უდანაშაულო მსხვერპლი ოკუპირებულ აფხაზეთში

afx

ერთი კვირის წინ 12 წლის მოზარდი, ირაკლი ცაავა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა სამკურნალოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოატარეს, გარდაიცვალა. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, შალვა ენუქიძის განცხადებით: „ამ ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონია. მოსულან ენგურის ხიდთან, რუსებს უთქვამთ, რომ ნაბაკევით გადაიყვანეთო და ამ გადასვლის პროცესში ბავშვი გარდაცვლილა“. აღნიშნული ინფორმაცია მოზარდის ოჯახთან დაახლოებული პირებისგან გავრცელდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების გამო.

„2015 წლის 4 მაისს ირაკლი ცაავა მძიმე დიაგნოზით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსვლას ეცადა, როდესაც საოკუპაციო ძალებმა არ მისცეს მას საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის საშუალება, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.

ზემოხსენებული შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ სავალალო მდგომარეობას. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ ადამიანის უფლებების, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლების უხეშ დარღვევას, რასაც ხშირ შემთხვევაში რიგითი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. შექმნილი ვითარება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ადგილზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის ფონზე.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა მანდატის შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს _ ადგილზე ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობა“, _ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, პატივი სცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და არ მოახდინოს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზება.

„ქრონიკა+“-ს ამ თემაზე ესაუბრება „აფხაზთა კრების“ ხელმძღვანელი, მალხაზ პატარაია:

_ გალელი ირაკლი ცაავას ტრაგედია ენგურის ხიდზე მოსვენებას არ მაძლევს. დიდი ხანია ვყვირით, მიხედეთ ჩვენს დაბეჩავებულ თანამემამულეებს-მეთქი, მაგრამ ვინ მოგისმინა? სიბრაზისგან ყელში ბურთი გებჯინება ამ გულგრილი გარემოს გამო.

უკეთესად სუნთქავენ, თურმე, დღეს გალელები, _ ასე გამოეხმაურა ჩვენს მორიგ განგაშის ზარებს „სასახელო“ მინისტრი ზაქარეიშვილი. აფხაზეთის მთავრობა საკუთარ თავს ლეგიტიმურს რომ უწოდებს, საერთოდ დამუნჯებულია გალელთა პრობლემების მიმართ. არადა, ამას წინათ არ იკვეხნიდნენ, გალში მილიონის ღირებულების სამედიცინო აპარატურა გავაგზავნეთ, 2 ცინცხალი რეანიმობილი და ექიმებსაც უხვად ვაფინანსებთო. კლიპიც გადაიღეს ამ თემაზე საკუთარი თავის განსადიდებლად. რატომ არ მოხერხდა ამ ბავშვის შველა ადგილზე?! რატომ არ არის გალის საავადმყოფოში რეანიმაციული განყოფილება?! სად წავიდა აპარატურა და რეანიმობილები?! რას აკეთებენ ამ საავადმყოფოში ექიმები, თუკი რეანიმაციული განყოფილება არ აქვთ?!

ჩვენი ინფორმაციით, არავითარი აპარატურა იქ არ ჩასულა, რენტგენისა და ნარკოზის აპარატის გარდა, რომელიც იმდენად ძველისძველი იყო, ვერც კი ააწყვეს და საავადმყოფოს ეზოში ყრია. იმ ორი რეანიმობილიდან ერთი იმავე ეზოში დგას ქანდაკებად, რადგან არ ჰყავთ რეანიმატოლოგი, ხოლო მეორე ხაჯიმბამ იფეშქაშა და სადღაც გაგრისაკენ გააქანა. ეჭვი მაქვს, ჯანდაცვის პროგრამები გალში სხვა არაფერია, თუ არა დიდი შავი ხვრელი, რომლიდანაც გულაგის ინკვიზიტორები და ჩვენი ჩინოსნები ერთობლივად მსუყედ იკვებებიან.

_ რატომ არ გაატარეს გალელები ენგურზე და ნაბაკევისკენ წამოსვლა რატომ მოუწიათ?

_ იქ შემოვლითი გზები არსებობს, სადაც რუსი ოკუპანტები არ დგანან. სწორედ ამ დამატებით გადასასვლელზე მოძრაობდნენ გალელები, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა. რამდენადაც ვიცი, ე. წ. მესაზღვრეები გალელების საბუთებმა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც შემოვლითი გზისკენ წამოვიდნენ, სადაც ადგილობრივები არაოფიციალურად გადადიან. შემდეგ ამის გამო მათ რუსები აჯარიმებენ და ა. შ. სხვათა შორის, ეს მომენტი სახალხო დამცველის განცხადებაშიც არის აღნიშნული. მსგავსი შემთხვევები ადრეც ყოფილა, მაგრამ ასეთი შედეგით არ დასრულებულა; იყო ცემის, დაპატიმრების და სხვა ფაქტები. რუსები მანდ ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ დგანან, არ პატრულირებენ და არის გადასასვლელები, სადაც მათი კონტროლის გვერდის ავლით გადაადგილება შესაძლებელია. ჩემი ინფორმაციით, ჯერ დედას არ ჰქონია საბუთები, გამობრუნებულს წამოუღია და რუსებს ისევ არ გამოუშვიათ, რადგან ახლა მოზარდის დოკუმენტები თვალში არ მოუვიდათ.

_ ეს შემთხვევა რაზე მიანიშნებს, რა მდგომარეობაა შექმნილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე?

_ ამას ერთი სახელი ჰქვია: გულაგი _ ქართველების დიდი საკონცენტრაციო ბანაკი საქართველოსვე ტერიტორიაზე! ამის თაობაზე საკმაოდ წარმომადგენლობითი კონფერენცია ჩავატარეთ და ვრცელი მოხსენება გამოვაქვეყნეთ. ეს არის ქართველების ძალიან დიდი რეზერვაცია, საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკები რომ იყო, იმის მაგვარი. ბოლო ფაქტი მხოლოდ ადასტურებს აღნიშნულ მოსაზრებას!

_ სად მიდის საბიუჯეტო 14 მილიონი, რაზედაც თქვენ საუბრობთ?

_ ჯიპებში, საკუთარი კეთილდღეობისთვის. ამას, სხვათა შორის, თვითონაც არ უარყოფენ. ბიუჯეტის კანონი რომ ნახოთ, აღმოაჩენთ, რომ ხელფასებისა და მათი კეთილდღეობისთვის, სადღაც, 80% იხარჯება, ანუ აფხაზეთის ხელისუფლების სტრუქტურებისთვის; სოციალურ პროექტებზე სულ 5%-მდე მიემართება.

_ როდემდე გაგრძელდება გალელების უუფლებო მდგომარეობა?

_ უპირველესად, სანამ ხმას არ ამოვიღებთ და შემდეგ როგორც სახელმწიფო, ზომებს არ მივიღებთ!

_ კონკრეტულად, რა ზომები არის მისაღები?

_ ხმა უნდა ავიმაღლოთ და არა ისე, როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, რომ იქ, თურმე, ქართველების სუნთქვა გაუმჯობესებულა. არსებობს საერთაშორისო ასპარეზი, რუსეთზე ზემოქმედების სხვადასხვა ბერკეტი. რაც გამოსაყენებელია, ნომერ პირველი ის არის, რომ გალელების უმძიმეს ყოფაზე სრული სიმართლე ითქვას და ამ პრობლემატიკაზე ყველგან ხმამაღლა საუბარი დაიწყოს.

მაგალითად: არის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც თაროზეა შემოდებული. გალელები ორჯერ პირდაპირი გენოციდის მსხვერპლი გახდნენ 90-იან წლებში. ეს საქმეები დღემდე მაუდის ქვეშაა დამალული. ასე რომ, ქართულ მხარეს ბევრი ბერკეტი აქვს. ოკუპანტი მხარე ამ საქმეებით მხილებულია, ეს პროკურატურაში დევს და თითს არ აკარებენ. 20 ორგანიზატორი და რვაასი შემსრულებელია ქართველების წინააღმდეგ შავბნელი საქმეების. არც ერთი ეს საქმე სასამართლოში არ წასულა.

_ რატომ არ მიდის სასამართლოში?

_ ალბათ, სახელმწიფოს უნდა ვკითხოთ. ჯერ ერთი, გარკვეული სტერეოტიპების ზემოქმედების ქვეშ ვართ, რომ თითქოს ეს სამშვიდობო პოლიტიკას ხელს უშლის, მაგრამ თავზე ხელის გადასმით და დანაშაულის პატიებით პოლიტიკა არავითარ შემთხვევაში სამშვიდობო პროცესად ვერ მიიჩნევა; დანაშაულის პატიება არ შეიძლება; კანონის წინაშე ყველა თანასწორია და აქ საუბარია საკაცობრიო დანაშაულზე, რომელიც არავის ეპატიება და მას არც ხანდაზმულობა აქვს!

ეს არის ჩვენი აზროვნების სტერეოტიპი და ჩვენი სხვადასხვა ხელისუფლების სამწუხარო მიდგომა ამ ჭრილში! და მეორეა „ბაბაიას ცნობიერება“ _ ამ დროს, ეს იქნება პირდაპირი ბრალდება რუსეთის მიმართ და, ალბათ, მისი განაწყენებაც არ სურთ.

_ რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში, რომ ჰუმანიტარულ, სამედიცინო სფეროში მაინც დარეგულირდეს ვითარება და მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს?

_ მიდგომა კომპლექსური უნდა იყოს. როდესაც ადამიანის უფლებების განსაკუთრებით მასობრივი დარღვევები არსებობს, სათანადო რეაგირება, ამ საკითხების მაქსიმალური აქტუალიზაციაა საჭირო. ეს უფლებადამცველი სფეროსთვის ანი და ბანია. მაგალითად, თუ პატიმარს ციხეში ცუდად ეპყრობიან, მისი მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ იმით, რომ საკითხი გასაჯაროვდეს და არა იმ გზით, რომ პრობლემა შეინიღბოს, დაიმალოს და ა. შ. ეს კიდევ უფრო გააუარესებს მის მდგომარეობას. მაქსიმალური საჯაროობაა საჭირო. მწვავე პრობლემები მთელ მსოფლიოს უნდა მოვდოთ, გაეროს ტრიბუნიდან დაწყებული, დასავლურ, ევროპულ სტრუქტურებს მივაწვდინოთ. 35 ათასი საქართველოს მოქალაქის, ეთნიკური ქართველის უფლებების მასობრივი და უხეში დარღვევები ხდება. პრაქტიკულად, საქართველოში მონობა გვაქვს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!!! ამაზე რეაგირება მხოლოდ ზემოაღნიშნული გზით ხდება, მათ შორის, უპირველესად, სამედიცინო სფეროში, რადგან საერთაშორისო სამართლებრივი აზრი განსაკუთრებით მგრძნობიარეა სწორედ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებისადმი.

სხვათა შორის, ალბათ, იცით, მანდ მეორე საავადმყოფო არსებობს, რომელიც ენგურჰესის მუშაკებს ემსახურება. ის შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, მაგრამ მხოლოდ მათ მკურნალობს. ანუ, რაღაც დონეზე, ამ საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელია.

ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვას საერთაშორისო სამართალი უფრო ფართო ცნებას აძლევს _ საუბარია უცხო სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. მოგეხსენებათ, ოკუპანტი არ აღიარებს ხოლმე, რომ ის დამპყრობელია, ამიტომ ევროპულმა სასამართლომ ასეთი ცნება შემოიღო: ამ ტერიტორიაზე ადამიანის ყველა უფლების დაცვაზე პასუხისმგებელია სწორედ ის სახელმწიფო, რომელიც ასეთ კონტროლს ახორციელებს.

ამასთან, მთავრობის ყოველწლიური სპეციალური დადგენილებაა _ გალში 18 სამედიცინო დაწესებულებასა და ძალიან ბევრ ექიმს ჩვენი ბიუჯეტიდან ხელფასი ეძლევა, ასევე მასწავლებლებს. როგორც წავიკითხე, ამ მოზარდს რაც სჭირდა, აღნიშნული დიაგნოზით უეცარი სიკვდილი არ დგება, მისი შველა შეიძლებოდა. ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ წლიდან წლამდე დაფინანსებული 18 დაწესებულება რა ტიპის ობიექტია, მათზე რა თანხები იხარჯება, სად მიდის ეს ფული?! თუ ადგილზე ელემენტარულ რაღაცას ვერ უზრუნველყოფენ, მაშინ ეს საქართველოს ბიუჯეტზე რატომ არის მიბმული? რაში იხდის გადამხდელი ამ თანხებს? პრემიერის დადგენილებაში ამ დაწესებულებების ჩამონათვალი შეგიძლიათ წაიკითხოთ, სად წავიდა ორი რეანიმობილი? ვის გადასცეს, რუს ჯარისკაცებს? რატომ არ აკეთებენ კვლევებს, როგორია ჯანდაცვის მდგომარეობა გალის რაიონში?! რატომ არ აწვდიან ობიექტურ სურათს?!

_ მიზეზად რას ასახელებენ?

_ საერთოდ არაფერს! პასუხობენ, ასეთი მდგომარეობაა აფხაზეთის სტრუქტურებშიო… სათავეში 25-წლიანი უმაღლესი საბჭოა, რომელიც უკვე მეოთხედი საუკუნეა, არ გადარჩეულა. ახალი ძალებით შევსებულმა აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ უნდა შექმნას მთავრობა _ ნორმალური, დემოკრატიული პროცესი იქნება აფხაზეთის ხელისუფლებაში და დღევანდელი სასაცილო პრობლემები ნამდვილად არ იარსებებს.

_ უმაღლესი საბჭოს განახლება ახსენეთ, ეს არჩევნების გზით უნდა მოხდეს?

_ რა თქმა უნდა. ვინაიდან გვაქვს პრეცედენტი, რომ არსებობს ექსტერიტორიული წარმომადგენლობითი ორგანო (საქართველოს ტერიტორიაზე), არსებობს მთავრობა, ანუ ხელისუფლების მეორე შტო ასევე ექსტერიტორიული პრინციპით; არსებობს სასამართლო ამავე პრინციპით და არსებობს ამომრჩეველი, რომელიც აფხაზეთის საერთო ამომრჩევლის 70%-ზე მეტია. რატომ არ უნდა ჰქონდეთ ამ ადამიანებს უფლება, პერიოდულად განაახლონ ხელისუფლების ეს შტოები?

_ როგორია ამაზე ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია?

_ თავის დროზე, პირველივე სამთავრობო კონცეფციისას, ამაზე მინიშნება გაკეთდა, რომ ეს წარმომადგენლობითი ორგანოები დევნილებმა უნდა აირჩიონო, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.

გალის ადმინისტრაციულ გადასასვლელზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა მოზარდის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2015 წლის 4 მაისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების გამო, გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების მკვიდრი, 12 წლის მოზარდი, ირაკლი ცაავა გარდაიცვალა. მშობლებმა მძიმე დიაგნოზით სამკურნალოდ მისი გადმოყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სცადეს, თუმცა საოკუპაციო ძალებმა მათ საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის საშუალება არ მისცეს, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა. მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

აფხაზური მხრიდან ბავშვის ანამნეზზე საზოგადოების ყურადღების გადატანა, რომელიც აშკარად მიგვანიშნებს, რომ თითქოს ბავშვი მაინც განწირული იყო, სხვა არაფერია, თუ არა რუსი სამხედროების აშკარა დანაშაულის გადაფარვის მცდელობა.

სიცოცხლის უფლება არავითარ ბარიერებს და საზღვრებს არ ცნობს. მისთვის საგანგებო სიტუაციები უცხოა. ყველა გზა იხსნება ადამიანის გადასარჩენად.

სინამდვილეში, ჩვენ ვაწყდებით ე. წ. ჩინურ ყრუ კედელს, რომელსაც შეუძლია უმწეო ბავშვის სიცოცხლეც კი შეიწიროს. რა არის ამის მიზეზი _ შიში? სიმხდალე? სიამაყე? თუ სამოკავშირეო ხელშეკრულებისადმი ერთგულება?

ჩვენ ვთავაზობთ აფხაზურ მხარეს გალის საავადმყოფოს თანამედროვე ახალი სამედიცინო ტექნოლოგიებით გადაიარაღებას, კვალიფიციური ექიმებით მომსახურებას და მოსახლეობის წამლებით აღჭურვას. ასეთი მრავალფუნქციური ჯანმრთელობის ცენტრი დაიცავს ჩვენს გალელ მოსახლეობას (და არა მარტო გალელს) ტრაგიკული, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან და მათი ჯანმრთელობაც, მეტ-ნაკლებად, დაცული იქნება.

ქართული მხარის, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, სახალხო დამცველის განცხადებების შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გალელი მოზარდის, ლევან ცაავას გარდაცვალებას მისი ფიზიკური ანომალიით ხსნის. ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ განცხადებაში ერთი სიტყვითაც არ არის მინიშნებული, კერძოდ, რა გაუგონარმა, ყოველგვარ ჰუმანურობას მოკლებულმა ფაქტმა იმსხვერპლა მოზარდის სიცოცხლე. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვი და მისი მშობლები საშვის უქონლობის გამო რუსმა სამხედროებმა ზუგდიდის საავადმყოფოსკენ არ გამოატარეს. ასეთი ულმობელი მოპყრობა მოზარდის სიცოცხლისადმი გაუმართლებელი და შეუწყნარებელია. სიცოცხლის უფლება არავითარ ბარიერებს და საზღვრებს არ ცნობს. მისთვის საგანგებო სიტუაციები ბარიერებს არ ქმნის. ყველა გზა ხსნილია სიცოცხლის გადასარჩენად.

აფხაზური მხარე უყურადღებოდ ექცევა იმ ფაქტს, რომ მშობლების მზრუნველობამ და თავდადებამ მოზარდი 12 წლამდე მოიყვანა. რომ არა გალელი ბავშვის სიცოცხლის უფლების უკანონო შელახვა, შეიძლებოდა მისი სიცოცხლე კვლავაც გაგრძელებულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირღვევა გალის მოსახლეობის ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული ელემენტარული ნორმებიც კი. შედეგად ვიმკით ლეტალურ შედეგებს, რომელსაც ბოლო არ უჩანს. რატომ არის აფხაზური მხარისთვის ასე რთული ქართულ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატი ჯანმრთელობის საკითხებში მაინც? ჰუმანიზმი, თანამშრომლობა, თანაგრძნობა არასოდეს ყოფილა სამარცხვინო და არც მომავალში შეიცვლება რამე ამ მხრივ.

ჟენევის შეხვედრებზე ეს საკითხები მრავალჯერი იყო განხილვის თემა, მაგრამ, როგორც იტყვიან, „ყურსა ბამბისასა“. ასე გაგრძელება შეუძლებელია. ვფიქრობ, ჟენევის მომავალ შეხვედრაზე გალელი ბავშვის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტი მკაცრი და შეუვალი კამათის თემა გახდება. უნდა გადაიდგას ნაბიჯები ასეთი ფაქტების აღმოსაფხვრელად!

მოვუწოდებ აფხაზურ მხარეს თანამშრომლობისკენ უწინარესად იმ საკითხებში, რომელიც გალში ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლის უფლებას გაუფრთხილდება და პატივისცემით მოეკიდება. ყველას კარგად მოეხსენება, რა მდომარეობაშია გალის საავადმყოფო. ის აღარ არის სამკურნალო დაწესებულება, სადაც ადამიანს ელემენტარულ დახმარებას აღმოუჩენენ, არამც თუ რეანიმაციულ ქმედებებს, რომელსაც ადამიანის კრიტიკული მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია.

ჩვენ ვთავაზობთ აფხაზურ მხარეს გალის საავადმყოფოს თანამედროვე, ახალი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვას, მის მთლიან გადაიარაღებას, კვალიფიციური ექიმებით მომსახურებას და მოსახლეობის წამლებით აღჭურვას. ასეთი მრავალფუნქციური ჯანმრთელობის ცენტრი დაიცავს ჩვენს გალელ მოსახლეობას (და არა მარტო გალელს) ტრაგიკული, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან და მათი ჯანმრთელობაც, მეტ-ნაკლებად, დაცული იქნება.

აფხაზეთის მთავრობა გამოთქვამს ღრმა მწუხარებას ლევან ცაავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს მის ოჯახს, მშობლებსა და ახლობლებს. ღმერთი იყოს თქვენი შემწე ამ უდიდესი მწუხარების ჟამს“, _ ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადებაში.

 

                                                                                              გელა მამულაშვილი