„თუ კაცი ერთ ქალთან უსასრულოდ დიდხანს არის, მხოლოდ იმიტომ, რომ ეცოდება“

rm

უამრავი რამ არ ვიცით ბევრ საინტერესო ადამიანზე, არადა, საინტერესო ადამიანი, ზოგადად, ყოველთვის აქტუალურია.

ელენე ამირეჯიბი 80 წელს გადაცილებული ქალბატონი გახლავთ და როცა ინტერვიუსთვის ვეწვიე, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა, _ ჟურნალისტებს ხომ უფრო ახალგაზრდა რესპონდენტები აინტერესებთო?

ქალბატონი ელენეს ისტორია მართლაც საინტერესოა, მის შემოქმედებას კი საქართველოში თითქმის არ იცნობენ. ამირეჯიბი პოლონეთში ცხოვრობდა და საქმიანობდა, დაწერილი აქვს წიგნები და გადაღებული აქვს ფილმები. მისი მეორე ქმარი, ეჟი სტავინსკი, საქვეყნოდ ცნობილი მწერალი გახლდათ, ვისი რომანის მიხედვითაც ანჯეი ვაიდამ გადაიღო ფილმი, რომელმაც „ოსკარი“ დაიმსახურა.

დანარჩენს კი ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ ანჯეი ვაიდა მართლაც ეპოქალური რეჟისორია და საინტერესოა, რა ურთიერთობა გაკავშირებდათ მასთან?

_ ჩემს მეუღლეს, ეჟი სტავინსკის, ბევრი სცენარი აქვს დაწერილი ფილმებისთვის, მეგობრობდა ვაიდასთან და, რა თქმა უნდა, ანჯეის მეც ვიცნობდი. ისე მოხდა, რომ ეჟი ვაიდასთან ურთიერთობით, მაინცდამაინც, კმაყოფილი ვერ დარჩა, ვაიდამ ისე მიიღო „ოსკარი“, რომ ჩემი მეუღლე არც კი უხსენებია, არადა, ყველას კარგად ესმის, სცენარი რამდენად მნიშვნელოვანია ფილმის წარმატებისთვის. ეჟიმ დაწერა რომანი „არხი“ და ვაიდამაც ამ სცენარით გადაიღო ფილმი, რომელსაც ასევე „არხი“ ჰქვია. ფილმი ომზეა. „არხი“, ფაქტობრივად, ჩემი მეუღლის ავტობიოგრაფიაა, ვაიდამ კი ისე შეფუთა ყველაფერი, თითქოს საკუთარი ავტობიოგრაფია გადაიტანა ფილმში. პირადად მე ვაიდასთან ცუდი არაფერი მაკავშირებს, რაც ვთხოვე, ყველაფერში გვერდში დამიდგა. მაგალითად, 60-იან წლებში საქართველოში მინდოდა ჩამოსვლა და საბჭოთა ხელისუფლებამ სავიზო პრობლემა შემიქმნა, ვაიდას ვთხოვე დახმარება და ყველაფერი მომიგვარა.

_ თქვენი, როგორც კინოდოკუმენტალისტი რეჟისორის, ყველაზე წარმატებული ფილმი რომელი გამოდგა?

_ „მფრინავი გამომცდელები“ _ ამ ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე აიღო პრიზი. ჩემი, როგორც რეჟისორის კარიერაც აქედან დაიწყო.

_ არის იმის საშუალება, რომ საქართველოში გაიმართოს თქვენი ფილმების რეტროსპექტივა?

_ ამას უახლოეს პერიოდში ვაპირებთ თბილისში, კინოს სახლში და იმედია, ყველაფერი მოხერხდება.

_ როგორც ამბობენ, პოლონეთში გამოცემული თქვენი წიგნი `არაკულინარიული რეცეპტები~ საკმაოდ წარმატებულია…

_ რა თქმა უნდა, ეს არ არის კულინარიული წიგნი, უბრალოდ, ყველა კერძი დაკავშირებული მაქვს რაღაც ისტორიასთან და კონკრეტულ პიროვნებასთან. ახლახან ეს წიგნი ჩემმა ძმისშვილმა თარგმნა ქართულად. ის პოლონეთში რომ ჩამოდიოდა, ჩემს მეუღლეს ასეირნებდა, რომელსაც უკვე ორი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული ერთ თვალზე, ცალი თვალიდან კი ვეღარ ხედავდა. ეჟიმ მითხრა, შენს ძმისშვილს უცხო ენის ათვისების განსაკუთრებული ნიჭი აქვსო და არც შემცდარა.

_ კინემატოგრაფიას მოსკოვიდან შეუდეგით…

_ „ვგიკში“ ვსწავლობდი, კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში და კინაღამ გამრიცხეს კომკავშირიდან. მაშინ ასე იყო _ თუ კომკავშირიდან გაგრიცხავდნენ, ავტომატურად გაგრიცხავდნენ ინსტიტუტიდანაც. „ვგიკში“ პოლონელ სტუდენტს, ჩემს მომავალ მეუღლეს დავუახლოვდი, კომკავშირმა კი ერთი ამბავი ატეხა, _ ამირეჯიბმა როგორ გაბედა ფლირტი უცხოელთანო?! კომკავშირის კრებაზე სიტყვით გამოვიდა უფროსკლასელი სტუდენტი, თამაზ მელიავა, რომელიც მერე რეჟისორი გახდა და მისი ყველაზე ცნობილი ფილმი „ლონდრე“, რა თქმა უნდა, ყველამ იცის. კრებაზე მელიავამ ჯერ დაგმო ჩემი საქციელი, მერე კი დაამატა, თუ კომკავშირმა ერთი პატარა, გზასაცდენილი გოგონა ვერ აღვზარდეთ, რაღა კომკავშირი ვიქნებითო და გადაწყდა, რომ დავეტოვებინეთ ინსტიტუტში და „აღვეზარდე“ კომკავშირს.

_ საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი ხართ?

_ ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ცხოვრება გამოვიარე. ეჟი სტავინსკი მწერალი იყო და მას სულ რაღაც ისტორიებს ვუყვებოდი საკუთარ თავზე, მერე კი მითხრა, _ დაჯექი და ეს ყველაფერი დაწერეო. და მართლაც, მწერალი თითქმის ყოველთვის იმას წერს, რაც უნახავს, გადაუტანია და განუცდია. ფილმებს რაც შეეხება, სხვადასხვა თემატიკას ვიყენებდი. ერთწუთიანი ფილმიც მაქვს გადაღებული იმაზე, რომ ქალი სუსტი არსებაა: ის დგას და თავზე ქმარი აზის, თითო ხელზე კი _ ბავშვი. გადაღებული მაქვს დოკუმენტური ფილმი ქალთა ქალაქებზე, ქალების მარტოობაზე. კიდევ გადავიღე ფილმი, სადაც სამოდელო სახლში შეუხედავი ქალები დადიან… მხატვრული ფილმიც გადავიღე მეუღლესთან ერთად: „ვის სჯერა წეროების“.

_ შვილები რატომ არ გყავთ?

_ იმიტომ, რომ არ მინდოდა. ისეთი ბავშვობა გამოვიარე, სულ შიმშილი, გაჭირვება იყო…

_ ნათესავები რეპრესირებულები იყვნენ?..

_ ჩემი თითქმის ყველა წინაპარი რეპრესირებული აღმოჩნდა.

_ კინემატოგრაფია რატომ აირჩიეთ?

_ დეიდაჩემი ნანა რეჟისორ დავით რონდელის მეუღლე გახლდათ. სწორედ დეიდაჩემმა დაწერა „დაკარგული სამოთხის“ სცენარი, რომლის მიხედვითაც გადაიღო ეს ფილმი დავით რონდელმა. მაშინ ისეთი დრო იყო, რომ ყველაფერი ასე შეიფუთა _ ვითომ სცენარი ვიღაც რუსმა სცენარისტმა დაწერა. დეიდაჩემმა მირჩია, რეჟისორი უნდა გამოხვიდეო. „ვკიგში“ რომ ვაბარებდი, დიდი კონკურსი იყო, ერთ ადგილზე ოცი აბიტურიენტი მოდიოდა. ისე ვიყავი მომზადებული, რომ ასეთი ძლიერი კონკურენცია დავძლიე, ხელი იმანაც შემიწყო, რომ რუსულ ბაღში და სკოლაში დავდიოდი.

_ საქართველოში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?

_ მეუღლე დამეღუპა და მარტო დავრჩი. პოლონეთში ბევრი მეგობარი მყავს, თუმცა მეგობარი ნათესავი ვერ იქნება. საქართველოში კი მაყვს და-ძმა და ძმისშვილი. მე და ეჟის  დაქორწინების 50 წელი უნდა აღგვენიშნა, მაგრამ შეუღლებიდან 49 წლისა და ექვსი თვის შემდეგ  გარდაიცვალა. ის მექალთანე იყო და დაქორწინებამდე გამაფრთხილა, _ რაც არ უნდა მოხდეს, კაცი ერთ ქალთან დიდი ხნით ვერ გაჩერდება, თუ კაცი ერთ ქალთან უსასრულად დიდ ხანს არის, მხოლოდ იმიტომ, რომ ეცოდებაო. ჩვენ კარგად ვუგებდით ერთმანეთს და ამიტომაც ვიყავით ერთად ამდენი ხანი…

 

                                                                                         დავით თავართქილაძე