რატომ ემუქრება მოსამართლე შორენა წიქარიძეს დისციპლინური დევნის წარმოება?!

dz

საქართველოში ჯერ კიდევ არ დაწყებულა მოსამართლეებზე დისციპლინური დევნის წარმოება, მიუხედავად იმისა, რომ მათ ანგარიშზე ძალიან ბევრი გადაცდომა და დანაშაული მოდის. ადვოკატები წლებია, უკვე მოითხოვენ, რომ მსგავსი პრეცედენტები უნდა შეიქმნას ქვეყანაში, რადგან სამართლიანობის აღდგენის გზაზე ეს ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.

„ქრონიკა+“ ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან ერთად იწყებს ახალ რუბრიკას სახელწოდებით „მხილების გვერდი“, სადაც გამოქვეყნდება ყველა იმ კონკრეტული მოსამართლის „ქეისი“, რომლის მიმართაც აუცილებელია დისციპლინური დევნის წარმოების აღძვრა.

ამ თემის დეტალებზე ქრონიკა+“-ესაუბრება ადვოკატი მამუკა ნოზაძე:

_ გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა წიქარიძე კვალიფიციურობითა და ცოდნით არ გამოირჩევა. მას იურისპრუდენციაში გამოცდილება საერთოდ არ აქვს. უნივერსიტეტი 2004 წელს დაამთავრა და 2006 წლამდე სტაჟირებას გლდანი-ნაძალადევის პროკურატურაში გადიოდა, რის შემდეგაც დაინიშნა პროკურორად. ყველამ იცის, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს რა სახის პრივილეგიების გამო ინიშნებოდნენ ადამიანები პროკურატურაში: ისინი უნდა ყოფილიყვნენ მორჩილები, გამორჩეულები დაუნდობლობის თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, სისხლზე დაგეშილები უნდა ყოფილიყვნენ, საკუთარ დედ-მამასაც რომ გაწირავდნენ, თუ პარტია უბრძანებდა. ამ სტრუქტურაში წიქარიძის დანიშვნა უნივერსიტეტის მერხიდან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. არ არის დამალული, რომ მას „ნაციონალებთან“ ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რადგან „ფეისბუკის“ გვერდზე ამ პარტიის სახოტბო სტატუსებს იზიარებდა. მერე პროკურატურიდან განსაკუთრებულად დაგეშილი კადრები დესანტად სასამართლოში გადასხეს და ასე გახდა წიქარიძე მოსამართლე. მას თვითონ ჩააბარებინეს გამოცდა და ჩარიცხეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, როცა იქ იურისპრუდენციაში დიდი პრაქტიკისა და გამოცდილების პირებს არ რიცხავდნენ. ამ სკოლაში მხოლოდ ხელისუფლებისადმი მორჩილებით გამორჩეული ადამიანები სწავლობდნენ. მისი დასრულების შემდეგ წიქარიძე დაინიშნა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

_ იუსტიციის უმაღლეს სკოლას, ნაციონალებისდროს, მიხეილ სააკაშვილის ძმა ხელმძღვანელობდა და ახლა იქ რა მდგომარეობაა?

_ დიახ, მიშას ძმა იყო ამ სკოლის ხელმძღვანელი, მაგრამ მერე შეცვალეს და კოტე კუბლაშვილმა ლაშა მაღრაძე დანიშნა. საერთოდ, ამ სკოლას უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, კუბლაშვილი აკონტროლებდა. კანონმდებლობაში შეიტანეს ცვლილებები და სისტემაში ის ხელმძღვანელობდა აბსოლუტურად  ყველაფერს. ეს სკოლა იყო ხელისუფლების ბერკეტი, რათა ვინმეს შეცდომა არ მოსვლოდა და იქ ისეთი კანდიდატი არ ჩაერიცხა, რომელიც მათ საქმეებს არ „გააპრავებდა“. ამიტომაც ყველაზე კარგი გარანტია ამ სკოლაში ჩარიცხულთა კონტროლი იყო.

მოგეხსენებათ, მოსამართლეობის მსურველები ორეტაპიან გამოცდას გადიან. იუსტიციის სკოლაში ცხადდება კონკურსი წელიწადში ორჯერ. ამ სკოლაში რომ ჩაირიცხონ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება უნდა გაიარონ. ამ „ბარიერს“ მხოლოდ იმ პირებს ალახვინებენ, რომლებიც ხელისუფლებას აწყობს. ასე ხდებოდა და, ფაქტობრივად, იგივე გრძელდება. თუმცა იუსტიციის სკოლის დამთავრება არ ნიშნავს, რომ მოსამართლედ აუცილებლად დაგნიშნავენ. ამის შემდეგ კიდევ ხდება ამ სკოლის კურსდამთავრებულთა შესწავლა მონურ მორჩილებაზე და ვინც მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მხოლოდ მას უშვებენ მოსამართლის თანამდებობაზე.

_ იქნებ, ასეთი ფაქტებიც დაგვისახელოთ?

_ გორის რაიონის სასამართლოში  თანაშემწედ მუშაობს მარიამ საძაგლიშვილი, რომელსაც აქვს, დაახლოებით, 20-წლიანი გამოცდილება. იგი მოსამართლეებს ასწავლის, საქმის გადაწყვეტა როგორ უნდა მოხდეს. მას ჩაბარებული აქვს გამოცდა, რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა კონკურსშიც, მაგრამ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მაინც არ ჩარიცხეს. მიზეზი არის ის, რომ მასში ვერ დაინახეს მონური მორჩილება. ეს ადამიანი არის ინტელექტუალი და სწორედ ასეთი კადრები სჭირდება სამართლიანი სასამართლოს სისტემას. ამ სკოლაში ადამიანების ჩარიცხვა უკიდურესად სუბიექტურად ხდება. ვერავინ დაამტკიცებს, რომ მარიამ საძაგლიშვილზე კვალიფიციურია ის კადრი, რომელიც გორში მოსამართლეებად ჰყავთ დანიშნული, თუნდაც შორენა წიქარიძე. იგი 2011 წლიდან არის მოსამართლე და დღემდე ვერ ისწავლა სამართალი, სამოსამართლეო სამართალშემოქმედება და პროკურორის ამპლუიდან ვერ გამოვიდა. პროცესები მიჰყავს შანტაჟის, დაშინების ფონზე და სასამართლოს სხდომებზე ადამიანებს ემუქრება _ დაგიჭერ, დაგაპატიმრებო. ახლა, ძირითადად, სამოქალაქო საქმეებზე მუშაობს, თუმცა წინათ სისხლის სამართლის საქმეებიც ბევრი ჰქონდა. ისეთი განაჩენები აქვს გამოტანილი, სადაც მტკიცებულებები არ არსებობს და მოსამართლე მხოლოდ პროკურატურის ტაშისდამკვრელისა და გუნდრუკის მკმეველის როლში გამოდის.

წიქარიძე ასევე არღვევს კანონით გათვალისწინებულ ნორმებს და ადამიანებს დროულად არ აბარებს გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში გაწერილია, რა დროში უნდა ჩაბარდეს გადაწყვეტილებები, მაგრამ იგი ამ დროში ვერ აბარებს, რადგან წერა უჭირს. ცხადია, არ შეიძლება მოსამართლემ, კანონით გათვალისწინებულ დროში, ერთ თვეში გადაწყვეტილება ვერ დაწეროს. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ წერენ. მათ ხელი მიუწვდებათ სხვა რაიონების, თუნდაც, თბილისის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ამიტომ გადაწყვეტილების წერის დროს მხოლოდ გვარ-სახელებს და მონაცემებს ცვლიან, დანარჩენი კი „კოპი ფეისტით“ გადააქვთ. თუმცა წიქარიძეს ამის გაკეთებაც ეზარება.

მის სამოსამართლეო პრაქტიკაში მეორე პრობლემაც შეიმჩნევა: იგი არაეფექტიანად ატარებს სასამართლო პროცესებს _ ხან ტრენინგზეა, ხან ავად არის და ამიტომ დაუგროვდა უამრავი საქმე. მარტივ საკითხებსაც კი ვერ აბამს დროულად თავს. მეტი მტკიცებულებისთვის მაგალითსაც მოგიყვანთ. მას აწერია მარეხ სუხიტაშვილის ალიმენტის საქმე. ალიმენტის დავა მარტივი დავების კატეგორიას განეკუთვნება, რადგან ბავშვს ალიმენტი რომ ეკუთვნის, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება და მას თავს ვერავინ აარიდებს. ამისათვის ნახევარსაათიანი სხდომის ჩატარებაც საკმარისია. მიუხედავად იმისა, რომ კვირაში სამი განცხადებით მივმართავთ მას და ვეუბნებით, რომ კანონს არღვევს, ეს საქმე არის მარტივი დავის საგანი, პროცესს არ ნიშნავს და იმიზეზებს, ბევრი საქმე მაქვსო. ბუნებრივია, თუ არ განიხილავს, ექნება კიდეც ბევრი საქმე.

გარკვეულ შემთხვევებში იგი თავს არიდებს სასამართლო საქმიანობის განხორციელებას და ამით ზიანს აყენებს მხარეებს, რასაც სამართლის წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება ჰქვია. ამის ნათელი მაგალითია მარინა გაგლოშვილის საქმე. შორენა წიქარიძემ ეს საქმე წარმოებაში არ მიიღო, რადგან საქმეებს იგი არც კი კითხულობს. მოსამართლეს არ აქვს იმისი უფლება, რომ ბოროტად გადაეკიდოს ვინმეს, ან იმის მიხედვით შეაფასოს საქმე, მხარე მოსწონს თუ არა. მის საქციელს კანონი არეგულირებს და უკრძალავს, საკუთარი თანამდებობა გამოიყენოს ვინმეს დევნისთვის. ასეთ რამეს სამოსამართლეო ეთიკა სასტიკად კრძალავს. მოსამართლე ობიექტური უნდა იყოს საქმეებში, თუმცა წიქარიძისთვის დამახასიათებელია მხარეებისა და ადვოკატების მიმართ ანგარიშსწორება. გაგლოშვილის საქმე წარმოებაში იმის გამო არ მიიღო, რომ არ წაიკითხა. უარი გვითხრა საქმის წარმოებაში მიღებაზე, ამიტომ კერძო საჩივრით მოგვიწია სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება. საბედნიეროდ, სააპელაციო სასამართლოში უფრო მაღალი პრაქტიკის მოსამართლეები მუშაობენ, მათ გააუქმეს მისი გადაწყვეტილება და დაავალეს განხილვა. საქმე ეხებოდა ვალდებით ურთიერთობას, ანუ კონკრეტულმა ადამიანმა არ შეასრულა თავისი ვალდებულება თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით. მართალია, ჩვენ გამოსავალი მოვძებნეთ, მაგრამ მისი გადაწყვეტილების გამო ხომ დაიხარჯა ზედმეტი რესურსიც და ფინანსებიც? ეს საქმე უკან დაუბრუნდა, თებერვალში მასზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, მაგრამ შემდეგ მეორე მხარემ გაასაჩივრა. თებერვლიდან დაწყებული დღემდე, ყოველდღე მივმართავთ, რომ საჩივარი, რომელიც მისი განხილვის კომპეტენციას განეკუთვნება, განიხილოს, მაგრამ საშველს არ აყენებს. მით უმეტეს, რომ მისი ქმედების გამო მარინა გაგლოშვილს პირველ ეტაპზევე მოესპო სასამართლო ხელმისაწვდომობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებები, რაც მოსამართლის მხრიდან არის უდიდესი დანაშაული, საქმის გაჭიანურება კი სამართლიანი სასამართლოს პრინციპების უხეში დარღვევაა.

მოსამართლე შორენა წიქარიძემ განიხილა ბითაძის საქმეც, რომელიც მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლდა. ამ საქმეში სასამართლო პროცესის მერე ჩავერთე და იქ ვნახე: მიუხედავად იმისა, რომ ბითაძე აღიარებდა დანაშაულს, მოსამართლე იყო უსამართლო მის მიმართ. ამ საქმეში არ იყო მკვლელობის მცდელობა და ჩხუბის დროს სხეულის დაზიანებას ჰქონდა ადგილი, ამიტომ  სხვა კვალიფიკაცია უნდა მისცემოდა დანაშაულს. მოსამართლემ კი გაასამართლა და არჩადენილი დანაშაულისთვის ბითაძეს დიდი სასჯელი მიუსაჯა.

_ თუ ბითაძე დამნაშავე არ იყო, რატომ აღიარა დანაშაული?

_ საქმე ის არის, რომ მოხდა არაკვალიფიციური დაცვის განხორციელება და, სავარაუდოდ, მის მიმართ იყო დაპირებებიც, თითქოს ასე თუ იტყოდა, განხორციელდებოდა შეღავათები. ამიტომ „აღიარა“ ბითაძემ ეს დანაშაული, მაგრამ როცა მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს, აღიარებაზე, ან გათქმაზე არ შეიძლება, გამამტყუნებელი განაჩენი იყოს გამოტანილი. ასეთ შემთხვევაში სწორედ მოსამართლემ უნდა გამოიკვლიოს, რამ გამოიწვია ასეთი აღიარება? მოსამართლე წიქარიძის ამოსავალი ობიექტურობა რომ იყოს, ან სამოსამართლეო საქმეში ჰქონდეს მაღალი კვალიფიკაცია, ბუნებრივია, ბითაძის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანდა.

მოსამართლე შორენა წიქარიძის გადაცდომებისა და დანაშაულობების გამო უკვე მივმართე იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს და მოვითხოვე ამ მოსამართლეზე  დისციპლინური დევნის დაწყება. ორ კვირაზე მეტი გავიდა, რაც ეს მოთხოვნა შევიტანე. ცხადია, წიქარიძის მხრებზე მხოლოდ ის საქმეები არ არის, რომელიც მაგალითად მოგიყვანეთ. ასეთ დარღვევებს მის საქმიანობაში სისტემური ხასიათი აქვს, ამიტომაც ვითხოვ ნონო გვენეტაძისგან, რომ მისი საქმიანობა შეისწავლონ. იმედია, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ჩემს განცხადებაზე ეფექტიან რეაგირებას მოახდენს.

შორენა წიქარიძე შეიძლება აღვიქვათ დღევანდელი სასამართლოს სახედ. ამიტომ ასეთი მოსამართლეების მიმართ უნდა დაიწყოს დისციპლინური დევნა და მათ აღარ უნდა ჰქონდეთ უფლება, თანამდებობა ქვეყნისა და ხალხის საზიანოდ გამოიყენონ. დარწმუნებული ვარ, როცა ამოქმედდება დისციპლინური დევნის ინსტიტუტი და ნებისმიერ სამართალწარმოებაზე მოხდება ეფექტური რეაგირება, მოსამართლეებს გაუჩნდებათ შიში, რომ სასჯელს ვერ გადაურჩებიან და კანონდარღვევებით საკუთარ თავს პრობლემებს არ შეუქმნიან.

 

                                                                                         ნელი ვარდიაშვილი