„რუსეთი მზად უნდა იყოს სერიოზული კომპრომისებისთვის“

1q

 

ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, საქართველოშიც აღინიშნა. ნაცისტების წინააღმდეგ ყოფილი მოკავშირეები, რუსეთი და საქართველო, დღეს ოკუპანტ-დამპყრობილის მდგომარეობაში არიან. პუტინის მეგობარი ბაიკერები, „ღამის მგლებად“ წოდებულნი, ე. წ. გეორგიევსკის ლენტებით (წმ. გიორგის ბაფთა) დახრიგინებენ ქვეყანაში. მათ ადგილობრივი ქართველების ერთი ნაწილიც მხარს უბამს მთხლე ლოგიკით, _ მაშინ ირანელებსა და თურქებსაც უნდა დავუპირისპირდეთო. უფრო შორს წავიდნენ გორში, ოკუპირებული ტერიტორიიდან რამდენიმე კილომეტრში, სადაც წითელი საბჭოთა და სამფეროვანი რუსული დროშები გამოფინეს.

მონობა, ისევე როგორც თავისუფლება, სულის მდგომარეობაა, ამიტომ აჯობებს, აღნიშნულ მატერიაზე სხვა დროს ვისაუბროთ.

მანამდე კი ქრონიკა+საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გამოსწორების პერსპერქტივებზე ესაუბრება ყოფილ საგარეო მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილს:

_ გულახდილად რომ გითხრათ, ეს დღე (70 წლისთავი) რაიმე განსაკუთრებული ნიშნით არ გამოირჩევა: როდესაც ორი ქვეყანა, პრაქტიკულად, ომის მდგომარეობაშია, ბუნებრივია, რომ წარსული, ერთად გადატანილი სიმძიმე და ა. შ., მეორე პლანზე გადადის. მეორე მსოფლიო ომში საქართველო და რუსეთი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ერთად იბრძოდნენ, მაგრამ წლების განმავლობაში, ადამიანების გამაერთიანებელი მოგონებები, გარკვეული თაობების მიერ გადატანილი სიმძიმე, უკანა რიგში გადავიდა, წინ წამოვიდა ის, რაც ჩვენს ურთიერთობებს ასეთ მძიმე ნიშანს უსვამს. სანამ იქ არ დაიწყება სერიოზული ძვრები, უკეთესს არაფერს უნდა ველოდოთ.

_ არის თუ არა პერსპექტივა, რომ ასეთი ძვრა მოსკოვში დაიწყოს?

_ რასაც დღევანდელი რუსეთის მმართველი ელიტის, პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციას ვუყურებ, ამ პერსპექტივაზე საუბარი ცოტა ძნელია. იქ ინტელექტუალურ ელიტაში უდავოდ არის გონივრულად მოაზროვნე ადამიანების გარკვეული ნაწილი. სამწუხაროდ, საკმაოდ მცირე ნაწილია და რუსულ სტრატეგიულ აზროვნებასთან მიმართებით მათ რაიმე გავლენაზე საუბარი არ გვიწევს.

რაც შეეხება მოსკოვში გადაწყვეტილებების მიმღებთ, მათი დამოკიდებულება მსოფლიოში დღევანდელი რეალიებისადმი (მათ შორის, რუსეთის ადგილი, გლობალური მასშტაბის პროცესები და სხვ.), მათ ნააზრევზე დაკვირვება, სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს არ მიტოვებს. თუ რუსეთი ვერ შეძლებს გააზრებას, თუ რატომ აღმოჩნდა იმ დღეში, რაშიც დღეს არის, მას ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრობის პერსპექტივა, უბრალოდ, არ გააჩნია. სხვანაირად ვერც მეზობლებთან შეძლებს სიტუაციის მოგვარებას. განსაკუთრებით იმ მეზობლებთან, რომლებთანაც საომარი მდგომარეობა აქვს.

მესმის, რომ ჩემი სიტყვები კეთილი მომავლის, ალბათ, ნასახსაც არ შეიცავს, მაგრამ ვცდილობ მოგახსენოთ ის, რასაც გულწრფელად ვფიქრობ. სამწუხაროდ, სხვაგვარი დასკვნის ვერავითარ საფუძველს ვერ ვხედავ.

_ რამ შეიძლება მიიყვანოს ჩრდილოელი მეზობელი აღნიშნულ გადააზრებამდე _ შიდა პროცესმა, თუ გარე ზეწოლამ, რაც სადღეისოდ ხდება?

_ ალბათ, ორივემ ერთად. შიდა პროტესტი არ შეიძლება გაჩნდეს, თუ ქვეყანაში არ იქნება უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ, საკუთარი საქციელით და ა. შ. მხოლოდ გარედან ზემოქმედების იმედიც ძნელია, ადამიანს ჰქონდეს. თვითონ რუსულ საზოგადოებაში უნდა გაიზარდოს მათი გავლენა, ვინც უფრო ჯანსაღად, ობიექტურად აფასებს მიმდინარე პროცესებს. თუ მათი ხმა უფრო მკაფიო და ნათელი არ გახდა და ეს საზოგადოებამ არ გაიგონა, ძნელია ამ გადააზრებას ველოდოთ.

არადა, თუკი რუსეთის რეალობას შევხედავთ, მდგომარეობა მართლა მძიმეა. მხოლოდ რუბლის კურსისა და ნავთობის ფასების დაცემა, ანუ ეკონომიკური სანქციების გამო წარმოშობილი პრობლემები არ მაქვს მხედველობაში _ ეს არის ქვეყნის სვლა იმ მიმართულებით, რომელსაც მომავალი, უბრალოდ, არ გააჩნია.

_ ამის გათვალისწინებით, ქართულ მხარეს რა გზები რჩება შეხების წერტილების მოსაძებნად? რამდენად საკმარისია მხოლოდ ეკონომიკური და კულტურული კავშირების აღდგენა?

_ საბოლოოდ, ეს, რასაკვირველია, არასაკმარისი იქნება. ჩვენი მომავალი, სტრატეგიულ პლანში, უდავოდ ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა იყოს რუსეთთან და ამას უნდა მივაღწიოთ. როგორც ამბობენ, გეოგრაფია ჯიუტი რამ არის, ეს ქვეყანა და ხალხი მუდამ ჩვენი მეზობელი იქნება, ამიტომ ჩვენს ინტერესშია, რომ მათთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდეს. მაგრამ ამას სულ რამდენიმე, საყოველთაოდ მიღებული წესის დაცვა სჭირდება ჩვენი მეზობლების მხრიდან. ხოლო ამისთვის საჭიროა რუსეთმა ეს დამოკიდებულება შეცვალოს, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით.

ჩვენი იმედი, ალბათ, ისევ ის უნდა იყოს, რომ გლობალურმა პროცესებმა, მათ შორის, ეკონომიკურმა განვითარებამ და რუსეთის სულ უფრო მზარდმა ჩამორჩენამ თვალი უნდა აუხილოს იქაურ საზოგადოებას და საკუთარი თავი სწორ, ნორმალურ სარკეში დაანახვოს _ ისეთში, რომელშიც ობიექტურად ჩანს ავი და კარგი.

_ დღევანდელ ვითარებში რამე შედეგს მოიტანს თუ არა პირველი პირების შეხვედრა-დიალოგი?

_ რეალურად, არაფერს მოიტანს. ამაზე არაერთხელ თქმულა და ამგვარი შეხვედრა სრულიად უშედეგო იქნება, თუკი წინასწარ მომზადებული და გააზრებული არ იქნა. ამგვარი მზადების პროცესს სჭირდება პრინციპული გადაწყვეტილება და მზაობა მხარეებისა ისეთი ნაბიჯისთვის, რომლის წარმოდგენა დღეს ძნელია. რუსეთმა, უბრალოდ, საკუთარ თავს უნდა უთხრას, გამოუტყდეს, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯები მისივე ინტერესებისთვის მცდარი იყო და მზად უნდა დახვდეს სერიოზულ კომპრომისებს.

როგორც მოგახსენეთ, ძნელად წარმომიდგენია რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელების მიერ ასეთი ნაბიჯების გადადგმა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ, პერსპექტივაში, მომავალი სრულიად უიმედოა. რასაკვირველი, არა, მაგრამ ამას რომ დრო დასჭირდება და სერიოზული მცდელობა ბევრი მოთამაშისა, მათ შორის, საერთაშირიო არენაზე, ეს უდავოა.

_ როგორ შეაფასებთ გარკვეულ პერიპეტიებს წმ. გიორგის ბაფთებთანდაკავშირებით, ასევე გორში პრორუსულ გამოსვლას?..

_ ალბათ, ეს გასაკვირი არც უნდა იყოს: ჩვენი საზოგადოება სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებისგან შედგება (უდავოდ საერთო ღირებულებებიც არის) და უამრავ საკითხში აზრები ერთმანეთისგან განსხვავდება. საზოგადოებას უჭირს ერთიანი, კონსოლიდირებული პოზიციის დაჭერა. ისე, გულახდილად გითხრათ, ამის კატეგორიულ აუცილებლობას ვერც ვხედავ. ბოლოს და ბოლოს, განსხვავებულ აზრთა ჭიდილში ყალიბდება ჩვეულებრივად ნორმალური, დემოკრატიული საზოგადოება.

რაც შეეხება შეკითხვის არსს, ეს არეულ-დარეულობა სწორედ მან გამოიწვია, რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდით. მეორე მსოფლიო ომს, რასაკვირველია, ოფიციალური პროპაგანდის განკარგულებით, ჩვენ ორივე სამამულო ომს ვუწოდებდით. იმ თაობების წარმომადგენლებში უმრავლესობას სჯეროდა, რომ ეს მართლაც ასე იყო. იქ ყველა ერთად იბრძოდა და ბევრი რამის მიუხედავად (რაც დღეს ობიექტურად კრიტიკის საგანია) არსებობდა განცდა ერთიანი მოწინააღმდეგისა, რომელიც უნდა დაძლეულიყო. მით უმეტეს, მოწინააღმდეგე (ფაშიზმი) მართლაც ობიექტურად, ყველა ადამიანური განზომილებით, ყოვლად მიუღებელი პოლიტიკური ძალა გახლდათ.

შემდგომ რუსეთმა, თუ შეიძლება ითქვას, მაშინდელი ღირებულებების ურცხვი პრივატიზაცია მოახდინა _ ფორმალურად იმაზე დაყრდნობით, რომ საბჭოთა კავშირის მემკვიდრედ გამოაცხადა თავი: ყველაფერი, მათ შორის, ვითომ ფორმალური ელემენტი, როგორიც გამარჯვების ლენტების ფერებია და ა. შ., საკუთარ ეროვნულ სიმბოლოებად აქცია. ამას საფუძველი ჰქონდა, ეს ყველაფერი რუსული სახელმწიფოებრიობის ისტორიიდან მოდიოდა, მაგრამ ყველაფერი უღირსი საქციელის გასამართლებლად და გასაფორმებლად გამოიყენეს _ იგულისხმება უკრაინა, საქართველო და ყველა ის უბედურება, რაც რუსეთმა ბოლო წლებში ჩაიდინა. ამით წარსულისადმი პატივისცემაც კი სერიოზულად უპირისპირდება იმის განცდას, რომ ეს ყველაფერი არის აგრესიული მეზობლის, უსამართლოდ დაღვრილი სისხლისა და მიყენებული ტკივილის სიმბოლო. აი, ასეთი არეულობა გვაქვს სადღეისოდ.

ამიტომ ადამიანების ერთ ნაწილს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, აგრესიული განწყობაც კი უჩნდებათ მათ მიმართ, ვინც ამგვარი ატრიბუტიკით მორთული მიდის ომის ვეტერანების სახელისა და ხსოვნის პატივსაცემად. ვისაც ჩვენც პატივს ვცემთ, ისინი მამები, ბაბუები, წინა თაობა იყო. აი, ამგვარი დაპირისპირების პროდუქტია ეს რეალობა, ეს ყველას კარგად მოეხსენება. ამიტომ არის, რომ აგრესიული, მიუღებლობის განწყობა ფიქსირდება საზოგადოების ერთ ნაწილში.

 

                                                                                        გელა მამულაშვილი