დემურ გიორხელიძე: „ლარის გაუფასურების მიუხედავად, რესურსი არსებობს და ტარიფების ზრდა საჭიროებას არ წარმოადგენს“

wavd

მთავრობა „იბიარდით“ კმაყოფილია. ხუმრობა საქმე ხომ არ არის _ საერთაშორისო ბიზნესფორუმის შემდეგ საქართველოში ინვესტორების წვიმას ელოდებიან. ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ზრდას განიცდის და ამ კუთხით რეგიონში პირველები ვართ. იქით კახი კალაძემ, _ მალე ლარის გამყარება დაიწყებაო და ესეც კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი. ამას ისიც დაუმატეთ, რომ ჩვენი ქადაგიძის ბანკი ევროპის ყველაზე წარმატებულ ბანკად აღიარეს… მოკლედ, ღარიბაშვილს, კალაძეს თუ ქადაგიძეს რომ ჰკითხო, საზეიმოდ არის საქმე და მაღარიჩიც ჩვენზეა.

თუმცა სინამდვილე სხვაა… ის მიზეზები, რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია, დღემდე მიზეზობს და ძნელი სათქმელია, რამ უნდა მოუბრუნოს უკან გული ქართულ ვალუტას. ქართული ეკონომიკის წინსვლა კიდევ იმდენად სასაცილო თემაა, რომ სალაპარაკოდაც არ ღირს, ხოლო „იბიარდს“ რაც შეეხება, მთავრობის გარდა არც არავის აქვს ილუზია, რომ თბილისის „ბიზნესსხოდნიაკი“ უცხოურ ინვესტიციებს მოუტანს ქვეყანას. რატომ? იმიტომ, რომ ბიზნესმენების მოზიდვა მთავრობის საქმე არ არის. უცხოური ბიზნესი ადგილობრივმა ბიზნესმა უნდა მოიზიდოს, რომელიც, ფაქტობრივად, არც კი არსებობს. მოკლედ, მძიმე სურათია. იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებას კუდი ყავარზე აქვს გადებული და პრობლემებს არ აღიარებს, ეს პრობლემები რეალობას წარმოადგენს და მის არსებობას მტკივნეულად განიცდის ქვეყნის მოსახლეობა.

„ქრონიკა+“ სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრება ბატონ დემურ გიორხელიძეს:

_ აქ გახლავთ, ერთი მხრივ, ძალიან მარტივი და, მეორე მხრივ, რთული მდგომარეობა. ხელისუფლების დონეზე გაკეთებული ოფიციალური განცხადებები და არსებული სიტუაცია ერთმანეთს არ შეესაბამება. ამ არსებულ რეალობაში ცხოვრობს ჩვენი თანამემამულეების ძირითადი ნაწილი და სხვა რეალობაში ცხოვრობს სულ რამდენიმე ათეული კაცი, რომელიც გვეუბნება, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა. ამის ნიშანია მთავრობის დამტკიცებაც ისეთი სახით, როგორც დაამტკიცეს _ საუბარია სიტუაციაზე, როცა ჩვენ ვერ ვნახეთ რეფორმების პროგრამა, ვერ ვნახეთ, რაში უნდა მდგომარეობდეს ეკონომიკური პოლიტიკის ძირთადი მიმართულებები, რათა ეს სირთულეები დაიძლიოს, ვერ ვნახეთ ასევე ხედვები, ინსტიტუციური რეფორმები როგორი იქნება, რომ, ბოლოს და ბოლოს, საბაზრო ეკონომიკა ამუშავდეს, როგორი იქნება საკანონმდებლო ცვლილებები, როგორ შეიცვლება სამართლებრივი სტრუქტურები და ეს სტრუქტურები რამდენად შეგვიძლია გავხადოთ ისეთი ეფექტური, როგორც ეს შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაშია?.. მოკლედ, ვერაფერიც ვერ ვნახეთ და ამ ყველაფრის გარეშე მოხდა მთავრობის დამტკიცება. არადა, მაშინ რისთვის გვინდა დასავლური ორიენტაცია, თუ დასავლური ტიპის სახელმწიფოს არ ვაგებთ, ანუ არ ვაშენებთ, ჯერჯერობით, ერთადერთ წარმატებულ მოდელს? აი, ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში ვართ, როცა ხელისუფლება ძალიან კმაყოფილია და კარგად ცხოვრობს, ხალხი კი, უბრალოდ, რთულ მდგომარეობაშია და საფრთხე შეექმნა, რომ ის ფულიც კი, რომელსაც იღებდა, თუ გნებვათ, საზღვარგარეთ წასული თავიანთი ოჯახის წევრებიდან, ეს შემოსავლებიც იკლებს. აქაც პრობლემებია, სწორედ ამან გაამძაფრა სიტუაცია და როცა ხედავენ ხელისუფლებიდან ასეთ უდარდელობას, ეს კიდევ უფრო ზრდის დრამატიზმს. თუმცა ხელისუფლება ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგადაა. თუ ყველაფერი კარგადაა, გეკითხება, რატომ უნდა შეიცვალოს რამე?

_ მართლა ჰგონიათ, რომ კარგად არის ყველაფერი, თუ იხტიბარს არ იტეხენ?

_ ეს გახლავთ შეხედულებათა სისტემის დეფექტი, როდესაც მათი წარმოდგენა რეალობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს და მიაჩნიათ, რომ ყველაფერი კარგად არის. ჰგონიათ, რომ ისინი კარგად მუშაობენ.

_ ვარდისფერი სათვალით უყურებენ ყველაფერს?

_ ეს არის უბრალოდ შეხედულებათა სისტემის დეფორმაციის ბრალი. სამწუხაროდ, ხელისუფლება დღეს ფიქრობს, რომ რასაც აკეთებს, ძალიან კარგად აკეთებს და კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ საწინააღმდეგო აზრის მოსმენა კატეგორიულად არ სურს.

_ ამიტომაც ვერ შეელიენ ეკონომიკურ გუნდს?

_ ეკონომიკურ ბლოკზე მე უბრალო მიზეზის გამო არ გავაკეთებდი აქცენტს: საქართველოს კონსტიტუციით არსებობს ერთი აღმასრულებელი უმაღლესი ორგანო, ანუ მთავრობა, რომელსაც ჰყავს მთავრობის მეთაური. არც ერთ სამინისტროს უფლება არ აქვს, დამოუკიდებლად რამე გადაწყვიტოს. მანახეთ დავალებები, რომელიც რომელიმე სამინისტრომ მიიღო. საზოგადოებამ თუ ვიცით, რა პარამეტრებზე უნდა გასულიყო ფინანსთა, ეკონომიკის, ანდა ჯანდაცვის სამინისტრო და რაზე გავიდნენ ან ვერ გავიდნენ? ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ შედეგების მიხედვით უნდა შევაფასოთ და რაკი შედეგი მძიმეა, ე. ი. სამთავრობო გადაწყვეტილებები არ იყო სწორი. ამდენად, რომელიმე მინისტრის ცვლილება ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს, თუ ხედვებსა და მიდგომებში არ იქნება ცვლილებები, რასაც არავინ აპირებს. ასე კი რა მნიშვნელობა აქვს, რა სახეებით იქნება დაკომპლექტებული ეკონომიკური ბლოკი.

_ მინისტრების ზემოთ უნდა მოვითხოვოთ პასუხი?

_ დიახ, ჩვენ პასუხი უნდა მოვთხოვოთ მთავრობასთან ერთად მის მეთაურს. სხვა ლოგიკა სწორი არ იქნება.

_ მაგრამ ჩვენი მოთხოვნა იგნორირებულია, ივანიშვილიც და ღარიბაშვილიც ფიქრობენ, რომ ყველა, ვინც პრობლემებზე საუბრობს, ქვეყნის მტერია. სამაგიეროდ, კეთდება უმძიმესი პროგნოზები, რომ ასეთი აგდებული დამოკიდებულების გამო წინ კარგი არაფერი გველის.

_ აქ არის ორი მომენტი: როდესაც გახლდით იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოს განვითარების კონცეფციას იმუშავებდა, მაშინ ძალიან ცნობილი დემოგრაფები მოვიწვიეთ და პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს იყო დემოგრაფიული სიტუაციის ანალიზი _ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი შეუძლებელია, თუ დემოგრაფიული სიტუაცია არ გაქვს მოწესრიგებული. ამ მხრივ კი ჩვენთან კატასტროფული სიტუაციაა და უახლოეს ათწლეულში საქართველოს მოსახლეობის მატება იქნება 20 ათასზე ცოტა მეტი. აქ, რა თქმა უნდა, ეთნიკურად ქართველი გაცილებით ნაკლები იქნება მაშინ, როცა გასული საუკუნის 60-70-იან ათწლეულებში ქვეყნის მოსახლეობის მატება ნახევარ მილიონს აღემატებოდა. მეორე: ეს არის ემიგრაციის დიდი ტალღა. ამ ღარიბ და მოუწყობელ ქვეყანაში, სადაც სამუშაო ადგილები არ არის და ამ პოლიტიკით არც იქნება, იწყება ქვეყნის დატოვების მორიგი ეტაპი. უდიდესი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ უახლოეს ოთხ წელიწადში რამე პერსპექტივა დასაქმების მხრივ ამ ქვეყანაში, უბრალოდ, არ იქნება. ამას მე ჩემი სუბიექტური მოსაზრებებით არ ვამბობ. როცა 2015 წლის ბიუჯეტი მტკიცდებოდა, საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა გათვლები და პროგნოზები 2018 წლის ჩათვლით. ყურადღებით წავიკითხე ეს ყველაფერი, გადავიანგარიშე და შემიძლია გითხრათ, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებასაც კი, ამ სამთავრობო პროგნოზების შესაბამისად, არანაირი გავლენა არ ექნება საქართველოს ეკონომიკაზე ამ ოთხი წლის განმავლობაში. ფული როგორც ახლა არ არის ქვეყანაში, მისი ასეთივე ნაკლებობა იქნება 2018 წლისთვის. ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია ხუთი პროცენტით, მაგრამ წელს არ არის ხუთი პროცენტი, ამიტომ არც 2018 წელს იქნება, თავისთავად. ე. ი. საიდან იქნება სამუშაო ადგილები? ჩვენ ჩავატარეთ „იბიარდის“ წლიური შეკრება თბილისში და ამის შემდეგ წამოვა ინვესტიციის ცვენა საქართველოში? როგორც წესი, ასე არ ხდება.

_ მაგრამ ამათ უხარიათ, რომ წამოვაო.

_ არ მჯერა იმ ეკონომიკისა, რომელსაც საკუთარი ეკონომიკური სუბიექტები ჰყავს დაკნინებული, განადგურების პირას მიყვანილი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი და ამ დროს ელოდება, რომ უცხოელი ინვესტორი შემოიტანს ფულს. ამ უცხოელმა „იბიარდის“ წლიური შეკრების გარეშეც შესანიშნავად იცის საქართველოს მდგომარეობა, ყველა მაკროპარამეტრს აანალიზებს მისი ანალიტიკური ჯგუფები და იგი ვერ პოულობს კერძო სუბიექტს საქართველოში დაყრდნობის მიზნით. ამიტომაც არის სასაცილო სიტუაცია, როცა უცხოელი მოდის და პრემიერ-მინისტრთან, თუ მინისტრებთან ითხოვს შეხვედრას. როგორ, ამერიკაში ინვესტორი რომ ჩადის, ან გერმანიაში, იქ ქვეყნის პირველ პირებთან მართავს მოლაპარაკებებს? მეტი საქმე არ აქვს ობამასა და მერკელს? არა, ინვესტორი კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობს და კანონის დონეზე ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ არ გვაქვს ეს გარემო! პრემიერ-მინისტრი რომ შეიცვლება და აღარ იქნება, მერე ის უცხოელი ვის იმედზე უნდა იყოს?

_ ბოლოს და ბოლოს, რატომ არ განვითარდა ჩვენთან საშუალო და მცირე ბიზნესი?

_ ეს იყო შეხედულებების ბრალი, რადგან წინა ხელისუფლებასა და მის ე. წ. რეფორმატორულ ჯგუფს მიაჩნდა, რომ ეს არაფერი არ არის. მათთვის მთავარი იყო: შექმნეს მსხვილი და ბობოლა ბიზნესები, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს თავიანთი ხალხი, ანუ დანიშნეს ბიზნესმენები და ფულს მხოლოდ მათ აძლევდნენ, გაუყვეს მთელი იმპორტი და ბიზნესის სეგმენტაცია მოახდინეს. ამ ფონზე კი მცირე და საშუალო ბიზნესი მათთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენდა. ამიტომაც არ იყო ადრეც და არ არის დღესაც დასაქმება და სამუშაო ადგილები.

_ დღეს იმიტომ არ არის, რომ ამათ „ნაციონალების“ სქემა მოეწონათ?

_ დიახ, მოეწონათ ის სქემა, რადგან იგი არის პრივილეგირებული ადამიანების ურთიერთობა. თქვენ თვითონ დააკვირდით: შექმნილია ბიზნესასოციაცია პრივილეგირებული ბიზნესმენების მონაწილეობით და მთავრობა აცხადებს, რომ მათთან გაივლის კონსულტაციებს. ამაზე უფრო ცუდი განცხადება მთავრობის მიერ გაკეთებული მე არ მომისმენია! პოლიტიკური ხელმძღვანელობის ფუნქცია არის მსხვილი სამეურნეო ფინანსური ჯგუფების დისტანცირება ხელისუფლებიდან და მათთვის თამაშის წესების დაწესება. აქ კი ყველაფერი უკუღმაა. იმ პრივილეგირებულ ბიზნესმენებს, რომელთა ნაწილი წინა ხელისუფლებამ შექმნა, თუ მოისვამ გვერდით და ჰკითხავ, აბა, რა გინდა, რომ გაგიკეთო, როგორ განვავითაროთ ბიზნესიო, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გაქვს წარმოდგენა, ეკონომიკა როგორ ფუნქციონირებს და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა როგორ მუშაობს. ელემენტარულადაც კი არ იცი, რა უნდა გააკეთო.

_ მოკლედ, საშველი არ არის…

_ მე და შენ იმერლები ვართ და როგორც ჩვენთან, იმერეთში იტყვიან, უსაშველო ჩვენს მტერს, მაგრამ თავისთავად ფაქტია, რომ მძიმე მდგომარეობაა.

_ საშველი იმიტომ ვახსენე, რომ ზოგი საგარეო ორიენტაციის შეცვლაში ხედავს შველას. ესეც, თავისთავად, კიდევ ერთი ცუდი ფაქტორია.

_ პირდაპირ ვთქვათ: თუკი ჩვენი ქვეყნის მომავალზე და ჩვენი შვილების მომავალზე ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში გვჭირდება დამოუკიდებელი ქართული ქვეყანა, რომელიც წარმატებულ სახელმწიფო მოდელზე აიგება. ასეთი მოდელი კი მსოფლიოში არის ერთადერთი: დასავლეთ ევროპული სახელმწიფოს მოდელი. ჩვენ დასავლური ორიენტაცია თუ გვინდა, ეს არის არა ის ჩვენი სასაცილო მედასავლეთეების, კომკავშირულ-ნეობოლშევიკური, ვითომ ლიბერალური მიმართულების ადამიანების  მიერ ნაქადაგები დასავლეთი, რის გამოც მთელი ევროპა შეაძულეს ხალხს!

_ სააკაშვილსა და მის გუნდს გულისხმობთ?

_ ვგულისხმობ იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ასოცირდება წინა ხელისუფლებასთან და რომელიც, თითქოს, დასავლურ ფასეულობებს უწევს პროპაგანდას. სინამდვილეში კი დასავლეთში განვითარების ყველაზე ნეგატიური თანმხლები პროცესები რაც არის, ის მიაჩნიათ დასავლურ კულტურად, ხოლო ნამდვილად დიდი დასავლური კულტურა _ განათლება, მეცნიერება, წესიერება, სახელმწიფო მართვაში პასუხისმგებლობა, _ ეს არსად ჩანს. ამიტომ ხალხი, როცა ხედავს საკმაოდ დაბალი ავტორიტეტის მქონე ადამიანების აგრესიულ ე. წ. დასავლურ პროპაგანდას, რომელსაც შედეგი არ მოაქვს და ხედავს იმ გაჭირვებას, რაშიც ცხოვრობს, იწყებს თავისი ხედვების უკან მიბრუნებას და ეს კარგი არ არის. მოდით, დავსვათ კითხვა: საიდან გაჩნდა საქართველოში დასავლურ ორიენტაციაზე საუბარი? რა, ეს სააკაშვილმა მოიგონა? არა, ბატონო! ეს იყო ქართველი ხალხის სურვილი, იმიტომ რომ მას უნდოდა, საკუთარი სახელმწიფო ისე მოეწყო და ეცხოვრა, როგორც დასავლეთში არის ქვეყნები მოწყობილი და ცხოვრობენ. ჩვენთან ეს არ გამოდის, იმიტომ რომ სახელმწიფოს მშენებლობას სჭირდება პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე და არა პოლიტიკური ძალების მარიონეტიზაცია, თუ გრანტების იმედად დასავლელი პატრონების მსახურება. ერთი სიტყვით, ეს რთული პროცესებია და ვფიქრობ, რაც უფრო გაუარესდება სიტუაცია ეკონომიკური თვალსაზრისით, მით უფრო შეიცვლება ადამიანების დამოკიდებულება და მით უფრო შევა ქართული სახელმწიფო ჩიხში.

_ ე. ი. მაინც ხელისუფლებას აქვს პრობლემები იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ვერ ხედავს. მაგალითად, რას ნიშნავს განცხადება, თუკი ტარიფები გაიზარდა, თქვენ ნუ გეშინიათ, სუბსიდირებას მოვახდენთო?

_ ეს რა არის, იცით? ჩვენ ტარიფებს გავუზრდით და უფრო მეტ ფულს ვაშოვნინებთ ჩვენ მიერ ლობირებულ ბიჭებს _ ენერგეტიკაში მყოფ სამ-ოთხ კლანს და ამას ჩვენვე გადავიხდით თქვენი ფულითო. ამით, ფაქტობრივად, მთავრობა ჩაიდენს დანაშაულს, თუკი ხალხის ფულით კომპენსაციას გაუკეთებს ტარიფების ზრდას და ფულს გადარიცხავს ამ ენერგოკომპანიების ანგარიშზე.

_ არადა, ბევრი ამბობს, რომ ლარის დევალვაციის მიუხედავად შექმნილი სიტუაცია არ საჭიროებს ტარიფების ზრდას.

_ არ საჭიროებს. ხაზს ვუსვამ, რომ არსებული ციფრები არ საჭიროებს დავას. მოდით, თითო ციფრი, რომელიც სემეკმა დაამტკიცა ტარიფის გამოყვანისას _ საჯაროდ, ტელევიზიით გავიაროთ და ვნახავთ, რომ რესურსი არსებობს და ტარიფების ზრდა არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს.

 

                                                                                                        დავით დევიძე