უგულავას წამოწყებული საქმე ნარმანიამ წარმატებით დააგვირგვინა

daj

ნარმანიას უგულავას დალაგებული გაუტკბა. გიგი უგულავას მერობის დროს შექმნილ სქემებზე ვსაუბრობ, რისი წყალობითაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მილიონები იშოვა და რაზეც „ოცნება“ გვპირდებოდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ სქემებსა და მაქინაციებს გამოააშკარავებდა. მოსვლით კი მოვიდნენ, მაგრამ დაპირება არავის გახსენებია. „სითი პარკი“ ისევ `სითი პარკობს~ და `მარშუტკებით~ მგზავრობა, დაპირებული გაიაფების სანაცვლოდ, ისევ 80 თეთრი ღირს.

„ქრონიკა+“-ის მკითხველს ამის თაობაზე უფრო ვრცლად ესაუბრება „სამართლისა და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიის“ გენერალური დირექტორი, გიორგი რურუა:

_ ბოლოს, როცა თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის ურთიერთობაზე მოგახსენეთ, მაშინ გითხარით, რომ მერიაში შეტანილი მქონდა განცხადება შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალური დირექტორის, ლევან კოპლატაძის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და ალექსანდრე ჯაფარიძის დანიშვნის თაობაზე და გვინდოდა მოგვეპოვებინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება. აი, სწორედ ეს განკარგულებაა თქვენ წინაშე და თქვენი თვალით დარწმუნდებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლოჟა არსად წასულა. ის ადამიანები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ვერტიკალი ეყრდნობოდა, ახლა უკვე ამათი „ოცნების“ ხელდასხმით დატოვეს  მონოპოლიურ ბიზნესებში, მაგალითად როგორიც არის შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ და განაგრძობენ ბიზნესის ლეგალიზებას.

_ კონკრეტულად ვერ დაასახელებთ, ვისზეა საუბარი?

_ დღეს მერიის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის უფროსი გახლავთ გიორგი გურგენიძე. გადავხედოთ ამ კაცის შრომით ბიოგრაფიას, რომელიც საჯარო სივრცეშია განთავსებული და ვერავინ იტყვის, რომ რაღაცას ვუგონებთ. გურგენიძე გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, შრომის წიგნაკი ეხსნება რკინიგზის დეპარტამენტის გენერალური ინსპექციის სამართლებრივ განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად, რომელიც დამწყებისთვის სერიოზული თანამდებობაა. პარალელურად დღემდე ააიპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსიცაა. მანამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის დირექტორის მოადგილე, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი და ეს არასრული ჩამონათვალია. ანუ, ნარმანიამ „ნაციონალი“ კადრები დანიშნა სამსახურის უფროსად. იმ სამსახურზეა საუბარი, რომელსაც დრე „ნაციონალი“ აკაკი ჯოხაძე მართავდა.

_ მაინც, რატომ ხდება ასე?

_ ამ ხალხის მოფიქრებულია თბილისის ტრანსპორტის მუშაობის მომგებიანი სქემა და ახალი კადრებით ხომ არ ჩაანაცვლებენ? ამით დიდი შემოსავლები იკარგება.

„თბილისის მიკროავტობუსების“ კომპანია გახლავთ წინა ხელისუფლების, ანუ უგულავას მერობის დროს დაიწყო ყვითელი მიკროავტობუსების ბიზნესის „დათრევა“ და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში უფრო გემრიელად გაშალა ფრთები. დღეს ეს ბიზნესი საბოლოოდ ლეგალიზებულია. შპს ,,თბილისის მიკროავტობუსი“, რომელიც 2011 წელს დაარსდა, ქ. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ოთხი კომპანიის: შპს „თბილ ლაინის“, შპს „კაპიტალ გრუპის“, შპს „ფაბლიქ ქარისა“ და შპს „თბილ ქარის“ მართვას ახორციელებს. აღნიშნულმა კომპანიებმა ოცი წლის ვადით ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მოიპოვეს. შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ მიზანია, გამარჯვებული კომპანიების საერთო ინტერესებიდან გამომდინარე თბილისში მგზავრთა გადაყვანის კომფორტული, უსაფრთხო და ორგანიზებული სისტემის შექმნა. თუმცა აქვე იბადება ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა: სინამდვილეში რა კომპანიების მართვას ახორციელებს თბილისის მიკროავტობუსი და არსებობენ კი ბუნებაში ეს კომპანიები?

_ ეს კითხვა რატომ გიჩნდებათ?

_ იმიტომ, რომ ამ კომპანიების ფაქტობრივი მისამართების არსებობის დადგენაც რთულია და სახელით ვერც იძებნება სამეწარმეო რეესტრში. ე. ი. უგულავამ ქაღალდზე შექმნა თავის დროზე რაღაც კომპანიები, ვითომ მონოპოლიზაციისთვის რომ აევლოთ გვერდი.

_ ამის თაობაზე ადრეც ბევრი ითქვა, მაგრამ ვერაფერი გაირკვა.

_ იმიტომ, რომ ისეა გაკეთებული ყველაფერი, თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ. ჩვენი კომპანიის ინტერესის სფერო და შესწავლის საგანი პარალელურ რეჟიმში არის მერიის მიერ ჩატარებული ტენდერი და სატენდერო პირობები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ფინანსურმა გენინსპექციამ შეისწავლა 2011 წელს თბილისში სამარშრუტო ტაქსების შემოყვანისა და ახალი მანქანებით ხაზების დაკომპლექტების პროცესი. 2011 წლის დასაწყისში თბილისის მერიამ ჩაატარა ტენდერი ყვითელი მიკროავტობუსებით დედაქალაქში მგზავრთა გადაყვანაზე. ტენდერში გაიმარჯვა ოთხმა კომპანიამ: შპს „ფაბლიქ ქარმა“, რომელსაც ისანი-სამგორის ხაზის უზრუნველყოფა დაევალა, შპს „თბილ ლაინმა“ ვაკე-საბურთალოსა და გლდანი ნაძალადევის რაიონებში, შპს „კაპიტალ გრუპმა“ ძველი თბილისისა და დიდგორის რაიონში და შპს „თბილ ქარმა“ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. საჯაროდ არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ოთხივე კომპანია გამარჯვებიდან ერთ კვირაში თბილისის მერმა დაუქვემდებარა ერთ კომპანიას _ შპს „თბილისის მიკროავტობუსებს“, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ოთხივე ამ კომპანიაზე ზედამხედველობა და კონტროლი. ამის შემდეგ ტენდერში გამარჯვებული ეს ოთხი კომპანია ქრება და ყვითელი მიკროავტობუსების მართვის სადავეები ისე გადადის შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელში, რომ დღესაც კი საფუძვლიანი ინტერესი არ გამოუხატავს სამართალდამცველ ორგანოებს. თუმცა ისიც ცნობილია, რომ პროკურატურა დაინტერესებული იყო აღებული მასალებით, მაგრამ შედეგი არ არის.

_ არადა, როგორც ამბობენ, მგზავრთა მომსახურების ხარისხიც, მაინცდამაინც, არ გაუმჯობესებულა.

_ სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ არადამაკმაყოფილებელი სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის, მგზავრობის მაღალი ღირებულებისა და მონოპოლიური მდგომარეობის კიდევ უფრო მორგების შედეგად მძღოლებისთვის და საზოგადოებისთვისაც მიკროავტობუსებით გადაადგილება, პრაქტიკულად, არაკომფორტულია. ყველა სამარშრუტო ტაქსის მძღოლს გაეზარდა ყოველდღიური გეგმა, ამის პარალელურად მგზავრობის ღირებულების მატების გამო იკლო მგზავრთა ნაკადმა და, პრაქტიკულად, ასევე მძღოლებსაც დააკლდათ ოჯახში მისატანი ყოველდღიური 10 თუ 20 ლარი, რაც მაღალჩინოსნების პრემიებთან თუ ხელფასებთან შედარებით წარმოადგენს გროშებს, ხოლო ეს გროშები დასაქმებულების ოჯახებისთვის და მათთვის არის თავის გადასარჩენი მნიშვნელოვანი სარჩო-საბადებელი. რაც შეეხება საზოგადოებას, მათი უკმაყოფილება წარმოიშობა, მაღალი მგზავრობის ღირებულებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების მოუწესრიგებლობიდან გამომდინარე. მძღოლები გაძვირებული ყოველდღიური გეგმისა და მანქანის ცვეთის აუცილებელი ხარჯების გადადების გამო, პრაქტიკულად, ვეღარ ახერხებენ სანიტარიულ-ჰიგიენური პრობლემების გადაჭრას.

_ მგზავრთა პრობლემები ცალკე თემაა, ისევ ტენდერის საკითხს დავუბრუნდეთ.

_ სინამდვილეში არანაირი ტენდერი არ ყოფილა. როგორც ცნობილია, „თბილისის მიკროავტობუსის“ კომპანიას არც ტენდერში მიუღია მონაწილეობა და არც ტენდერამდე განუსაზღვრავს მისი მაკონტროლებლის ფუნქციები ვინმეს. იბადება კითხვა: ვინ შემოიყვანა აღნიშნული კომპანია თამაშში? ვინ და თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ. ძალიან საინტერესოა, პროკურატურას ამ კომპანიასთან დაკავშირებით შეკითხვები თუ გაუჩნდა, როგორი პასუხები მიიღო? ან რა დადგინდა? ნუთუ, იმდენად სუსტი პროკურორები და სამართალდამცველი ორგანოები გვყავს, რომ კორუფციული სქემა ვერ გაიშიფრა? თუ პროკურატურა არაფერ შუაშია და ახლად არჩეულმა თბილისის პატივცემულმა მერმა, ბატონმა ნარმანიამ, კონკრეტულ პირებს გადააფარა თავისი კალთა და სწორედ ამიტომ არ გააუქმა წინამორბედი მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, არ დანიშნა ახალი ტენდერი და ამ ბიზნესში დასაქმებულ მაფიას უსაფრთხო გარემო შეუქმნა.

_ არადა, მერს აშკარად შეუძლია, ფარდა ახადოს მთელ სიტუაციას.

_ ამის გაკეთება ელემენტარულად შეიძლება. მონდომებაა მთავარი. სანამ ეს ოთხი კომპანია თავის ბიზნესს ერთ კომპანიას გადასცემდა, მანამდე მათ ყვითელი მიკროავტობუსები შეუკვეთეს შპს „ჯი-თი მოტორსს“. ნამდვილი ბიზნესმენი წინასწარ არ ახორციელებს არანაირ ფინანსურ ოპერაციას, რადგანაც მას უნდა ჰქონდეს კონკრეტულ სეგმენტში ოპოზიციონერობის უეჭველი გარანტია, ამათ კი, წინასწარ შეუკვეთეს მიკროავტობუსები, მერე მიიღეს მონაწილეობა ტენდერში და გაიმარჯვეს. ძალიან შთამბეჭდავია ბიზნესის საქართველოში ასე უცბად აწყობა იმ ფონზე, როდესაც ეს ოთხი კომპანია ერთ დღეს არის დარეგისტრირებული. ეს გახლავთ „ფორდის“ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, რომელმაც მათ მიჰყიდა 2011-2012 წლის მოდელები, აღჭურვილი 2,4 ტურბირებული დიზელის ძრავებითა და მექანიკური გადაცემათა კოლოფებით. მიკროავტობუსები თურქეთში გახლდათ დამზადებული ქალაქ კოჩაელში. ამის შემდეგ დაიწყო მძღოლებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი. ხელშეკრულება მძიმე და კაბალურია: მძღოლებს ათი წლის განმავლობაში უნდა გამოესყიდათ სამარშრუტო ტაქსები 50 ათას ევროდ(!!!), მაშინ როდესაც ამ მიკროავტობუსების ღირებულება 18 ათას ევროს შეადგენდა. ასევე კომპანიის ანგარიშზე უნდა შეეტანათ საგარანტიო თანხა 500 ევრო, შემდეგ კი კომპანიისგან იჯარით აიღებდნენ მანქანებს და თვეში 463 ევროს გადაიხდიდნენ. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ ავტომანქანასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მძღოლები საკუთარი ჯიბიდან ფარავენ. აღნიშნულზე ფინანსური სამსახურის გენერალური ინსპექციის მასალებში მოიპოვება დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შესწავლას საჭიროებს ეს 18 ათასი ევროს ღირებულების პრეისკურანტი.

_ დიახ, აშკარად ბევრი თვალში საცემი დარღვევაა, მინიმუმ პასუხის გაცემას რომ მაინც საჭიროებს.

_ სწორი შენიშვნაა. შესაძლებელია, ვინმემ თქვას, რომ ამ საკითხების გარკვევა შეუძლებელია, მაგრამ ასე არ არის. უბრალოდ, პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ გაირკვეს. შპს „კაპიტალ გრუპი“, შპს „ფაბლიქ ქარი“ და შპს „თბილ ქარი“ ნორმალურად არც კი იძებნება სამეწარმეო რეესტრის ინტერნეტსივრცეში, მაგრამ გასაკვირი ის კი არ არის, რომ ადვილად არ იძებნებიან, არამედ სასაცილოა ის ფაქტი, სადაც შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ ვებგვერდზე ვკითხულობთ კომპანიის შესახებ, რომ „კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ზრუნავს მგზავრთა კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებაზე, კომპანია მოახდენს სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას მგზავრთა გადაყვანის ნორმების დამრღვევი მძღოლის მიმართ. მძღოლს მიეცემა გაფრთხილება, ფაქტის ხელმეორედ განმეორების შემთხვევაში დაეკისრება ადმინისტრაციული სანქცია, კერძოდ ხაზიდან მოხსნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხოლო დარღვევის მესამედ დაფიქსირებისას მძღოლს „თბილისის მიკროავტობუსის“ კომპანიასთან შეუწყდება ხელშეკრულება“. ეს უკანასკნელი წინადადება შეიცავს საკამათო და სამართლებრივად გაუმართავ ნორმებს, რადგანაც აღნიშნული ნორმის თანახმად ხელშეკრულება უნდა ჰქონდეს კომპანიას დადებული აპრიორი მძღოლთან, მძღოლს არ უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი ვალდებულება დაკისრებული, ვიდრე მას ეკუთვნის, ხოლო ვალდებულებების ნაწილში რისი შესრულებაც ეკუთვნის, მისი არშესრულების შემთხვევაში კომპანიას თავისუფლად ექნება მძღოლთან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება საქართველს შრომის კოდექსის საფუძველზე. მოიჯარეს სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე უნდა გადაახდევინონ იჯარით აღებული ერთი წლის თანხა და ყოველწლიურად უნდა განუახლონ ხელშეკრულება. მათ უნდა იხადონ მხოლოდ საგადასახადო გადასახადი და ერთწლიანი საიჯარო თანხა. ამ შემთხვევაში კი ხდება აშკარად გადახვევა სამოქალაქო კანონმდებლობიდან, მძღოლი იხდის, პრაქტიკულად, საგადასახადო მოსაკრებელს, იჯარის, მანქანის ცვეთისა და მანქანის ქირის თანხას ყოველდღიურად, მიუხედავად იმისა, მანქანა ხაზზე გასული არის თუ არა. კომპანია ამ გზით, პრაქტიკულად, იღებს უკანონო მოგებას და შემოსავალს, რაც არის ფინანსური საქმიანობის დარღვევა.

_ და მთავარი მიზანი ფულის ამოქაჩვაა?

_ რა თქმა უნდა. სულ ცოტა ხნის წინათ, 30 აპრილს, ვესტუმრე შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ კომპანიას, რათა გამეგო, თუ იხილავდნენ ჩემ მიერ შეტანილ განცხადებას, რაც გულისხმობდა ხელშეკრულების გასაჯაროებას, ან ზოგადი ინფორმაციის მიღებას. პასუხი იყო გაუგებარი, რადგანაც ვერანაირი დამოკიდებულებაც კი ვერ დააფიქსირეს განცხადებაზე. ამ ეტაპზე ვიკვლევთ კომპანია „თბილ ქარის“ ფაქტობრივ მისამართს, რადგანაც ხელშეკრულება ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლებთან დადებულია მოცემული კომპანიის მიერ, რისთვისაც დავუკავშირდით „თი ბი ეს ჯგუფს“. მათ განაცხადეს, რომ არანაირი შეხება არ ჰქონიათ იმ კომპანიებთან, რომლებიც ამ ბიზნესში ფიგურირებენ, ხოლო გავრცელებული ხმებით ის კომპანიები მათ მიერ არის რეგისტრაციაში გატარებული. ჩვენი ანალიზის მიხედვით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ არის ოლიგარქიული ხაზის და ამ ხელისუფლების ნაოცნები წანაზარდი, რომელიც ტექნიკურად აკონტროლებს მიკროავტობუსების მონოპოლიასა და ბიზნესს.

 

                                                                                                 დავით დევიძე