ქვეყანაში არსებული 224 პარტია და ამბიციური ქართული პოლიტიკა!

11267657_10205853790119329_1277653349_n

ქართველები რომ ამბიციებით ვართ შეპყრობილნი, არავისთვის უცხო არ არის. უბრალოდ, ჩვენვე გვიჭირს ხოლმე ამის აღიარება. განსაკუთრებით მატულობს ეს გრძნობა, როდესაც საუბარი ეხება პოლიტიკურ ხედვას. ნებისმიერ უბრალო მოკვდავს ჰგონია, რომ დიპლომირებული ექსპერტ-პოლიტოლოგია და ეჭვი არ ეპარება საკუთარი არჩევანის სისწორეში. საქართველოში სულ ახლო წარსულში (90-ანების გარიჟრაჟზე) არაერთი ოჯახი დანგრეულა პოლიტიკურ ნიადაგზე. ის კი არადა, ახლო მეგობრები და ნათესავები იარაღითაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ათასობით ჩვენი თანამემამულეც შეეწირა ბარიერის სხვადასხვა მხარეს მდგომი პოლიტიკოსების ამბიციებს. ამ ფონზე სულ იოლად შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ მარტივი ფორმულირება: „ყველა ქართველი პოლიტიკურად ამბიციურია, ხოლო ყველა ქართველი პოლიტიკოსი _ ორმაგად ამბიციური“.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში 224 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული. ჩვენი მოკრძალებული სურვილია, მედიატორის როლი შევასრულოთ პირველობის მოსურნე პარტიებს შორის, ყველას თავისი ადგილი მივუჩინოთ რიგი კრიტერიუმების მიხედვით და საქართველოს მოსახლეობასაც თვალსაწიერი გავუფართოოთ ამ მიმართულებით. მართალია, ზოგიერთი პოლიტგაერთიანება ათწლეულებს ითვლის (იატაკქვეშა მოღვაწეობის ჩათვლით), მაგრამ უკანასკნელი ხელახალი რეგისტრირებების ათვლა 1997 წელს (26 დეკემბერი) იღებს სათავეს და ამ სიაში მოწინავე პოზიციაზე „სახალხო დემოკრატიული პარტიაა“. ამ ეტაპზე დანარჩენს რიგითობის, ან ანბანის თანმიმდევრობით არ ჩამოვთვლი, უბრალოდ, სტატისტიკურ მონაცემებზე და სახალისო ფაქტორებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.

ამ ჩამონათვალშია კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას მიერ დაფუძნებული „საქართველოს ვაზის პარტია“. მახსენდება შენგელაიას კომენტარი: იგი ამბობდა, რომ მისი პარტიის სახელწოდება დასტური იყო ქართველი ერის უძველესობისა და ვაზიც, როგორც სიმბოლო ამ ყოველივესი, იმიტომ იყო მოხსენიებული. რა როლი ითამაშა ამ პარტიამ ქართულ პოლიტსივრცეში, ამომრჩეველმა განსაჯოს, მაგრამ ნამდვილად დიდია ღვაწლი ჩვენებური არქეოლოგებისა. მათ ოდნავ მოგვიანებით განახორციელეს დმანისის არქეოლოგიური გათხრები და ამით იხსნეს ერი, არ ჰქონოდათ „ზეზვასა და მზიას პარტია“…

ახლა რაც შეეხება მცირედ სტატისტიკას: ქვეყანაში არსებული 224 პარტიის დასახელებაში „საქართველო“ სხვადასხვა ბრუნვაში მოხსენიებულია 143-ჯერ, მაგრამ რომელმა რამდენად იზრუნა ამ ქვეყანაზე, ისტორია იტყვის თავის სათქმელს, ვინაიდან აწმყოში ცოტა ძნელია, ამ თემაზე საუბარი ფაქტების არარსებობის გამო. ისე, ორიოდე სასაცილო მაგალითს მოგიყვანთ და, იქნებ, გაგეღიმოთ მაინც: „საქართველოს სახელმწიფოებრივ-ეროვნული მთლიანობის პარტია _ სამშობლოს ფარი“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება _ საქართველოს უმუშევართა დამოუკიდებლობის ერთობა“. გამოგიტყდებით და აქ ცოტა ვრცლადაც ვაპირებდი გაქილიკებას, მაგრამ გადავიფიქრე, თავისი გაჭირვებაც ეყოფათ…

32 პარტია ტირეთი (სხვა სიტყვასთან ერთად), ან ტირეს გარეშე წარმოდგენილია სიტყვით „დემოკრატია“. არც ამ კუთხით ვართ მაინცდამაინც მოწინავეთა რიგებში, სამაგიეროდ, დამეთანხმებით, რომ საკმაოდ პომპეზურად ჟღერს _ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატიული განახლება _ ჩვენი საქართველო გაბრწყინდება (ჩვენები)“,  ან „სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია“. ცალკე საკითხია, რამდენად მოდის უნისონში ერთმანეთთან ამ უკანასკნელში ნახსენები რადიკალიზმის, დემოკრატიისა და ნაციონალიზმის აჯაფსანდალი (ოჰ, ეს რადიკალიზმი!)…

რიგითობით მესამე საპრიზო ადგილი ერგო სიტყვას „ქრისტიანი“, ძირითადი ფიგურანტი კი მაინც „ქრისტიან-დემოკრატიაა“. იმათ გასაგონად კი, ვისაც ჩვენს ტოლერანტობაში ეჭვი ეპარება, უნდა ვთქვა: გასკდით გულზე და ჩვენში ასეთი პარტიაცაა: „ქრისტიან და მუსლიმან დემოკრატთა კავშირი“. ალბათ ამის გამოქვეყნების შემდეგ ვინც არ იცოდა მსგავსი პრეცედენტის არსებობა, მაგრამ სურვილი ჰქონდა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის, დააარსებენ „იეჰოველთა და მართლმადიდებელთა სამოთხეში ერთად ძოვის პარტიას“, ან „შიიტებისა და სუნიტების ერთობის ლიბერალურ ალიანსს იუდეიზმის საფუძვლებზე“…

შემდეგ უკვე ვეტერანთა გაერთიანებებს გამოვყოფდი _ სხვადასხვა სფეროს (ძალოვნები, სამხედროები და მშრომელები) ხუთი თემატური ორგანიზაციით არიან წარმოდგენილნი საქართველოს პოლიტსივრცეში, მაგრამ ზემო ეშელონებში რომ თავიანთი და თანამებრძოლთა პრობლემების წარმოჩინების არანაირი უნარი არ გააჩნიათ, დღევანდელი ვეტერანების მდგომარეობითაც აშკარაა. ამათგან კი ყველაზე შემართებულ და დამბურძგლავს ასე ეწოდება: „პატრიოტთა და ვეტერანთა პოლიტიკური გაერთიანება _ საქართველოს დიდება“.

რადგან ვეტერანები ვახსენე, უხერხულია, ამ საცხრამაისოდ სამი კომუნისტური მიმდევრობისა და ორიც სტალინის მხარდამჭერი პარტიებიც არ მოვიხსენიო. ერთ-ერთის სახელი კი მეორე მსოფლიო ომში ტანკზე (თ-34) წაწერილ ლოზუნგს უფრო ჰგავს და, ალბათ, მიხვდით, პოლიტგაერთიანება ასეა რეგისტრირებული: „სამშობლოსათვის-სტალინისათვის…“ ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ, ბებიებო და ბაბუებო! ფაშიზმზე გამარჯვების დღესაც გილოცავთ, მაგრამ, თავის დროზე, ვერ გაამართლა მაგ ლოზუნგმა მაინცდამაინც (ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადმოსახედიდან) და ახლა, მით უმეტეს, გეეშვით…

ორი ფერადი პარტიაც ჰყავს რეგისტრირებული საჯარო რეესტრს, ოღონდ, გაგიკვირდებათ და, არც ერთი ცისფერი. ამათგან პირველი იმერეთის ყოფილი გუბერნატორის, თემურ შაშიაშვილის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თეთრებია“, ხოლო მეორე _ „ეკონომიკური აღორძინება _ ყვითლები“. ამ ორ სუბიექტს ეყო ვაჟკაცობა და ამდენ ჭრელა-ჭრულა პარტიაში ხმამაღლა, გულახდილად დააფიქსირა საკუთარი (კონკრეტული) ფერი.

ორი პარტია ვითომდა ვიწროდაა დიფერენცირებული ტრანსპორტის მუშაკთა პოლიტიკაში ჩაბმაზე. სახელიც მიმზიდველი აქვს ერთ-ერთ მათგანს: „ტრანპორტელთა დარბაზი“. აქაც სწორი გათვლაა, _ აბა, მტერმა „რულა“ მთელი ცხოვრება ავტობუსი, ან სამარშრუტო ტაქსი. დადგა დრო საპარლამენტო დარბაზში გადანაცვლებისა და საკანონმდებლო ორგანოში უმძღოლო ტრანსპორტის დანერგვის მოთხოვნით თუნდაც ფრაქციის შექმნისა…

რამდენად ამარაგებს დღევანდელ პარლამენტს ბრწყინვალე კადრებით, ვერ გეტყვით, მაგრამ მის ფარგლებს გარეთ სპორტსმენთა პოლიტიკური გაერთიანებებიც ფუნქციონერებს (ყოველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის მონაცემებით)… დასასრულისკენ ვიტყვი, რომ პოლიტპარტიული ცხოვრება არ ქუხს, მაგრამ პროვინციებშიც მოიძევება რამდენიმე მათგანი. მაგ.: სამტრედიაში, სიღნაღში, ქურთაში, გორსა და თეთრი წყაროში. აღარაფერს ვამბობ ქუთაისზე, ბათუმსა და რუსთავზე. ეს ბოლო სამი ხომ, თბილისის მერე, პირველობას ეცილება ერთმანეთს, თუმცა ზოგიერთი დედაქალაქური პარტია ისეთ მიკარგულ გარეუბნებშია, მათში გაწევრების მსურველი ვერაფრით მიაგნებს. თან რეესტრის მონაცემებში არსადაა მითითებული, რომ, მაგ.: მუხიანის დასახლების პირველი მიკრორაიონის მეორე კორპუსის მეექვსე სადარბაზოში ლიფტი მუშაობს თუ არა. ხოდა, ვინ ავა ფეხით 95-ე ბინამდე, თუნდაც იმიტომ, რომ იქ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატისა და პოლიტიკური პარტია „სამართლიანობის აღდგენის კავშირის _ ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლის“ თავმჯდომარის, მიხეილ სალუაშვილის ოფისი და საარჩევნო შტაბია განთავსებული?!.

 

                                                                                                    თეიმურაზ სირაძე