ყოფილი პატიმარი რეაბილიტაციასა და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს

es345

ჩვენი რესპონდენტი, 38 წლის მორეს კურტანიძე, ორჯერ არის ნასამართლები, _ რვაწლიანი სასჯელი წინა ხელისუფლების დროს, ხოლო ერთწლიანი ახლა მოიხადა. ორივეჯერ ყაჩაღობის ბრალდებით დააპატიმრეს, რის ჩადენასაც თავად კატეგორიულად უარყოფს. ამტკიცებს, რომ არარსებული დანაშაულისთვის ციხეში გაუშვეს. მის მიმართ სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, რადგან ეშინია, რომ მესამეჯერაც და მეოთხეჯერაც „პროვოცირებას მოუწყობენ და დააპატიმრებენ“.

„ქრონიკა+“-ის ტრიბუნის საშუალებით მორეს კურტანიძე, მიმართავს უფლებადამცველებს, ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

_ პირველი სასჯელი არარსებულ დანაშაულზე მოვიხადე: 2005 წელს, ყაჩაღობის ბრალდებით, 15 წელი მომისაჯეს, აქედან 8 წელი ვიჯექი. მთელი ამ ხნის განმავლობაში სამართლიანობის აღდგენას ვითხოვდი. მხოლოდ 8 წლის შემდეგ პირობითი სასჯელით ვადაზე ადრე გამათავისუფლეს. თითქოსდა, ჩვენივე ფირმის, „უნივერსალის“ საწყობი დავაყაჩაღე და 900 ლარი გავიტაცე. რეალურად, ამ დროს ქალაქ ფოთში ვიმყოფებოდი. შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულში მონაწილეობა არ მიმიღია და ცრუ ჩვენების ფაქტზე, ცრუ მოწმეების წინააღმდეგ საქმე აღიძრა. გადის 9 თვე (ამ ხნის განმავლობაში მოწმეებთან კორუფციული გარიგება ჰქონდათ, მათ ფული გამოართვეს, როცა მე არავის ვუჩიოდი) და უკვე მე მიყენებენ ბრალს. ცრუ ჩვენების გამო აღძრულ საქმეებზე დადგენილებები ჩემს სისხლის სამართლის საქმეში აღარ იყო, ამოიღეს. შემდეგ არარსებულ დანაშაულში 15-წლიანი პატიმრობა მაინც მომისაჯეს.

_ თუ მანამდე ცრუ მოწმეების წინააღმდეგ საქმე აღიძრა და ეს ცალკე გამოიყო, ამ საქმის ისევ თქვენკენ შემობრუნება და პატიმრობის შეფარდება როგორ მოხდა?

_ საქმის აღძვრიდან, დაახლოებით, 7 თვის მერე ისანი-სამგორის პოლიციაში გამომძიებელთან მივედი. ორი ბრალი მქონდა წაყენებული, _ სხვისი ქონების განადგურება და ყაჩაღობა. გამომძიებელს ვეკითხები: ცრუ ჩვენების გამო ამ ხალხთან სამართლებრივი ღონისძიებები რატომ არ გაატარეთ-მეთქი? ამაზე განცხადება 2005 წლის აგვისტოს დასაწყისში დამაწერინა. როგორც ჩემთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, ჩემი მისვლიდან რამდენიმე დღეში ამ გამომძიებელმა შუამდგომლობა შეიტანა, აღკვეთის ღონისძიებად ჩემი დაპატიმრება მოითხოვა და ძებნაზე დამსვეს. ამის გამო პირდაპირ გამოვცხადდი პოლიციაში, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს. ეს სახალხო დამცველის დასკვნაშიც ფიგურირებს. მივედი თუ არა, დამაპატიმრეს.

_ გამომძიებელთან მაინცდამაინც აღნიშნული საუბრის შემდეგ რატომ დაგსვეს ძებნაზე?

_ ჩემი აზრით, ფული ჰქონდათ აღებული და აქედან გამომდინარე, მოწმეების შეეშინდათ. ეს გარემოება რომ ჩაეფარცხათ, საქმე ჩემ წინააღმდეგ აღძრეს. თარიღებიდან აშკარად ჩანს, რომ აღკვეთის მოთხოვნამდე მთელი რვა თვე ჰქონდათ. დაპატიმრების შემდგომ უკვე ყაჩაღობის ბრალდებაც მომიტანეს, ეს ორმოცი დღის შემდეგ მოხდა. პირველად მხოლოდ სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით ვიყავი დაკავებული.

წარმოიდგინეთ, 900 ლარის ყაჩაღობას მაბრალებდნენ, როცა ხელფასი თვეში 2500 ლარი მქონდა. ამას პლუს ფოთში ვიყავი მაშინ და როგორ უნდა დამეყაჩაღებინა? ე. ი. საკუთარი თავი დავაყაჩაღე? მაქვს ალიბი, ეს მოწმეები ჩამოვიდნენ, რაც საქმეში დევს. წინასწარ გამოძიებაში ორივე მოწმე ერთხმად ადასტურებს, რომ ზღვისპირა ქალაქში ვიყავი ამ დღეს, როდესაც ყაჩაღობის შემთხვევაზე დოკუმენტები შეადგინეს.

_ სასამართლომ ეს რატომ არ გაითვალისწინა?

_ პირველ ინსტანციაში შუამდგომლობები დავაყენე, მაგრამ აღნიშნული მოწმეები დარბაზში არ შემოუშვეს. ბრალდების მხარის მოწმეც არ დაიკითხა, რომელიც ერთ დანაშაულში მამხელდა, თითქოს მე ჩავიდინე. ეს მოწმე ფიზიკურად არ არსებობს, უბრალოდ, შედგენილია დოკუმენტი ვიღაცის გვარზე. ამაზე სახალხო დამცველის დასკვნაშიც კარგად არის ახსნილი, რომ მოსამართლემ თითქოს იძულებით მოყვანის საკითხი დააყენა, მაგრამ მერე განმარტებული არ არის, რატომ არ გამოცხადდა ეს პიროვნება, ვითომ მოწმე. მისი ჩვენება არც კი გამოქვეყნდა.

_ ახლობელს, ფირმის ხელმძღვანელს რა პოზიცია ეკავა თქვენს საქმესთან დაკავშირებით?

_ პირდაპირ დაადასტურა, რომ იმ დროს ფოთში ვიყავი და ამას ვერ ჩავიდენდი. ეს მოწმის სახით დაკითხვის ოქმში არის აღნიშნული. მაინც წამიყენეს ბრალი ჯერ სხვისი ქონების განადგურებაზე და მერე ყაჩაღობაზე. ერთი და იგივე დაზარალებულია ორივე საქმეში. ერთი შემთხვევა ვითომ 2005 წლის 25 თებერვალს ხდება, მეორე ორ კვირაში, 10 მარტს.

_ ვინ იყო მოწმე თქვენ წინააღმდეგ?

_ ის მუშა, ცრუ დაზარალებულის საყვარელი, ჩვენთან ბაზაში მუშაობდა. როგორც ჩანს, პოლიციის ჯაშუში გახდა, ჩემზე ინფორმაცია მიიტანა და ეს ფულის გამოძალვის მიზნით პროვოცირებული საქმე იყო. წარმოვადგინე ჩემი საბუთები, ალიბი-მოწმეები ფოთიდან და დავადასტურე, რომ დანაშაულის მომენტში ფიზიკურად იქ არ ვიყავი.

_ იმ ადამიანის მოტივი რა იყო, თქვენ წინააღმდეგ ჩვენება რომ მისცა?

_ ორივე ამ ადამიანს (ე. წ. დაზარალებულსა და მოწმეს) ორ კვირაში ერთხელ ფულს, ათას ან ათას ხუთას დოლარს ვუხდიდი, საქონლის შესყიდვის მიზნით. ეს ყველაფერი სასამართლოზე არ მათქმევინეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ საქმით პოლიციას ჩემთვის და ჩემი ახლობლისთვის ფულის გამოძალვა სურდა.

მოკლედ, ყაჩაღობაზე 12 წელი, სხვისი ქონების განადგურებაში ხუთი წელი მომისაჯეს. მერე ესენი, ნაწილობრივ შეკრებითობის პრინციპით გააერთიანეს და, საბოლოოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ 15 წელი მომისაჯა. ჩემი მოსამართლე გიორგი ჩემია იყო. შემდეგ ეს ყველაფერი სააპელაციოში გავასაჩივრე _ ერთი წელი მომიხსნა და 14 წელი დამიტოვა. ბოლო სასჯელი ეს იყო არარსებულ დანაშაულზე. უზენაესშიც გავასაჩივრე, მაგრამ წარმოებაში არ მიიღო, როგორც ეს იმ წლებში ხდებოდა (უკვე 2007 წელია). ბოლოს, სტრასბურგის სასამართლოს გზა დამრჩა.

მანამდე, აქ, ადგილზე, ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციას მივმართავდი. არც ფული მქონდა და არც შინაარსობრივად ვიცოდი, რას ნიშნავდა სტრასბურგის გზა. შემდეგ გავიგე, რომ სტრასბურგის, ევროპული კონვენციის ჩარჩოებში ჩემი საქმე პირდაპირ ჯდება. ამისთვის მივმართავდი არასამთავრობოებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, კონსტიტუციის 42-ე მუხლს, ყოფილ პოლიტპატიმრებს და სხვებს, დახმარებას ვითხოვდი, ვერ მივიღე. ამასობაში, რვაწლიანი სასჯელიც მოვიხადე.

_ სად და რა პირობებში?

_ პირველად თბილისის მეხუთე დაწესებულებაში ვიყავი, ორთაჭალაში. წელიწადნახევარი უმძიმეს პირობებში _ 114 პატიმარი ვიყავით ოცკაციან საკანში. შემდეგ რუსთავის კოლონიაში, ახალგახსნილ მეორე დაწესებულებაში გადამაგზავნეს. იქ ჩემი საჩივრებისა და მოთხოვნების გამო ადმინისტრაციამ ხელოვნურად პრობლემები შემიქმნა; ვითომ შიდა განაწესი დავარღვიე და „კრიტში“ ჩამკეტეს, რუსთავის მეორე საპყრობილეში გადმომიყვანეს, სადაც წელიწადნახევარი ვიყავი. იქაც სამართლიანობის აღდგენას რომ ვითხოვდი, წამებასთან, მძიმე პირობებთან დაკავშირებით მოთხოვნებს ვაყენებდი, თბილისის „კრიტში“ გადმომაგზავნეს. იქ 4 წელი ვიყავი და 2012 წლის 20 დეკემბერს, უკვე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, ქსნის ახალ კოლონიაში გადამიყვანეს. იქიდან ვადაზე ადრე, პირობითი სასჯელით გამათავისუფლეს, ამნისტიაც შემეხო. 2013 წლის 12 ივნისს ციხიდან გამოვედი.

_ განთავისუფლებისას რა ფაქტორები გაითვალისწინეს?

_ კარგი ყოფაქცევა დააფიქსირეს. რეალურად კი ცოცხალმკვდარი ვიყავი, 51 კგ-ს ვიწონიდი, ვეღარ ვჭამდი, თირკმელი გასიებული და სისხლი მოწამლული მქონდა; ვკვდებოდი, საოპერაციო ვიყავი, დიაგნოზიც იდო, მაგრამ ოპერაციას არ მიკეთებდნენ.

_ რა მიზეზით?

_ ალბათ, ხარჯებს უკავშირდებოდა. ჩემი მდგომარეობა მძიმე პირობებმა გამოიწვია: ცემამ, წამებამ და ა. შ. კვება საშინელი იყო, იმ წლებში გარედან არ შემოდიოდა, ცუდ პირობებზე, სინესტეზე არაფერს ვამბობ. ბოლოს, ახალმა ხელისუფლებამ ორთაჭალის „კრიტი“, ნომერ პირველი საპყრობილე, დახურა იმიტომ, რომ სახალხო დამცველსაც ჰქონდა ამაზე რეკომენდაციები და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. ოთხი წელი იქ გამატარებინეს _ არანაირი გათბობა, სინესტე, ღია ტუალეტი და ა. შ. ცემა-ტყეპამ და ათასმა უბედურებამ ეს შედეგი გამოიწვია. ვფიქრობ, ამიტომ გამათავისუფლეს, მაგრამ ოფიციალურად დააფიქსირეს, რომ კარგი ყოფაქცევით გამოვირჩეოდი.

_ რა ხდება გამოსვლის მერე?

_ ისევ არაერთ ორგანიზაციას, მათ შორის, არასამთავრობოებს, ჟურნალისტებს მივმართე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რადგან ოპერაციას გარეთაც არ მიკეთებდნენ, რაღაც საბუთების მიტანას მთხოვდნენ. მიმქონდა და… არა, _ ამას ვერ დავაფინანსებთო. ფული არ მქონდა და ჯანმრთელობაშერყეული ძლივს დავდიოდი, ძალიან ცუდ დღეში ვიყავი. ვის აღარ ვაწუხებდი. მედიიდან მაშინ „მეცხრე არხმა“ გამაშუქა და მერე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით „ტელეიმედმა“. სხვათა შორის, „მეცხრე არხის“ სიუჟეტთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარი გააკეთა სასჯელაღსრულების მაშინდელმა მინისტრმა, ასევე დეპუტატმა თინათინ ხიდაშელმა და იუსტიციის სამინისტროს რომელიღაც განყოფილებამ, მაგრამ ეს რაღაც პიარის დონეზე, რომ ჩვენ ვმუშაობთო. არასამთავრობოებსაც ერთი ხელწერა ჰქონდათ და ყველა თავიდან მიცილებდა, პრობლემებს ხელოვნურად ქმნიდნენ, მერე აქეთ მაბრალებდნენ, რომ თითქოსდა დამნაშავე ვიყავი.

მანამდე, 2013 წლის პირველ იანვარს, ჩემთან ციხეში პროკურორი შემოვიდა ჩემივე საჩივრის საფუძველზე და სისხლის სამართლის საქმე აღძრა წამებასთან დაკავშირებით; შეადგინა მოწმის დაკითხვის ოქმი და ეს საქმე დღესაც თაროზე დევს. იქ დაფიქსირებული მაქვს იმ პატიმრობის წლებში განხორციელებული ცემა-წამება. ვითხოვდი რეაგირებას, გამოძიების გაგრძელებას, ნული ყურადღება! პროკურორს დიღომში ვაკითხავდი, არც მიშვებდნენ, ტელეფონით ვუკავშირდებოდი, არ მპასუხობდა. ამას მიმღები იწერდა და მოვდიოდი. მთელი ათი თვე ასეთ მდგომარეობაში ვიყავი.

_ რა მოხდა მეორეჯერ დაპატიმრებისას?

_ იგივე ისანი-სამგორის პოლიციამ დამაპატიმრა კვლავ ყაჩაღობის ბრალდებით. ერთადერთი, ის გამომძიებელი აღარ ყოფილა, ამას არ დაუშვებდნენ, ამდენი კი იციან. ისევ, თითქოსდა, ის ჩემი ახლობელი დავაყაჩაღე, მობილური ტელეფონი წავართვი და გავიქეცი. აქ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებებს გეტყვით საქმის დეტალებთან დაკავშირებით: დაზარალებულის, მოწმის დაკითხვის ოქმი შედგენილია ჩემი დაკავების შემდეგ და ჩემ დაკავებამდე ვადით დაათარიღეს. ეს გარემოებები საქმის მასალებში აშკარად ჩანს, მათ შორის, პოლიციელის ჩვენებები. ასახელებენ, რომ თითქოსდა დაზარალებული პოლიციაში 2 მაისს, ღამის საათებში გამოცხადდა. აღნიშნავენ, რომ დაზარალებულმა პოლიციის განყოფილებიდან მე დამირეკა, ამ დროს იქიდან ზარი პირველ რიცხვში არის შემოსული. ანუ ეს ერთი სიყალბეა: თუ 2-ში გამოცხადდა, 1-ლში ზარი როგორ შემოვიდა? ეს ნიშნავს, რომ ჩასაფრებულები იყვნენ და ამას შემდეგი გარემოებით ვადასტურებ _ 2014 წლის 1-ლ მაისს დაპატიმრებამდე, დილის საათებში, ისანი-სამგორის პოლიციელი ჩემს პირად მობილურ ტელეფონზე მირეკავდა; ეს სასამართლოზეც დაადასტურა. შემდეგ ის ჩემი ახლობელი მირეკავს და მთხოვს, მასთან სახლში მივიდე. მივედი. ჩემი ტელეფონი ათჯერ უფრო ძვირადღირებული და თანამედროვეა, მისი ძველი მოდელი იყო. გამოვართვი ეს ტელეფონი, მასში ფეისბუქი მქონდა და მესიჯები იქ შემოდიოდა. გამოვართვი და ამ მომენტში იმ პოლიციელის ნომერზე გამავალი ზარი ვნახე, რომელიც დილით მე მირეკავდა. ამ საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება, შეკამათება მოგვივიდა, შემდეგ ჩხუბიც. დამარტყა, დავარტყი, მერე ეს ჩემი ახლობელი გარბის. იქვე პოლიციის ავტომანქანა იდგა, ჯდება მათთან და ერთად მე მომდევენ. ჩვეულებრივად მივდივარ, მაკავებენ, ჯიბეში დანას მიდებენ, რაც თავიდანვე მოწყობილი ამბავი იყო.

_ აქ საფუძველი რა იყო?

_ უკვე პირადი დაინტერესება, რადგან ჩემი ეს ახლობელი მანამდეც დაკავებული ჰყავდათ წინააღმდეგობის გაწევასთან დაკავშირებით. ეს ჩემ დაკავებადე ოცი დღით ადრე მოხდა. ადმინისტრაციულ სასამართლოზე წარადგინეს, სადაც მეც გამოვცხადდი, მოწმედ დამკითხეს. ვთქვი, რომ ჩვენ გვაპროვოცირებდნენ, არანაირი წინააღმდეგობის გაწევს ადგილი არ ჰქონია-მეთქი. იმ მომენტში მეც დამაკავეს და 4 საათის შემდეგ გამათავისუფლეს. მაშინ მაიძულებდნენ, რომ ჩემი ახლობლის წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა. ეს რომ არ გამოუვიდათ, მერე ის ჩემი ნათესავი დააკავეს.

ამ მეორე დაპატიმრებაზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დახმარებს ვითხოვდი. ფული არ მქონდა, რომ იურისტი ჩართულიყო საქმეში. ისევ ვერ მივიღე დახმარება. რეალურად, ადვოკატის გარეშე გამასამართლეს, ისევ ყაჩაღობის მუხლით. სასამართლოში დაცვის არანაირი საშუალება არ მომცეს, არც მე მქონდა შესაძლებლობა, დამცველი ადვოკატი მომეწვია. სოციალურად დაუცველის სტატუსი რომ არ მქონდა, თავიდან სახაზინო ადვოკატზეც უარი მითხრეს. ბოლოს, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და დასკვნით პროცესში სიყალბეებზე საუბარი რომ დავიწყე, საერთოდ არ გახსნეს მტკიცებულებები, რომელიც საქმის სიყალბეს ამტკიცებდა. მოსამართლე ყველანაირად ცდილობდა ჩემს გაჩუმებას, ხმას არ მაღებინებდნენ და დარბაზიდან ორჯერ გამომაძევეს, წესრიგის დარღვევის მოტივით. ბოლოს ისეთი ადვოკატი დამინიშნეს, რომელმაც სასამართლოსა და პროკურატურის პოზიცია გაახმოვანა. დამნაშავედ მცნეს, ოღონდ მოსამართლემ მუხლი გადააკვალიფიცირა, ყაჩაღობა მომიხსნა და იძულება დამიტოვა. ამ მოსამართლემ სიყალბე აშკარად დაინახა და უკვე ერთი წელი მომისაჯა. სასჯელი კალენდარულად მოვიხადე გლდანის ციხეში და გავთავისუფლდი 2015 წლის პირველ მაისს.

_ გამოსვლის მერე თუ მიმართეთ ვინმეს?

_ ისევ მივმართე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, კონსტიტუციის 42-ე მუხლს, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრს… ამბობენ, რომ მათ კრიტერიუმებში ვერ ვჯდები და წინასწარი გამოძიების პერიოდში უნდა მიმემართა, მაგრამ მაშინაც ხომ დამცველ ადვოკატს ვითხოვდი და ამას ვერ მივაღწიე.

ასევე, სახალხო დამცველს მივმართე ციხიდან განთავისუფლებამდე 20 აპრილს. ყველა საქმის მასალა დავურთე და პლუს ის კანონდარღვევები, რაც წინასწარ გამოძიებაში დაფიქსირდა. დასკვნის დადება მოვითხოვე; მოგვიანებით, განთავისუფლების შემდეგ, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ეს ომბუდსმენის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თამარ შვანგირაძეს დაეწერა. რეაგირებას აქედანაც ველოდები.

_ რას ითხოვთ?

_ მოგეხსენებათ, უზენაეს სასამართლოს თავისი კომპეტენცია სჭირდება, იურისტი უნდა იყო, რომ ეს საჩივარი წარადგინო. არავინ მეხმარება, სამართლებრივად არც ერთი ორგანიზაცია გვერდით არ მიდგას, როცა ასეთ საქმეებზე უნდა რეაგირებდნენ.

უპირველესად, უზენაეს სასამართლოს მინდა მივმართო ჩემ მიმართ სამართლიანობის აღსადგენად. საქმის მასალები აშკარად ყალბია, ამიტომ მოსამართლე ვალდებული იყო, გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა. ეს არ გააკეთა და ნეიტრალური მხარე დაიკავა. დამნაშავე სამართალდამცველი არ დასაჯა, ეს ეხება როგორც პირველ დაპატიმრებას, ასევე მეორეს, იდენტურია და ერთმანეთთან ვაკავშირებ.

მდევნიან, ამ წამებას ჩემი ჯანმრთელობა შეეწირა.

ასევე, დღეს მე სამართლიანობის აღდგენას რომ ვერ მივაღწიო, ხვალ ნებისმიერ გამვლელს ჩემ წინააღმდეგ ისევ ბრალის წაყენება მოუნდება. კომპიუტერში ნახულობენ, რომ კურტანიძე წარსულში ნასამართლებია და მოდი, ისევ ციხეში გავუშვათო. ნასამართლები რომ ხარ, შენი არავის სჯერა, თუ მაგარი იურისტი არ ხარ და საქმის მასალებში ბოლომდე არ ჩაახედე. გუშინ თუ დამაკავეს, სასჯელი მოვიხადე, ამაზე არც ძველმა და არც ახალმა ხელისუფალმა რეაგირება არ მოახდინა, უკეთესს რას უნდა ველოდო? მეორეჯერ 15 არა, 1 წელი მომისაჯეს, მაგრამ ამას ხომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სასჯელი უკანონოდ მოვიხადე! ე. ი. იგივე ხელწერით მესამედაც დამაპატიმრებენ და მეოთხედაც. მთელი ცხოვრება ციხეში უნდა გამატარებინონ. ამიტომ ვითხოვ რეაბილიტაციასა და სამართლიანობის აღდგენას როგორც წინა სასჯელზე, ასევე ბოლოზეც. სამართლიანობის აღდგენა თავისთავად კომპენსაციის გადახდასაც გულისხმობს. ჯანმრთელობა დავკარგე, მორალური, ფიზიკური ზიანი განვიცადე, ცხოვრება დამენგრა და ა. შ. ეს ხომ შეუფასებელია და ვერანაირი ფულადი სახსარი ვერ ამინაზღაურებს იმას, რაც უკვე დავკარგე.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს, ვიმეორებ, რომ, ელემენტარულად, აქ, სახელმწიფოში, არ შემიძლია უზენაეს სასამართლოს მივმართო. არ მაქვს განათლება და სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუშვებლად ცნობს ჩემს საკასაციო საჩივარს. ამით დასრულდება ყველაფერი. ამ დროს ციხე-ციხე დამაბერეს, მთელი ახალგაზრდობა წამართვეს, რისი გულისთვის? ამას ხომ არ ვიგონებ? იურისტები ადასტურებენ.

რახან წინა ხელისუფლების დროს და ახლაც ყალბი დოკუმენტების საფუძველზე დამიჭირეს და რეაგირებას არავინ ახდენს, არსებობს ვარაუდი, რომ ხვალ, ზეგ და მაზეგაც დამიჭერენ, როცა კი მოესურვებათ, ბრალს წამიყენებენ და ციხეში გამიშვებენ. ჩემ მიმართ მიზანმიმართული დევნა მიმდინარეობს და ამას ამიტომ ვვარაუდობ. ეს რომ შეწყდეს, მოვითხოვ, მივმართავ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის ეკა ბესელიას, რომ რეაგირება მოახდინონ, მათ, ვისაც ადამიანის უფლებების დაცვის სფერო აბარიათ. ცალკე მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ სამართლებრივი დახმარება გამიწიონ. ასევე, პროკურატურა ვალდებულია, აღძრულ უმძიმეს წამების მუხლზე რეაგირება მოახდინოს და ჩემი საქმე თაროზე არ ჰქონდეს შემოდებული, მცნოს დაზარალებულად და ა. შ.

 

                                                                                                       გელა მამულაშვილი

aq1

aq2

aq3

aq4