ბორჯომის ჩინოსნების ქეიფზე 67 ათასი ლარი დაიხარჯა!

ert

ბორჯომის საკრებულოს წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“, გიორგი გიუაშვილი, თვითმმართველობაში ჩატარებული ტენდერებით ბიუჯეტის გაფლანგვაზე საუბრობს. მისი თქმით, ასეთი საეჭვო ტენდერები თანხების მითვისების მიზნით ტარდება, მისი ინიციატორები კი საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი არიან.

 

„ქრონიკა+“-ს გიორგი გიუაშვილი ესაუბრება: 

_ მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს წევრი ვარ და კანონი მაძლევს უფლებას, მუნიციპალიტეტის ნებისმიერ სამსახურში შევიდე და დოკუმენტაცია მოვითხოვო, საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად განცხადებას ვწერ, მაგრამ პასუხს მაინც ვერ ვღებულობ. მეუბნებიან ხოლმე, საკრებულოს თავმჯდომარესთან არის თქვენი განცხადება და პასუხი ჯერ არ გაუციაო. ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე, ზაზა ჩაჩანიძე და გამგებელი დიმიტრი ყიფიანი მიიჩნევენ, რომ კანონიც და კონსტიტუციაც თავად არიან და ვისაც არ უნდათ, რომ ინფორმაცია მისცენ, არც აძლევენ. საჯარო ინფორმაციებს მუნიციპალიტეტში სწორედ ეს ადამიანები ბლოკავენ.

_ რადგან ინფორმაციას მალავენ, ე. ი. ის მათთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ არ უნდათ, საჯარო გახდეს. მაინც, რა აქვთ დასამალი ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს და გამგებელს?

_ დეკემბრის შემდგომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში გამოცხადდა უამრავი ტენდერი. ყველა მათგანზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ საეჭვო ტენდერების შესახებ გეტყვით. მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო საშუალებებისა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე (იგულისხმება მანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება) 5 თვეში 9 ტენდერი ჩატარდა და სხვადასხვა დროს ამ საქმეში დაიხარჯა: 10 633 ლარი; 88 695 ლარი; 14 867; 3520; 4500; 18 884 და ა. შ. ამ დროს მუნიციპალიტეტს ისეთი ძველი მანქანები არ ჰყავს, ამდენი ხარჯი რომ დასჭირდეს. მაისის დასაწყისში კი ერთბაშად შეიძინეს 4 ავტომანქანა, რომლისთვისაც 45-ათასლარიანი ტენდერი გამოაცხადეს. დიდთანხიანი ტენდერებია გამოცხადებული მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის მობილურების, კომპიუტერების, ჯიბის კომპიუტერების, კალმების, მელნების, ფურცლების შესაძენად. უფრო კორკრეტულად კი 5 თვის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, დახარჯულია 14 000 ლარი; 21 000 ლარი; 15 000 ლარი და სხვ. სად არის ის კომპიუტერები, რომელიც ამ თანხებით შეიძინეს, ესეც გაურკვეველია, რადგან მუნიციპალიტეტში ისედაც ყველას აქვს ახალი კომპიუტერები და სხვა საჭირო ტექნიკა.

ოქტომბერში ბორჯომის მუნიციპალიტეტმა საკმაოდ საინტერესო ტენდერი ჩაატარა: 10 ათასი ლარი აიღეს ბიუჯეტიდან ქსოვილების, ფარდებისა და სამგზავრო პლედების შესაძენად. სამგზავრო პლედები, ან ქსოვილები ვის და რატომ შეუძინეს, გაუგებარია. ბორჯომის მუნიციპალიტეტში 1-ლ იანვრამდე ვინც იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მას დავუკავშირდი. ეს ადამიანი ყველა მათ საქმეს აპიარებდა და წესით, უნდა სცოდნოდა, რისთვის შეიძინეს ქსოვილები და პლედები, ან შემდეგ სად წაიღეს?! ჩემდა გასაკვირად, ეს ამბავი მანაც არ იცოდა და ცხადია, ვერც გაიხსენა. ე. ი. ბორჯომის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ყველაფრიდან და ყველანაირად აკეთებს ფულს.

_ კიდევ რა სახის ტენდერები ტარდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში?

_ წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტს აქვს 12-მილიონიანი ბიუჯეტი. ამხელა თანხა ბორჯომს მხოლოდ 2005 წელს ჰქონდა. ამ ფულით, მიზნობრივად რომ იხარჯებოდეს და ვიღაცების ჯიბეებში არ იქაჩებოდეს გაურკვეველი ტენდერებით, ბორჯომელებისთვის ბევრი სიკეთის გაკეთება შეიძლება, მაგრამ.

გამგეობის წარმომადგენლობით ხარჯებში შედის რესტორნის თანხები. გასულ წელს ამისათვის 35 ათასი ლარი გამოიყო ბორჯომის ბიუჯეტიდან, წელს _ 32 ლარი, საიდანაც გარკვეული ნაწილი უკვე დახარჯულია. საკმაოდ საეჭვო სიტუაციებში ხარჯავენ _ ერთ დღეს ორი ვახშამი აქვთ ჩატარებული რესტორანში და ამისთვის თანხას ბიუჯეტიდან იხდიან. ორი წლის განმავლობაში 67 ათასი ლარი რესტორნის ხარჯებისთვის, ბორჯომის პირობებზე, ძალიან დიდი თანხაა. საქართველოში სტუმარ-მასპინძლობა კარგი ვიცით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ათასობით ლარი ჭამა-სმაში უნდა დახარჯონ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და რიგითი ადამიანები გაჭირვებულ ყოფაში იყვნენ. პარასკევს, 15 მაისს ჩატარდა საკრებულოს სხდომა, სადაც მესამე საკითხად გაიტანეს მოუმზადებელი თემა და ის დროებით გადაიდო, თუმცა იქვე თქვეს, რომ დაინიშნება რიგგარეშე სხდომა და ისვე შემოიტანენ ამ საკითხს განსახილველად. ამჯერად საქმე ეხება ბორჯომის პარკის ტენდერებს.

_ ბორჯომის პარკში ტენდერები რაზე ცხადდება?

_ სეზონზე, ყოველ ზაფხულს, პარკში ცხადდება ტენდერი სხვადასხვა ლოტზე: სავაჭრო ლოტზე, გასართობზე, გამაჯანსაღებელზე, ბატუტებზე, აუზებზე, ატრაქციონებზე, სათამაშო მანქანებზე, ფეხბურთის სტადიონზე და ა. შ. მოსახლეობა ამ ტენდერის გამოცხადებას მოუთმენლად ელის, რადგან მათთვის საარსებო წყარო სწორედ ეს არის. საკრებულოსა და გამგეობის თავკაცებმა ამ მექანიზმის ხელში ჩაგდება გადაწყვიტეს და ახლა უნდათ, რომ გარკვეული ლოტები გააერთიანონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტენდერი ჩატარდება 3-4 ლოტზე და ცალკეული სფეროები კონკრეტული ადამიანების ხელში მოექცევა. ანუ პარკში არსებულ კვების ობიექტებს მხოლოდ ერთი ჩაიბარებს, სპორტულ და გასართობს _ მეორე, ე. ი. პარკში მონოპოლიებს აკეთებენ. მსხვილ ტენდერებში თანხაც მეტი იქნება გადასახდელი, რაც რიგითი მოქალაქეებისთვის მიუწვდომელია. ასეთ ტენდერებში მათი ახლობლები მიიღებენ მონაწილეობას და გაიმარჯვებენ კიდეც. ფაქტობრივად, ქმნიან მონსტრებს, დამატებითი ფულის კეთების ზედმეტ რგოლებს.

_ ფულის კეთების სქემა როგორი იქნება? 

_ ამ ობიექტებზე ის ხალხი არ დაიწყებს მუშაობას, ვინც ტენდერებს მოიგებს. აქამდე ასე იყო, მოქალაქეები იგებდნენ წვრილ-წვრილ ტენდერებს და იქ თავადვე საქმდებოდნენ. ახლაც იგივე გაუბედურებულ ხალხს ამუშავებენ, მაგრამ ამჯერად თავადაც იქნებიან ჩამდგარი მათსა და მუნიციპალიტეტს შორის შუამავლის როლში და ამ ფორმით ფულს გააკეთებენ. ჩანს, უკვე იციან, ამ ტენდერებს ვინც მოიგებს, სხვანაირად ასეთ რისკზე ვერ წავიდოდნენ. ტენდერი რომ ჩავარდეს, ბორჯომში სეზონის ჩაშლას გამოიწვევს. ტენდერის ჩატარების შემდეგ ეს ადამიანები რასაც უნდათ, იმას გააკეთებენ და ვერავინ ვერაფერს ეტყვის. წინათ გლეხს 300 ლარში თუ ჰქონდა პარკში რომელიმე ობიექტი აღებული, ახლა ტენდერში გამარჯვებული მას თანხას მოუმატებს და ერთეულები და მუნიციპალიტეტის თავკაცთა რჩეულები გამდიდრდებიან, ხალხის მდგომარეობა კი უფრო დამძიმდება. აი, ეს დანიშნულება აქვს ამ ახალ, მოსალოდნელ ცვლილებას. ბორჯომის პარკში მუხები გადაჭრეს და ესენი რას არ მოიფიქრებენ და გააკეთებენ?!

_ მუხები რატომ დაჭრეს?

_ ჯანსაღი ხეები 3-მეტრიან ჯირკებად აქციეს და ამას დაარქვეს სანიტარიული ჭრა. ჩემი აზრით, რეალურად ისინი ასუფთავებენ ტერიტორიას, უფრო მეტი ფულის კეთება რომ შეძლონ. ასეთ საქმეებში ვისაც თათი აქვს ჩაყოფილი, აუცილებლად საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებელის, ან დეპუტატის საახლობლო წრიდანაა. სხვა იქ, უბრალოდ, ვერ მოხვდება.

ამ კვირაში აპირებენ ბორჯომპარკის ტენდერების ამ ფორმით გამოტანას საკრებულოს სხდომაზე, რასაც მოსახლეობის მხრიდან აუცილებლად ექნება რეაქცია. უეჭველად ატყდება ერთი ამბავი, რადგან მოსახლეობა იმედის თვალით შეჰყურებს ზაფხულის სეზონს და ესენი ცხოვრების ამ შანსსაც უსპობენ.

 „ქრონიკა+“ კომენტარისთვის ბორჯომის გამგებელს, დიმიტრი ყიფიანს დაუკავშირდა:

_ ეგ ადამიანი (რესპონდენტი გიორგი გიუაშვილი, _ რედ.) არის საკრებულოს წევრი და, ალბათ, უნდა იცოდეს, რომ ტენდერი ტარდება წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის ავტოპარკის მომავალი წლის ტექნიკურ მომსახურებაზე. ეს არის ერთი ტენდერის თანხები, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს და შეიძლება არ დაიხარჯოს. თუ ავტომანქანა გასაკეთებელი არ არის, მას არავინ გააკეთებს. ბორჯომში ჩატარდა ორი ბაღის რეაბილიტაცია, ერთი ახალი ბაღი კი გაიხსნა. ფარდები და პლედებიც ბაღის ბავშვებისთვის შევიძინეთ. რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ბორჯომი ტყიბული ხომ არ არის? აქ ჩამოდის ბევრი სტუმარი _ ადგილობრივიც და უცხოელიც, ამიტომ მათ დახვედრას და გამასპინძლებას გარკვეული თანხები სჭირდება. ერთ დღეს ორი რესტორნის ხარჯს რაც შეეხება, შეიძლება დელეგაცია იყო ჩამოსული და ადამიანი, მე მგონი, დღეში სამჯერ ჭამს. ამიტომ როცა სტუმარი ჩამოდის, მისი მასპინძლობა ითვალისწინებს სადილისა და ვახშმის მირთმევას.

ბორჯომ-პარკის აუქციონის ლოტებზეც გეტყვით: როგორც აქამდე ტარდებოდა, 30-მდე ლოტით, ახლაც ისევე ტარდება და არ გაერთიანებულა ეს ლოტები. სხვადასხვა ლოტია და როგორ უნდა გაერთიანდეს? ცრუობს ბატონი გიუაშვილი. პარკში მუხების მოჭრაზეც გეტყვით. არსებობს საკრებულოს გადაწყვეტილება, გვაქვს ექსპერტების დასკვნა, რომლებმაც შეაფასეს ეს ხეები. გადაბელვა მოხდა კანონისა და სტანდარტების სრული დაცვით“.

 

                                                                                                               ნელი ვარდიაშვილი

dr1

dr2