რატომ აპირებს ყოფილი პოლიციელი პროკურატურის წინ თავის დაწვას?!

pro

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა, გელა კაკულიამ, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, ამ დღეებში წერილი მისწერა. იგი ითხოვს მთავარ პროკურორთან პირისპირ შეხვედრას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებს, რომ პროკურატურის წინ თავს დაიწვავს. გელა კაკულიას თქმით, იგი ორგანოებიდან პირადი დაინტერესების გამო დაითხოვეს და მას შემდეგ სამართალი ვერ უპოვია. მან „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად და დაუფარავად უამბო თავს გადახდენილი ამბავი.

გელა კაკულია:

_ წერილი ყველა უწყებას მივწერე, მაგრამ „წერე და იკითხე“… საერთოდ დაიკარგა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან გაგზავნილი ჩემი წერილი. ვერც ის გამიგია, ვის დაეწერა და რა ბედი ეწია მას? წერილობით ასევე მივმართე შს მინისტრის მოადგილეს, ლევან იზორიას, ამჟამინდელ მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მაგრამ არც ერთს არ წაუკითხავს ჩემი წერილი, სადაც შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, კონკრეტულად კი, ამ სამსახურის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს პირველი სამსახურის აღმოსავლეთის მიმართულების ინსპექტორს, გია წითლიძეს ვადანაშაულებ ფარულ, უკანონო მოსმენაში, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს მოსმენები გახდა ჩემი განთავისუფლების საფუძველი. უკიდურეს ზომამდე ვარ მისული და ამიტომ ვითხოვ ასე კატეგორიულად  შეხვედრას მთავარ პროკურორთან. თუ ამის შესაძლებლობა არ მომეცემა, ბადაშვილსაც დავუწერე, რომ მთავარი პროკურატურის წინ გადავისხამ ბენზინს და სიცოცხლეს ამ ფორმით დავასრულებ. სხვა გამოსავალი შს სამინისტრომ, კერძოდ, გენერალურმა ინსპექციამ არ დამიტოვა.

_ იქნებ, დეტალურად მოგვიყვეთ, რა მოხდა, ან წითლიძე რატომ და როგორ გისმენდათ?

_ 1994 წლიდან ვმუშაობდი შს ორგანოებში, გავიარე ყველა საფეხური, რიგითი პოლიციელიდან _ სამმართველოს უფროსობამდე. ვარ ვიცე-პოლკოვნიკი. გავიარე ყველა კურსი შს აკადემიაში. მყავს მეუღლე, ორი შვილი და დედა. ჩემ გარდა ოჯახში არავინ მუშაობდა. 2012 წლის 4 ნოემბერს, ხელისუფლების ცვლილების დროს, ვიყავი შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის,  სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი. ამ დროს მივიღეთ სიტყვიერი დირექტივა, რომ ყველას უნდა დაგვეწერა პატაკი შს ორგანოებიდან დათხოვნაზე, რაც უპრობლემოდ გავაკეთე. რა თქმა უნდა, ეს ჩემი სურვილი არ ყოფილა, მაგრამ რადგან ასეთი ადრეც ხდებოდა და ისევ გვაბრუნებდნენ, პატაკის დაწერაზე პრობლემა არ შემიქმნია, თუმცა სამი თვის განმავლობაში ვიყავი უმუშევარი. 2013 წლის 1-ლ თებერვალს დავინიშნე ზუგდიდის შს რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორის თანამდებობაზე, ხოლო 2013 წლის ივნისში, იმავე სამმართველოში, უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. აღნიშნული დანიშვნა, ცხადია, ჩემი კარგი მუშაობის შედეგი იყო. რეალიზებული საქმეებით და მიღებული ინფორმაციებით სამმართველოში პირველი ვიყავი. თავს არ ვიქებ, მაგრამ ეს ყველაფერი ფიქსირებულია.

2013 წლის დეკემბრის ბოლოს შს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, შემდგომ კი ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში მოხდა საკადრო გადაადგილებები, კერძოდ, მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან შონია, დაინიშნა გუბერნატორად, სამხარეოს უფროსად კი _ გრიგოლ ბესელია. ზუგდიდის პოლიციის უფროსად დანიშნეს ლევან ქარდავა. სანამ სამხარეო მთავარ სამმართველოში ცვლილებები მოხდებოდა, მე ვინიშნებოდი იმავე სამმართველოში განყოფილების უფროსად. გავიარე სპეციალური შემოწმებები, გენერალური ინსპექციიდან თანხმობის შემდგომ კი ჩემ დანიშვნაზე წერილი გაიგზავნა. ეს წერილი ხელმოსაწერად მინისტრ ჭიკაიძემდე მივიდა, მაგრამ ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა, გრიგოლ ბესელიამ, ეს შეაჩერა და მუშაობა გავაგრძელე ძველ პოზიციაზე. ახალი ხელმძღვანელობა ჩემი მუშაობით კმაყოფილი იყო. ვგულისხმობ სამმართველოს უფროს ლევან ქარდავასა და მის მოადგილეებს. ყოველ ოპერატიულ თათბირზე აქებდნენ ჩემს მუშაობას, რაც შეტანილია ოპერატიული თათბირების ოქმებშიც. ამჯერადაც დადგა ჩემი დაწინაურების საკითხი. შემომთავაზეს განყოფილების უფროსობა, ოღონდ ჯერ გრიგოლ ბესელიას უნდა შევუთანხმდეთო. ამ საკითხზე სამმართველოს უფროსისა და ბესელიას შეხვედრის შემდგომ ქარდავამ ჩემ მიმართ დამოკიდებულება შეცვალა, თავს მარიდებდა, თუმცა სამმართველოში ოპერატიული საქმიანობა მე მიმყავდა და იძულებული იყო, დამლაპარაკებოდა. ვამჩნევდი, რომ ჩემთან ურთიერთობა სხვებსაც აუკრძალეს. ეს ის დროა, როცა ტარდებოდა საპრეზიდენტო არჩევნები. მაშინ დაირხა ხმა, რომ არჩევნების დამთავრების შემდგომ სამმართველოდან გაუშვებდნენ 16 თანამშრომელს, მე კი გამათავისუფლებდნენ შს ორგანოებიდან. ამ ქვეყანაზე არაფერია გამორიცხული, ამიტომ მოვძებნე პიროვნება, რომელიც გიორგი ბესელიასთან მივიდა და გაარკვია, რომ ის ჩემ მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. 2004 წელს, როცა ბესელია ფოთის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, მე ვმსახურობდი შს ხობის რაიონული სამმართველოს უფროსად და მისი თქმით, თურმე, მინდოდა მისი დაჭერა. თითქოს მას შევუგზავნე აგენტი, ამიტომ მე ვიყავი ზონდერი და „ნაციონალების“ მხარდამჭერი. მას ჩემ მიერ გაგზავნილი პიროვნებისთვის უთქვამს, კაკულია ისე გაჩვენებს თავს, თითქოს შენს მხარეს არის, სინამდვილეში კი გველის წიწილია, შენ მასწავლი მასო?! ამის მერე მივხვდი, რომ ჩემი საქმე იყო სერიოზულად, მაგრამ უკანონობას არ ვაკეთებდი და მაინც გავაგრძელე მუშაობა.

2014 წლის 25 ივლისს დამირეკა შს სამინისტროს ქუთაისის გენერალური ინსპექციიდან ინსპექტორმა კახა ვეკუამ და მთხოვა, სასწრაფოდ მასთან  ჩავსულიყავი. როცა შევხვდი, მითხრა, _ ჩვენთვის ისედაც ყველაფერი ცნობილია, ამიტომ სიმართლე უნდა თქვა, ტყუილს აზრი არ ექნებაო.

_ რის თქმას გთხოვდნენ?

_ ვეკუა შემეკითხა, ვიცნობდი თუ არა ვინმე ნინო სიხარულიძეს? მე მას არ ვიცნობდი და ასეც ვუპასუხე, მაგრამ ვეკუა გადაირია, გარეთ გავარდა და მეორე პიროვნება შემოიყვანა. მან მითხრა, _ შენ არ იცი, ბიჭი, სად ხარ, ხომ გაგაფრთხილეს, რომ სიმართლე გეთქვა, ჩვენ ისედაც ყველაფერი ვიცით თქვენი ურთიერთობის შესახებ, მაგრამ, უბრალოდ, გვაინტერესებს, რამდენად გულწრფელი ხარო?! ისიც მაძალებდა მეთქვა ნინო სიხარულიძეზე, რომ ვიცნობდი, მაგრამ იმ ოთახში ჯარიც რომ შემოეყვანათ, სინამდვილეში, ამ ადამიანს არ ვიცნობდი და რა უნდა მექნა?!  მიმტკიცებდნენ, ამ ადამიანს ყოველდღე ესაუბრები და როგორ ამბობ, არ ვიცნობო? როცა ვეკუას შემოყვანილ პიროვნებას ვკითხე, _ თქვენ ვინ ბრძანდებით-მეთქი? _ ბონდო ვარო, _ აგდებულად მიპასუხა. მოკლედ, შევთავაზე, ჩემი ტელეფონი ენახათ და ყველა ერთად დავრწმუნდებოდით, რომ მე ასეთი პიროვნებისთვის არასდროს დამირეკავს. ეს ზეწოლა 2 საათს გაგრძელდა. შემდეგ უკვე დაინტერესდნენ, ვიცნობდი თუ არა ზაზა ზოიძეს. ამჯერადაც იგივე მეთოდებით ცდილობდნენ ჩემგან სასურველი პასუხის მიღებას. ვითხოვდი, ის მაინც ეთქვათ, საიდან იყვნენ ეს ადამიანები, ან რატომ უნდა მცნობოდა ისინი, იქნებ, ვერ ვიხსენებ და ასე მაინც გამახსენდება-მეთქი. ამის შემდეგ ისინი ჩემი სამსახურებრივი „დიჯიპასით“ დაინტერესდნენ, რომელიც იქვე მქონდა. _ ჩვენ მიერ დასახელებულ პირებზე ინფორმაცია „დიჯიპასით“ თუ მოგიძიებიაო? სამმართველოში `დიჯიპასის~ საშუალებით ხდებოდა პოროვნებებზე შემოსული ინფორმაციების გადამოწმება და მონაცემების დამუშავება. ვისზედაც ასეთი ფორმით მქონდა გადამოწმებული ინფორმაციები, ცხადია, ყველა მათგანის გახსენება არ შემეძლო. ქუთაისიდან ისე წამოვედი, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ვერ დაიჯერეს, რომ მათ სიმართლეს ვეუბნებოდი.

_ ვერც მერე გაარკვიეთ, ვინ იყვნენ პიროვნებები, რომლებთან ურთიერთობის აღიარებასაც გთხოვდნენ?

_ გენინსპექციის თანამშრომლებს დავპირდი, რომ მოვიძიებდი ამ ადამიანებზე ინფორმაციას და თუ რამეს დავადგენდი, აუცილებლად დავუკავშირდებოდი მათ. სამსახურში დაბრუნებისთანავე შევედი მონაცემთა ბაზაში, მაგრამ ნინო სიხარულიძეზე ვერაფერი გავარკვიე. ამის შემდეგ ზაზა ზოიძის მონაცემთა ბაზით დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ მისი საახლობლოდან ერთ-ერთზე ინფორმაცია მქონდა მოძიებული. მერე ისიც გამახსენდა, ეს რატომ გავაკეთე: 2014 წლის ივლისში დამირეკა მოქალაქე ნინო ლანჩავამ. მან მითხრა, რომ დეპორტი გაუკეთეს თურქეთიდან, ამიტომ უნოდოდა, უკანონოდ გადასულიყო საზღვარზე. მოძებნა ვინმე ზაზა ზოიძე, რომელსაც მისცა 450 დოლარი და ისიც შეჰპირდა მას საზღვარზე გადაყვანას. ნინომ მითხრა, _  6 თვე მატყუებს, არ გადამიყვანა, არც ფულს მიბრუნებს და რომ ვუჩივლო, რამე პრობლემა ხომ არ შემექმნებაო? ვსაუბრობდით ტელეფონით, მაგრამ საქმეზე ვიმყოფებოდი და ვუთხარი, _ „ოდნოკლასნიკებში“ მომწერე დეტალურად ყველაფერი და გეტყვი, როგორ უნდა მოიქცე-მეთქი. ამის შემდგომ მოვიძიე ინფორმაციები ზაზა ზოიძესთან დაკავშირებით, რაც  სამმართველოს უფროს ქარდავას მოვახსენე. ამ დროს მასთან კაბინეტში იმყოფებოდა ანტიკორუფციული სამსახურის უფროსი, რამაზ ეჯიბია. სწორედ მისი თანდასწრებით ავუხსენი ქარადავს, რომ ვინმე ზაზა ზოიძეს საზღვარზე ხალხი ფულით გადაჰყავდა. ვკითხე, როგორ მოვქცეულიყავი? მან ჩემი თანდასწრებით დარეკა ბესელიასთან, შემდეგ ზაზა სურმავასთან _ სოდის ყოფილ უფროსთან, რის შემდგომაც ქარდავამ მითხრა, _ რადგან ეს შემთხვევა აჭარაში მოხდა, მოქალაქე იქ უნდა გაგვეშვა და თავად მიემართა განცხადებით იქაური სამართალდამცველებისთვისო. ეს მივწერე ნინო ლანჩავას. მოგვიანებით,  დავურეკე ტელეფონზე და ვკითხე, განცხადება შეტანილი ჰქონდა თუ არა? მან მიპასუხა, რომ არ ჰქონდა შეტანილი, ამიტომ მე ის დავარწმუნე, აუცილებელი იყო, ეს გაეკეთებინა, სხვანაირად ის თანხას ზოიძისგან ვერ ამოიღებდა. ამის შემდეგ ლანჩავამ მითხრა, რომ ზოიძეს მისთვის უთქვამს, 1000 ლარით ვარ დაჯარიმებული და როგორც კი ამას გადავიხდი, შენს ფულს მოგცემო. ლანჩავას ვუთხარი, რომ 1000-ლარიანი ჯარიმა არ არსებობდა, ზოიძე ატყუებდა და თავიდან ასე იცილებდა. თუმცა როცა შევამოწმე ზოიძის ეს ინფორმაცია, ის  მართლა აღმოჩნდა ამ თანხით დაჯარიმებული, რაც ვუთხარი კიდევაც  ლანჩავას. კიდევ დავეკონტაქტე ნინოს და მან უკვე მითხრა, რომ ადვოკატთან ერთად 2 დღეში შეიტანდა განცხადებას. მას ვარწმუნებდი, რომ დროულად უნდა შეეტანა, რადგან ზოიძე ამ დროს ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფებოდა და პოლიცია მას დაეხმარებოდა ფულის ამოღებაში. სწორედ ეს საუბარი გახდა სამსახურიდან ჩემი დათხოვნის მიზეზი. ისე გამოიყვანეს, თითქოს  თვითნებურად მოვიძიე ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ნინო ლანჩავას, ამით ჩავიდინე პოლიციელისთვის შეუფერებელი ქმედება, რაც, თურმე, ლახავს სამინისტროს ავტორიტეტს. „დიჯიპასით“ მხოლოდ ინფორმაციის მოძიება შეიძლება, თუმცა შემდგომ რა როგორ მიმდინარეობს, ამას ასე ვერ გაარკვევ. გენერალურ ინსპექტორს, გია წითლიძეს, თვითნებურად, უკანონოდ მოსმენაზე ჰქონდა ჩართული ჩემი ტელეფონის ნომერი და ასე გაარკვია, რომ დამირეკა ნომერმა, რომელიც არის რეგისტრირებული ნინო სიხარულიძის სახელზე. წინდაწინვე ვიტყვი, რომ ეს ნომერი ფიზიკურად იყო ნინო ლანჩავასი და მეც ამ ნომრიდან მესაუბრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ წითლიძეს მოსმენაზე ვყავდი და ეს მისი პატაკითაც დასტურდება, მან იმის გარკვევაც კი ვერ შეძლო, რომ სიხარულიძის სახელზე გაფორმებული ტელეფონის ნომრით მესაუბრებოდა ლანჩავა და თავად შეიყვანა შეცდომაში ხელმძღვანელობა. სწორედ ამიტომ, 2 საათის განმავლობაში, ინსპექტორი ვეკუა კატეგორიულად მთხოვდა, სიხარულიძესთან კავშირი მეღიარებინა. ეს პატაკი არის პირდაპირი მტკიცებულება უკანონი და ფარული მოსმენისა.

წითლიძე პატაკში წერს ასეთ სიტყვებს: „ინფორმაციის თანახმად“. რა გამოდის? ინფორმატორს ჰქონდა წვდომა, გაეკონტროლებინა, ვინ რეკავდა ჩემს ნომერზე? ან ვის სახელზე იყო რეგისტრირებული ტელეფონი, შეეძლო გაეგო? ე. ი. მოქალაქეებს ამის გარკვევის საშუალება აქვთ? აქედანაც ნათელი ხდება, რომ იმ ინფორმაციის მოპოვება, რასაც წითლიძე „მოპოვებულს“ უწოდებს, მოახერხა მოსმენით. თუ ეს ასე არ არის,  რატომ არ დევს საქმეში მოსამართლის ბრძანება, ან ფარული ჩანაწერების კრებსი? იმიტომ არ დევს, რომ მოსმენა ხორციელდებოდა უკანონოდ. ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, გაირკვეს, შს სამინისტროს ცენტრის საინფორმაციო პორტალზე ვის მიერ და როდის შემოწმდა და ამოიბეჭდა ინფორმაცია ჩემზე და ნინო სიხარულიძეზე? წითლიძე პატაკში წერს, თითქოს სიხარულიძემ მკითხა, ზაზა ზოიძე იყო თუ არა ათასი ლარით დაჯარიმებულიო? მას ეს არ უთქვამს, უბრალოდ, საუბარში განაცხადა. ზოიძე სინამდვილეში მართლაც არის დაჯარიმებული 1000 ლარით, მაგრამ ეს ლანჩავასთვის მე არ მითქვამს. პირიქით, ვუთხარი, რომ ასეთი ჯარიმა არ არსებობდა. ამას დაარქვა წითლიძემ  ინფორმაციის მიწოდება და ჩემ წინააღმდეგ მტკიცებულებადაც აქვს მოტანილი. ასეთივე უსუსურია მისი სხვა მტკიცებულებებიც.

_ გასაგებია, მაგრამ რა ინტერესი ჰქონდა წითლიძეს თქვენი, ეს ამბები რომ განგებ შეეთხზა?

_ სწორედ აქ არის მთავარი ძაღლის თავი დამარხული! მას ჩემ მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ, პირადი ანგარიშსწორება ამოძრავებდა. წითლიძეს 2011 წლიდან ვიცნობ. იგი მუშაობდა თბილისში, სოდში, ნარკომანიის განყოფილებაში და იქ გავიცანით ერთმანეთი. ახლა რასაც ვიტყვი, არის ძალიან პირადი, მაგრამ მაინც უნდა ვაღიარო!

სამწუხაროდ, 2 წლის განმავლობაში მყავდა საყვარელი. მასთან 2013 წლის მარტში ურთიერთობა დამეძაბა, რადგან ის ოჯახიდან წასვლას მთხოვდა. უარის შემდეგ ინტრიგების ხლართვა დაიწყო, ჩემს მეუღლეს სწერდა, მე კი ოჯახის დანგრევით მემუქრებოდა, ასევე ციხეში ამოგხდი სულსო. ბოლოს მომწერა, _ ხომ იცი, წითლიძეს როგორ მოვწონვარო? ერთი ფეხის გაშლა საკმარისია მისთვის, შენ დედა გიტიროსო. ამის მერე წითლიძემ გამოგზავნა ჩემთან ნაცნობი, ლევან ქირია, რომელიც იყო მისი ყოფილი უფროსი. მან მკითხა, ამ გვარისა და სახელის ქალს ხომ იცნობო (ქალბატონის გვარ-სახელს შეგნებულად არ ვწერთ, _ რედ.) და ჩემი საყვარლის ვინაობა დამისახელა. ქირიამ მითხრა, მას თავი უნდა დაანებოო. კიდევ სხვა რამეებიც მითხრა, რაზედაც ახლა არ დავკონკრეტდები, თუმცა მთავარ პროკურორს ესეც მივწერე. მათგან ვითხოვ წითლიძისა და ამ ქალის ტელეფონების დეტალური ამონაწერების ამოღებას, რითაც ბევრი რამ დადასტურდება და გაირკვევა.

ჩემი განთავისუფლების ბრძანებას 2014 წლის 14 აგვისტოს მოეწერა ხელი, რაც 15 აგვისტოს უკვე ცნობილი იყო ამ ქალბატონისთვის და ამის შესახებ მითხრა მისმა მეგობარმა. საიდან? მე ამის შესახებ მხოლოდ 19 აგვისტოს მეცნობა. ალბათ, გასაგებია, რატომაც მომხსნეს და ვინც მიაწოდა ინფორმაცია ჩემს მოხსნაზე ამ ქალს. ახლა ვკითხულობ, არის თუ არა ეს პირადი ანგარიშსწორება?! ან იყო თუ არა უკანონო ჩემი დათხოვნა შს ორგანოებიდან?! 20 წლის ბავშვი მივედი პოლიციაში და 20 წლის განმავლობაში პატიოსნად ვიმსახურე. დიდი წვლილი მაქვს შეტანილი კრიმინალთან ბრძოლაში, მაგრამ ქალის გამო არაფრისმაქნისმა წითლიძემ შეიწირა ჩემი კარიერა, რასაც ვერანაირად ვერ შევეგუები! წითლიძემ გადაამეტა უფლებამოსილებას, პირადი ანგარიშსწორებისთვის გამოიყენა თანამდებობა და განახორციელა უკანონო, ფარული მოსმენა ჩემს ტელეფონზე. რასაც მედავებიან, აბსურდია, რადგან დეპორტიანი ადამიანის საზღვარზე გადაყვანა, მით უფრო, ფულის სანცვლოდ, არის უკანონო ქმედება და ამ დროს მე ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას. ეს ინფორმაცია ხელმძღვანელობისთვის არ დამიმალავს და მოქალაქე ლანჩავა დავარწმუნე, რომ წერილობით მოემართა სამართალდამცველებისთვის. ამ სიკეთის გამო გამაგდეს ორგანოებიდან. გენერალურ ინსპექციას უკანონობა კანონიერად მიაჩნია, რადგან ამ საქმეში ჩარეული იყო ამჟამინდელი გენინსპექციის უფროსი, ვარლამ ხათრიძე და, რა თქმა უნდა, ის საკუთარ თავს არ გაიმტყუნებს. ამ ადამიანის ჩარევით კი საქმეზე გამოძიება არ იწყება და ვინ უნდა გამოიძიოს ახლა ეს საქმე, თუ არა პროკურატურამ? ამიტომ ვითხოვ გიორგი ბადაშვილთან პირად შეხვედრას. მე ვიყავი რიგითი ჯარისკაცი და ათწლეულები ვემსახურე ჩემს ქვეყანას, ახლა კი უკანონობაზე უკანონობას უმატებენ. როცა ჩემი საქმის მოკვლევა წარმოებდა, ხათრიძე მაშინ იყო სამმართველოს უფროსი. ახლა ის გენერალური ინსპექციის უფროსი გახლავთ, ტელევიზიით გამოდის და საუბრობს პოლიციის ეთიკის კოდექსებზე, არადა, თავად არღვევს მას.

თქვენი გაზეთით რამდენიმე კითხვას დავუსვამ შს სამინისტროს:

1. შს სამინისტროს საზღვარზე მოქალაქის უკანონოდ გადაყვანა მიაჩნია თუ არა უკანონო ქმედებად?

2. როდის იმყოფება პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში?

3.  შს სამინისტროსთვის და პოლიციელისთვის ოპერატიულად საინტერესო არის თუ არა  საზღვარზე მოქალაქეთა უკანონოდ გადაყვანის შესახებ შეტყობინება-ინფორმაცია?

გამცენ ამ კითხვებზე პასუხები და მერე გაირკვევა, სინამდვილეში ჩემგან რა უნდოდათ?!

„ქრონიკა+“ დეტალების გასარკვევად შსს- სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, მაგრამ ამ დრომე მათგან კომენტარი არ მიგვიღია.

 

                                                                                            ნელი ვარდიაშვილი