რაიონში ფეოდალი რომ არის, ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. წალკაში, საჯარო სამსახურებში, ძირითადად, მისი და საკრებულოს თავმჯდომარის ნათესავები მუშაობენ. ბენო ნიკოლაიდისი არის საბაძის სიძე _ ის წალკის კომისარიატში მუშაობს. საბაძის ცოლისდა საკრებულოს ადმინისტრაციაშია, ყოფილი გამგებლის, ცქიტიშვილისა და საბაძის აპარატის უფროსია. ცქიტიშვილს წალკაში საბაძის კლანის წევრად მოიაზრებენ და დიდი ბიზნესწილები აქვს. საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი გიგინეიშვილის დისშვილი არის საბაძის მრჩეველი. გიგინეიშვილის დისშვილის მეუღლემ კი 2015 წლის იანვარში 8-ათასლარიანი ტენდერი მოიგო. ამ პროექტით მას ძაღლებისგან უნდა გაეთავისუფლებინა რაიონი, მაგრამ წალკაში ახლაც უამრავი მაწანწალა ძაღლია. რამდენიმე დღის წინ სოფელ საბეჭისში გაიყიდა სასაფლაო და მიმდებარე ტერიტორია. ახალი მეპატრონე მოსახლეობას იქიდან მიცვალებულების გადასვენებას სთხოვდა! სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას ხალხი საძოვრებად იყენებდა. წალკა მეცხოველეობის მხარეა, მაგრამ ახლა იქ ხალხი საძოვრების გარეშეა დარჩენილი. ამის გამო დიდი შეხლა-შემოხლაც მოხდა, პოლიციაც მივიდა, მაგრამ ის ახალგაზრდა დააკავეს და დააჯარიმეს, რომელმაც ხმა ამოიღო და თქვა, რატომ გაგვიყიდეთ საძოვრებიო. `ოცნება~ ხელისუფლებაში ახალი მოსული რომ იყო, სოფლის მეურნეობის ვაუჩერები დაარიგეს, მაგრამ 1500 ადამიანს ეს ვაუჩერი არ მიუღია. სად წავიდა ეს ფული? დაახლოებით ორი კვირის წინ წალკის რაონში გარდაიცვალა საბაძის პირველი მოადგილე, ამირან ირემაძე. სწორედ ირემაძე იყო საატესტაციო გამოცდების ხელმძღვანელი და ასრულებდა საბაძის მითითებებს. ის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ამბობენ,  გარდაიცვალა ინფარქტით, თუმცა მოსახლეობას გაუჩნდა ეჭვი, რომ შეიძლება ის მოიცილეს, რადგან ბევრი რამ იცოდა. არც ის იცის არავინ, რა მოხდა წინა დღეს, სანამ 50 წლის ადამიანს ინფარქტი დაემართებოდა?! ვთხოვ ხელისუფლებას, რადგან ეს ეჭვები ხალხში არსებობს, დაინტერესდნენ ამ ფაქტით და ირემაძის გარდაცვალების საქმე სრულფასოვნად შეისწავლონ.

წალკაში იმასაც ამბობენ, რომ იქ არსებობს საბაძე-შავლოხაშვილი-ცქიტიშვილის კლანი, რომელიც წალკის შემოსავალს ინაწილებს. ცქიტიშვილი წლების განმავლობაში იყო წალკის გამგებელი და ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის მითითებებს ზუსტად ასრულებდა. ხალხი ლაპარაკობს, რომ ერთ-ერთ სუფრასთან მისთვის კირკიტაძეს უბრძანებია, სკამზე ადი და იქ დადექიო. ამხელა კაცი უსიტყვოდ დამდგარა საკამზე და სანამ კირკიტაძეს არ გაუთავისუფლებია, არ ჩამოსულა. ასეთი ხალხი დღეს წალკაში კვლავ მმართველ ძალას წარმოადგენს! საბაძის მოადგილე არის ხიმიკაძე, რომელზეც ამბობენ, რომ უმაღლესი განათლება არ აქვს, მაგრამ უწერია, რომ უმაღლესდამთავრებულია. დიპლომი არის ყალბიო. სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით ყალბი დოკუმენტის გამოყენება დასჯადი ქმედებაა. ამ ფაქტზე გადამოწმების მოთხოვნით პროკურატურაში შევიტან განცხადებას.

წალკის მოსახლეობის თქმით, საბაძე ავრცელებს ხმებს, რომ მას ვერავინ ვერაფერს უზამს, რადგან მფარველობენ თამაზ თამაზაშვილი და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი: თამაზაშვილის პროტეჟე ვარ და ამ სკამზეც ამიტომ ვზივარო! _ აცხადებს იგი. ამ რეგიონში ახლახან შეიცვალა გუბერნატორი. წალკის მოსახლეობა ახალ გუბერნატორთან, პაატა ხიზანიშვილთან რამდენიმეკაციანი დელეგაციით ჩავიდა. სთხოვეს, წალკისთვის მეტი ყურადღება დაეთმო. ეკომიგრანტები იქ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, არსებობის საშუალებაც კი არ აქვთ და იძულებულები არიან, დაბრუნდნენ აჭარაში, სადაც ასევე არაფერი გააჩნიათ. წალკის რაიონი იცლება ქართველი მოსახლეობისგან! ახალი გუბერნატორი წალკაშიც ჩავიდა, მაგრამ მხოლოდ იმ ხალხს შეხვდა, ვინც  საბაძემ მიუყვანა. ხალხში გავრცელდა ხმა, რომ საბაძემ გამგებლის ადგილის შენარჩუნებისთვის და საქმეების მიჩქმალვისთვის გუბერნატორსა და მის ყოფილ მოადგილეს თანხა გადაუხადა. ამჟამად ქვემო ქართლის გუბერნატორი არის ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და ვერ ვიფიქრებდი, ეს ადამიანი ამას თუ გაბედავდა. საბაძე ყიდულობს ყველას და ყველფერს: იყიდა თამაზაშვილი, ღარიბაშვილი, გუბერნატორი… თუ ეს ასე არ არის, თუ მართლა არ აფარებენ ხელს, შავლოხაშვილი და ძიძიგური (როგორც ამბობენ), მაშინ პრემიერ-მინისტრმა და ამ ადამიანებმა აიყვანონ პირად კონტრორზე ის საქმეები, რომელიც „ქრონიკა+“-თან დავასახელე და პროკურატურაშიც დევს.

ამჯერად მე მივმართავ პროკურატურას განცხადებით და პასუხი თუ ახლაც ვერ მივიღეთ, ფართომასშტაბიან აქციებს დავიწყებთ გამგებლის გადაყენების მოთხოვნით. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აპირებდნენ წალკელები საქონლითა და მთელი ოჯახობით თბილისში ჩამოსვლას აქციის გასამართავად და ეს აქცია ახლა აუცილებლად ჩატარდება.

„ქრონიკა+“ წალკის გამგებელს, ილია საბაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ზემოთ აღნიშნულ ბრალდებებზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

„სოფელ თრიალეთში უნდა აშენებულიყო წყლის ფილტრიო, ამბობს ეგ ადამიანი, მაგრამ არანაირი თანხა არსაიდან არ ყოფილა ამისთვის გამოყოფილი, რადგან მე სოფელ თრიალეთში აღვადგინე არსებული მილები და ფილტრაცია აღარ სჭირდებოდა. შევცვალეთ მწყობრიდან გამოსული, განადგურებული მილები და ამიტომ მოემატა წყალი.

მე რომ დავიწყე მუშაობა, სოფელ გუმბათში სწორედ მაშინ მოდიოდა მდინარიდან მილებში წყალი, მაგრამ იქ ავაშენე ფილტრი. ამაზე ტენდერია გამოცხადებული და ნამდვილად არის აშენებული. როგორ არ არის იქ ფილტრი?! ეს რა სიცრუეა?! მე მოგაწვდით დოკუმენტებს, ფოტოებს, თუ როგორ არის აშენებული იქ ფილტრი, თუ გნებავთ, განახვებთ კიდევაც, სოფლებში როგორი წყალი მოდის და ა. შ. აუცილებლად ჩამოგიტანთ ამ დღეებში ყველა მის ბრალდებაზე დოკუმენტებს, მასალებს და დავამტკიცებ, რომ ის ამ ყველაფერს იგონებს. ჩემს მოადგილეზე, გარდაცვლილ ადამიანზე როგორ შეიძლება, ასე ილაპარაკო?! ის ჩემი მეგობარი იყო. ისეთ რაღაცებს მაბრალებენ, არ ვაპირებ მოთმენას. აუცილებლად მოვალ თქვენთან სათანადო მასალებით“.

 

                                                                                              ნელი ვარდიშვილი