ფოთის პორტის გაფიცული თანამშრომლები ხელფასის 14%-ით გაზრდას მოითხოვენ

dcv

ამ დღეებში ფოთის პორტის თანამშრომლები გაიფიცნენ და მთავრობას დახმარება სთხოვეს. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მუშაობა პარალიზებულია, რადგან გაფიცულია 600-მდე ადამიანი. მუშაობენ მხოლოდ ნავსადგურის ფლოტის თანამშრომლები, რომლებზედაც, როგორც პროტესტანტები აცხადებენ, პორტის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს.

პორტის გაფიცული თანამშრომლები ხელფასის 14%-ით გაზრდას მოითხოვენ. ხელმძღვანელობა კი მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს. ეს განცხადება კომპანიის მმართველმა სტინ დევიდსონმა მედიასთან გააკეთა. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

შეგახსენებთ: ფოთის ნავსადგურის თანამშრომლებმა პორტის ხელმძღვანელობას თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 10-დღიანი ვადა განუსაზღვრეს, რომელიც უკვე ამოიწურა. ცვლის კაპიტანი, გოჩა ჩემინავა აცახადებს, რომ გაფიცულები იყვნენ მე-7 და მე-14 ნავმისადგომის, გაფორმების ეკონომიკური ზონის, სადისპეტჩეროს, ფლოტის თანამშრომლები. თუმცა, მისივე ინფორმაციით, ნავსადგურის ადმინისტრაციამ მათზე ზეწოლა განახორციელა. აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ მათსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგება.

გაფიცვასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებენ ფოთის პორტში.

ადმინისტრაციის უფროსი, მარიკა ნადარაია: „საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიამ გაფიცვის შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღოს წინასწარ, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ჩვენ აღვიქვამთ, რომ საქმე გვაქვს სამსახურის უნებართვოდ და გაუფრთხილებლად მიტოვებასთან. ვმუშაობთ საკითხზე, თუ რამდენი ადამიანი არ გამოცხადდა კომპანიაში. დაკმაყოფილდება თუ არა გაფიცულების მთავარი მოთხოვნა _ ხელფასის მომატება, ეს, ჯერჯერობით, უცნობია“.

„ქრონიკა+“ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს, გოჩა ალექსანდრიას ესაუბრება:

_ ფოთის პორტის გაფიცვასთან უშუალო შეხება არ გვაქვს. ეს არის ერთ-ერთი გამონაკლისი, სადაც, თავის დროზე, ჩვენ დავეხმარეთ და შევაქმნევინეთ პროფკავშირი, მაგრამ ახლა დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ. შეიძლება მიზეზები ვიცოდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ წარმოვადგენ და მათი სახელით ვისაუბრო.

მთლიანობაში, რაც ფოთის პორტში ხდება და რა მოთხოვნებიცაა, იგივე პრობლემები არის სხვა საწარმოებშიც. ეს უკავშირდება ინფლაციას, ლარის გაუფასურებასა და გამოწვევები აქედან მომდინარეობს. ალბათ, ამჩნევთ, რომ მსგავსი სოციალური მოთხოვნები მარტო ფოთში არ დგას, უბრალოდ, ზოგან უფრო მწვავედ, სხვაგან უფრო ნაკლებადაა. ბევრ ორგანიზაციასა და საწარმოში, ზესტაფონი იქნება, ჭიათურა, თუ სხვაგან, ყველგან ეს მოთხოვნაა, რომ არსებული სახელფასო პოლიტიკა გადაიხედოს. ზოგან დამსაქმებელი მოდის მოლაპარაკებაზე და, ჯერჯერობით, პროცესი მასშტაბურ პროტესტში არ გადაზრდილა, ფართო საზოგადოების სამსჯავროზე არ გამოსულა; ზოგან დამსაქმებელმა პროფკავშირებს კარი მიუხურა და იქ, შესაბამისად, ვითარება  გამწვავდა. პროტესტი უკვე ისეთ უკიდურეს ფორმებს იღებს, როგორიც გაფიცვაა.

რამდენიმე საწარმოში კოლექტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს, სადაც ხელფასის თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და აქტიურად განიხილება. ისე რომ, მიზეზი ეს არის და დეტალებზე თავად გაფიცულები ისაუბრებენ.

_ ფიქრობთ, რომ მათი მხრიდან ლოგიკურია ხელფასის 14%-იანი ზრდის მოთხოვნა?

_ ფოთის პორტში 14%-იანი ზრდის მოთხოვნაა და სხვაგან, შეიძლება, 7 და 18% იყოს. ეს იქიდან გამომდინარეობს, როგორი იყო გასულ წელს კონკრეტულ საწარმოში მიღებული შედეგები, რამდენად წარმატებულად ფუნქციონირებდა კომპანია და სხვ. ჩვენი პოზიცია არ არის ისეთი, რომ, უბრალოდ, დავდგეთ და ჰაერზე მოვითხოვოთ; ყოველთვის იქიდან გამომდინარე მოვითხოვთ, თუ რა დონის ინფლაცია იყო შარშან. ვგულისხმობ არა მაინცდამაინც ვალუტის კურსის ცვლილებას, არამედ სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებას. ამას დამატებული, თუ როგორი იყო კომპანიის წინსვლა გასულ წელს.

რაც შეეხება ფოთის პორტს, თუნდაც ბათუმის პორტს ან ისეთ კომპანიებს, რომლებსაც შემოსავლების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში აქვთ, იქ, რასაკვირველია, კორექტირების საკითხი დგება იმის გამოც, რომ როდესაც ლარი უფასურდება, საწარმოს ფინანსური მდგომარეობა პირიქით უმჯობესდება. ეს იქიდან გამომდინარე, რომ მისი შემოსავალი დოლარში ან ევროშია. ამიტომ მშრომელები მოითხოვენ, რომ მათი ხელფასებიც მატებისკენ გადაიხედოს.

ხოლო ისეთ საწარმოებში, სადაც შემოსავალი ლარშია და თვითონ კომპანია გაჭირვებას განიცდის იმ ცვლილების გამო, რაც ლარის კურსთან დაკავშირებით ხდება, იქ უფრო სხვა მოთხოვნებია. შეიძლება ითქვას, რომ ეს მოთხოვნები, მათ მიმართ მიდგომა, უფრო ობიექტური, შექმნილი რეალობის შესაბამისია. იქიდან გამომდინარე, თუ რა ეკონომიკური მდგომარეობაა კონკრეტულ საწარმოში, ეს მოთხოვნების ზომასაც განაპირობებს, იქნება 14, 7 თუ 18 პროცენტი.

_ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის ზეწოლაზე საუბრობენ…

_ ეს ხშირად ხდება საწარმოებში, მათ შორის, ფოთშიც არ გამოვრიცხავ, რაც კანონთან აბსოლუტური შეუსაბამობა და მისი მოთხოვნების დარღვევაა. როგორც ეროვნული კანონმდებლობის, მათ შორის, უპირველესად, ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ გაფიცვა აღიარებულია, მშრომელებს ამის სრული უფლება აქვთ. ასევეა საქართველოს შრომის კოდექსის, პროფესიული კავშირების შესახებ კანონისა და საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნები, რომლებიც რატიფიცირებული გვაქვს. პირველ რიგში, ეს არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 87-ე და 98-ე კონვენციები, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ევროპის სოციალური ქარტია. ყველა ამ დოკუმენტის დარღვევაა, თუკი ასეთი ზეწოლა და იძულება ხდება, რათა ადამიანებმა გაფიცვაში მონაწილეობა არ მიიღონ.

_ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გაფიცვის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ მიუღიათ და ამიტომ ეს დღეები არასაპატიოდ ჩაეთვლებათ. როგორ რეგულირდება ეს საკითხები?

_ ამას კანონი არეგულირებს. ამ შემთხვევაში, ვერ გეტყვით, ფოთის პორტის თანამშრომლებმა კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა დაიცვეს თუ არა (იმედი მაქვს, რომ დაიცვეს); კანონი, შრომის კოდექსი ამბობს, რომ თუ გაფიცვა კანონიერად მიმდინარეობს, შესაბამისი ვადები დაცული იქნა და მედიაცია მოთხოვნილი, ამან მაინცდამაინც შედეგი ვერ გამოიღო და შემდეგ უკვე გაფიცვა გამოცხადდა, აღნიშნულ პერიოდში სამსახურში არყოფნა არასაპატიოდ, ან გაცდენად არ შეიძლება ჩაითვალოს.

გაფიცვა არ არის დისციპლინური დასჯის საფუძველი, პირიქით, პროტესტის კანონიერი ფორმაა. შესაძლოა, ერთადერთი, რაც დამსაქმებელმა არ გააკეთოს, არის ის, რომ არ გადაუხადოს ხელფასი იმ დღეებისთვის, რა პერიოდშიც ეს ადამიანები გაფიცულები იყვნენ. ამის უფლებას კანონი მას აძლევს, მაგრამ არამც და არამც დისციპლინური სასჯელის დაკისრებას, ან ამ დღეეების არასაპატიოდ ჩათვლას. კანონი ამის უფლებას დამსაქმებელს არ უტოვებს.

ცობისთვის: ფოთის პორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ ამჟამად 1051 ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო ანაზღაურება (მენეჯერულ რგოლზე ქვევით) 1303 ლარს შეადგენს. ამასთან, ნავსადგურის ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილია საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სადაზღვევო პაკეტით და შრომის პირობებით.

 

                                                                                                გელა მამულაშვილი