რაზე უნდა გააკეთოს აქცენტები ახალმა თავდაცვის მინისტრმა?!

d1

თავდაცვას ახალი მინისტრი ჰყავს. თანაც, პირველი ქალი მინისტრი _ თინა ხიდაშელი, რაც, თავისთავად, საინტერესო მოვლენაა. გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლები, წესით და რიგით, კმაყოფილნი უნდა იყვნენ. თუმცა გაცილებით საინტერესო ის არის, როგორ გაუძღვება ხიდაშელი ქართულ ჯარს?

მოგეხსენებათ, აქ ბევრი პრობლემა არის და ახალ მინისტრს წინ მძიმე დღეები ელის. ქართული ჯარის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბევრი ექსპერტის თანახმად, მას სამშობლოს დაცვის ამოცანის შესრულება არ შეუძლია. ამ მიზეზის გამო მხოლოდ საგარეო სპეცოპერაციებზე არის გაწვრთნილი და ორიენტირებული. თავისთავად, არც ეს არის ცუდი, მაგრამ როცა ჯარს თავისი ქვეყნის დაცვა არ შეუძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ჯარი არ ჰყოლია და რამდენად წარმატებულად გაართმევენ თავს ქართველი სამხედროები საერთაშორისო მისიას ავღანეთში, თუ ცენტრალურ აფრიკაში, ეს საქართველოს მოსახლეობისთვის დიდად სანუგეშო ნამდვილდ ვერ იქნება. ჯარს ძირფესვიანი რეორგანიზაცია სჭირდება და იმედია, ხიდაშელი ამ ჭრილიდან დაინახავს ხსენებულ საკითხს. სხვა პატარ-პატარა პრობლემებიც არის მოსაგვარებელი. მოკლედ რომ მოვჭრა, აგერ ჯარი და აგერ ხიდაშელიც, ვნახოთ, რა მოხდება!

მანამდე კი „ქრონიკა+“-მა პროგნოზების გაკეთება ცნობილ სამხედრო სპეციალისტს, გიორგი თავდგირიძეს სთხოვა:  

_ გეთანხმებით, რომ რამდენად წარმატებული იქნება ახალი მინისტრი, ამას დრო გამოაჩენს. მაგრამ, ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც გამოარჩევს მას და საინტერესო იქნებოდა ამ ნიუანსების გათვალისწინება.

_ რა ნიუანსებს გულისხმობთ?

_ პირველად თავდაცვის მინისტრი გახდა პროფესიონალი პოლიტიკოსი. მის წინ ყოფილი ორი მინისტრი _  მინდია ჯანელიძე და ირაკლი ალასანია _ ყოფილი ჩინოსნები იყვნენ და თავდაცვის მინისტრობა მათი ჩინოსნური კარიერის გაგრძელება იყო. მათი წინამორბედები კი ან „ნაციონალური მოძრაობის“ „აკვარიუმის“ წევრები იყვნენ _ ბეჟუაშვილი, ოქრუაშვილი, კეზერაშვილი და ახალაია, ან დროებითი „დირექტორები“ _ სიხარულიძე და შაშკინი. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი _ თავდაცვის მინისტრი გახდა პოლიტიკოსი, რომლის კარიერაც მთლიანად დამოკიდებულია მისი, როგორც პოლიტიკოსის პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობაზე. ამ ჭრილში საინტერესო იქნება ძალაუფლების დეცენტრალიზაციის პროცესი, ანუ მართვის ვერტიკალის ქვედა რგოლის ჩამოყალიბება და მენეჯერების გამოძებნა მიმართულებების მიხედვით, რომელთა ეფექტიანმა მუშაობამ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარება და შედეგის მიღება. 2004 წლამდე ჩვენ გვყავდა სამხედრო თავდაცვის მინისტრები, 2004 წლიდან დღემდე ვცდილობთ გადავიდეთ თავდაცვის სისტემის მართვის დასავლურ მოდელზე, სამოქალაქო თავდაცვის მინისტრით, მაგრამ, რეალურად, ეს პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო და სამოქალაქო ოფისებს შორის კომპეტენციებისა და ფუნქციის გამიჯვნის პროცესი გაგრძელდეს. პრინციპში, პოლიტიკოსი მინისტრად ამ პროცესის დაჩქარების საშუალებასაც იძლევა.

_ ეს ყველაფერი გასაკეთებელია, მაგრამ შეძლებს კი? „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქ მძიმე ვითარება შექმნა.

_ რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის პოლიტიკის მძიმე შედეგები ჯერ კიდევ არ არის დაძლეული. ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. შეიარაღებულ ძალებს სჭირდება სისტემური რეფორმა, ოპტიმიზაცია, ახალი თეორიული და ნორმატიული ბაზის შექმნა და გადაიარაღება. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ აქცენტი გავაკეთოთ რაოდენობაზე, ხარისხობრივ ნახტომს კი საფუძვლიანი მომზადება და მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება.

რაც შეეხება საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას, საერთაშორისო მისიები მნიშვნელოვანი პროცესია, თუმცა ამოცანათა მაგ სპექტრის შესასრულებლად შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი პრობლემები არ აქვს. რეფორმების კუთხით რას და როგორ აპირებს ახალი თავდაცვის მინისტრი, დრო გამოაჩენს. ეს მაშინ მოხდება,  როდესაც ის ვითარებას შეისწავლის, შეაფასებს არსებულ მდგომარეობას და თავის ხედვებს სამოქმედო გეგმებში ასახავს.

_ მარტო საერთაშორისო მისიებში გაწვრთნილი ჯარის იმედზე ხომ არ ვიქნებით? ხომ ხედავთ, რა ხდება უკრაინაში? რუსეთი როგორც უნდა, ისე `დაგულაობს~ ტანკით უკრაინაში და დასავლეთი ხმას ვერ იღებს. არ გამორიცხავენ, რომ სამხედრო ძალა ჩვენ წინააღმდეგაც გამოიყენოს.

_ უკრაინაში პროცესების სწრაფად დასრულების მცდელობამ შეიძლება სამხედრო მოქმედებების ესკალაცია გამოიწვიოს, რაც ფართომასშტაბიან ევრაზიულ ომში შეიძლება გადაიზარდოს, ამიტომ გასაგებია დასავლეთის ფრთხილი, მაგრამ პრინციპული მიდგომები. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ ამოწურულა ეკონომიკური ბერკეტებით პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა. პროცესი მარტივია, უკრაინა სარგებლობს სამშვიდობო პაუზით და დასავლეთის დახმარებით ცდილობს სახელმწიფოს ეკონომიკურ და სამხედრო გაძლიერებას. ვერც იმას ვიტყვით, რომ დასავლეთი ხმას ვერ იღებს. დასავლეთი განაგრძობს რუსეთზე ეკონომიკურ და ფინანსურ ზეწოლას და რუსეთის გლობალური ეკონომიკური სისტემიდან განდევნის პროცესს, რუსეთისთვის კი ყოველი დღე წამგებიანია, _ ერთი მხრივ, სანქციები, რომლის შემდეგ შემოსავლები მცირდება და, მეორე მხრივ, გაზრდილი სამხედრო და სხვა ხარჯები. ამიტომ გაუგებარია, ვინ და რატომ უნდა დაუთმოს რუსეთს ან უკრაინა, ან საქართველო, ან საერთოდ რამე! ვითარება ისეთია, რომ რუსეთი უნდა ეძებდეს ახლა გამოსავალს დათმობების ხარჯზე.

_ რუსეთის მომგებიანი პოზიცია ისიცაა, რომ ევროპის ყურადღება ახლო აღმოსავლეთის პროცესების მიმართ არის მიპყრობილი. მაინც აქამდე რატომ ვერ ჩააქრეს იქ ცეცხლის კერა?

_ ახლო აღმოსავლეთში არსებობს დიდი ფინანსური რესურსი და სუსტი სოციალური სისტემები, რაც ხელს უწყობს ძალადობასა და ამ ძალადობის მასშტაბებისა და გეოგრაფიული არეალის ზრდას. პრომლემის სათავე არა რელიგიური შეუთავსებლობაა, არამედ სოციალური უთანასწორობა, სიდუხჭირე, სახელმწიფო და სოციალური ინსტიტუციების სისუსტე. ამიტომ დასავლეთი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ რეგიონის გარკვეული სივრცის დემილიტარიზაცია, უკონტროლო შეირაღებული დაჯგუფებების განიარაღება, განადგურება და სამშვიდობო მისიის განხორციელება. თუმცა ეს მისია გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ომი იყო, უფრო მასშტაბური, ვიდრე ავღანეთის მისია და უფრო ძვირი, ვიდრე ყველა დანარჩენი ერთად აღებული. რეალობას თუ გავითვალისწინებთ, ასეთი ღონისძიების დაგეგმვას და განხორციელებას დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება.

_ ჩვენ თუ გველოდება რამე სახის საფრთხე ახლო აღმოსავლეთიდან და ამერიკული სამხედრო ტექნიკის შემოტანა ამ საფრთხის პრევენცია ხომ არ არის?

_ პირდაპირი და უშუალო საფრთხე, ამ ეტაპზე, საქართველოს არ ემუქრება. გამორიცხულია ისლამისტების მნიშვნელოვანი აქტიურობაც საქართველოში. რაც შეეხება აშშ-ს სამხედრო ტექნიკას საქართველოში, მისი პოლიტიკური მნიშვნელობა მაღალია, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება არის საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, ხოლო სამხედრო თვალსაზრისით ქართული არმიის სამხედრო უნარებსა და შესაძლებლობას ზრდის. ამასთანავე, ეს ქართველი ოფიცრების ტექნიკური და ტაქტიკური განსწავლულობის მაღალი ხარისხის მისაღწევად უნიკალური შესაძლებლობაა…

„ქრონიკა+“-თან საუბარში კიდევ ერთი სამხედრო სპეციალისტი, გოჩა ბერიძე, ამბობს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობამ აქცენტი უნდა გააკეთოს ჯარის რიგითი შემადგენლობის გაზრდაზე:

_ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად გაყვანამ, წესით, დღის წესრიგიდან უნდა მოხსნას ქვეყნის საგარეო ვექტორის შესაძლო შეცვლის საკითხი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დანიშვნას წინ უძღოდა ამერიკის ელჩის ვიზიტი ბიძინა ივანიშვილთან, მესიჯი აშკარაა: ამერიკელებმა, მშვიდად რომ ყოფილიყვნენ, საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვეს თავდაცვის სამინისტროში ასეთი ცვლილების გაკეთება. თავდაცვის სამინისტრო ყველაზე დიდი და ძლიერი დაწესებულებაა, იმდენად ძლიერი, რომ მისი გადაბირების გარეშე შეუძლებელია საგარეო ორიენტაციის შეცვლა. ასე რომ, თუკი ვინმეს გულში ეჭვი ჰქონდა, რომ ქვეყანა რუსეთისკენ აპირებს მიბრუნებას, შეუძლია, მშვიდად დაიძინოს. პრინციპში, ეს `ნაციონალების~ პიარის ნაწილი იყო, თორემ არც ხელისუფლება აპირებდა და აპირებს ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმას. თუმცა, ვიმეორებ, ამერიკელებმა ხიდაშელის მინისტრად გაყვანით კიდევ ერთხელ დაიზღვიეს თავი.

_ რა მიგაჩნიათ დღეს ჯარის მთავარ პრობლემად, რაც, პირველ რიგში, უნდა გადაჭრას ახალმა მინისტრმა?

_ სამხედრო სტრატეგიაში, რომელიც დღეს აქვს ჩვენს ქვეყანას, საერთოდ არ არის მითითებული, რომ შეიარაღებული ძალების ამოცანა არის სამშობლოს დაცვა. საქართველოსნაირი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს ნამდვილად არ ძალუძთ სამშობლოს დაცვა. მე ამას ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ქვეყანა და სახელმწიფო არ ომობს, იქ არმია ვერაფერს გააკეთებს. მეორე მხრივ, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით _ ოკუპირებული ტერიტორიების არსებობას ვგულისხმობ. ამიტომ მართალია ძნელია, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდაზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში სამინისტროში დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ტერიტორიული თავდაცვის პრინციპზე აგებული რეზერვის გეგმები და პროექტები იწერება და ბიუჯეტში გამოჩნდება მუხლები, რომელიც ამ მიმართულებებს დააფინანსებს, ეს იქნება ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი. ამას უნდა მიხედოს, პირველ რიგში, თინა ხიდაშელმა.

_ ანუ ფიქრობთ, რომ არმია რეზერვის ხარჯზე უნდა გაიზარდოს?

_ რეზერვი უნდა იყოს ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი ამ არმიის. თუმცა მე ვგულისხმობ თვისობრივად ახალ რეზერვს და არა სააკაშვილის მიერ შექმნილ სარეზერვო ნაწილებს, რომელიც მტერთან პირველივე შეტაკებისას ჩამოიშალა მხოლოდ იმის გამო, რომ ყველაფერი აბსოლუტურად არასწორად იყო ორგანიზებული. რაც შეეხება ახალ რეზერვს, წვევამდელი უნდა მომზადდეს მას შემდეგ, რაც ისინი სავალდებულო სამსახურს გაივლიან და საჭირო ცოდნას დაეუფლებიან. თავის მხრივ ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ჯარი მარტო კონტრაქტიორებით არ უნდა იყოს დაკომპლექტებული. ანუ ერთდროულად უნდა არსებობდეს სამი მიმართულება: ახალწვეულები, დაქირავებულები და რეზერვი. თავისთავად რეზერვის რაოდენობა ყოველწლიურად გაიზრდება და რამდენიმე წლის შემდეგ შევძლებთ, საჭირო ნიშნულს მივუახლოვდეთ. თანაც ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გადაიარაღებისა და წვრთნების პარალელურად, რაც უთუოდ პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება და ჯარიც დაიბრუნებს თავის მთავარ ფუნქციას _ საჭიროების შემთხვევაში დაიცვას სამშობლო და ღირსეული პასუხი გასცეს ნებისმიერ მტერს.

_ არადა, სავალალო სიტუაციაში ვიმყოფებით, ფაქტობრივად, ყველაზე სუსტები ვართ რეგიონში.

_ დიახ, ასეა, მაგრამ როგორც იტყვიან, პრობლემა მოგვარებადია. მეორე მხრივ, არც იმის ილუზია მაქვს, რომ ხიდაშელი ხვალიდან ადგება და ჯარის გაზრდაზე დაიწყებს საუბარს. პრინციპში, ის იმას გააკეთებს, რასაც დასავლეთიდან ურჩევენ. ასე რომ, დაველოდოთ მორიგ ფარულ, თუ ღია დირექტივებს. თუმცა მთლიანობაში თუ შევაფასებთ, ვერც იმას ვიტყვი, რომ საგანგაშო სიტუაციაა და გამოსწორებას არ ექვემდებარება. მით უმეტეს, რომ ჩვენ მთავარ მოწინააღმდეგეს თვითონ აქვს შეიარაღებულ ძალებში სერიოზული პრობლემები.

_ რა პრობლემებს გულისხმობთ?

_ ერთი რამე იცოდეთ _ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა რამდენიმე თვის წინათ ჩაატარა ძალიან დიდი ბრიფინგი, სადაც თქვა, რომ მომდევნო ხუთი წლის მანძილზე რუსეთის შეიარაღებული ძალების რეფორმებისა და გადაიარაღების დაფინანსების მთელი პროგრამა არის გადასახედი, იმიტომ რომ რუსეთს, პრაქტიკულად, არ გააჩნია თანხები, რომ ამ პროგრამის წარმატებით დაგვირგვინება უზრუნველყოს. ასე რომ, რუსეთსაც კი არ აქვს ამოუწურავი მარაგები. პირიქით, რაც აქვს, ისიც კატასტროფული სიჩქარით უქრება და, ალბათ, მაქსიმუმ, წელიწადი თუ გაუძლებს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ კი, ექნება ხისტი პოლიტიკა ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ ეს ხისტი პოლიტიკა მაინც ფინანსებზეა დამოკიდებული, რომელიც თითქმის აღარ გააჩნია. განსაკუთრებით მთელი ამ სანქციების შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიან რეჟიმში რუსეთი იძულებული გახდება, საქართველოდან უკან დაიხიოს, მით უმეტეს, რომ თვითონ რუსეთში წარმოებული სამეცნიერო კვლევების მიხედვით იქ ელიან, რომ მომდევნო წლები რუსეთისთვის ძალიან პრობლემური და კრიზისული იქნება. ასე რომ, საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრების ამოქმედება, თუ სხვა სამხედრო პროექტების განხორციელება გაცილებით დიდი პოზიტივის მატარებელია ჩვენთვის და რუსეთს არანაირად არ შეუძლია, ქართული არმიის განვითარებას ხელი შეუშალოს, ისევ ჩვენ თუ არ შევუშალეთ საკუთარ თავს ხელი. მოკლედ, დაველოდოთ და ვნახოთ, რა პრიორიტეტები ექნება ახალ მინისტრს და რა სიახლეებს შემოგვთავაზებს ქართული ჯარის ჩამოყალიბების საქმეში.

 

                                                                                  დავით დევიძე