გეგუთის ციხის ძებნილი დირექტორი დუმილს არღვევს!!!

cv45

2013 წლის 12 მაისს სადის #14 დაწესებულებაში პატიმარი ლევან კორტავა სცემეს.

ნაცემი პატიმარი რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

10 დეკემბერს საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე გელა უშხვანს, სოლომონ დაშნიანსა და თეიმურაზ გურეშიძეს ბრალი წარუდგინა _ ქურდული სამყაროს წევრობა, ცემა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

გარდა ზემოაღნიშნული პირებისა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არიან: გეგუთის ციხის დირექტორი მალხაზ სინაურიძე, დირექტორის მოადგილე ივერი გოგიბერიძე, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ილია შანშაშვილი და თენგიზ ნასარაია, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი ალექსანდრე ბაბუნაშვილი და სოციალური მუშაკი გიგა კოხოძე, ასევე მსჯავრდებული გიორგი შემაზაშვილი.

გამოძიების მასალების მიხედვით 2013 წელს მსჯავრდებული ლევან კორტავა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #6 დაწესებულებიდან გეგუთის #14 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ციხეში მასსა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ილია შანშაშვილს შორის ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა. შანშაშვილმა კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა მსჯავრდებულ შოთა სინაურიძეს დაავალა. კორტავა, მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად, ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შემდეგ განვითარებული შეშუპებისა და დარბილების გამო 23 მაისს გარდაიცვალა.

გამოძიებისგან სრულიად განსხვავებული ვერსია აქვს გეგუთის ციხის ყოფილ დირექტორს, მალხაზ სინაურიძეს, რომელიც ამჟამად ძებნაშია და ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

მალხაზ სინაურიძე „ქრონიკა+“-თან დუმილს არღვევს.

რატომ იბარებდა პარლამენტში და რას სთავაზობდა მას ეკა ბესელია? ვინ იყო შუამავალი მალხაზ სინაურიძესა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის? ვისი ნებართვით დატოვა ქვეყანა და რას სთხოვს სასამართლოს მალხაზ სინაურიძე?

„ქრონიკა+“-ის სკანდალური ექსკლუზივი.

 

_ გამარჯობა, მალხაზ, გმადლობთ, რომ ინტერვიუზე დამთანხმდით.

ცოტა შორიდან დავიწყოთ: რამდენი წელი იმუშავეთ სასჯელაღსრულების სისტემაში?

_ 2000 წლიდან ვმუშაობ ამ სისტემაში, მანამდე მთელი ცხოვრება კრიმინალურ პოლიციაში ვმუშაობდი. 2008 წელს წავედი სისტემიდან, მაგრამ არჩევნების შემდეგ მთხოვეს და დავბრუნდი. 2012 წელს დავინიშნე ქუთაისის ციხის უფროსად, მაგრამ მალევე, მინისტრის თხოვნით, გეგუთის დაწესებულებაში გადავედი, სადაც იყო საშინელი მდგომარეობა, 22 თანამშრომელი პატიმრების ზეწოლის გამო დაწესებულებაში საერთოდ ვერ შედიოდა.

_ ახლა მინდა ცოტა უკან დავბრუნდეთ და 2006 წლის ცნობილი ციხის ბუნტი გავიხსენოთ, როცა თქვენ სამკურნალო დაწესებულების ე.წ. „რეზბალნიცის“ დირექტორი იყავით და სპეცდანიშნულების რაზმი ავადმყოფ პატიმრებთან არ შეუშვით.

_ ამ დროს 21 დღის დანიშნული ვიყავი თანამდებობაზე. ხმაური სწორედ ჩვენი დაწესებულებიდან დაიწყო, ფსიქიკურად დაავადებულ პატიმრებს, 60 კაცს აჰყვა ციხე, გადაედო „კრიტს“ და დაიწყო ფართომასშტაბიანი არეულობა ე. წ. ბუნტი. მოხდა ისე, რომ მაშინდელმა დეპარტამენტის მოადგილემ _ მეგის ქარდავამ, ფსიქიკურად დაავადებული პატიმრების დასჯა სპეცდანიშნულების რაზმის მეშვეობით გადაწყვიტა, რისი საშუალებაც მას ნამდვილად არ მივეცი. რამდენიმე წუთში პატიმრების მღელვარება დაცხრა.

_ მალხაზ, გულახდილად მითხარით, ბუნტის დროს ნამდვილად იმ რაოდენობის პატიმარი დაიღუპა, რაც ვიცით, თუ რეალურია ხმები იმის თაობაზე, რომ გარდაცვლილი პატიმრების ოჯახები დააშინეს და გვამები მათ მოგვიანებით გადასცეს?

_ ვინაიდან მორგი მხოლოდ ჩემი დაწესებულების ტერიტორიაზე იყო, ჩემთან დილის ექვს საათზე შვიდი გარდაცვლილი პატიმარი მოიყვანეს. სხვა ინფორმაცია არ გამაჩნია.

_ ვისი თხოვნით დაბრუნდით სისტემაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?

_ ციხეებში იყო საშინელი არეულობა, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. გეგუთის დაწესებულებაში გაუსაძლისი სიტუაცია დამხვდა, მინისტრის თხოვნით დავბრუნდი. გეგუთში ჩემს დანიშვნას მოჰყვა 1000-კაციანი ბუნტი. ვესაუბრე მსჯავრდებულებს, გაგებით მოეკიდნენ ჩემს სიტყვებს, სხვანაირად არ გამიგოთ და „სამართალი“ მქონდა პატიმრებში მეტსახელი, უსამართლოდ ადამიანი არ დამისჯია და არც გამიწირავს.

_ „მაყურებლები“ გამოიყენეთ?

_ „მაყურებლის“ ინსტიტუტი რას ნიშნავს, ამას ვერ ვხვდები. ყველა დაწესებულებაში, ყველა ხელისუფლების დროს არსებობს ე. წ. ლიდერი, რომელიც სიტუაციას ალაგებს. ევროპაში შემოვლილი მაქვს ყველა ციხე, მათ შორის, შვედეთში, ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ვნახე „მაყურებელი“. ასე რომ, საქართველოში ეს ნუ გიკვირთ!!!

_ არ მითხრათ, რომ გეგუთში `მაყურებლები~ არ იყვნენ, სახელები და გვარები ვიცი.

_ „მაყურებლის“ ცნებას თუ განმიმარტავთ, უფრო რეალურად გიპასუხებთ.

_ ამდენი წელი იმუშავეთ ამ სისტემაში და მე მეკითხებით ამას?

_ ყველა საკანს ჰყავს ლიდერი, ამას ვერ უარვყოფ, ისევე როგორც აზარტული თამაშებიც იყო, ორი კაციც რომ იკრიბებოდა საკანში, მაშინაც.

_ „ობშიაკი“ თუ იკრიბებოდა?

_ დაწესებულების ტერიტორიაზე „ობშიაკის“ აკრეფა გამორიცხული იყო, თუმცა გარე ტერიტორიაზე იკრიბებოდა. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციებით ამ ფაქტზე ბევრი ხალხი დააკავეს.

გეგუთის დაწესებულება ყველაზე ძველი დაწესებულებაა, ნახევარი ციხე დანგრეული იყო, მისვლისთანავე დეპარტამენტში დავაყენე წინადადება, რომ ზონა დაკეტილიყო და რემონტი დაწყებულიყო. დავიწყეთ პატიმრების რაოდენობის შემცირება და რემონტისთვის მზადება. ზუსტად ამ მომენტში დამიბარეს პროკურატურაში. 2006 წლის „ციხის ბუნტზე“ დამკითხეს. გამომძიებელი საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, ბევრი დამატებითი კითხვა დამისვა, რომელიც 2006 წელს არც მოსამართლეს გასჩენია და არც გამოძიებას. ჩემი ჩვენების მერე ჩემზე დაიწყო ზეწოლები. გაგიკვირდებათ და სამინისტროდანაც კი.

_ რა ეწერა ასეთი თქვენს ჩვენებაში?

_ ის, რაც ბუნტის დროს რეალურად მოხდა. პროვოცირებული იყო თუ არ იყო, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ფაქტია, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდანაც კი ჩემზე ზეწოლა დაიწყო.

_ დააკონკრეტეთ!

_ მაგალითად, გენერალური ინსპექციის უფროსი, მირზა სუბელიანი. უცნაური რამ ხდებოდა: დაწესებულებაში, რომელიც რემონტზე უნდა დამდგარიყო, მკაცრი რეჟიმის დაწესებულებებიდან პატიმრების გადმოყვანა დაიწყეს. მათ შორის „კრიტიდანაც“. „მაყურებლებსა“ და ქურდული მენტალიტეტის პატიმრებს თავი მოუყარეს. ქუთაისში განაწილებული ხალხი რუხაია და გამხუაშვილი, რომლებმაც ქსნის დაწესებულებაში არეულობა მოაწყვეს, ქუთაისის ციხის მაგიერ, გეგუთში შემოიყვანეს ღამის სამ საათზე და დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ჩემთან დატოვეს. იყო ასეთი პატიმარი, ქუთაისელი, ბალახვნელი „დავითიჩი“, ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა ნარკოტიკების მიღების შემდეგ. „დავითიჩიც“, რომელსაც „ქსივა“ მოჰქონდა, ასევე `შემთხვევით” მოხვდა ჩემთან. მესამე დღეს გავაგზავნე ქუთაისის დაწესებულებაში. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა მოიყარა თავი გეგუთის დაწესებულებაში. ვხვდებოდი, რომ ეს იყო პროვოკაციული ქმედებები, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე პრევენცია. გაუგებარი გახდა ჩემთვის სიტუაცია ლევან კორტავას გარდაცვალების შემდეგ. განსაკუთრებით აქტიურობდა  „უფლებადამცველი“ ეკა ბესელია.

გეგუთის ციხეში ე. წ. კარანტინის ოთახებიც კი არ იყო, რომ ათი დღის განმავლობაში შეგვესწავლა პატიმართა ვინაობები. საერთო ოპერატიული ბაზა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს განადგურდა. კვირა დღეს 64 მსჯავრდებული გადმოიყვანეს. დავესწარი ეტაპის მიღებას. ლევან კორტავა იყო ხონის დაწესებულებაში 2008 წელს მომხდარი გაქცევის ორგანიზატორი, ჰქონდა ძალიან დიდი სასჯელი, ამნისტიის შედეგად სასჯელი მოეხსნა და როგორ მოხვდა ჩემს დაწესებულებაში, ეს ჩემთვის დღემდე გაუგებარია. კორტავა ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშ იყო. განაწილებული პატიმრები დავტოვე და დეპარტამენტის თანამშრომლები სადილად წავიყვანე, მაგრამ გზაში დამირეკეს, ჩხუბიაო და დავბრუნდი. როგორც თანამშრომლებმა გადმომცეს, ფსიქოტროპულ წამლებთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა. ყველა სხვადასხვაგვარად ყვება ამ ფაქტს. იყვნენ პატიმრები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩხუბი კიბეზე დაიწყო და კორტავა დაგორდა. მე იმ მომენტში მივედი, როცა პატიმარი გამოჰყავდათ საკაცით, სასწრაფოდ გადავიყვანეთ საავადმყოფოში, გავაყოლეთ ბადრაგი, ჩემმა მოადგილემ დამირეკა, პატიმარს ე. წ. კატე ჩაუტარდა, ნეიროქირურგმა ჟორჟოლიანმა დაადასტურა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, რომ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ ჰქონდა. ამ პროცედურას ესწრებოდა საგამოძიებოს უფროსი ჯონი იობიძე და გამომძიებელი, თუ გვარი სწორად მახსოვს, ბობოხიძე. ჩემმა მოადგილემ დამირეკა, _ ექიმები პატიმარს არ იტოვებენო. რაკი გონზე არ იყო, ფაქტობრივად, ძალით დავტოვეთ რეანიმაციაში. ამის შემდეგ შვიდი დღის განმავლობაში ექიმები გვატყუებდნენ. პატიმრის მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა, ჩვენ კი საჭმელი დაგვქონდა მისთვის. საჭიროა, ბოლომდე გაირკვეს ყველაფერი. ექსპერტიზამ უნდა თქვას, რა იყო გარდაცვალების მიზეზი _ ჩხუბი, მოტეხილობა, ფსიქოტროპული წამლები, ფილტვების შეშუპება, თუ ექიმების დაუდევრობა? ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. პატიმარი მეთერთმეტე დღეს გარდაიცვალა.

28 მაისს დეპარტამენტის თავმჯდომარის, მიშა ღურწკაიას თხოვნით, თანამდებობიდან გადავდექი იმის გამო, რომ გამოძიებისთვის ხელი არ შემეშალა. ფიზიკურად არ ვიყავი ჩხუბის დროს დაწესებულებაში, როგორ უნდა დამემალა დანაშაული, რასაც ახლა მედავებიან? შანშიაშვილი იყო პასუხისმგებელი მორიგე, გოგიბერიძე იყო ჩემი მოადგილე, იმათ შეაცვლევინეს ჩვენება. გვარაკიძე და ლომთაძე ისეთი გამომძიებლები იყვნენ, რომლებიც ბაღდათიდან იპარავდნენ ჩემს თანამშრომლებს ბორკილებით, აიძულებდნენ ჩვენების მიცემას. უფრო ადრე სიტყვიერად მომთხოვეს ქურდული ტრადიციებით გასამართლებულ პირთა სია. დავურეკე დეპარტამენტის თავმჯდომარეს, _ ასეთი მონაცემების გადაცემა ხდება მხოლოდ წერილობითი ნებართვის საფუძველზე, მისივე სიტყვიერი განკარგულებით. პროკურატურას გადავეცი ეს სია, რომელიც საკმაოდ ვრცელი იყო. არ ვიცი, როგორ ამოარჩიეს ამ მუხლით იმერეთიდან გასამართლებული პირები, ინფორმაცია იყო სხვადასხვა: ზოგი ამბობდა, რომ 318-ში მოხდა ჩხუბი, ზოგიც _ 338-ში, პირველი ჩხუბი მომხდარა პირველ სართულზე და მერე გაგრძელებულა კორპუსზე. ამ ჩხუბს, რეალურად, ბევრი ადამიანი შეესწრო. ფოთელებიც იყვნენ და ქუთაისლებიც. შვიდი პატიმარი ამოარჩიეს, პროკურატურაში რომ მივედი, სამხარეო პროკურორის ოთახში გაიმართა ჩვენი შეხვედრა, რომელსაც მე და თენგიზ კუჭავა ვესწრებოდით, პროკურატურის მხრიდან ლომთაძე და გვარაკიძე იყვნენ. ლომთაძემ რამდენიმე პატიმრის გვარი დამისახელა: ძმები ქუთათელაძეები, ონიანები და თემურ გურეშიძე. მე ვუთხარი, რომ გურეშიძეს მძიმე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული განმეორებით და ათი დღის მანძილზე დაუხმარებლად ვერ გადაადგილდებოდა; ონიანს ხერხემლის მალაზე ჰქონდა თიაქრის ოპერაცია გაკეთებული, ჯოხით დადიოდა; ქუთათელაძეები კი სანიტარიულ ნაწილში იმყოფებოდნენ, ფიზიკურად ვერ იქნებოდნენ იქ. გაიფილტრა სია. რატომღაც, სიაში დარჩა გურეშიძე. გამოძიება ტენდენციურად წავიდა. აქცენტი გაკეთდა მხოლოდ ჩემზე. იმ დღეებში ეკა ბესელიამ დამიბარა პარლამენტში, ამ საკითხზე მძიმე კამათი გვქონდა, _ ჩვენება მიეცი და, გინდა თუ არა, ხელი დაადე პატიმრებსო, _ ითხოვდა ჩემგან ეკა ბესელია. როგორ უნდა დამედო ხელი პატიმრისთვის, როცა ჩხუბის დროს დაწესებულებაში არ ვყოფილვარ? საპრეზიდენტო არჩევნები მოდიოდა, ხმაური არ აწყობდათ, საჭირო იყო საქმის გახსნილად გამოცხადება. სწორედ ამიტომ წავიდნენ გარიგებაზე თანამშრომლებთან. ვისაც ევალებოდა ჩხუბის აღკვეთა, ყველანი გარეთ გაუშვეს. ჩავედი ისევ დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, რომელიც დამპირდა, რომ თანამშრომლებზე ზეწოლა შეწყდებოდა. ბრალი წარდგენილი ჰქონდა რამდენიმე ისეთ თანამშრომელს, რომელიც საერთოდ არ იყო იმ მომენტში იქ, ამიტომ მათი თავისუფლების სანაცვლოდ შევუთანხმდი მიშა ღურწკაიას. ის იყო შუამავალი ჩემსა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის. საკუთარ თავზე ავიღე, თითქოს მე მივეცი მათ ოქმის გადაკეთების ბრძანება. ასე გამოვიყვანე ჩემები ციხიდან, მათ ვერ გავწირავდი.

_ საქართველოდან როდის წახვედით? გავრცელდა ხმები, რომ გავლენიანმა მფარველებმა გაგაპარეს.

_ 2 აგვისტოს გამთენიისას მივდიოდი. მესაზღვრემ აეროპორტში გამაჩერა, _ კომპიუტერია დაზიანებულიო. მივხვდი, რაც ხდებოდა, იქვე ვუთხარი, _ თქვენს უფროსს დაუძახეთ-მეთქი. წინა დღით ვიყავი მიშა ღურწკაიასთან, დავურეკე. ბუნტის საქმის გამომძიებელს, ასევე დავრეკე დასავლეთ საქართველოს ოლქის პროკურატურაში, _ ქვეყნიდან გავდივარ და რაიმე შეკითხვები ხომ არ გაქვთ-მეთქი? არანაირი შეკითხვა არ გასჩენია არავის. დილის ოთხ საათზე მირეკავს მიშა ღურწკაია, გადმომცა პროკურატურის თხოვნა, არ წავსულიყავი ქვეყნიდან, თორემ ამას მოჰყვებოდა ჩემი თანამშრომლების ხელახალი დაკავება. ცხადია, უკან დავბრუნდი. მეორე დილითვე მივედი დეპარტამენტში და ვუთხარი, _ მე პრესკონფერენციას ვაწყობ, დავიღალე ამდენი თამაშით-მეთქი. დავნიშნე კიდეც პრესკონფერენცია. ჟურნალისტებს უნდა შევხვედროდი. მიშა ღურწკაიამ ისევ გადმომცა ლაშა ნაცვლიშვილის თხოვნა, _ ოღონდ ახლა პრესკონფერენცია არ ჩაატარო, ყველაფერში გვერდით დაგიდგებითო. რაკი აქცენტი თანამშრომლებზე მქონდა გაკეთებული, ეს წინადადება მივიღე, ჟურნალისტებს განვუცხადე, რომ სტენოკარდიული შეტევა მქონდა და პრესკონფერენცია ჩავშალე, ავიღე საკუთარ თავზე დანაშაულის დაფარვა, შემიფარდეს გირაო 5000 ლარის ოდენობით, თანამშრომლებიც გამოუშვეს და სექტემბრის ბოლოს მომცეს თანხმობა გასვლაზე. გვარაკიძე ახლა აცხადებს, რომ მე ქვეყნიდან გავიპარე. ეს არის ტყუილი, მათი ნებართვით წავედი ქვეყნიდან!!!

_ წახვედით და აღარ ჩამოხვედით.

_ სამი სტენტი ჩავიდგი, ამ სახელმწიფოს ვალი მაქვს გასასტუმრებელი მკურნალობის თანხა 19500 დოლარი. კორტავას საქმე სასამართლოშია, პროკურორ დავით ლეპერტის დავალებით დამიკავშირდა  გამომძიებელი ლომთაძე, შემომთავაზა, საქართველოში ჩამოვსულიყავი პროცესში მონაწილეობის მისაღებად. მას სიტუაცია ავუხსენი. მითხრეს, რომ გადამცემენ ძებნაში. იურიდიულად მართლები არიან, მაგრამ მე ვთხოვე მათ, სასამართლოზე დავეკითხე, ამის დამადასტურებელი მიმოწერაც მაქვს. პირობის შესრულება მოვითხოვე: ორ კაცს სრულიად ტყუილად წარედგენა ბრალი, გამოუშვით ისინი, რაც ჩემს თავზე მაქვს აღებული, ისევე გავაგრძელებ-მეთქი. ეს ასე არ მოხდა, ამიტომ ერთადერთი, რასაც ახლა ვითხოვ, ისე ნუ გამასამართლებენ, რომ არ დავიკითხო სასამართლო პროცესზე!!! პატიმრების ადვოკატებმა მოითხოვეს, რაკი სინაურიძე ბრალდების მოწმეა, „სკაიპის“ მეშვეობით დავკითხოთო. პროცესზე პროკურორმა განაცხადა, _ მალხაზ  სინაურიძის ასავალ-დასავალის შესახებ არაფერი ვიცითო. ამაზე ოქმიც შედგა, მაშინ როცა წინა კვირაში მისივე გამომძიებელი მესაუბრა. შემდეგ იმავე სხდომის ოქმში მიუთითა, რომ სინაურიძე კორტავას ჩხუბის დროს დაწესებულებაში არ იყო და მოწმედ ვერ გამოგვადგებაო. თუ დაწესებულებაში არ ვიყავი და პროკურორი ამას ადასტურებს, თუ ვითარება არ ვიცი, მაშინ რატომ მასამართლებენ? თუ ვიცი ვითარება და მასამართლებენ, მაშინ სასამართლო პროცესზე დამკითხონ.

_ ამ დავიდარაბის შედეგად გამოვიდა, რომ თქვენ _ „ციხის ბუნტზე“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე _ ქვეყნის გარეთ ხართ და ვერ ჩამოდიხართ.

_ სამწუხაროდ, ზუსტად ასე გამოვიდა. უნდა დამკითხონ, გაითვალისწინებენ თუ არა ჩემს ჩვენებას, ეს მეორე საკითხია. იმის იმედიც ნურავის ექნება, რომ ძებნილი ვიქნები და საქართველოში არ დავბრუნდები, ვალს დავფარავ თუ არა, აუცილებლად დავბრუნდები. არც ძებნის მეშინია, არც ციხე-კოლონიის, მათსავით ავტომატებითა და სპეცრაზმით არ შევდიოდი ციხეში. იმედია, სამართალს ვიპოვი. დასაკარგი არაფერი მაქვს!!!

თქვენი გაზეთის მეშვეობით ვთხოვ სასამართლოს, _ დამკითხეთ!!!

იქ გაირკვევა მტყუანი და მართალი. იქნებ, კი არ დავფარე, მე ჩავიდინე ეს ამაზრზენი დანაშაული? სიმართლე ხომ უნდა გაირკვეს? კორტავას მერე 12 მსჯავრდებულია გარდაცვლილი ცემით. ლევან კორტავა ექიმების დაუდევრობით და უყურადღებობით გარდაიცვალა. „ნაციონალების“ პირველი მტერი ახლა „ოცნების“ პირველი მტერი გავხდი. განტევების ვაცი დასჭირდათ და არ გამოვა ასე!!! ვალს გავისტუმრებ და დავბრუნდები. ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად!

 

                                                                                                   ელისო კილაძე