თეთრი პერანგებისა და წითელი დროშების კვირა

d2

თავზარი დაგვცა თეთრ პერანგებში გამოწყობილი ჟურნალისტების მიერ ფარდაახდილმა მატერიალურმა გაჭირვებამ, სიღატაკემ _ თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით და თავზარი დაგვცა წითელი დროშების ფრიალით გორში გამოვარდნილი რამდენიმე ასეული არსების მენტალურმა სიღატაკემ.

ხელისუფლება, ვგონებ, მხოლოდ პირველმა აღაშფოთა, ნაცვლად იმისა, რომ თვალი გაესწორებინა იმ მწარე რეალობისთვის, რომელშიც სწორედ თვითონ ჩაყარა ეს ხალხი. თვითონ ჩააგდო ქვეყანა ამ დღეში და რა ქნა? გამოდგა ამ ხელისუფლების წარმომადგენელი ქალბატონი კორძაია და მთელი პრობლემა თეთრ პერანგებში დაინახა. იმ შემაძრწუნებელ კადრებში, რომელიც 4 საათის განმავლობაში გადიოდა, კორძაია მარტო იმან დააინტერესა, იმ ტალახსა და წვიმაში, იმ „გაღატაკებულ ხალხში, რომელთაც მართლა ძალიან უჭირთ“, ტელეწამყვანები გახამებული, გაქათქათებული პერანგებით რომ დადიოდნენ.

არ დაგავიწყდეთ, ეს ის კორძაიაა, რომლითაც არა მარტო მეოცნებეები, შუაშისტებიც რომ ამაყობენ, თავს გვახვევენ მის მაღალ ინტელექტსა და მის ადეკვატურობას. დიახ, სწორედ ეს შუაშისტების ქალღმერთი გამოგვეცხადა ამ სრულიად არაადეკვატური განცხადებებით. ისე ყინჩად ლაპარაკობდა სიღატაკესა და მართლა გაჭირვებზე, გეგონება, ამ სიღატაკეში თამარ ბაღაშვილმა ჩაყარა ხალხი, გეგონება, ლარი მაია ასათიანმა გააუფასურა გაქათქათებული პერანგით და გეგონება, ნანუკა ჟორჟოლიანმა დააფრთხო ტურისტები ამ ქვეყნიდან. ახლა იმას არ იკითხავთ, რა დასკვნა თუ რჩევა გამოაცხო შუაშისტების „ბაგინიამ“? „იმედია, თვითონაც კარგად გაეცნენ მათ ყოფას და მომავალ რეპორტაჟებში სხვაობა მათსა და რესპონდენტებს შორის ასეთი თვალისმომჭრელი აღარ იქნება“.

ეს მაინც როგორ გავიგოთ, ჭრელად? რის ხარჯზე აღარ იქნება სხვაობა რესპონდენტებსა და წამყვანებს შორის? ეს წამყვანებიც ისევე გაღატაკდებიან, როგორც ხალხია გაღატაკებული? თუ ქუჩაში გასვლის წინ ჟურნალისტებმა სახეზე მური უნდა წაისვან, ან მაზუთი? თავი არ დავიბანოთ? ტალახში გავგორდეთ? კაი, ბატონო, წავისვამთ მურს, ეს გაამყარებს კორძაიას ხელისუფლების მიერ გაფარჩაკებულ ლარს? მოიცა და ლარის გაფარჩაკება რომ ჟურნალისტების ქათქათა პერანგებს დააბრალა, თვითონ ძაძები შვენის ელექტრა კორძაიას?

ჟურნალისტების ქათქათა პერანგებსა და იმ ღატაკ ხალხს შორის განსხვავებას რომ ხედავს, დავიჯერო, იმ ოლიმპოდან ის განსხვავება საერთოდ არ ჩანს რაცაა მათ _ პრემია-დანამატებით გამძღარ მინისტრ-პარლამენტარებსა და ამ ხალხს შორის?

ახლა, ისე არ გაიგოთ, რომ მხოლოდ შუაშისტების ქალღმერთი შფოთავდა ოლიმპოზე. ზანზარებდა მთელი „ოცნება“ თავის ლიდერიან, დამქაშებიანად. ვიღაც იმას იშველიებდა, რომ ასეთ გაჭირვებულ ხალხს ამერიკაშიც ნახავ და ევროპაშიც და რომ ამისთვის მთავრობებს არავინ ატრიალებს. ვიღაც იმას, რომ ბაზრებში ხალხი სხვა რას იტყვის, რომ ბაზრის ხალხი ყველა ხელისუფლებით უკმაყოფილოა და ა. შ.

როცა ამ სიბრძნეებს აფრქვევენ, ერთი უბრალო რამ მაინტერესებს, ამ ქალაქში არ დადიან? ნუთუ, ვინმეს, ვისაც თავი მთლად გამოცარიელებული არ აქვს, სჯერა იმის, რომ ასე ერთბაშად, ამდენი გამწარებულის 12 ქალაქში შეკრება ან რომელიმე პოლიტიკურ ძალას შეუძლია, ან ტელევიზიას? ამდენ გაწამებულ და გამწარებულს ვერა ძალა ვერ შეკრებდა. ტელევიზიას მხოლოდ ჩვენება შეეძლო და სწორედ ეს მოახერხა „რუსთავი 2“-მა.

მაგრამ აგერ გამოხტა მარეგულირებელი ბექაური და მას რომ ჰკითხო, ეს გადაცემა მოდელირებული ყოფილა. ამბების მოდელირება ვიცით, რაცაა, ვნახეთ კიდეც, მაგრამ ადამიანები იყვნენ აქ მოდელირებული, თუ გაჭირვება? ვისაც თავად არ გიჭირთ და მიზეზთა და მიზეზთა გამო გილხინთ, შეხედეთ ვალუტის კურსს, დახედეთ ფასებს, გადმოყავით თავები ჯიპებიდან და მიიხედ-მოიხედეთ. ოღონდ ფრთხილად, ნარმანიას ორმოებში არ ჩასცხოთ და კისერი არ წაგძვრეთ!

ვიღაც სხვა ოპერას მღეროდა, რომ ხალხს სააკაშვილის დროსაც უჭირდა. მასე, შევარდნაძის დროსაც გვიჭირდა და ჩვენს წელთაღრიცხვამდეც უჭირდა ხალხს და რახან მაშინ გვიჭირდა, ახლა უარესად უნდა გაგვძვრეს სული? დავიჯერო, მართლა ვერ ხედავთ განსხვავებას 3 წლის წინანდელ მდგომარეობასა და დღევანდელს შორის? ვერ ხედავთ იმას, რასაც თქვენივე მხარდამჭერები ხედავენ ცხადად და მკაფიოდ? დიახ, 2012-ში არჩევნებზე მისულთა 54,97%-ის არჩევანმა მოიტანა იმდღევანდელი „არჩევანი“. სირაქლემის პოზა, სიდუხჭირის მალვა და პრობლემების ჩქმალვა არავის მოუტანს სიკეთეს და არავის შერჩება იმ გაღატაკებულ ხალზე ქირქილი. დიახ, მდიდარიც ყოველთვის იქნება და ღარიბიც და ღატაკიც, მაგრამ ისე ნუ იზამთ, რომ იმ საწყალი ქალივით მაისში ძველი კარტოფილი და ძმარში გავლებული სალათა გენატრებოდეთ.

ოპონენტების ერთი ნაწილი არსებულ გაჭირვებას არ უარყოფდა, მაგრამ „რუსთავი 2“-ს ამუნათებდა იმაში, რომ იგი არ აშუქებდა სოციალურ გაჭირვებას სააკაშვილის დროს და აშუქებს ახლა. სააკაშვილის დროს „რუსთავი 2“ მართლაც არ აკეთებდა მსგავს გადაცემებს. დავუშვათ, რომ ამას განწყობებიდან გამომდინარე აკეთებდა, ანუ მალავდა არსებულ გაუსაძლის ეკონომიკურ მდგომარეობას, ლარი გარბოდა და „რუსთავი 2“ მალავდა. კი მაგრამ, სად იყო „იმედი“? თუ ქვეყანაში ლარი გარბოდა, ფასები გარბოდა, ხალხს შიმშილისგან სული სძვრებოდა, რატომ არ აშუქებდა „იმედი“? დიახ, „იმედი“, რომელიც კრიჭაში უდგას სააკაშვილის ხელისუფლებას? ან სხვა არხები? დადო ვინმემ მსგავსი სურათი? რატომ ვერ დადეს? ისინიც სააკაშვილთან იყვნენ შეკრულები, თუ, უბრალოდ, არ იყო დღევანდელის ანალოგიური სურათი?

და საერთოდ, ხეირიანად მოუსმინეთ, რას ლაპარაკობდა ხალხი? უმეტესობა სწორედ „ოცნების“ მხარდამჭერი იყო და სწორედ უკეთესის იმედით მისცა ხმა „ოცნებას“. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ არ იყვნენ კმაყოფილი იმით, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს, მაგრამ ახლა, ადარებენ რა არსებულ მდგომარეობას წინანდელს, ასკვნიან, რომ სააკაშვილის დროს სჯობდა, რომ მაშინ უფრო არ უჭირდათ.

ვინმემ დაგიშალათ, მოგეგვარებინათ ამ ხალხის პრობლემები ისე, რომ სააკაშვილი არ ენატრათ? უფასო ფულზე არ მაქვს ლაპარაკი და განულებულ კრედიტებზე, ელემენტარულზეა საუბარი, მდგომარეობა ასე სასტიკად არ გაგეუარესებინათ, ხადურის ციკნებს არ გადაგეყოლიებინათ ქვეყანა და ხამებივით არ სცემოდით საბიუჯეტო ფულს და არ ჩამოგერიგებინათ პრემიებად. აქა-იქ მადლიერება გაისმა ჯანდაცვისა და საყოველთაო დაზღვევის გამო, მაგრამ ის ხალხი ვერ აანალიზებს იმდენს, რომ ეკონომიკა სწორედ მაგ საყოველთაო დაზღვევამაც ჩააგდო ამ დღეში სხვა ყველაფერთან ერთად. დიახ, უნდა ფინანსდებოდეს გადაუდებელი ოპერაციები, უნდა ფინანსდებოდნენ პენსიონრები, სოციალურად დაუცველები, მაგრამ გამაგებინეთ, რატომ უნდა ფინანსდებოდეს შეძლებულთა ოპერაციები ბიუჯეტიდან? ვისი გადახდილი გადასახადებით ივსება ეს ბიუჯეტი? და რანაირადღაა ეს ჯანდაცვა და დაზღვევა უფასო და მუქთა?

მოკლედ, ქვეყანა თავზე ფაფახივით დაგვახურეთ და ახლა უკმაყოფილების მოსმენაც აღარ გინდათ. იმის წარმოდგენაც კი გზარავთ, რომ შექმნილ სოციალურ უკმაყოფილებას პოლიტიკური ძალები თქვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. რა ნახეთ ამაში ახალი და გასაოცარი? თქვენ არ იყენებდით უკმაყოფილებას სათქვენოდ? მათ წინააღმდეგ? ოდნავ შეისმინეთ მაინც ამ ხალხის ხმა და თუნდაც განტევების ვაცად გაიმეტეთ მაინც ხადური? რაღა განტევების ვაცი და მისი შესანსლული ციკნები, მის კისერზეა მთელი ეს უბედურება! რამდენიც არ უნდა აბრალოთ გიორგი ქადაგიძეს, ვისაც თავში 2 „მასტერკა“ ჭკუა აქვს, ყველამ იცის, რომ ქადაგიძე და ეროვნული ბანკი არაა დამნაშავე ამ უბედურებაში, რეზერვების ფანტიაშვილივით ფლანგვა არც ლარს გაამყარებს და არც თეთრ ოლარებს ააელვარებს. ლარს ანადგურებთ თქვენ _ ეკონომიკის განადგურებით, ტურისტებისა და ინვესტორების დაფრთხობით. ნაცვლად იმისა, რომ თავი მაინც ჩაღუნოთ და ისე გამოიცხადოთ ნდობა, შუაღამისას გამოგყავთ ხადური და ურცხვად გვიმტკიცებთ, რომ ქვეყანაში დამატებით 30 ათასი სამუშაო ადგილი შექმნილა!

საქართველოს ბევრი უვარგისი მთავრობა ჰყოლია, ბევრი მავნებელი და ბევრი მოღალატე მინისტრი (ქვეყნის), მაგრამ ასეთი უტიფარი საქართველოს არც მთავრობა ჰყოლია, არც ფინანსთა მინისტრი.

სად დასაქმდნენ, შოკუნია? იმ ობიექტებში, ყოველ მესამეს რომ „ქირავდება“ აწერია? თუ იმას გულისხმობ, ვინც მუშაობდა, რომ გაყარეთ და თქვენი პარტაქტივი შეყარეთ? სამინისტროებში შტატები რომ არ გეყოთ და `ნასოსით~ გაბერეთ?

ეს გამწარებული, თქვენი უნიათობითა და მავნებლური პოლიტიკით განაწამები ხალხი ნერვებს გიშლით, მათი ეკრანზე გამოჩენა ტანში გზარავთ, მაგრამ აი, რატომღაც, სულ არ გაღელვებთ, რომ თქვენს ქვეყანაში შემოდიან პუტინის „ღამის მგლები“. პირიქით, ზარზეიმით უშვებთ. პრინციპში, რა გაქვთ გასაყოფი? _ ეგ ახვარი ბაიკერები ხომ სააკაშვილს ემუქრებიან „გეორგიევსკის ლენტის“ დაკიდებას? პირინციპში, მიშას უნდა დაემუქრონ, თორემ თქვენი მუნიციპალიტეტები ისედაც, უმაგმგლებოდაც, მშვენივრად ამკობენ აფიშებს მაგ ლენტებით. ოკუპანტი პუტინის სიმბოლოს ტარებას არ კრძალავთ, პირიქით, იჭერთ მათ, ვინც ჩამოხსნა ეგ ლენტები! აქ ბაიკერებს უშვებთ უპრობლემოდ. ახლა იმით არ დამიწყოთ თავის მართლება, რომ არ გქონდათ უფლება, არ შემოგეშვათ. პოლონეთმა რომ არ შეუშვა, ვინ რა პინგვინი მოაკვნიტა?

რაზე გაქვთ ხმა ამოსაღები, როცა თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა ის, რაც აღარ მომხდარა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა? დიახ, გორში აფრიალებულ წითელ დროშებზე გელაპარაკებით თქვენც და იმ კოლაბორაციონისტებს, სამშობლოს გამყიდველებს, რომლებიც გორში დატლაკუნობდნენ და დააფრიალებდნენ სსრკ-ს დროშებსა და ამერიკელებს შეურაცხმყოფლად მოუწოდებდნენ ქვეყნიდან წათრევას.

ჩემთვის ყველაზე მტკივნეული იყო ის, რომ ეს ხდებოდა, მაინცდამაინც, ჩემს მშობლიურ ქალაქში, პუტინის მიერ დაბომბილ გორში. ალბათ, ესეც იყო „ფეესბეს“ გათვლა, რომ ცინიკურად სწორედ გორში, 7 წლის წინ დაბომბილ ქალაქში, ჩაეფურთხებინათ საქართველოსთვის სულში!

სად არიან თქვენი სამართალდამცველები? რას აკეთებდნენ ან აქციის გამართვამდე, ან აქციის დროს? იქნებ, მითხრათ, რომ ეს ვეტერანები იხსენებდნენ ახალგაზრდობას? ჯერ ერთი, იქ 90 წლის 2-3 კაცი თუ დაფამფალებდა, 60-70 წლისები კი ვერანაირად ვერ იომებდნენ 1941-45 წლებში. კიდევ უფრო მეტი იყო მათზე ახალგაზრდა და სრულიად ახალგაზრდაც, რაც ყველაზე სამარცხვინოა. ვინ შეიძინა ეს დროშები, ვინ დაურიგა ამ ხალხს? საერთოდ, ვინ ჩაიყვანა სტალინისტები იქ? თავადაც აცხადებდნენ, რომ იქ მთელი საქართველოს სტალინისტებმა მოიყარეს თავი. იქ მხოლოდ გორელები არ ყოფილან, მაგრამ გორელებსაც მიუძღვით ბრალი, რომ ის დროშები არ წაართვეს და იმ დროშის ტარებზე არ გასვეს. კი, რა თქმა უნდა, თქვენ ისევ იმ პატრიოტებს დაიჭერდით, გია ჭანტურიასავით, და არა იმათ, ვინც წითელ დროშებს დააფრიალებდა. დიახ, ყველა, ვინც დღეს წითელ დროშას დაათრევდა, იმ დროშების ტარზეა გასასმელი! ეს არაა ძალადობისკენ მოწოდება, ესაა მოწოდება იმაზე, რომ პასუხი უნდა აგონ სამშობლოს მოღალატეებმა. ზუსტად ისე, როგორც დავით აღმაშენებელი სჯიდა სარზე გასმით მოღალატეებს.

მაგრამ რა გინდა, რომ ქნა, როცა პრემიერიც კი სტალინისტი გყავს? აგერ გამოვიდა და ამაყად გვამცნო, ომი ქართველმა მოიგოო.

ამერიკელებს მიმართავდნენ „იანკი გო ჰოუმ“ _ ეს მაშინ, როცა გორი სწორედ ამერიკის აქტიურმა ჩარევამ იხსნა და ის ფაშიზმიც არ დაუმარცხებიათ მარტო იმ რუსებს, ვისი მონებიც თქვენ ყრიხართ, წითელდროშიანებო! სწორედ აშშ-მ დაუსვა წერტილი ფაშიზმს.

და მაინც, რა დაგემართათ, გორელებო, ერთისთვის მაინც წაგერთმიათ ის დროშა… თუმცა ვერც იმას გავიზიარებ, გორელები რომ გადაგვაყოლეთ მაგ თქვენი პრემიერის საყვარელ სტალინს. ნუ გაგვიტრაქტორეთ საქმე გორელებს ამ სტალინით! ეგ კარგად გახსოვთ და ის არ გახსოვთ, სწორედ გორელმა იაკობ გოგებაშვილმა რომ გაგხადათ დედა ენის ღირსი! გორელმა გიორგი ერისთავმა რომ დაგიარსათ ქართული თეატრი! რომლის პირველი დიდი მსახიობი ქალი _ ნატო გაბუნია _ გორელი იყო! ერთი დიდი პროზაიკოსი ქალი გყავთ მთელი ისტორიის მანძილზე და ისიც გორელი _ ეკატერინე გაბაშვილი!

ცეკვაც მეჯვრისხეველმა ილიკო სუხიშვილმა გასწავლათ და ქართული გენია როკვით განფინა კონტინენტებზე! ერთი ფილოსოფოსი გყავდათ და ისიც გორელი _ მერაბ მამარდაშვილი! ვინც ამას ვერ ხედავთ და მარტო სტალინი გაკერიათ პირზე, გინდა ავად, გინდა კარგად _ ადით და მთაწმინდაზე კეკეს დაუმშვენეთ გვერდი.

 

 

                                                                                           რეზო შატაკიშვილი