„ლაშა ჩხენკელი ოფიციალურად არ ჩანდა, მაგრამ რეალურად ის იღებდა გადაწყვეტილებას!“

11311026_10205867758148521_888643847_n

„ქრონიკა+“ გთავაზობთ მეორე ნაწილს მასალისა, რომელიც უკავშირდება ჭავჭავაძის ქუჩის 5ა-ში მდებარე 3100 კვ.მ მიწის ისტორიას და ძმები ჩხენკელების აფერას.

ზურაბ დანელია _ იბერია სიტისდირექტორი:

_ ბატონო ზურაბ, როგორ მოხვდით ლიბერთი სიტისდირექტორის თანამდებობაზე და რამდენპროცენტიან წილს ფლობდით?

_ „ლიბერთი სიტიში“ დამფუძნებელი ვიყავი და თავიდან ჩემი წილი 25% იყო, შემდგომ შემცირდა და 15%-მდე ჩამოვიდა. დირექტორად დამნიშნა ლაშა ჩხენკელმა, რომელიც არ იყო არც დამფუძნებელი და არც არაფერი… თუმცა მისი გადაწყვეტილებით დავინიშნე დირექტორად.

_ სად წავიდა `საქართველოს ბანკიდან~ აღებული მილიონ 10 000 აშშ დოლარი?

_ მილიონ 10 000-დან 10 000 იყო დაზღვევის თანხა, დანარჩენი გადაირიცხა. იყო ასეთი სამშენებლო კომპანია „იბერია სითი“ და მას ავანსის სახით გადაეცა ეს თანხა.

_ კერძო იპოთეკარებზე ვისაუბროთ. ვისი გადაწყვეტილებით მოხდა, რომ კიდევ ერთხელ დატვირთულიყო იპოთეკით ლალი კახიძის ქონება?

_ თანხა იყო საჭირო, რომ ახალი ობიექტი შეეძინათ. როგორც გითხარით, აქ ლაშა ჩხენკელი გახლდათ, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანხა იყო საჭირო ობიექტის შესაძენად. `საქართველოს ბანკში~ მივიდა, იქ მოელაპარაკა, გამოათავისუფლებინა გარკვეული ბინები, რომელიც მერე დაიტვირთა კერძო იპოთეკარებთან. გადაწყვეტილება ლაშა ჩხენკელის მიერ იყო მიღებული და, ძირითადად, გადაწყვეტილებებს ის იღებდა! ოფიციალურად არ ჩანდა, რომ ის წილში იჯდა, მაგრამ რეალურად ის იღებდა გადაწყვეტილებას!

_ დააკონკრეტეთ, რა გადაწყვეტილებებზე საუბრობთ?

_ ყველანაირი გადაწყვეტილება: სესხის გამოტანა „საქართველოს ბანკიდან“, პირველ ეტაპზე რაც გამოვიდა, მერე კერძო იპოთეკარებთან დატვირთვა. ბანკიდან ხომ უნდა გამოთავისუფლებულიყო და თავიდან დატვირთულიყო?! წარმოიდგინეთ, ახალი კომპანია, რომელიც ჩამოყალიბდა სარდაფში და მილიონი აიღო კრედიტი, ეს შესაძლებელია? როგორ უყურებთ თქვენ ამას?! წარმოიდგინეთ, ნებისმიერი რომ მივიდეთ, ან იმ დროს მივსულიყავით მე, თქვენ და გვეთქვა, რომ ჩამოვაყალიბეთ კომპანია, მოვითხოვოთ სესხი და გასცენ მილიონის კრედიტი მასზე!..

_ კერძო იპოთეკარებისგან აღებული თანხა რას მოხმარდა?

_ მაგ თანხით შეიძინეს ყიფშიძის ქუჩა #2-ში მიწა, სადაც უნდა აშენებულიყო „ვიპ პალასი“, საოფისე ფართები. ამისთვის ჩამოყალიბდა კომპანია „ვიპ პალასი“, სადაც ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ჩხენკელი, მას აქ 34% ჰქონდა. მაშინ დამიძახეს და მითხრეს, რომ უნდა ვყოფილიყავი დირექტორი. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა, მაგრამ მითხრა, _ ასეა საჭირო და ასე უნდა გავაკეთოთ, რომ შენ უნდა იყო დირექტორიო.

_ ე. ი. 34% ჰქონდა ლაშა ჩხენკელს, დანარჩენი წილები როგორ იყო გადანაწილებული?

_ ჩემი 33% იყო, 33% _ გოგიბერიძის.

_ ეს წილები ვინ გაგიფორმათ?

_ ნოტარიუსთან გაფორმდა, წესდება გაკეთდა და იქ განისაზღვრა.

_ წილების რაოდენობა ვინ გადაანაწილა?

_ ლაშამ გადაანაწილა, თქვა: ეს ამდენი, ეს ამდენი, ეს ამდენი…

_ ვისი გავლენა იყო, რომ ლაშა ჩხენკელი ასე მანიპულირებდა, ზეწოლას, მუქარას თუ ჰქონდა ადგილი?

_ ვიცი, რომ გია ბარამიძეა მისი ნათესავი, მისი ძმა იყო საგადასახადოს უფროსის მოადგილე. ხომ წარმოგიდგენიათ, იმ პერიოდში როგორ ჰქონდათ ამათ გავლენები და იმ დროს ვინმესთვის წინააღმდეგობის გაწევა რისი ტოლფასი იყო?! უნდა გეკეთებინა ის, რასაც ისინი გეუბნებოდნენ!

_ ლაშა ჩხენკელის ძმებიც იყვნენ გარეულები ამ საქმეში?

_ რა თქმა უნდა, როგორც მე ვიცი, ერთი ძმა თანამდებობაზე იყო, პირდაპირ არ გამოჩენილან, მაგრამ გავლენა ჰქონდათ.

_ ვიპ პალასშითქვენი ქონება თუ გქონდათ?

_ კი, დედაჩემის ქონება დაიტვირთა მაშინ „ვიპ პალასში“, დღემდე იპოთეკით არის დატვირთული. ლაშა ჩხენკელსაც ჰქონდა თავისი ქონება იპოთეკით დატვირთული, მან როგორ და რანაირად მოახერხა გამოთავისუფლება, არ ვიცი. როდესაც გავიგე ეს სიტუაცია, მივედი „თიბისი ბანკში“ და ვიკითხე ამბავი. მითხრეს, რომ მარტო ჩემი ქონება იყო დარჩენილი, დანარჩენი ქონება ლაშას ჰქონდა გამოთავისუფლებული.

_ ქონება ლაშა ჩხენკელმა ჩაგადებინათ, თუ ეს თქვენი ინიციატივით გააკეთეთ?

_ „თიბისიშიც“ ლაშა იყო მისული, „ვიპ პალასზეც“ გაიცა კრედიტი, მაგაზეც ლაშა იყო მისული. როცა მფარველობაა, ურთიერთობაა, აქედან გამომდინარე, პრობლემის გარეშე გააკეთა. როცა გააკეთა, როგორც ხდება ხოლმე, რადგან ახალი ფირმა იყო, დამატებით, პირადი ქონებითაც უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. მე პირადი ქონება არ მქონდა, დედაჩემის ბინა ჩაიდო. მითხრეს, _ შენია თუ დედაშენის, მაგას არ აქვს მნიშვნელობაო. დამატვირთინეს იპოთეკით ეს ქონება და დღემდე ასეა. ცოტა ხნის წინათ გამოსახლებაზე იყო საუბარი. ვთხოვე, რამენაირად ვადა გადაეწიათ. ავუხსენი სიტუაცია და გულთან ახლოს მიიტანეს.

_ თქვენი მონაყოლიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ იყავით ძალადობისა და ზეწოლის მსხვერპლი?

_ რა თქმა უნდა! ცემა-ტყეპა არ ყოფილა, მაგრამ ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო! როდესაც გაგრძნობინებენ, რომ ასე უნდა გააკეთო, უნდა გააკეთო! ყველამ გავიარეთ ის დრო და ყველამ იცის, როგორი რთული იყო რამეზე წინააღმდეგობის გაწევა. აუცილებელი არ არის, ვინმემ გითხრას, _ ამას გიზამ, იმას გიზამ!.. როცა გაგრძნობინებს, რომ მე ეს მყავს მეგობარი, ეს არის ჩემი მეგობარი, როცა ფიქრობ, ხვდები, რომ რაღაც თუ ისე არ გაკეთდა, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ, საბოლოო ჯამში, თუ არ იქნები ჭკუით, ყურსაც აგიწევთო!

_ რასაც თქვენ ახლა ამბობთ, ამაზე ჯუმბერ კახიძესთან თუ გისაუბრიათ?

_ კი, მე ჯუმბერს შევხვდი 2008 წლის ბოლოს, როდესაც სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო, მივედი და ვუთხარი: ასეთი სიტუაციაა, მიხედვა და გადარჩენა უნდა, მე თავიდანვე არ მქონია ის სიტუაცია, რომ მარტოს რაღაც გამეკეთებინა-მეთქი. სხვათა შორის, იყო იმის მცდელობები, რომ მე და ჯუმბერს არ გვქონოდა შეხვედრები, არ ყოფილიყო ურთიერთობა. მერე რომ ავუხსენი და დავულაგე ყველაფერი, ერთობლივად დავიწყეთ ფიქრი და მოქმედება იმაზე, რომ რაღაცნაირად გადაგვერჩინა.

_ რაზედაც თქვენ ახლა საუბრობთ, თუ გაქვთ პროკურატურაში ამაზე ჩვენება მიცემული, ან მედიასაშუალებებში თუ გაჟღერებულა?

_ რა თქმა უნდა. მედიასაშუალებებშიც იყო გაჟღერებული, რამდენჯერმე ტელევიზიებმაც დამირეკეს. ყველგან ერთსა და იმავეს ვამბობ, რადგან აქ სხვა არაფერი ყოფილა. სიმართლე სიმართლეა, როგორც არ უნდა ამოვატრიალოთ.

ლიკა კახიანი _ კრედიტორი:

_ ქალბატონო ლიკა, მოგვიყევით, რა შეხება გქონდათ ჭავჭავაძის 5ა-სთან დაკავშირებულ საქმესთან?

_ თანხა მქონდა გასესხებული და ვიღებდი სარგებელს. ჩემს საახლობლოში ვინც იყო, ყველას ვუთხარი ამის შესახებ. ყველამ მოინდომა, ვისაც ჰქონდა თანხა, მაშინვე გადაწყვიტა გასესხება. ვისაც არ ჰქონდა, ზოგმა ბინა გაყიდა, ზოგმა რაღაც და ჩავადებინე ყველას ის თანხა. 2008 წლის აგვისტომდე სარგებელს მეც ვიღებდი და სხვაც. ამის შემდეგ აღარ აგვიღია არც ძირის ფული და არც პროცენტი.

_ როგორ გაასესხეთ ეს თანხა, ვინ დაგიკავშირდათ?

_ ჩვეულებრივ, გაზეთში გვქონდა გამოცხადებული. დამიკავშირდნენ და პირველად მოვიდნენ ამ ფირმის იურისტი, ვასიკო ზანდუკელი და დამფუძნებელი ზურაბ დანელია. პირადად ჩემი თანხაც იყო ჩადებული. გამეცნენ, როგორც „იბერია სიტის“ წარმომადგენლები. რომ ვიკითხეთ, თანხები რისთვის სჭირდებოდათ, გვითხრეს: „ლიბერთი სიტის“ თანხები ჯერ არმატურისთვის გვჭირდება, მერე „ვიპ პალასის“ საყიდლად გვინდაო. ძალაუნებურად, ამხელა თანხებს რომ აძლევ, ეკითხები ადამიანებს, რისთვის უნდათ. გვითხრეს, რომ „ვიპ პალასის“ საყიდლად უნდოდათ, რომლის ერთ-ერთი ობიექტი ჭავჭავაძეზე მდებარეობდა.

_ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ეს თანხები კონკრეტულად რას მოხმარდა?

_ ამას მე ვერ გეტყვით, მაგრამ თანხები რომ სჭირდებოდათ და მიჰქონდათ, ვეკითხებოდი, რისთვის გჭირდებათ-მეთქი და ამბობდნენ, ხან არმატურისთვის, ხან სამშენებლო ობიექტებისთვისო. „ვიპ პალასზე“ თქვეს, რომ ყიდვა უნდოდათ.

_ რაზედაც თქვენ ახლა საუბრობთ, თუ გაქვთ პროკურატურაში ამაზე გაცხადებული, ან მედიაში თუ გაჟღერებულა?

_ რა თქმა უნდა, პროკურატურაშიც, ფინანსურშიც… ეგ კი არა, ყოველდღიურად მივდიოდით  იპოთეკარებთან. გვაინტერესებდა, რამდენი იყო შემოსატანი, ეყოფოდა თუ არა კორპუსს. ხალხი არ ჰყავდათ და „ლიბერთი სითიში“ რომ თანხები ჩაიდო, მაგათ უნდოდათ „ვიპ პალასის“ საყიდლად და არმატურისთვის.

_ ჩხენკელები იყვნენ ამ ამბავში ჩარეულებიო… თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

_ სიტუაცია რომ გაფუჭდა და თანხას ვეღარ გვაძლევდნენ, ბოლო პერიოდში ვიყავი „იბერია სიტიში“ საბურთალოზე. მაშინ პირველად ვნახე ჩხენკელი. უბრალოდ, ვიკითხე, _ ვინ იყო ეს პიროვნება, რატომ ერეოდა საქმეში და რატომ კითხულობდა რა, როგორ, რანაირად? ეს იყო 2008 წლის ბოლოს. საერთოდ არ ვიცნობდი ამ პიროვნებას და როცა ვიკითხე, ვინ არის-მეთქი? _ იქ გაიჟღერა ჩხენკელის გვარმა. რა თქმა უნდა, პირველად არ მიმიქცევია ყურადღება, საბუთებში არ ფიგურირებდა მისი გვარი და რატომ უნდა მიმექცია ყურადღება?! მერე გაირკვა, რომ „ვიპ პალასი“ ჩხენკელის ყოფილა. ამაზე ბატონ ჯუმბერთანაც მქონდა საუბარი. როცა ვიკითხე, მერე გავიგე, ვინ იყო ჩხენკელი. ხომ უნდა მეკითხა? ჩემს ახლობლებს, ნათელ-მირონებს _ ყველას ჩავადებინე თანხა, მე თვითონ ბინა ჩავდე ბანკში, თანხა გამოვიტანე და ის ფული მივეცი! ბანკმა ეს ბინა წამართვა, იმიტომ, რომ ვერ გადავიხადე!

 

თამარ ბატიაშვილი