მიშა ცაგარელი: „თუკი მთავრობამ 19 სექტემბრამდე ეს შეცდომები არ გამოასწორა, მერე ნახეთ, სამთავრობო გადაადგილები!“

c3

 

ორიოდე კვირის წინ „ქრონიკა+“-ს დაარსებიდან ორი წელი შეუსრულდა. ჩვენი გაზეთის პირველი ნომერი 2013 წლის 23 აპრილს შემოვიდა ქართულ მედიასივრცეში და, ბუნებრივია, ასტროლოგ მიხეილ ცაგარელთან ინტერვიუ ჩვენს გაზეთზე საუბრით დავიწყეთ.

_ ბატონო მიხეილ, ქრონიკა+“ 2013 წლის 23 აპრილს, თუ ასე შეიძლება ითქვას, დაიბადა… იმ დროისათვის პლანეტათა როგორი განლაგება იყო?

_ დავიწყოთ იმით, რომ თქვენი გაზეთი ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, ვერძი კი ასტროლოგიაში ლიდერია, პირველია, აქტიურია, ენერგიულია, ინიციატივიანია, მეომარია, უშიშარია და უკან არასდროს იხევს. ამდენად, თქვენში უკვე თავიდანვე ჩაიდო მებრძოლი სულისკვეთება, რაც იმას ნიშნავს, რომ იმთავითვე ლიდერი გაზეთის სტატუსით დაიბადეთ!.. ვერძი მახვილი ტვინის პატრონია, არის მეტად კონტაქტური და რადგან თქვენ 2013 წელს დაიბადეთ, რომელიც ასტროლოგიურად არის გველის წელი, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ აღმოსავლური ზოდიაქოთი სიბრძნე, ღრმა ინტუიცია და ჭეშმარიტების ძიებაც დაგებედათ!.. აქედან გამომდინარე, თქვენს გაზეთს ასტროლოგიურად ძალიან საინტერესო კომბინაცია აქვს, მეტიც, ძლიერი კომბინაცია მიეცა და თუ ამ ყველაფერს ვერძის ზოდიაქოსთან ერთად განვიხილავთ, მივიღებთ იმას, რომ გაზეთი ლიდერია, რაც, თავისთავად, კარგია, მაგრამ… ზოგჯერ, დასჯადია, რადგან მავანს ეს არ მოსწონს!.. რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ვარირება, ანუ სადაც საჭიროა, უნდა გამოიჩინოთ გველის სიბრძნე, დიპლომატია, ხანდახან უკან დახევაც და შემდეგ, შეტევა!.. რაც არ უნდა მართლები იყოთ, თუ გველის სიბრძნეს და სტრატეგიას გამორიცხავთ, ანუ მარტო ვერძივით ჯიქურად, კახურად გადახვალთ შეტევაზე, მაშინ სულ ომში იქნებით, ფარული მტრების მთელი არმია აღდგება თქვენ წინააღმდეგ და სულ ხმალამოღებული მოგიწევთ ბრძოლა…

_ მართლაც ასე ვართ…

_ ამიტომაც გეუბნებით, ვერძთან ერთად ჩასვით გველი და მოცემული კონიუნქტურა ინტუიციურადაც იგრძენით. აბა, დააკვირდით, გველი ვიდრე შეტევაზე გადადის, როგორ იქცევა?.. იგი ჯერ ამზადებს სიტუაციას საბრძოლველად, იკლაკნება, ყველა კუნთის მობილიზაციას აკეთებს და მერე გადადის შეტევაზე, ხომ?.. აი, სტრუქტურის ეს ფორმა, როგორც ეტყობა, თქვენ არ გაქვთ და თუ არ განავითარებთ, არც გექნებათ. არადა, როგორც უკვე გითხარით _ თუ ამას არ გაითვალისწინებთ, მუდმივი ომის საფრთხის ქვეშ დადგებით!..

_ ბატოო მიხეილ, ჩვენი მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, 1969 წლის 15 აგვისტოს არის დაბადებული…

_ ჰოდა, მით უმეტეს, თქვენ გყავთ გაზეთის ხელმძღვანელი, რომელიც 15 აგვისტოს ლომის ზოდიაქოს ნიშნით და 1969 წლით მამლის წელსაა დაბადებული, ანუ ქალბატონი ელისო თავის ჰოროსკოპით ლიდერად არის დაბადებული და ნახეთ, რას ვიღებთ? გაზეთი _ ლიდერი, ხელმძღვანელი _ ლიდერი, რაც, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ, იმავდროულად, თუ არ გამოიყენებს თავისი გაზეთის დაარსების წელს, ანუ გველის დიპლომატიას, ინტუიციას და სიბრძნეს, მაშინ ძალიან ბევრი გაუნაწყენდება, ჩაუსაფრდება და, აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ მას გაუჭირდება, არამედ თქვენს გაზეთსაც!.. ვიმეორებ: კარგია სიმართლის ძიება, პირდაპირობა, მეტიც, ეს აუცილებელია, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამ სიმართლეს რა ფორმით გადმოსცემთ და მიაწვდით…

_ კი ბატონო, მაგრამ სიმართლის თქმა ფაქტებით, დოკუმენტებით და ა. შ. დიპლომატიას იმთავითვე გამორიცხავს და, იმავდროულად, თავად ჟურნალისტიკაც არ გულისხმობს უკან დახევის სტრატეგიას. ასე არ არის?

_ რატომ, ბატონო?.. არსებობს მრავალნაირი ჟურნალისტიკა, არსებობს ყვითელი პრესა, არის ჭეშმარიტების მაძიებელი პრესა, არსებობდა და არსებობს გარკვეული საზღაურის ფასად მავანთა ინტერესების გამტარებელი პრესა და ა. შ.

_ უკაცრავად, გაგაწყვეტინებთ, ჩვენს გაზეთთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს…

_ კი ბატონო, არ არის და ნუ იქნება, ძალიანაც კარგი, მაგრამ გიმეორებთ, კონიუნქტურა იგრძენით, მით უმეტეს, რომ წინ არცთუ უმნიშვნელო პროცესებია მოსალოდნელი. სიმართლის თქმას რა სჯობია, მაგრამ ხომ შეიძლება, ადამიანს ან მკითხველს სიმართლე ისე მიაწოდო, რომ მტრად არ მოგეკიდოს და პირიქით, მადლობაც კი გითხრას?!. თქვენი გაზეთისთვის სამი წლის შემდეგ იწყება რეალური წარმოჩენა შედეგებისა, ე. ი. თუ თქვენ 2016 წელს მიიღებთ ცუდ სიგნალს, რომ შეიძლება პრობლემები გქონდეთ ფინანსური, თუ სახელმწიფოს მხრიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტა უნდა შეცვალოთ თქვენი მუშაობის სტრუქტურა იმავე დიპლომატიით, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. თუ თქვენ არსებობის სამი წლის შემდეგ ეს პრობლემები არ შეგექმნათ და ყველაფერი კარგად წავა, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ _ სამყაროდან იღებთ ერთგვარ ნებართვას, სიგნალს და ამ გზით უნდა იაროთ!!! ყოველ შემთხვევაში, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც 2016 წელია და ერთგვარად ლაკმუსის ქაღალდიცაა თქვენი მუშაობისა… თუ 2016 წელი თქვენთვის მშვიდობიანად გაივლის და აქ არ იქნება უარყოფითი სიგნალები, მაშინ 2017 წელი უკვე ძალიან სერიოზულ წარმატებას მოიტანს, მაგრამ იქამდე დაიმახსოვრეთ, აუცილებლად გექნებათ გამოცდის წელი და როგორც გითხარით, ეს არის მომდევნო 2016 წელი!.. ამ ეტაპზე თუ შევაფასებთ 5-ბალიანი სისტემით, წლევანდელი წელი თქვენი გაზეთისთვის 4-იანზე შეიძლება შევაფასოთ…

_ 2015 წელი ვნებათაღელვებით დაიწყო, ამ მხრივ ჩვენს გაზეთს რაიმე პრობლემები შეიძლება ჰქონდეს?

_ ერთი რამ გაითვალისწინეთ: წლევანდელი 2015 წელი არის თხის წელიწადი და თხას ძალიან არ უყვარს აგრესია. აქედან გამომდინარე, ნუ იქნებით ზედმეტად აგრესიულები. თქვენი ხელმძღვანელი დაბადებულია მამლის წელს, მისთვის 2015 წელი კარგია, მაგრამ მე სხვადასხვა მედიასაშუალებით ახალი წლის დადგომამდე ხაზს ვუსვამდი და ვამბობდი, რომ ეს წელი, მიუხედავად იმისა, რომ კარგია მამლის წელს დაბადებული ადამიანებისთვის, აგრესიის გამოვლინების შემთხვევაში იქნება მათთვის ცუდი წელი-მეთქი და ახლა არჩევანი მათზეა, რომელიც უნდა ის აირჩიონ და მათ შორის, აირჩიოს თქვენმა ხელმძღვანელმაც, რომელიც ზოდიაქოს ნიშნით ლომია და ეს წელი ლომთათვის ძალიან კარგი წელია!.. ანუ მამლის წელს დაბადებული ადამიანი თუ თვითონვე არ გააფუჭებს იმ დადებით შანსებს, რომელსაც მას ლომის ნიშანი აძლევს, წელი მშვიდობიანად ჩაივლის და იქნება ძალიან კარგი…

_ 2015 წელი თხის წელია, როგორია იგი, რას ამბობენ ვარსკვლავები, უნდა ველოდოთ რაიმე რყევებს და ა. შ.?

_ ჩემს ყველა წინასაახალწლო ინტერვიუებსა თუ გადაცემებში ვამბობდი, რომ დამდეგი წელი იქნებოდა სერიოზული ცვლილებების წელი, ხოლო ამ ყველაფრის მიზეზი გახდებოდა თხა, რადგან თხის წელს ყოველთვის ცვლილებებია იდეოლოგიურ-პოლიტიკური თვალსაზრისით!.. ვამბობდი და დღესაც ვამბობ, რომ შეიცვლებოდნენ ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, დეპარტამენტების ხელმძღვანელები, მინისტრები, ანუ ბევრი თანამდებობის პირი დაკარგავს თანამდებობას-მეთქი. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და უფრო აქტიურ ფაზაშიც გადავა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის, რომ ორი იდეოლოგიურ-პოლიტიკური პლანეტა, როგორიცაა იუპიტერი და სატურნი, რომლებიც მართავენ პოლიტიკურ სფეროს, გახდნენ უკან მოძრავნი, რეტროგრადულები, მაგრამ რისთვის? იმისთვის, რომ 19 სექტემბრამდე, ვიდრე იუპიტერი და სატურნი უკან მოძრაობენ და გვაბრუნებენ უკან, ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა შეცდომები დავუშვით აქამდე საკადრო თუ შიდა და გარე პოლიტიკის კუთხით, როგორ შეიძლება გამოვასწოროთ და დავიწყოთ ამ შეცდომების გა-მოს-წო-რე-ბა!.. ვიმეორებ: თუკი მთავრობამ 19 სექტემბრამდე ეს შეცდომები არ გამოასწორა _ აი, მერე ნახეთ, დასჯის პლანეტა სატურნის მოქმედება როგორი იქნება და მერე ნახეთ, სამთავრობო გადაადგილები და გადმოადგილებები რა მასშტაბებსაც მიიღებს!!! ჯერ სადა ვართ?!!

_ ვარსკვლავთა და პლანეტების ამგვარი განლაგებით შესაძლებელია თუ არა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც მივიღოთ, ანდა საპრეზიდენტო?

_ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამორიცხული არ არის, მაგრამ აქ მთავარია, რას მოიმოქმედებს და რამდენად მშვიდ გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციურად უფლება აქვს, ქვეყანა მიიყვანოს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, თუმცა ეჭვი მეპარება, პრეზიდენტმა ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილებები მიიღოს…

_ თქვენ ბრძანეთ, რომ 19 სექტემბრამდე უნდა მოხდეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება, მალე ზაფხული დაიწყება და როგორც წესი, საქართველოში ზაფხული, პოლიტიკური თვალსაზრისით, აქტიური არ არის ხოლმე. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, მინავლდება როგორც სამთავრობო ცვლილებები, ისე პოლიტიკური ვნებათაღელვები და თბილისი ნელ-ნელა დაიცლება მოსახლეობისგან. ანუ ხელისუფლებას მოაკლდება ის წნეხი, რომელსაც საზოგადოება, ასე თუ ისე, ახორციელებს ხოლმე მათ მიმართ…

_ ნუ ვიტყვით ასე, 10 ივლისიდან აგვისტომდე მეტად რთული პერიოდი გვაქვს გასავლელი…

_ უკაცრავად, ეტყობა, ბედი უნდა ყველაფერს, 10 ივლისი ჩემი დაბადების დღეა, არ შეიძლება, ცოტა იქით რომ გადასწიოთ უარყოფითი მოვლენები?

_ კი ბატონო, გადავწევ, იყოს 11 ივლისი, მაგრამ ხომ მაინც უნდა ვთქვა, რომ სწორედ ამ პერიოდში დედამიწა ძალიან უარყოფით ველში გადადის?! ახლაც მთელი მაისი უარყოფით ველშია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეცდომების დაშვების ალბათობა ძალიან მაღალია, ისევე როგორც კონფლიქტურობა და გაღიზიანებაა ადამიანებში მომატებული… ახლა მე და თქვენ შორის თუ რაღაც გაუგებრობა მოხდება, ეგ არ არის პრობლემა ქვეყნისთვის, მაგრამ _ მაღალ ეშელონებში ეს უკვე პრობლემაა და ამიტომ, როგორც მაისში, ასევე 10 ივლისიდან აგვისტომდე, ორი საგამოცდო პერიოდი უშეცდომოდ უნდა გაიაროს მთავრობამ!.. ჩვენ ვერ ვხედავთ და არ ვართ საქმის კურსში, მთავრობაში შიგნით რა პროცესები, მოლაპარაკებები და რა გარიგებები მიმდინარეობს, ანუ ვინ ვისთან უნდა დარჩეს, ვინ ვისი წინააღმდეგი იქნება, ვის დაუპირისპირდება და ა. შ. არადა, სწორედ ამ პერიოდში, სწორედ ამ ორი თვის განმავლობაში უნდა დალაგდეს მომავალი კონიუნქტურა და ერთმანეთშიც ყველაფერი სწორედ ამ პერიოდში უნდა გაარკვიონ.

_ ლაპარაკია, რომ სრულიად შესაძლებელია, ახალი პოლიტიკური ძალაც გამოჩნდესო…

_ გააჩნია, ახალ ძალად ვინ რას მოიაზრებს… თუ ლაპარაკია ნინო ბურჯანაძეზე, არა მგონია, ახალი პოლიტიკური ძალა იყოს მისი პარტია…

_ ნინო ბურჯანაძე კირჩხიბია, როგორი წელი აქვს მას პოლიტიკური თვალსაზრისით? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ბურჯანაძე თავის თავს ერთადერთ ძალად მიიჩნევს, ვინც ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებას სასიკეთოდ შეცვლის…

_ მოკლედ გიპასუხებთ, ბურჯანაძის შანსები საშუალოა…

_ ბიძინა ივანიშვილზე რას იტყვით, რომელსაც მუდმივად აფრთხილებდით, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ იყო?..

_ დავიწყებ იმით, რომ ბატონ ბიძინას დიდ პატივს ვცემ როგორც მეცენატს, რომელმაც უამრავი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, მათ შორის, ჩემი ახლობლები, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადებების ოპერაციები დაუფინანსა, უამრავი სასიკეთო საქმე გააკეთა ქვეყნისთვის და რაც მთავარია, მოგვაშორა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ისტორიული პიროვნებაა, რისთვისაც ძეგლიც ეკუთვნის და, რასაკვირველია, ქედს ვიხრი ამ ყველაფრის გამო მის წინაშე. ერთსაც დავამატებ, _ ბიძინა ივანიშვილი გახლდათ ერთადერთი პრემიერი, ვინც მე პირადად მითხრა, რომ ასტროლოგია არის დიდი ეზოთერული მეცნიერება და რისთვისაც პატივს ვცემ, მაგრამ… ბიძინა ივანიშვილის პირად ჰოროსკოპში ვხედავთ, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის, მეტიც, მისთვის პოლიტიკაში დიდხანს ყოფნა დამანგრეველია!!! მე თუ მკითხავთ, ის ერთი წელიც ბევრი იყო, რაც ბატონმა ბიძინამ პოლიტიკაში დაჰყო და მალევე უნდა წასულიყო, რადგან იგი პოლიტიკისთვის არ არის დაბადებული, ეს თავად ბატონმა ბიძინამაც მშვენივრად უწყის და ყველაზე უკეთ ამას თვითონ გრძნობს! გაიხსენეთ, როგორ შემოვიდა ის პოლიტიკაში და რამდენი შეცდომა დაუშვა?!. ჯერ იყო და… დაერია პარლამენტს გარეთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს, შემდეგ დაერია ოპოზიციურ გაზეთებსა და ტელევიზიებს, აგრეთვე ჟურნალისტებსაც და ამის შემდეგ მოსთხოვა მათ, _ დამითმეთ თქვენი ეთერი, გაზეთების გვერდებიო… ეს ხდებოდა როდის? _ ოქტომბერში… არადა, ასტროლოგიის მიხედვით, ოქტომბერში მზე გადის ყველაზე მშვიდობიან ნიშან სასწორს და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ უნდა შეხვიდე მშვიდობიანად, ანუ არ დაარღვიო კოსმიური კანონი!.. მოხდა პირიქით, ბიძინა ივანიშვილი აგრესიით შემოვიდა ყველაზე მშვიდობიან ზონაში და იმთავითვე დაარღვია უმთავრესი კოსმიური კანონი! მართალია, შემდეგ ამ საქციელისთვის ბოდიშები იხადა, მაგრამ მისი პოლიტიკაში შემოსვლა და, თანაც, აგრესიით, უკვე საწინდარი გახდა მისი შემდგომი პოლიტიკური წარუმატებლობისა…

_ თქვენ მასთან პირადი კომუნიკაცია გქონიათ?

_ მას ერთადერთხელ შევხვდი, ისიც ტელეკომპანია „კავკასიის“ დაბადების დღეზე, მისალმების დროს, ძალიან მცირე დროით. თუმცა გადმოცემით ვიცი, რომ ჩემი ინტერვიუებით თუ გადაცემებით ზოგჯერ ინტერესდება… როგორც ვამბობდი, ბატონმა ბიძინამ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არა მხოლოდ ჟურნალისტები გააცოფა, არამედ გააცოფა პოლიტოლოგები და ექსპერტებიც, ანუ ვისაც მისწვდა, ყველა უარყოფითად განაწყო საკუთარი თავისადმი და ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იმით, რომ მისი პირადი ჰოროსკოპი გახლავთ მერწყულისა და თევზების კომბინაცია, რომლის მიხედვითაც მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის!!! მისი ამბიცია და ბუნებრივი შესაძლებლობები კარგია იქ, რა სფეროშიც იმყოფებოდა და როგორც ხედავთ, ბიზნესში მან დიდ წარმატებასაც მიაღწია, რადგან ადამიანების მცირე ჯგუფთან ჰქონდა კომუნიკაცია. სამი წლის წინათ, როდესაც ის პოლიტიკაში მოდიოდა, გამუდმებით ვუკიჟინებდი, რომ მიეხედა იმ ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომელზედაც დამოკიდებულია ქვეყნის ფინანსური პოლიტიკა და, უპირველეს ყოვლისა, ჩემს გამოსვლებში ვასახელებდი ეროვნულ ბანკს!.. ანუ მე ბატონ ბიძინა ივანიშვილს თავიდანვე ვაფრთხილებდი, რომ კონტროლქვეშ ჰყოლოდა როგორც ეროვნული ბანკი, ასევე სხვა ფინანსური ბერკეტების მქონე დაწესებულებები, რადგან მათ ნებისმიერ დროს შეეძლოთ ეკონომიკური კრიზისის გამოწვევა ქვეყანაში!!! დავდექით თუ არა ჩვენ ამ კრიზისის წინაშე?.. რასაკვირველია, დავდექით, რადგან როგორც ეროვნული ბანკი, ასევე სხვა ბანკები, ჯერ კიდევ, „ნაცმოძრაობის“ გავლენისა და წნეხის ქვეშ არიან. ჰოდა, ამას არ ვაფრთხილებდი, ვიდრე მოვიდოდა და რომ მოვიდა მაშინაც?!. დამიგდო ყური?!. _ არა!.. ამ კრიზისის პერიოდში ბანკებმა 80 მილიონის მოგება მიიღეს, ანუ გვარიანად იხეირეს როგორც მათ, ისევე მათმა ძველმა პატრონებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მაგრამ ხალხი გაღატაკდა. ამ დროს ბიძინა ივანიშვილი ამბობს, _ ლარი კარგად თუ ყოჩაღად არისო და როგორ ფიქრობთ, ყოჩაღად არის?!. იქნებ, პირიქით არის და უკვე ძალიან ცუდად არის, ან იმაზე ცუდად შეიძლება იყოს, ვიდრე დღეს არის?..

_ პირადად მე ლართან დაკავშირებული და სხვა პრობლემები უფრო ხელოვნური მგონია, ისევე როგორც ხელოვნური მგონია სხვადასხვა დონეზე თავად ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება… ამ გაუსაძლის სიდუხჭირის ფონზე მიტინგები და სოციალური მოტივით გამოსვლები რამდენად მოსალოდნელია?

_ მოსალოდნელია და იქნება კიდეც გამოსვლები, ცალკეული პროტესტები, მაგრამ მასობრივი პროტესტი და, მით უმეტეს, რევოლუცია, არ იქნება, რადგან ჯერ საამისოდ არც მუხტია და მეორეც, _ ჯერ მამალი უნდა მოვიდეს, რევოლუციური ნიშანი, მას უნდა დაველოდოთ!..

_ მომავალი წელი მამლისაა?

_ არა, 2016 წელი მაიმუნის წელია, რომელმაც შეიძლება თავდაყირა დააყენოს ყველაფერი იმიტომ, რომ მაიმუნობა უყვარს!.. მაიმუნმა კი, თავისი მაიმუნობით, ასევე შეიძლება შეამზადოს სიტუაცია რევოლუციისთვის. დასამშვიდებელი და, მით უმეტეს, სასიკეთო, ჯერჯერობით, არაფერი ჩანს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მთავრობა შეცდომებს შეცდომებზე უშვებს და საზოგადოების უარყოფითი განწყობაც დღითი დღე მატულობს…

_ ნაცმოძრაობაკვლავ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იღვწის, მეტიც, სააკაშვილი საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება და თქვენ, როგორც ასტროლოგი, პლანეტათა განლაგების მიხედვით ამის წინაპირობას ხედავთ?

_ გამორიცხულია, „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდება!!! ისე კი, ვიდრე იარსებებს ამერიკა, „ნაცმოძრაობაც“ იარსებებს რაღაც დონეზე, შეიძლება ეს იყოს პოლიტიკურად ძალიან დაბალი დონე, მაგრამ იარსებებს…

_ მიშა სააკაშვილი ერთ თვეში ჩამოდისო…

_ ვერ ჩამოვა, რადგან ის სხვაგან უფრო სჭირდებათ მის პატრონებს და ვნახეთ კიდეც, რომ უკრაინაში იყენებენ, შეიძლება მომავალში სხვაგანაც გამოიყენონ, მაგრამ საქართველოში _ გამორიცხულია!!!

_ ძალიან საინტერესოა, სააკაშვილი თუ იჩენდა ასტროლოგიისადმი ინტერესს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მას ჩვევად აქვს, გაეტოლოს დიდ ადამიანებს… როგორც ვიცი, არა მხოლოდ რონალდ რეიგანს, არამედ სხვა წარმატებულ მსოფლიო ლიდერებსაც საკუთარი ასტროლოგები ჰყავდათ და მათ გარეშე არათუ ნაბიჯს არ დგამდნენ, არამედ გეოპოლიტიკურ ზიგზაგებშიც მხოლოდ მათი მითითებებით ხელმძღვანელობდნენ. მოუმართავს სააკაშვილს ოდესმე თქვენთვის?

_ პირადად არ ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ 2001 წელს ჩემთან მოვიდა მისი თანაკლასელი, მსახიობი ია ფარულავა, რომელმაც მითხრა, რომ – სააკაშვილს საშინელი უძილობა სჭირს, მძიმე მდგომარეობაშია და იქნებ, დაგვეხმაროო… რასაკვირველია, შევუდგინე ასტროლოგიური რუკა და ჩამოვწერე ის რჩევები, რომელიც მას აუცილებლად უნდა შეესრულებინა. ეს ის პერიოდია, როდესაც მიშა სააკაშვილი „მოქალაქეთა კავშირიდან“ დეპუტატია. დაიწყო კიჟინა იმის შესახებ, რომ პარლამენტში დისციპლინა არ არის, დეპუტატები სხდომას არ ესწრებიანო და ა. შ. გავეცანი რა მის ასტროლოგიურ რუკას, მას მართლაც ჰქონდა საშინელი აურული და ენერგოდაბინძურება. აქედან გამომდინარე, ჩამოვუწერე მითითებები და იმავდროულად დავუნიშნე კვეთებულის გამო ლოცვები…

_ ვის, სააკაშვილს? ჩათვალეთ, რომ გამაოგნეთ, რადგან რთული წარმოსადგენია მიშა კვეთებულის ლოცვებზე…

_ ნუ გიკვირთ, მან ეს ყველაფერი მართლაც კარგად ჩაიტარა, რადგან როცა ადამიანი შეშინებულია, ყველაფერზე მიდის… შედეგი იყო განსაცვიფრებელი, მიშა სააკაშვილს ერთი კვირის განმავლობაში ეძინა და ეს იმ დროს, როცა იქამდე სხვებს უკიჟინებდა, სხდომებს აცდენენ დეპუტატები და პარლამენტში არ დადიანო. მახსოვს იმ დროს, თუ არ ვცდები, ტელევიზიით ზურაბ ჟვანიას მიმართავდა ერთი დეპუტატი, _ სააკაშვილი ჩვენ გვაკრიტიკებს და თვითონ ერთი კვირაა, სხდომებს არ ესწრებაო. მე კი ვიცოდი, ის ერთი კვირა ეძინა, მეტიც, მისი სახლიდან მითვლიდნენ, მოგვეცით რჩევები, კიდევ რისი გაკეთებაც შეიძლებაო… როდესაც ჩემი რჩევები გაითვალისწინა, ზედმიწევნით შეასრულა და მისი ნერვული ფონიც დაწყნარდა, სააკაშვილმა ძალიან მალე მიაღწია კარიერულ წარმატებას და იუსტიციის მინისტრი გახდა. სხვათა შორის, სააკაშვილს განსაკუთრებულად და საგანგებოდ ორ საფრთხეზე მივუთითებდი და კიდეც ჩამოვუწერე, სად და რაში უნდა ყოფილიყო ზედმიწევნით ყურადღებით: 1. ეს არის ფული, რომლის გამოც შეიძლება დიდ ხიფათში ჩაიგდოს თავი, მეტიც, სწორედ ამ გზით შემოდის მის სულში უარყოფითი ენერგია და 2. არანაკლებ სახიფათო _ მისი გა-რე-მოც-ვა!!! მინდა, ისიც გითხრათ, რომ იმ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებულად გამორჩეული პირადი ჰოროსკოპი ჰქონდა, რის მიხედვითაც მას ეძლევა მე-15 ინკარნაცია, ანუ უმაღლესი ინკარნაცია და ზუსტი, სწორი მოქმედებების შემთხვევაში სააკაშვილს უდიდესი შანსი ჰქონდა _ საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შესულიყო!.. როგორ გამოიყენა მან კოსმიური განსაკუთრებული შესაძლებლობები, ყველამ ვნახეთ და ამიტომ, როგორც კოსმოსიდან მიღებული კარტბლანში, ასევე ყველა მხრიდან მიცემული მხარდაჭერა, ძალიან მალე დაკარგა… ამასთანავე, პრეზიდენტობით მიღებულმა ძალაუფლების არასწორად გამოყენებამ მისი აურა კვლავაც დააბინძურა, ისევე როგორც ფულისადმი განსაკუთრებულმა ლტოლვამ და სიყვარულმა მისი მომავალი გაურკვეველი გახადა…

 

(გაგრძელება იქნება)

                                                                                         ირინე გოგოსაშვილი