რა დავალება მიიღეს „მოქალაქისგან“ ღარიბაშვილმა, ბადაშვილმა და შოთაძემ?!

al12

 

ის ვერ დაიჭირეს, თუმცა მისი უწყების ხუთი წარმომადგენლის ბრალეულობას დღესაც  არკვევს პროკურატურა. ის ვერ მიიღეს გუნდის წევრად, თუმცა თავად ამ მოკვეთას მონური მორჩილების თვისებების აშკარა დეფიციტით ხსნის. მორიგი ხელისუფლებიდან მორიგ ოპოზიციაში გადასასვლელად ზუსტად იმდენი დრო დასჭირდა, რა ფასიც დღეს აქვს ე. წ. კაბელების საქმეს. დიდი ხანია, პოლიტიკაშია, თუმცა დაუწერელი კანონებით თამაში არ უყვარს. არც კომპრომატების შეგროვებაა მისი სტიქია და პრეტენზიაც ამბიციური აქვს _ პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებაზე ზრუნავს, საკონსტიტუციო ვადების პატივისცემასა და ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული, ისევ ქვეყნის თავდაცვაზე ფიქრობს. ოპოზიციაში წასულიც კი ეთიკურ საზღვრებში რჩება და სუბიექტურობით გამართლებულ ემოციურ შეფასებებსაც საგულდაგულოდ მალავს. სააშკარაოზე მხოლოდ 2016 წლის მოლოდინები გამოაქვს და ყოფილი თანაკოალიციელების სინანული, რომელსაც რეჟიმის დასრულებისთანავე სინქრონულად გაახმოვანებენ, ჯერ კიდევ, მდუმარებაში მყოფი მეოცნებეები. პარტნიორთა წრე დიდია, გადასაჭრელი პრობლემები კიდევ უფრო მეტი, მაგრამ პოლიტიკური ალიანსი რომელიმე ძალასთან _ გამორიცხული.

ეს ირაკლი ალასანიას პორტრეტის მხოლოდ შტრიხებია. გაცილებით მეტი იმ ინტერვიუშია, რომელიც „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად მისცა და ბევრ თემაზე დუმილი დაარღვია. პირველად, 7 წლის პაუზის შემდეგ, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი იმ შეხვედრას გაიხსენებს, რომელიც სოხუმში სერგეი ბაღაფშთან და სერგეი შამბასთან შედგა. ისევე, როგორც პირველად მოყვება უახლოესი წარსულიდან მისი კარიერისთვის ყველაზე მტკივნეული თემის _ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების რეალურ მიზეზებზე, დამკვეთებსა და შემსრულებლებზე. პირველი მოქალაქის საკურორტო რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე, პრემიერისა და მისი უახლოესი გარემოცვის კომერციულ ინტერესებზე, რომელიც ვერ გაატარეს თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ თავად მინისტრს ძვირად დაუჯდა.

***

2006 წელს ირაკლი ალასანია გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა. მაშინ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ოფიციალური პირები განმარტავდნენ, რომ ალასანიას ელჩად მივლინება მიზნად ისახავდა საერთაშორისო მცდელობების გაძლიერებას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში. თუმცა ოპონენტები საპირისპიროს ამტკიცებდნენ _ დიპლომატიის ხაზით ალასანიას გააქტიურებას, პროცესებიდან ჩამოშორებით ხსნიდნენ, რომელსაც ასევე სააკაშვილს უკავშირებდნენ. შემსრულებლად თავდაცვის მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ასახელებდნენ, რომელიც შანსს არ უშვებდა ხელიდან, ალასანიასთვის, დისკომფორტთან ერთად, პრობლემებიც შეექმნა. რატომ არ ენდობოდა სააკაშვილი ალასანიას და რა უთანხმოებები არსებობდა მათ შორის…

 

_ სააკაშვილის მოსვლით ბევრს და, მათ შორის, აფხაზებსაც ეგონათ, რომ რაღაც ახალი ეტაპი დაიწყებოდა, მათ შორის, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებშიც. ჩემი დანიშვნის იდეა იმ დროისთვის როგორ მომწიფდა, ეს არ ვიცი, მაგრამ როცა შემომთავაზეს, გამიკვირდა იმიტომ, რომ მე ნაომარი ვიყავი აფხაზეთში, მამაჩემი დახვრეტილი იყო აფხაზების მიერ და ვუთხარი კიდეც, რომ ეს ყველაფერი არ მომცემდა საშუალებას, რეალურად გულწრფელი დიალოგი გამემართა მათთან. რატომღაც, თავად ითხოვდნენ დაჟინებით და მეც აზარტში შევედი. ჩემი გადმოსახედიდან დაპირისპირების მიზეზი ბევრი იყო _ ის, რომ ერთ წელიწადში აფხაზებთან მოვახერხეთ ურთიერთობის გაღვიძება, ერთობლივი კომისიის შექმნაც, რაც წლების განმავლობაში არ მომხდარა, თუნდაც ჩემი არაერთი ვიზიტი სოხუმში, აფხაზების ჩამოყვანა. ეს დინამიკა რომ შევქმენით და შემდეგ უკვე მივედით ერთობლივ დოკუმენტამდე, როგორც მას ერქვა _ ერთობლივი მემორანდუმი, სააკაშვილისთვის მოულოდნელი იყო. ეტყობა, ეს არ ჯდებოდა მის გეგმებში. მგონია, რომ მას ეჩქარებოდა აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირება. მე ნათქვამი მქონდა, რომ მისი პრეზიდენტობის ვადა, ისევე როგორც მისი შემდგომის ვადაც არ ეყოფოდა კონფლიქტის სრულმასშტაბიან დარეგულირებას, მაგრამ მას შეეძლო, კარგი საფუძველი ჩაეყარა.

_ ანუ ეს იყო მხოლოდ კონფლიქტების მოგვარების თემის ირგვლივ არსებული განსხვავებული დამოკიდებულებები, თუ მაინც უნდობლობის პოლიტიკა, ალასანიასთვის ინიციატივების ვერპატიება და მაინც პირადი უთანხმოება…

_ არა, არა! აქ თქვენ თუ ნდობა-არნდობის საკითხზე ამახვილებთ ყურადღებას, არა! როგორ შეიძლება, არ ენდო, ან არ ყოფილიყო თავიდანვე ნდობა, როცა ასეთ საქმეში უშვებ ადამიანს?! აქ ხომ მარტო სააკაშვილი არ იყო? აქ იყო ჩემი წარსულიც, ყველაფრიდან ჩანდა, რომ მე შემიძლია საქმის კეთება… პანკისშიც არავის ეგონა, რომ იმ საქმეს დავასრულებდით, მაგრამ… შედეგის დამდები რომ ვიყავი, ეს იცოდნენ ძალიან კარგად, თუმცა მერე უკვე ვიგრძენი, რომ სააკაშვილს მოკლე ვადაში მიღებული გადაწყვეტილებების გზაზე სიარული უნდოდა, ვიდრე გრძელვადიანი მოლაპარაკებების პროცესში შესვლა. როდესაც ფაქტის წინ დავაყენე და ხელი იყო მოსაწერი კონკრეტულად აფხაზებთან დეკლარაციაზე, აი, აქ, უკვე უკან დაიხია და თქვა, რომ დოკუმენტი არ ვარგოდა. მე ჩხუბიც მომიწია მასთან, დავუპირისპირდით ერთმანეთს, რადგან ყველაფერი შეთანხმებული იყო, თუმცა მახსოვს, ასეთი ფრაზაც გამოიყენა: „ეს დოკუმენტი მომზადებულია რუსეთში!“ ანუ სააკაშვილს უნდოდა, საფუძველი ეპოვა, რომ არ წასულიყო ხელმოწერის საქმე წინ, რამაც აფხაზებშიც დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, მოლაპარაკებების პროცესიც ნელ-ნელა ჩაეშვა და მე ვუთხარი, რომ მივდიოდი თანამდებობიდან. ამის შემდეგ შემომთავაზეს გაეროში წასვლა, რომ იქ გამეგრძელებინა დევნილების პრობლემებზე მუშაობა. ამ წინადადებას დავთანხმდი, მინდოდა და ჩაფიქრებულიც მქონდა რეზოლუციის გატანა გენერალურ ასამბლეაზე, რაც ნამდვილად მოვახერხე. ის ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც გვაკავშირებს გაეროსთან და რომელსაც ყოველ წელს ვიღებთ. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, ის იყო, უბრალოდ, ინგრედიენტი ამ ყველაფრის, სხვა თემები იყო. მე უფრო კონკრეტულ საკითხზე მომივიდა მასთან შეუთანხმებლობა, რომელიც ეხებოდა კოდორის ხეობაში არსებულ „მონადირეს“. მიმაჩნდა, რომ „მონადირე“ არ უნდა დაშლილიყო, უბრალოდ, მეტი რესურსი უნდა მიგვეწოდებინა ამ ადამიანებისთვის, მეტი წვრთნა უნდა გაგვეკეთებინა და ვინც ვერ გაუძლებდა ფიზიკურ დატვირთვას, ისინი ჩაგვენაცვლებინა და არა მთლიანად დაგვეშალა… იმიტომ რომ ეს ადამიანები იცავდნენ საკუთარ ოჯახებს, ადგილობრივები იყვნენ და ძალიან კარგად იცოდნენ გარემო, ისევე როგორც სამხედრო კუთხითაც არ იყო მიზანშეწონილი _ აი, ეს თემა იყო ჩემი და ოქრუაშვილის დაპირისპირების მიზეზი.

***

2008 წლის 12 მაისს საქართველოს ელჩი გაეროში, ირაკლი ალასანია, მოულოდნელი ვიზიტით სოხუმს ეწვია და თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერთან, სერგეი ბაღაფშთან და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან შეხვედრები გამართა. ინფორმაცია ვიზიტის დეტალებზე ძალიან მწირი იყო, მხოლოდ მინიშნებები _ უსაფრთხოების საკითხების განხილვა. ვიზიტიდან ცოტა ხნის შემდეგ ალასანია ნიუ-იორკში ისე გაემგზავრა, რომ პრესისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. დუმილს ინარჩუნებდნენ ბაღაფში და შამბაც. წლების შემდეგ შეხვედრის დეტალებს მხოლოდ დღეს იხსენებს ირაკლი ალასანია და „ქრონიკა+“-თან პირველად ყვება სიმართლეს…

_ მართალი ხართ, დეტალები არ გახმიანებულა. თქვენ ბაღაფშისგან ამ ამბავს ვეღარ გაიგებთ, შამბაც, ალბათ, აღარ გააკეთებს კომენტარს, ამიტომ მე უნდა გითხრათ. ეს იყო, ალბათ, ბოლო მცდელობა, თავიდან აგვერიდებინა მოსალოდნელი დაპირისპირება რუსეთთან. მე როგორც ელჩმა თხოვნა მივიღე აფხაზებისგან, რომ ჩავსულიყავი. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, სააკაშვილთან და მაშინდელ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმდა. დავბრუნდით იმ წერტილში, ღირდა თუ არა დოკუმენტზე მუშაობის გაგრძელება. ბაღაფში პირდაპირ ამბობდა, რომ მას რუსები აწვებოდნენ, შესულიყო კოდორში და ეს მას არ სურდა. ბაღაფშმა იცოდა, რომ მსგავსი მოქმედება გამოიწვევდა სისხლისღვრას და მას სჭირდებოდა მექანიზმების ამუშავება, აფხაზებს დაენახათ, რომ კოდორიდან არ ვემზადებოდით თავდასხმისთვის. ისინი მოითხოვდნენ, აღდგენილიყო აფხაზების მონიტორინგი გაეროსთან ერთად ხეობაში, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა. რომ მას ჰქონოდა საშუალება ეთქვა  რუსებისთვის, _ აფხაზს შეუძლია შევიდეს და ნახოს საკუთარი თვალით, რომ კოდორიდან საფრთხე არ გვემუქრება! აი, ამაშიც ჩანს, რომ რუსეთს უნდოდა პროვოცირება. მე და შამბამ მთელი ღამე გავატარეთ ბაღაფშთან, დავწერეთ ეს დოკუმენტი. საფუძვლად ავიღეთ ძველი ვერსია, მაგრამ 2005 წლის დეკემბრის შემდეგ რა სიახლეც იყო, ისიც შევიტანეთ და ისევ მოვამზადეთ დოკუმენტი, რომელზედაც სააკაშვილსა და ბაღაფშს უნდა მოეწერათ ხელი. ახალ დოკუმენტში ჩავწერეთ აფხაზეთის ტერიტორიაზე დევნილების დაბრუნებისა და მათი საკუთრების უფლების აღიარება, ჩვენი მხრიდან საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობაზე შეთანხმება, რომ არ დავიწყებთ კონფლიქტის მოგვარებას სამხედრო გზით, ასევე კოდორში მონიტორინგის მექანიზმების ამუშავება. თბილისში დაბრუნებულმა მომზადებული დოკუმენტი გადავეცი სააკაშვილს, ბოკერიასა და, თუ არ ვცდები, ეკა ტყეშელაშვილს. შევთანხმდით, რომ ისინი მოაწერდნენ ხელს. სააკაშვილის დაპირებიდან გავიდა ორი კვირა და სიტუაცია არ შეიცვალა, ანუ მან ისევ უარი თქვა ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე. თუმცა, მოგვიანებით, საერთაშორისო მხარდაჭერით, კიდევ მოხდა ჩვენი და აფხაზების შეხვედრა ამ საკითხზე. როგორც მახსოვს, ეს შეხვედრა შვედეთში, ივნისის პირველ დღეებში გაიმართა, მაგრამ აქ უკვე აფხაზებს ჰქონდათ სხვა პოზიცია. როგორც ჩანს, ჩვენი მხარის შეყოვნება რუსებმა წარმატებით გამოიყენეს, გავლენაც იქონიეს აფხაზებზე და უკვე მათაც გაუჩნდათ დოკუმენტზე ხელმოწერის რეზერვაცია. ცხადია, დოკუმენტი ჩაიძირა და უკვე ორ თვეში დაიწყო ის პროცესები ცხინვალში, რომელიც როგორ დასრულდა, ყველამ ვიცით.

***

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს მონაწილეობდა გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში და ბრალი დასდო რუსეთს „საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღგვისა“ და „ქართველი ხალხის მოსპობის“ მცდელობაში და მისი გამოსვლა ქვეყანამ წარმატებებში მიითვალა, სულ რაღაც ოთხ თვეში მან მიიღო გადაწყვეტილება, დაკავებული თანამდებობიდან გადამდგარიყო. საფუძველი აქაც _ სააკაშვილთან დაპირისპირება და ქვეყნის შიდა და სამხედრო საკითხებში განსხვავებული ხედვები იყო. ოპონენტები აქაც მკაცრი იყვნენ ალასანიასთან მიმართებით _ კონფლიქტების მოგვარებაში მის ფსევდოდასავლურობაზე აკეთებდნენ აქცენტს და რუსეთისადმი კეთილგანწყობაზე ღიად მიანიშნებდნენ. ვის აწყობდა მაშინ ამ თემის განვრცობა, ალასანიას ფიგურის დისკრედიტაცია და ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტისგან მისი ღალატში დადანაშაულება…

_ დავიწყოთ იმით, რომ ბრალის წაყენება არის, საერთოდ, ავტორიტარის დამახასიათებელი ნიშანი. სააკაშვილი იყო ავტორიტარული მმართველი და ნებისმიერ მის წინააღმდეგ წასულ ადამიანს აბრალებდა, რომ ის იყო რუსებთან შეკრული. ისევე როგორც დღეს ავტორიტარული მმართველია ივანიშვილი და ნებისმიერ მის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს აფასებს, რომ ეს ადამიანიც არის „ნაციონალებთან“ შეკრული. ეს არის მახასიათებელი თვისება რეჟიმის. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულს ამ ყველაფერში ვერ ვხედავ. ერთნაირები არიან ჩემს წარმოდგენაში მართვის სტილში სააკაშვილიც და ივანიშვილიც. ჩვენ ვისაუბრეთ, თუმცა დავკონკრეტდები _ 2007 წლის მერე, ნოემბრის მოვლენებიც დასრულებული იყო, თეთრ სახლში ბუშთან შეხვედრაზე სააკაშვილს ვუთხარი, რომ მას შემდეგ, რაც გენერალურ ასამბლეაზე დევნილების შესახებ რეზოლუციას მივიღებდით, წასვლას ვაპირებდი საჯარო სამსახურიდან. ეს იცოდა წინასწარ, ანუ მე საჯარო მოხელის ყველა წესი დავიცავი. რა თქმა უნდა, იყო შემხვედრი კითხვა, _ რატომ? პირდაპირ ვუპასუხე, _ ეს იყო კონფლიქტების დარეგულირებაში ჩვენი ხედვების აცდენა, ნოემბერში მომხდარი მოვლენები გახლდათ დემოკრატიული ღირებულებების გზიდან გადახვევა, ჩატარებული არჩევნების სანდოობა და ბევრი სხვა საკითხი, რომელზედაც მას ვესაუბრე. როდესაც გავიტანეთ ეს რეზოლუცია, მაისში დავბრუნდი საქართველოში, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ჩამოვუყალიბე ჩემი მიზეზები და უკვე ვაპირებდი წასვლას, მაგრამ იმდენად ცუდად და სწრაფად განვითარდა მოვლენები, ვალდებული ვიყავი, დავრჩენილიყავი და დამეცვა ჩემი ქვეყნის ინტერესები აგვისტოში. ეს შევძელით, როგორც წესი და რიგი იყო სხვებთან ერთად. სექტემბერშიც შედგა ჩემი და სააკაშვილის საუბარი. ისევ დავაყენე თანამდებობიდან წასვლის საკითხი და ისევ განვუმარტე ჩემი პოზიცია, _ ჯერ კიდევ 2005 წელს რომ არ ჩაედინა ის, რაც ჩაიდინა, არ იქნებოდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. განცხადების დაწერის შემდეგ, მეორე დღესვე, დამირეკა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ, რომელმაც გადმომცა სააკაშვილის წინადადება _ მთავაზობდნენ თავდაცვის მინისტრის, ან საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, თუ მოვიფიქრებდი ისევ მათთან თანამშრომლობას. ცხადია, უარი ვუთხარი და მერე ჩაატარეს ის „ბასტი-ბუბუ“ _ ელჩები მოხსნეს, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაერიდან გაუშვეს, შეხვედრაზე მიმავალი მოხსნეს და ა. შ. ამით დამთავრდა ჩემი ურთიერთობა სააკაშვილთან.

_ ოპოზიციაში წასული აქციებშიც მონაწილეობდით, ბოლოს თბილისის მერობის პრეტენზიაც გაგიჩნდათ, „ალიანსმა“ თქვენი კანდიდატურა წარადგინა. ხმათა 19%-ით მეორე ადგილზე გახვედით. იცოდით, ვერ გაიმარჯვებდით, ქვეყანაში უკვე მძიმე სიტუაცია იყო, კერძოდ, დემოკრატია _ საფრთხეში, ბიზნესი _ დატერორებული, მედია _ გადანაწილებული, სასამართლო _ პოლიტიზებული და საკუთრება _ ხელყოფილი… მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისევ იმ სააკაშვილის აბსურდში მონაწილეობდით, როგორც კანდიდატი, რომელიც უფრო ფასადურ საგარეო იმიჯსა და საერთაშორისო ასპარეზზე შესაქმნელ მითს  ემსახურებოდა, რატომ ჩაერთეთ ამ ყველაფერში?

_ ჯერ ერთი, რომ საყოველთაო იმედგაცრუებაში, ღირებულებების აღრევასა და მახინჯ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩემი ამოცანა იყო სწორი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება. ამას ვამბობდი პირველი დღიდან, როცა მოვედი; აქციების დროსაც, თუ გახსოვთ, ვამბობდი იმასაც, რომ ერთადერთი გზა ხელისუფლების შეცვლის არის არჩევნები, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც. ეს არის ის ღირებულებები, რისიც მწამდა და დღესაც მწამს. მაშინაც ჩემი ეს ნაბიჯი, რაც თქვენ გაინტერესებთ, იყო სწორედ პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების მცდელობა. ასეთები ვართ „თავისუფალი დემოკრატები“, ასეთი ღირებულებები გვაქვს და არ ვემხრობით ძალადობის აქციებს. დღესაც იგივე აზრზე ვართ და ამიტომ ვამბობთ, რომ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლებაც და მოხდეს ივანიშვილის რეჟიმისგან ქვეყნის განთავისუფლება.

_ სააკაშვილის მსგავსად ნდობის მაღალი ხარისხი არც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა თქვენ მიმართ. თუმცა კოალიციაში ყოფნის პერიოდში მაინც დაინიშნეთ თავდაცვის მინისტრად… ვიცე-პრემიერობაც გამოსცადეთ, მაგრამ ეს პოზიცია მალე ჩამოგერთვათ…

_ კი, როგორ ჰქვია? _ ჩამომალაბორანტეს… (იცინის)

_ თუმცა თავდაცვის მინისტრი მაინც იყავით ბოლომდე; ასევე იყავით პირველი ადამიანი, რომელიც ივანიშვილს ბატონობით არ მოიხსენიებდით… ფამილარობას თუ გამოვრიცხავთ, რა რჩება _ შინაგანი პროტესტი? რატომ ვერ იყავით ანგარიშგასაწევი ფიგურა მის კარზე?

_ აქაც პარალელეს გავავლებ: დამოუკიდებელი აზროვნებისა და არა მარტო დამოუკიდებელი, არამედ პოლიტიკური ძალის მქონე ფიგურა არ არის მისაღები ავტორიტარული მმართველისთვის. მას დისკომფორტი ექმნება იმ დროს, როდესაც სურს, ყველა და ყველაფერი იყოს მორჩილებაში, ამ შემთხვევაში, ამ მორჩილებიდან ამომხტარი ნებისმიერი პოლიტიკური ძალა არის მიუღებელი და ეს, ბუნებრივია, მაშინაც იგრძნობოდა. ივანიშვილს მართვის სტილი ჰქონდა საბჭოური, ოლიგარქიული, პრინციპში, 90-იან წლებში მას სხვა არც უკეთებია არაფერი. რა თქმა უნდა, მივიღე, რომ ეს ადამიანი იყო ასეთი, ინსტრუმენტული და ძალიან მნიშვნელოვანი იმ ცვლილებისთვის, რომელიც გარდაუვალი იყო, რასაც ერქვა სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოცილება. ამ ნაბიჯისთვის მე დღესაც ივანიშვილის მადლიერი ვარ. არა მარტო მე, მთელი ქვეყანა, მაგრამ ის იყო ავტორიტარი, მონურ მორჩილებაში უნდოდა ჰყოლოდა ყველა. მე აბსოლუტურად განსხვავებული ტიპი ვარ, აქედან გამომდინარე, ეს კონფლიქტი ჩანასახშივე იდო, მაგრამ მე, იმის გამო, რომ მნიშვნელოვანი ამოცანები გვქონდა წინ, _ ნატოს სამიტი, ევროკავშირის სამიტი, ჯარი და ის საქმე _ თავდაცვა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტია, იმდენად მეძვირფასებოდა, რომ პირად წყენებზე ვხუჭავდი თვალს. ასეც გავაგრძელე, ვიდრე ეს არ გადაიზარდა იმხელა სიმახინჯეში, რომ ჩემ გამო ხუთი უდანაშაულო ადამიანი დაიჭირა და ციხეში ჩასვა. ეს ნამდვილად იყო ბოლო წვეთი… რაც შეეხება ბატონობას, ეთიკურ ზღვარს არ გადავსულვარ… ვერ გეტყვით!

რაც შეეხება მეორე პარალელელს _ სააკაშვილისა და აფხაზეთის თემის მსგავსად, არც ივანიშვილი ელოდა, რომ ჩვენ მივაღწევდით ასეთ ხელშესახებ შედეგს ნატოსთან მიმართებით. ასევე დარწმუნებული ვარ და შინაგანად ვიცი, რომ რუსებისგან მიიღო კონკრეტული, ღია და ფარული მითითებაც, რომ ეს ნაბიჯები მას ხელს შეუშლიდა რუსეთთან ურთიერთობაში, რაც, ბუნებრივია, არასწორი მიდგომაა სახელმწიფოს მმართველის მხრიდან. არ შეიძლება, რუსებს ანგარიში გაუწიო შენს შიდა უსაფრთხოებასა და საკადრო გადაწყვეტილებებზე. მასთან დიალოგი, ურთიერთობის დარეგულირება რეალურად არ ითხოვს ამ ნაბიჯს. მაგრამ აქაც განვმეორდები და მისი წარსულიდან გამომდინარე შევაფასებ მის მოქმედებას, _ რუსებთან ურთიერთობას და ამ ნაბიჯს შეცდომად ჩავუთვლი.

მესამე _ ივანიშვილთან შეხვედრა მქონდა 14 ივნისს, ადგილობრივი არჩევნების დღეს, სადაც ვუთხარი, თუმცა ადრე ნათქვამი მქონდა ღარიბაშვილისთვის მაისის ბოლოს, რომ ვაპირებდი პარტიის გაძლიერებას და პარტიის ლიდერად შეიძლებოდა მეყარა კენჭი. ავუხსენი ისიც, რომ ეს იყო ძლიერი კოალიციისთვის ძლიერი პარტია, პარტნიორი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა მომავალ არჩევნებზე. მე თავშიც არ მედო მაშინ, რომ შეიძლებოდა ასე დრამატულად მოტრიალებულიყო ვითარება ჩვენს ქვეყანაში. ამის შემდეგ მან დაიწყო უშუალო დავალებების გაცემა პროკურატურისთვის, რაც ჩემთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი და დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ აგვისტოს ბოლოს ურეკში მის რეზიდენციაში შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი და მისი მოადგილე შოთაძე; ასევე მაშინდელი შსს მინისტრი და მისი ერთ-ერთი მოადგილე, რომლის ვინაობას ზუსტად ვერ გეტყვით. დანამდვილებით ვისზეც შემიძლია ვასახელებ: ბადაშვილი, შოთაძე, ღარიბაშვილი… ამ შეხვედრაზე მიიღეს ივანიშვილისგან კონკრეტული დავალება, რომ მოეძებნათ რაღაც, ან უკვე წამოწყებულ საქმეში, ან რამე ახალი, რომ წაეყენებინათ ჩემთვის ბრალი. ეს რომ გავიგე, პრემიერ-მინისტრთან მივედი და მასთან საუბარი მქონდა, _ გაერკვია, რატომ ხდება მსგავსი რამ, არაფორმალური ადამიანი რატომ აძლევს დავალებებს პროკურატურას?! როგორც თქვენ არ გაგირკვევიათ, ისე ეს ამბავი პრემიერს არ მოუკითხავს, ხოლო ოქტომბრის ბოლოს რაც მოხდა, ყველამ ნახა. პრაქტიკულად, მიება ეს სამზადისი საფრანგეთში გაფორმებულ შეთანხმებას.

_ განსაკუთრებული სიყვარული არც ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა თქვენ მიმართ. იყო თუ არა მისი პირადი ანგარიშსწორებაც შემდეგ განვითარებული მოვლენები? ჩვენი ინფორმაციით, ცნობილი დაკავებების შემდეგ თქვენ პირისპირ შეხვდით მას. ცოტა გაოცებულიც კი დარჩენილა პრემიერი ე. წ. კაბელების საქმის გაცნობის შემდეგ, პროკურატურის მისამართითაც მკაცრი განცხადებები გაუკეთებია და დეტალებში გარკვევასაც დაგპირებიათ, თუმცა ასე დაიმედებული წამოსული დილით ბრიფინგის მომსწრე გახდით, თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთ წარმომადგენელს რომ წაუყენეს ბრალი. იქნებ, მოგვიყვეთ ამ შეხვედრის დეტალებზე და ერთ ღამეში შეცვლილი პოზიციის შესახებ?

_ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილმა თავიდან დაინიშნა თანამდებობაზე, ჩვენმა გუნდმა მიიღო ძალიან კარგი გადაწყვეტილება _ ყველანაირად გვერდში დავდგომოდით ახალგაზრდა კაცს. არანაირი საფუძველი არ გვქონდა გვეფიქრა, რომ ამ ადამიანს ჩაფიქრებული ჰქონდა, ქვეყანა წაეყვანა არასწორი მიმართულებით, პირიქით _ ჩვენ მასში ვგრძნობდით გულწრფელობას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მართვის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, ძალიან კარგი განწყობით ვიყავით და ვუერთგულეთ ბოლომდე არა ირაკლი ღარიბაშვილს, არამედ პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს. ის, რომ დამოუკიდებელი მოთამაშე არ იყო, ეს გახლდათ ნათელი, ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი, მისთვის შემექმნა ის საფუძველი, რომ ჩამოყალიბებულიყო დამოუკიდებელ მოთამაშედ. ვეუბნებოდი მთავარი იყო ყველასთვის დაენახებინა, რომ ის გამოვიდა ყოფილი პრემიერის ჩრდილიდან, რომ ის არის ადამიანი, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ გეგმებს აწყობს ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, ის ვერ შედგა ამ ტიპის მმართველად.

_ კონკრეტულად კიდევ რა იყო მიზეზი ღარიბაშვილისგან თქვენი ათვალწუნების?

_ იგივე „დელტაკომის“ თემა, ის არის მომჩივანი კომპანია ამ შემთხვევაში. სააკაშვილის შემდეგ ივანიშვილის ხელში გადმოვიდა სახელისუფლებო მემკვიდრეობით და ბოლოს ღარიბაშვილის ახლობლების ხელში აღმოჩნდა. თურმე, მათ უნდოდათ, ამ სერვისის მოწოდებაში გაემარჯვებინათ თავდაცვის სამინისტროში, უკმაყოფილო იყვნენ ტენდერის პირობებით და მათ ჰქონდათ პირადი, კომერციული ინტერესები, რაც მოგვიანებით გავარკვიეთ. აქედან გამომდინარე, ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ოპონენტის მოცილების, _ ღარიბაშვილისა და მისი გარემოცვის კომერციული ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. რაც შეეხება შეხვედრას ღარიბაშვილთან, ეს ნამდვილად შედგა. მე ვუთხარი, როგორ ვხედავდი განვითარებულ სურათს და ვისგან მოდიოდა დაკვეთა, კონკრეტული გვარებით ვესაუბრე და თითქოს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ღარიბაშვილი მიხვდა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების დაჭერაში მის მიერ დაშვებული შეცდომის დრამატულობას. თავადაც მიხვდა, რომ ამას მოჰყვებოდა კოალიციის შერყევა. თუმცა მეორე დღეს გაგრძელდა ისე, როგორც გაგრძელდა და მან შეცდომა შეცდომაზე დაუშვა.

_ და ამ გაგრძელების მიუხედავად რატომ არ გადადექით საკუთარი სურვილით და რატომ მიანიჭეთ პრემიერს ის სიამოვნება, რომ თანამდებობიდან გაეშვით?

_ ეს იყო ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ, თუ გახსოვთ ის ბრიფინგი, რომელიც აქ ჩავატარეთ, ჩვენ საუბარი გვქონდა სხვა რამეზე: პროკურატურა საფრთხეს უქმნის ყველაფერს, რასაც ჩვენ მივაღწიეთ თავდაცვის უწყებაში, ამიტომ შევხვდეთ პოლიტსაბჭო და გავარკვიოთ, ვისი დავალებით, ან რატომ მიდის აქეთკენ პროცესები. ჩვენი ამოცანა იყო, რომ კოალიციას ღიად გვემსჯელა ამ თემებზე. ღარიბაშვილმა კი მოკლე ჩართვა გააკეთა და დაგვითხოვა თანამდებობებიდან, რაც მოსალოდნელიც იყო.

***

დღეს უკვე ოპოზიციაში წასული ირაკლი ალასანია პარტიული საქმიანობითაა დაკავებული და თანაგუნდელებთან ერთად საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს აწყობს. პარალელურად, პარტნიორებთან წინადადებებს ამუშავებს და მკაფიოდ გამოხატულ ფოკუსჯგუფებზე ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას ერიდება. სამაგიეროდ, არ ერიდება მმართველი გუნდის მისამართით კრიტიკას…

_ ალბათ, მოულოდენელი პასუხი იქნება ჩემგან, მაგრამ აბსოლუტურად ვერ ვხედავ საფრთხეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განვითარებასთან მიმართებით. „NDI“-ის კვლევის შედეგად დაფიქსირებულ იმ 30%-საც თუ ჩავეკითხებით, რას ნიშნავს ევრაზიული კავშირი, საერთოდ წარმოდგენაც არ ექნებათ, რა არის ეს კავშირი. რაც მთავარია, დარჩენილი და საკმაოდ დიდი პროცენტული მაჩვენებელი მყარად არის იმ აზრზე, რომ ქვეყნის მომავალი ევროპული ორიენტაციაა.

მთავარი და საგანგაშო, რასაც ვხედავ ამ მთავრობასა და მის დე ფაქტო მმართველ ივანიშვილში ის არის, რომ წარმოდგენა არ აქვთ, საითკენ წაიყვანონ ქვეყანა ეკონომიკურად. ჩემთვის საგანგაშო ის არის, რომ არათუ გრძელვადიანი, არამედ მოკლევადიანი გეგმაც არ აქვთ კრიზისების მართვის. ლარის გაუფასურება ისევ გრძელდება, ენერგოკრიზისის ნიშნები უკვე შემოდგომიდან გაჩნდება, რაც ხალხისთვის მტკივნეული და ძალიან მძიმე იქნება. აქედან გამომდინარე, ქვეყნის პრობლემა სოციალურ-ეკონომიკური დეპრესიაა მხოლოდ, რაც შემდეგ შეიძლება გახდეს იგივე ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალების მიერ მანიპულირების საშუალება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ეს კი ნამდვილად მაღელვებს.

ერთადერთი შანსი ამ მადგომარეობაში არსებული ქვეყნის გადარჩენისა არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც ან ამ მთავრობამ უნდა შეიმუშაოს, ან მომავალმა ხელისუფლებამ. და რადგან ამ მთავრობას არანაირი შანსი არ აქვს, მდგომარეობა გააუმჯობესოს და ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს, ამიტომ უნდა შეიცვალოს. იგივე კვლევებს რომ დავუბრუნდეთ, პასუხი უკვე გაცემულია: მმართველ კოალიციას რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი წლის თავზე 24%-იანი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, ეს კატასტროფას ნიშნავს ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის! მე, როგორც რეიტინგულ, ოპოზიციურ ფიგურას, ალბათ, უნდა მიხაროდეს ეს მაჩვენებელი, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, გული მწყდება, რადგან მათ მიერ ეკონომიკურად ჩასვრილი მდგომარეობის გამოსწორებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება.

_ დადგება დრო, როცა ირაკლი ღარიბაშვილი აღარ იქნება მთავრობის მეთაური, როცა შეგხვდებათ, რას ეტყვით, რაზე მოსთხოვთ პასუხს, ან რა გექნებათ მისთვის სათქმელი?

_ ბევრი პოლიტიკური მოწინააღმდეგე მყოლია, მაგრამ როგორც კი დამარცხებულა ჩემთან, იქვე დამისრულებია მასზე ფიქრი და დამიტოვებია წარსულში. ღარიბაშვილიც ასე იქნება _ თანამდებობის გარეშე მხოლოდ წარსულის ნაწილი გახდება…

_ ანუ ღირსადაც არ ჩათვლით, რომ რამე უთხრათ?

_ დაახლოებით, ოღონდ ასე შეურაცხმყოფელად არ მინდა ჩამოვაყალიბო, უბრალოდ, ამიტომ დავტოვოთ წარსულის ნაწილად…

ირაკლი ალასანია აქ ასრულებს ინტერვიუს, მაჯის საათს რამდენჯერმე აკვირდება და თან აჩქარება ეტყობა. ბოლო რეპლიკას ქვეყნის პირველ პირზე ლამის ვაპარებ – გიორგი მარგველაშვილი არ გიხსენებიათ… „მართლა?! ის პოლიტიკურად კარგ სიტუაციაშია, ცენტრისტული პოზიცია უჭირავს, ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა და არ გამოვრიცხავ გარკვეულ საკითხებში თანამშრომლობას. ის არ არის ავტორიტარი… სხვათა შორის, დღეს მაქვს შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან“…

 

                                                                                                  ნანა თვალაბეიშვილი